ძებნის რეზულტატი:
COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი - "პროვაქსი" შეიქმნა
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით Facebook გვერდი - “პროვაქსი” შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოციალური მედიის გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება. გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ თუ სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები. "Facebook გვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის - UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად. აღარ მივცეთ კოვიდს უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი! კრეატიული კონცეფცია შემუშავდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის (GIIP), მეშვეობით. პროექტის განმახორციელებელია "ზინქ ნეთვორქი". კამპანიის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან შეერთებული შტატების მთავრობის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ღარიბაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „აღინიშნა პოლონეთს გამორჩეული წვლილი საქართველოს განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციაში, რაც განვითარების თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით (“Polish Aid”) ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და ქართული პროდუქცია ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში. შესაბამისად, შედგა შეთანხმება, რომ მომავალში დაიგეგმოს ბიზნესფორუმები და გაღრმავდეს ბიზნეს კონტაქტები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. აღინიშნა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში ჩართულობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ. შეხვედრას პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა, პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი პიოტრ გლინსკი, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მასკიევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს
„ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში შემოვიდეს აქტიურად და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს, ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი. ასევე, NATO-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის მდგომარეობა და ერთობლივად ჩვენთვის იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და „ღია კარი“, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ჩვენთვის ასევე ღია იყოს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა
პოლონეთი მზადაა, საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს
პოლონეთი მზადაა, საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს. „ჩვენ ვისაუბრეთ პანდემიის საკითხებზე, მათ შორის გვინდა, რომ საქართველომ შეძლოს ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა მათ, ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. მე, ასევე, განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით, როგორი სიტუაციაა, რომ ვაქცინის მიწოდება არ არის თანასწორი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას, აქედან გამომდინარე შევძლებთ საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში“, - განაცხადა ანჟდეი დუდამ.
ანდჟეი დუდა: მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ
ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ NATO-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების გატარების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ. ანდჟეი დუდას განცხადებით, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები წევრობის მიმართულებით და იმედია, რომ ახლა პროცესები მეტად კონკრეტული თარიღებისა და პროცედურული საკითხების განსაზღვრის ეტაპზე გადავა. „ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს საზოგადოებისთვის, ეს არის ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია. საქართველოს ამ წევრობის გზაზე უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ეს გზა იქნება უფრო და უფრო ნათელი რაც დრო გავა და უფრო კონკრეტული თარიღების მითითებას და კონკრეტული პროცედურული საკითხების ეტაპზე გადასვლას შევძლებთ. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ნათლად აჩვენა მისი ჩართულობა და მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, თუნდაც ავღანეთში, NATO-ს ჯარისკაცებთან ერთად, რისთვის მადლობას მოგახსენებთ. ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ NATO-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია. ჩვენ ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების გატარების პირობებში, რომლებსაც ევროკავშირი და NATO მოითხოვენ, მათი მიღება და გაწევრიანება მოხდება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ, რაც არ იყო ადვილი არც პოლონეთში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ყველა ნაბიჯი ღირდა ამად. მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, რომ გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართლებით, რომ განაგრძოს რეფორმების გატარება და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც საქართველოს დაეხმარება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ანდჟეი დუდა: ქართველებო, გელოდებით NATO-ში
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
27 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 125 601 ადამიანი აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, სრულად ვაქცინირებულია 19 392 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია - ამერიკის საელჩო 26 მაისის ღონისძიებაზე
„კავშირი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის არსებობს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საზღვაო ქვეითების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიაში" - აცხადებს საზღვაო ძალების მაიორი ლი მერსეკი. მის ამ სიტყვებს ამერიკის საელჩო ავრცელებს და თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ აშშ-ის საზღვაო ქვეითების და ჯარისკაცების მიწვევას და მსვლელობაში ერთობლივ მონაწილეობას ეხმაურება. „გუშინ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითები და ჯარისკაცები თავისუფლების მოედანზე მიიწვია, რათა მათთან ერთად მსვლელობაში მიეღოთ მონაწილეობა. აშშ-ის არმიას, განსაკუთრებით კი საზღვაო ქვეითებს საქართველოსთან ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. გასული 17 წლის განმავლობაში ისინი მხარდამხარ მონაწილეობდნენ წვრთნებსა და მრავალეროვნულ საბრძოლო მისიებში ერაყსა და ავღანეთში“, - აღნიშნულია ტექსტში.
