ძებნის რეზულტატი:

FDA-მ 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს. მედიკამენტი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ არიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. კვლევების მიხედვითმ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამების წინააღმდეგაც.

პირველად დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის ისტორიაში ბელგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, პირველად საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის ისტორიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბელგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობები: „ავალას“ სატელევიზიო ანძა, ქალაქის ორი მთავარი ხიდი - „ადა“ და „ბრანკო“, ქალაქის ცენტრში მდებარე „სლავიას“ შადრევანი, ბელგრადის მთავარი ფოსტის ისტორიული შენობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ შენობაზე - ალბანეთის სასახლეზე გამოისახა საქართველოს დროშები.

ჯინ შაჰინი: აშშ რჩება საქართველოს მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას

აშშ რჩება საქართველოს მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვაში აღნიშნავს. "საქართველო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. რამდენადაც საქართველო განაგრძობს მისი დემოკრატიის გაძლიერებას, აშშ რჩება მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან ისინი მუშაობენ ნათელი მომავლისა და უფრო რეაგირებადი, გამჭვირვალე ხელისუფლებისთვის",- წერს სენატორი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითმ პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა. გარდა ამისა მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობის გაქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. "მოგეხსენებათ ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისები. თუმცა ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დღევანდელი შეხვედრა და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თურქეთის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან და ინიციატივა, რომელიც შესრულდება თურქეთის ტექნიკური კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით მიმართულია ქართველი პროფესიონალების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, ასევე ტრენინგების ჩატარებისკენ და ზოგადად ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ", - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება.

ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს -  აშშ-ში საქართველოს ელჩი

„ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს. „მომავალ თვეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს ლიდერებს შეხვდება და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავლის ინვესტირებას ახდენს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერს დავით ბაქრაძე სტატიაში. დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. „კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახანს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან." - წერს ბაქრაძე. როგორც ბაქრაძე სტატიაში აღნიშნავს, "მიუხედავად გამოწვევებისა, ქართველი ხალხი მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რომელიც ჩვენს ყველა ხალხს აამაღლებს". "საქართველო აღიარებულია ბიზნესის კეთების ერთ – ერთ საუკეთესო ადგილად თავისი გამარტივებული მარეგულირებელი სისტემით, ბიზნესის წარმართვის საგადასახადო სისტემით და კარგად განათლებული მუშახელით", - ნათქვამია სტატიაში. ბაქრაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, ექსპერტ, გიორგი გობრონიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული: „თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე Europetime-თან. დაპირისპირების დიდი სივრცე და საერთო ინტერესები აშშ-რუსეთის ურთიერთობებში

შსს განცხადებას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო“, - უწყების განცხადებით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგანს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია. მისივე თქმით, კომპანია „ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. „იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაო“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან, იმ ტერიტორიასთან დგანან, სადაც ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას" ერთ-ერთი საწყობია განლაგებულია.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 508 ადამიანს დაუდასტურდა, 1 481 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 340 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 323 409, გარდაიცვალა 4 699 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%. ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან 252 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 12 704, საიდანაც: 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536. მძიმე პაციენტი: 913, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 219, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში. 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 769 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 512 პირი, აჭარაში - 2 127, იმერეთში - 1 728.

ირაკლი ღარიბაშვილი: მარინა ჯანაშიას შექმნილმა არაერთმა დასამახსოვრებელმა სახემ თეატრი შეაყვარა ახალი თაობის მაყურებელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "მწუხარება მინდა გამოვთქვა თეატრისა და კინოს მსახიობის მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო. მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. მარინა ჯანაშიას შექმნილმა არაერთმა დასამახსოვრებელმა სახემ თეატრი შეაყვარა ახალი თაობის მაყურებელს, კინოფირებმა შემოგვინახეს მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებს მარინა ჯანაშიას - ამ ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებას, მისი სახით თეატრალურმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურს Covid19-ის წარმოშობის წყაროს გამოძიება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურს დაავალა, გამოიძიოს Covid19-ის წარმოშობის წყარო. ამის შესახებ BBC იტყობინება. განცხადებაში ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო ჯგუფებს სთხოვა, გააორმაგონ მათი ძალისხმევა და 90 დღის განმავლობაში წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში. თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მან მოითხოვა მოხსენება ვირუსის წარმოშობის შესახებ თანამდებობის დაკავების შემდეგ, „მათ შორის იმაზე, გავრცელდა თუ არა ვირუსი ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის შედეგად ან ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად“. ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს პრეზიდენტმა ახლა სთხოვა სადაზვერვო სამსახურებს, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის, რამაც შეიძლება საბოლოო დასკვნამდე მიგვიყვანოს", მან სთხოვა კონგრესს, რომ "სრულად გაეცნონ სამუშაოს. „დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ორი სავარაუდო სცენარი განიხილა, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა”, - აღნიშნა ბაიდენმა Covid-19 პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. მას შემდეგ მსოფლიოში დადასტურებულია 168 მილიონზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია სულ მცირე 3.5 მილიონი ადამიანი. ხელისუფლებამ COVID19-ის შემთხვევები უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზრობას დაუკავშირა. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ვირუსი პირველად ადამიანს ცხოველებისგან გადაედო. მაგრამ ბოლო პერიოდში აშშ-ის მედიის ცნობით, მტკიცებულებები არსებობს, რომ ვირუსი შეიძლება ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჩნდა. პეკინმა დაგმო ეს გარემოებები და განაცხადა, რომ ვირუსი, შესაძლოა, პირიქით, აშშ-ის ლაბორატორიიდან ვრცელდებოდეს.

სენატორი ჯინ შაჰინი: აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. „საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეა. საქართველო მუშაობს რა თავისი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, აშშ კვლავ მხარს უჭერს პარტნიორს და დგას ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი მუშაობენ უფრო ნათელი მომავლის, უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მთავრობისთვის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წეროვანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და გრიგოლ გიორგაძე. "უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები მოინახულეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ. მოგვიანებით ანდრი ტარანმა საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვილილსთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ღირსების მედლით დააჯილდოვა. მინისტრმა სხვადასხვა ჯილდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ანდრი ტარანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისთვის, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირები, მათ შორის, რეაბილიტაციის ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება გაგრძელდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის, რეგიონის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხები განიხილეს საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს,  2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია

„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ იქცეს“, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება აცახდებს, რომ შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ. „შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. ჩვენ ამ თემაზე NATO-s პარტნიორებთან ღიად ვსაუბრობთ და ვფიქრობ, დრო დადგა ამ თემაზე უკრაინულ საზოგადოებასაც ღიად ვესაუბროთ, რათა მათ მკაფიოდ ესმოდეთ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ბურთი ყოველთვის უკრაინის მხარეს არ არის. ალიანსისგან პასს ველოდებით. „გვესმის მოკავშირეების სურვილი, დახურული სამიტი ჩაატარონ, რათა ტრანსატლანტიკური ერთობა განიხილონ, თუმცა აბსოლუტურად არ გვესმის, როგორ შეიძლება NATO-ს დახურული სამიტის ჩატარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ამის გაგება არ შეგვიძლია. როგორ შეიძლება არ მოიწვიო უკრაინა? NATO-ს პარტნიორების მადლობელნი ვართ ღია კარის პოლიტიკის მუდმივად დადასტურებისთვის, თუმცა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, რა უნდა ვთქვათ ალიანსის იმ გადაწყვეტილების განხორციელებაზე, რომელსაც უკვე 13 წელია მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ იქცეს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მნიშვნელოვანი თარიღი არაერთმა ქვეყანამ მოგვილოცა. ამ დღეს ქვეყნების ნაწილმა მნიშვნელოვანი შენობები და დაწესებულებები საქართველოს დროშის ფერებში გაანათა. კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა. ტაშკენტში, ცნობილი სასტუმრო “უზბეკეთი” საქართველოს დროშის ფერებში განათდა... დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი. 26 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს დროშა აღმართეს ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ახლად არჩეულმა ლორდ მერმა სტივ სმიტმა, ლორდ ლეიტენანტმა ფიჩის გოლდინგმა, ქალაქის შერიფმა სიუ დევისმა, ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა დერეკ პიკაპმა, თბილისი-ბრისტოლის ასოციაციის წევრებმა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის წევრმა ჯეინ ოკლენდმა. ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდა ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნა საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებით. დუბლინის ლორდ მერის რეზიდენცია განათებულია ქართული დროშის ფერებში. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვილნიუსის ცენტრალურ „ლუკიშკიოს“ მოედანზე გაიშალა საქართველოს დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, პირველად ორმხროვი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემლოდ, აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის სათაო ოფისის შენობა, თბილისის დროით 19:00-20:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ათენის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნის (ომონია) შადრევანი, საქართველოს საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ათენის მერიის მიერ პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში. კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა. იერუსალიმის კედლები საქართველოს დროშის ფერებით განათდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სოფიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, კულტურის ეროვნული სასახლე განათებული იქნა საქართველოს დროშის ფერებში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პირველად საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის ისტორიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ბელგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობები: "ავალას" სატელევიზიო ანძა, ქალაქის ორი მთავარი ხიდი - "ადა" და "ბრანკო", ქალაქის ცენტრში მდებარე "სლავიას" შადრევანი, ბელგრადის მთავარი ფოსტის ისტორიული შენობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ შენობაზე- ალბანეთის სასახლეზე გამოისახა საქართველოს დროშები. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დოჰას შერატონის სასტუმროს ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის - ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულეს კოშკი“.

3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი გაძვირდა

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 8 თეთრამდე გაძვირდა. გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მანამდე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ახალმა ტარიფმა კომპანიისთვის მიმდგარი ფინანსური ზარალი უნდა დააკომპენსიროს. „მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანია ტარიფის შეცვლას ითხოვს, არის მათ კომპანიაში დაროვილი ზარალი, ვინაიდან თავის დროზე დადგენილი ტარიფის დროს გაცვლითი კურსი დოლართან 2.97 იყო, რაც შემდგომ გაიზარდა ეს გახდა მათი ზარალის უმთავრესი საფუძველი. ისინი გაზს უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის მიწოდება. შედეგად კომპანია ხდება ვალაუვალი, ამის გამო კი მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტარიფების გადახედვა“, - აღნიშნა ნარმანიამ.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და  უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი, რომელსაც პირველად დაესწრება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და მეგობარი უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის "ღია კარები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთი, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მიმართულებით არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერი. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართლებით საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. „ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა და ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა. დღეს გვჭირდება, ასევე ევროკავშირთან მიმართებით ახალი ეტაპები, სანამ ჩვენ მივაღწევთ ბოლო გეგმას - 2024 წელს წევრობაზე განცხადებას და შემდეგ, როცა ეს დრო დადგება, გაწევრიანება. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი, ასევე, NATO-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და "ღია კარი", როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ NATO-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. "ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს, 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია

ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს სესიაზე: ჩვენ ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე წარსდგა. ამის შესხებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებია. თავის გამოსვლაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე. “პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო გენერალურო დირექტორო, ასამბლეის წევრებო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ დირექტორს კოვიდ-19-ის რეზოლუციის შესრულების ანგარიშის წარდგენისთვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც შეუფასებელი დახმარება გაუწია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. საყურადღებოა, რომ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე თავს იჩენს ახალი, უფრო რთული გამოწვევები, რომლებიც პროცესების მართვას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს მზაობის გაძლიერება, როგორც დამოუკიდებლად, თითოეული ქვეყნის, ისე გლობალური ჯანდაცვის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა სახის ახალ საფრთხეებთან მოგვიწევს გამკლავება. პანდემიის საფრთხეებზე რეაგირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მოქნილები და თანმიმდევრულები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს, რასაც უნდა მოჰყვეს მათი გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და აღსრულება. გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც არის აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური პროგნოზირება; ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება. პანდემიის დასაწყისში, პრევენციის ძირითადი შესაძლებლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჰიგიენის გაძლიერებული ღონისძიებები და სოციალური შეზღუდვები იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის. თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა. გლობალური რესურსების გაერთიანებით, მათი სამართლიანი (თანაბარი) განაწილებით და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავასრულოთ გლობალური პანდემია”,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე განაცხადა. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პირველი რეგიონული ოფისი გახსნა

ერ-რიადში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი გაიხსნა. რიადში გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ-ხატიბი. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი რეგიონული ოფისი იქნება მოლაპარაკებების, დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ის იმედს მოუტანს ბევრ ადამიანს რეგიონში, ასევე საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, რისი მოტანაც თავის მხრივ, მხოლოდ ტურიზმს შეუძლია. „ოფისზე მუშაობა პანდემიის დაწყების შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენს მიზანსწრაფვასა და საუდის არაბეთის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია 1974 წელს მადრიდში დაფუძნდა.

გერმანია ,,მშვიდობის ფონდში“ €300 000-იან კონტრიბუციას განახორციელებს

გერმანია ,,მშვიდობის ფონდში“ €300 000-იან კონტრიბუციას განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოში გერმანიის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას 300,000 ევროს ოდენობით ,,მშვიდობის ფონდში უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 2020 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ ფარგლებში ამოქმედდა. „მშვიდობის ფონდი არის არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გრანტების გაცემას გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიზნებისთვის ფონდი გამოიყენებს და იმოქმედებს საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით. მშვიდობის ფონდში გერმანიის კონტრიბუცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის, რაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გერმანია ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე, ასევე მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მეშვეობით. საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს მშვიდობის ფონდში გერმანიის მნიშვნელოვან კონტრიბუციას და აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. გერმანია და საქართველო მომავალშიც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის

გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა. ადვილობრივების ცნობი, ცეცლი უკვე მე-5 სახლზეა გადასული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო ეკიპაჟი და ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათვე ცნობით, შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი და დამატებითი დეტალები უცნობია.