აზერბაიჯანის პრემიერი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა წარმატებით გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების ნების შესაბამისად
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალი ასადოვი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობაში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! დღევანდელ დღეს სიამოვნებას გვგვრის ღრმა ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით განმსჭვალული მრავალმხრივი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორობაში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა წარმატებით გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების ნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ კარგი მეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციების ერთგულია. საუკეთესო შთაბეჭდილებების ქვეშ ვიხსენებ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტის დროს შემდგარ შეხვედრასა და გულწრფელ საუბარს. ასეთ სასიამოვნო დღეს ჯანმრთელობასა და საქმეში წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენ, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას - მეგობრულ ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხი პოლონეთის პრეზიდენტთან განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ამ მხრივ, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. „საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, ანჟეი დუდამ დაადასტურა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ასევე, გლობალური პანდემიის შესახება ისაუბრეს. ანჟეი დუდამ გამოხატა მზადყოფნა, რომ პოლონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებითა და პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პროცესში დაეხმაროს. კახა კუჭავამ პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განსაკუთრებულად მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა
უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ენერგო და საზოგადოებრივი რესურსების მარეგულირებელმა მიიღო. არნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი ევროპული ელექტროსისტემის, ENTSO-E-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. 27 მაისის მდგომაროებით, უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე მოთხოვნას უკვე აღარ აყენებს. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია
საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია; ჩვენში არსებობს სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“ მიმართვისას განაცხადა. ორდღიანი კონფერენცია დღეს გაიხსნა და ვიდეოფორმატში იმართება. მთავრობის მეთაურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არსებითია იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა მეშვეობით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი ქვეყნის პოზიციებს ინარჩუნებს. „დღეს ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, წინ წავიწიოთ, კიდევ უფრო ქმედითი, ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ვგეგმავთ. უახლოეს წლებში ჩვენ ვეცდებით, ყველა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს არა მხოლოდ ამბიცია და სურვილი აქვს, არამედ იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ამ საქმეში ჩვენ კვლავ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის იმედი გვაქვს. მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების წარმოდგენას და განხილვას, ეფექტური ფორმატები და ინსტრუმენტები სჭირდება. კონფერენცია, რომელშიც დღეს ვმონაწილეობთ, სწორედ ასეთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად წარმოგვიდგება. მიხარია, რომ არც ისე დიდი ისტორიის მიუხედავად, იგი უკვე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრადიციად იქცა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის; პირადად ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით ვადასტურებ სრულ მზაობას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ღონისძიების მიზანია მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის თემაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შეფასებაზე. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების პერსპექტივები. კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ევროკომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი ჰყავს
საქართველოს პარლამენტს გამოკლებული წევრები, ირაკლი სესიაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის და სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა. პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა შეცვალეს, „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ კი პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა. რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია “გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა. სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.
პოლონეთის პრეზიდენტი: მცდელობას არ დავიშურებთ, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს და NATO-ს
„პოლონეთის ინტერესია, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს და NATO-ს. ჩვენ მცდელობას არ დავიშურებთ საქართველოს მხარდასაჭერად“, - ეს ჩანაწერი დატოვა პოლონეთის პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, სტუმართა წიგნში. ანდჟეი დუდა: მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ ანდჟეი დუდა: ქართველებო, გელოდებით NATO-ში სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა
კარლ ჰარცელი: საქართველოს ცაში ბალისტიკური ხომალდით ასაჭრელადაც კი ყველაფერი აქვს
„საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. „როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა. დღესაც იგივეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება. საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არამხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში. და ეს უმნიშვნელოვანესია. რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პრო-ევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80%-ზე მეტის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე, რომ - რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად - ისინი არამხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთიდაიმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა. გუშინ, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენთაგანს აქვს. ამ კონფერენციას მე განვიხილავ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას, ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საპასუხო ქმედებაზე; ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა. ვფიქრობ კომისარმა ამომწურავად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რა მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ხმის მისაწვდენად გადაწყვეტილების მიმღები პირების, რეგიონებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც იცით რამდენად ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, რადგან თქვენც ეხმარებით ეხმარებით ევროკავშირს იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებსაც საქართველოსთვის ჩვენი დახმარება და პოლიტიკის სფეროში კონსულტირება ითვალისწინებს“, - განაცხადა ელჩმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით 26 მაისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო. მათივე ცნობით, 2021 წელს წჯსკ-ს ექსპერტები ადგილობრივად გადამზადებულ სპეციალისტებთან ერთად 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნას გეგმავენ, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოძიება საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა. 92-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება - ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. 2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ მათი ეგიდით 583 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული სხვა ადამიანების ხვედრის დასადგენად.
ამნისტიის კანონპროექტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
"ქართული ოცნება" და საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა, თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, პოზიციები ვერ შეჯერდა. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს. ოპოზიციური ფრაქციის, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში ოპოზიციის პროექტია. „ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტია სრულ შესატყვისობაში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. მათი [ქართული ოცნების] ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. აქაც განსხვავებები გვაქვს. ჩვენი პროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. როგორც ცნობილია, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ მმართველმა გუნდმა გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გარკვეული ალტერნატიული წინადადება შესთავაზა მხარეებს, თუმცა ეს გაზიარებული არ იქნა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსია კომპრომისულია და ორივე მხარის ინტერესებს გარკვეულწილად აბალანსებს. "პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ჩემი აზრით, არის კომპრომისული, რომელიც ორივე მხარის ინტერესს რაღაც თვალსაზრისით აბალანსებს. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად დრო არ გვეყო ამ ვერსიის განსახილველად. ამ ვერსიაზე მოგვიწევს მსჯელობა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ვერსიაზე საბოლოოდ შევთანხმდებით,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსია ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. "რაც შემოგვთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგადად, რაც მეორე მოსმენისთვის შეიძლება მივიღოთ, ის შეესაბამება შერიგებისკენ მიმავალ გზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ მოსმენაზე მას მხარს დავუჭერთ და დაველოდებით მეორე მოსმენაზე იმის ასახვას, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ოპოზიციის ვერსია ჩემი აზრით ეწინააღმდეგება შარლ მიშელის სულისკვეთებას, მას არ დავუჭერთ მხარს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.
როდის იმსჯელებს ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციაზე - პაატა იმნაძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ Sinovac-თვის ავტორიზაციის მინიჭებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში იმსჯელებს. როგორც იმნაძემ Facebook live-ის დროს განაცხადა, ავტორიზაციის საკითხზე მსჯელობა ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს. „თარიღები იგივეა, რაც აქამდე ვიცოდით. ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს, ველოდებით ყოველკვირეულად ან ამ, ან იმ კვირაში, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ჯანმომ და მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას. ეს არის უახლესი ინფორმაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ იმსჯელეს
Covid19-ის ზეგავლენის შეფასება ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომა მთავრობის მეთაურმა გახსნა. "ინვესტორთა საბჭოს წევრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო Covid-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკაზე Covid-19-ის ზეგავლენის საკითხები და იმსჯელეს მოკლევადიან და საშუალოვადიან ღონისძიებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. სხდომაში პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაში ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კარლ ჰარცელი: ქართული და ევროპული ღირებულებები ერთიდაიგივე წყაროდან მომდინარეობს
„როგორც არ უნდა გაესვას ხაზი შესაძლო განსხვავებებს, მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე - ქართული და ევროპული ღირებულებები ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. „როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა. დღესაც იგივეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება. საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არამხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში. და ეს უმნიშვნელოვანესია. რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პრო-ევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80%-ზე მეტის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე, რომ - რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად - ისინი არამხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთიდაიმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა. გუშინ, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენთაგანს აქვს. ამ კონფერენციას მე განვიხილავ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას, ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საპასუხო ქმედებაზე; ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა. ვფიქრობ კომისარმა ამომწურავად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რა მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ხმის მისაწვდენად გადაწყვეტილების მიმღები პირების, რეგიონებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც იცით რამდენად ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, რადგან თქვენც ეხმარებით ეხმარებით ევროკავშირს იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებსაც საქართველოსთვის ჩვენი დახმარება და პოლიტიკის სფეროში კონსულტირება ითვალისწინებს“, - განაცხადა ელჩმა.
დავით ნარმანია: თუ ლარის კურსი გამყარდება, მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის საკითხი, უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული. "იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“, - უთრა მან ჟურნალისტებს 27 მაისს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პანდემიის გამო გაუარესებული ვალუტის კურსის გამო, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია. "ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამიტომ იქნა მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ კი, პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, მარეგულირებელი კომისიის 27 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს.