ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტმა ოჯახური, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პოლიციის კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ბუცხრიკიძე, პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვანცა გოგავა, პოლიციის ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ანი ნაცარაშვილი. დაჯილდეობის ცერემონია დღეს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ. გვანცა გოგავამ გამოიძია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, არასრულწლოვანთა გარყვნილი ქმედების, გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ფაქტებზე. მის მიერ ჩატარებული დროული და ეფექტური გამოძიების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნა პირი, რომელიც წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. ასევე, მის მიერ ჩატარებული დროული გამოძიების შედეგად დაკავებული იქნა პირი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ქმედებებს. ანი ნაცარაშვილი აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლაში. მან მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, შეძლო ჯეროვანი რეაგირება მოეხდინა კონფლიქტის არაერთ ფაქტზე, განემუხტა სიტუაცია და აეცილებინა ძალადობა. ეკა ბუცხრიკიძის დროული და რელევანტური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და სახელმწიფო სერვისების დროულ მოძიებაში, ხელს უწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას.

ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნება დართო

ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნება დართო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის აღწერის შემდეგ მიიღეს, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ იწარმოება. BBC ცნობით, აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ზრდა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. გასულ წელს ქვეყანაში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 1960 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წელს ახალშობილთა რიცხვი 18 მილიონს შეადგენდა. ცნობისთვის, აქამდე ჩინეთში წყვილს ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა. „მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ. კერძოდ, დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ. შეიცვალა ორი გუბერნატორი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნა გიორგი გუგუჩია, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორად წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი სამხრეთ აფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს ე.წ. გენომის სეკვენირება, ანუ გენეტიკური ანალიზი და რამდენიმე დღეში იქნება ზუსტი პასუხი. „დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ ნიმუშის სეკვენირება და ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთაფრიკული შტამიც გვაქვს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით რომ არა. მით უმეტეს, ის შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. დღეს ევროპაში პრევალირებს ძირითადად ბრიტანული შტამი და ბრიტანულმა შტამმა ევროპაში კლასიკური შტამი თითქმის ჩაანაცვლა. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში“, - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება

ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით, ისვენებს

ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ, ისვენებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ ვერ აკავებს შს სამინისტრო ბადრი ესებუას. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.

ტურისტის კოვიდდაზღვევა სავალდებულო იქნება

"ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც უწყებათშორის საბჭოს უნდა წარედგინოს. "შემოსულ ტურისტს კოვიდი თუ დაუდასტურდება, ყველა კომპანია თავის პარტნიორებს აფრთხილებს, რომ ტურისტები უნდა იყვნენ შესაბამისად დაზღვეული, სადაც იქნება კოვიდ დაზღვევის კომპონენტი. შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ეს მკურნალობა. ამაზე ჯანდაცვას წარდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში და ვფიქრობ, ეს დროულად იქნება მიღებული. ანაზღაურების საკითხი მიბმული იქნება იმ სავალდებულო სადაზღვევო კომპონენტზე, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს ტურისტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება საქართველოში დაინფიცირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში ტურისტი გადავა იზოლაციაში, მათ შორის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ სჭირდება სტაციონარი, სტაციონარში და ა.შ. "რაც შეეხება მკურნალობის ანაზღაურებას, ამას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპონენტი, რომელიც უნდა ჰქონდეს ტურისტს", - განაცხადა გამყრელიძემ.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები: „ღვინისეული სასმელი“ - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულების არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან-14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისეული სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა. კანონში შესული ცვლილებება ეხება ბრედსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებელი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა. "ცვლილებებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება. დღემდე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო. ამასთან ერთად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით, დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა. საკანონმდებლო ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება

დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ცვლილებების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა. შესაბამისად, ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. "პროგრამაში ცვლილებებით დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობა. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემთხვევაში კი, თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15,000 ლარისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 18,000 ლარისა)", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საჰაერო თავდაცვა 26 წლისაა

საქართველოს სასაჰაერო თავდაცვა 26 წლისაა. საჰაერო თავდაცვის 26 წლის იუბილე ალექსეევკას შერეული ესკადრილიის ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული დღე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ სიტყვით მიმართვისას საჰაერო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ღონისძიების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 56 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალებში იმსახურებენ. დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი გადაეცათ. ღონისძიებას ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. "1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს. მას შემდეგ, საჰაერო თავდაცვის დღე 31 მაისს აღინიშნება. თავდაცვის ძალებში საჰაერო თავდაცვის განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. პარალელურად, გრძელდება მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით, რომელიც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის დროს დაიწყო. ამ მიზნით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კომპანია „რაფაელთან“ და მიმდინარე წლის ბოლომდე, არსებულ სისტემებს ჩაუტარდებათ სრული მოდერნიზაცია. ასევე, იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა, რომლითაც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრემიერმა იაპონიის ელჩთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კარგი შესაძლებობაა ბიზნესფორუმის პლატფორმა, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანმშრომლობას. აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იაპონელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო მეტი იაპონელი ტურისტი იხილოს საქართველოში, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა მზადაა, აქტიურად იმუშაოს იაპონურ მხარესთან, რათა განიხილონ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა. საუბრისას, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა COVID19-ის პანდემიის პერიოდში იაპონიის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

ამირან გამყრელიძე: თუ ქვეყანაში ორჯერადად აცრილი ადამიანი შემოდის, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება

თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება. ამის შესახებ დაავადაებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ადამიანი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს. "შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა 50-მდე ლაბორატორიის ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩაიტაროს PCR ტესტი, ისე რომ ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა", - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც.

საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერები ევროკავშირს კოვიდვაქცინით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას სთხოვენ

საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილით მიმართავენ და ევროკავშირს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას სთხოვენ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას COVID19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია. წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზაობას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.

თურქულმა დაზვერვამ ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი დააკავა

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი სალაჰადინ გიულენი საზღვარგარეთ დააკავა და ქვეყანაში ჩაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩატარებული დაკავების ოპერაციის კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეირაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, იგი ძებნილად იყო გამოცხადებული. თურქული დაზვერვის ინფორმაციით, სალაჰადინ გიულენს კავშირი აქვს ორგანიზაცია „ფეთოს“ ლიდერებთან, მათ შორის ე.წ. მრჩეველთა საბჭოს წევრებთან.

ნათია თურნავა: უახლოეს ისტორიაში მსგავსი მაღალი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა

"აპრილში ისტორიული, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პანდემიის ეფექტი რომ გამოვრიცხოთ და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, ზრდა თითქმის 21%-ია. ერთი და მეორე მაჩვენებელი არის ისტორიული მაჩვენებელი. ჩვენს უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში მსგავსი ნახტომისებური ზრდა არ დაფიქსირებულა. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, არა განვითარება, გაჯანსაღება, არამედ ნახტომი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სფეროში ასეთი ნახტომი იძლევა შესაძლებლობას, სრულებით დაიფაროს პანდემიის შედეგები და ქვეყანა გადავიდეს პოზიტიურ დინამიკაში. მისივე თქმით, ეს შედეგები, პირველ რიგში პოლიტიკური სტაბილურობით არის განპირობებული. „როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მეტი ნდობა ეკონომიკისადმი და მთავრობის ნაბიჯებისადმი, ინვესტიციების განხორციელებისათვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაზე გავლენას ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნაც იქონიებს. „აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკის ასეთმა ზრდამ ნათლად აჩვენა, რომ წელს ტურიზმი 2019 წლის შედეგების მინიმუმ 40% აღადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა

აშშ-ს საფრანგეთი თავისუფლების ახალ ქანდაკებას უგზავნის

Politico-ს ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის. როგორც ცნობილია, გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა. თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს. ახალი ქანდაკების დამზადების სურვილი საფრანგეთმა 2019 წლის ივლისში გამოთქვა, თუმცა პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროებით შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე წლის ზამთარში განახლდა. თავისუფლების ქანდაკება, რომელიც დღეს ნიუ-იორკის სანაპიროებთან ჩანს, მე -19 საუკუნის საჩუქარია საფრანგეთისგან აშშ-ს დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის აღსანიშნავად. ”ჩვენ გვინდოდა ამ საფრანგეთ-ამერიკის ისტორიასთან დაკავშირება”, - თქვა აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.

Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1-ელ ივნისს დაემატება

Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის თბილისში ადგილები 1-ელ ივნისს დაემატება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის Sinovac-ით აცრილია დაახლოებით 5 000 ადამიანი და ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000-ს, თუმცა მარაგი არის, დაახლოებით, 50 000 პირველი აცრისთვის. "ყველას, ვისაც სურს, შეუძლიათ, Sinovac-ზე ჩაეწერონ. ვიცი, რომ თბილისში ადგილებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ადგილები ხვალიდან კიდევ დაემატება, ადამიანებს გაუადვილდებათ ჩაწერა", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, Sinopharm-ის ვაქცინის დიდი პარტია ივნისის ბოლოს შემოვა, ხოლო Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მესამე კვარტალში მიიღებს. ცნობისთვის, Sinovac-ის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში Sinovac-ის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-ელ ივნისს მიიღებს

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი 20 საარჩევნო საარჩევნო უბანი გამოავლინა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი 20 საარჩევნო უბანი გამოავლინა. ამავე პრინციპით, შეირჩნენ საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები. კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძის განცხადებით, შერჩეული უბნები საქართველოს 7 რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია. გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 უბანზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით 20 უბანი გამოავლინა, სადაც ბიულეტინები თავიდან გადაითვლება. 20 საარჩევნო უბნიდან 10 თბილისში (საბურთალო 03.03.77; კრწანისი 01.04.17; საბურთალო 03.03.41; ჩუღურეთი 06.07.13; საბურთალო 03.03.41; ნაძალადევი 07.09.98; მთაწმინდა 01.01.12; ვაკე 02.02.41; საბურთალო 03.03.81 20; ნაძალადევი 07.09.66 ), ხოლო 10 უბანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი 23.59.118 4; ბათუმი 28.79.33 ; მარნეული 13.22.89; მარნეული 13.22.69; ქუთაისი 23.59.85; სამგორი 05.06.92; ბათუმი 28.79.64; ბათუმი 28.79.12; გურჯაანი 09.12.03; ქუთაისი 23.59.98; გურჯაანი 09.12.02 ) მდებარეობს. შერჩეული საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენებს დროებითი საგამოძიებო კომისია წერილობით დღესვე გამოითხოვს. ბიულეტენების გადათვლის პროცესის დასრულება კვირის ბოლომდე მოხდება.

საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში შესვლა  უვიზოდ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც

პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა. ცვლილება მხოლოდ საჰაერო საზღვარს ეხება. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. "საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს. "მგზავრი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩამოფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს პოლონურ, ან ინგლისურ ენაზე (მიუხედავად აღნიშნული ბრძანებისა, ჯერჯერობით, პოლონეთის აეროპორტებში, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლამდე არსებული ტერიტორია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით). თუმცა, მგზავრს, ამ ეტაპზე, ასევე შეუძლია შემოვიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ნებისმიერი ტექსტი და ტესტის პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია სავალდებულო 10 დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს საჰაერო გზით ნებისმიერი მიზნით შეუძლია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა, ტრანზიტული მიზნით პოლონეთის ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ მგზავრებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

NATO-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება

NATO-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება, - ამის შესახე NATO-ს გენეალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბელარუსის მისიის პერსონალს NATO-ს შტაბ-ბინაზე წვდომა შევუზღუდოთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურ მდივანს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბელარუსი NATO-ს წევრი არ არის, თუმცა ქვეყანას ალიანსთან კავშირი 1992 წლიდან, NATO-ში დიპლომატიური მისია კი 1998 წლიდან ჰყავს. ცნობისთვის, ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა 23 მაისიდან დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

DW: აშშ-ის უშიშროების სააგენტო დანიის სადაზვერვო სტრუქტურების დახმარებით, მერკელსა და ევროპის სხვა ოფიციალურ პირებს აკვირდებოდა

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დანიის უშიშროების სამსახური აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო NSA-ს ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიმართ ჯაშუშურ საქმიანობაში დაეხმარა. როგორც გამოცემა წერს, აშშ ჯაშუშობდა თავის მოკავშირეებზე და პირველად გამოქვეყნება 2013 წელს დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიღეს ჟურნალისტებმა ინფორმაცია, სადაც დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის (FE) მიერ NSA- ს მხარდაჭერის დეტალები იყო ასახული. ეს ინფორმაცია მოპოვებულ იქნა შიდა გამოძიებით, რომელიც დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურში 2015 წლიდან ჩატარდა და პარტნიორობაში NSA-ის როლს აანალიზებდა, - იუწყება დანიის სახელმწიფო მაუწყებელი, DR, 30 მაისს, გამოძიებასთან დაახლოებულ ცხრა, ანონიმურად დატოვებულ პირზე დაყრდნობით. ამ მოქმედების განსახორციელებლად NSA-მა ისარგებლა დანიის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობით. გამოძიების თანახმად, NSA-მა დანიის საინფორმაციო არხები გამოიყენა საიმისოდ, რომ წამყვან ოფიციალურ პირებს დაკვირვებოდა შვეციაში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. საიდუმლო სამსახურის წყაროებმა ინფორმაცია გადასცეს გუნდს, მათ შორის დანიურ, შვედურ და ნორვეგიულ მაუწყებლებს (შესაბამისად DR, SVT და NRK), ასევე ფრანგულ გაზეთს Le Monde, გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung- ს და გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებლებს NDR-სა და WDR-ს. დანიაში, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირეა, წყალქვეშ განთავსებულია საინტერნეტო არხების რამდენიმე მნიშვნელოვანი სადგური, რომლებიც შვეციასთან, ნორვეგიასთან, გერმანიასთან, ჰოლანდიასა და ბრიტანეთთანაა დაკავშირებული. როგორც გამოცემა წერს, გერმანული მხარე აცხადებს, რომ არც მერკელს და არც შტაინმაიერს "არ ჰქონდათ ინფორმაცია" დანიის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ განხორციელებული ჯაშუშური ოპერაციების შესახებ და კანცლერს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა. დანიის თავდაცვის მინისტრს, ტრინე ბრამსენს - რომელიც ამ პოსტზე მუშაობას 2019 წლის ივნისში შეუდგა - 2020 წლის აგვისტოში მიაწოდეს ინფორმაცია ჯაშუშური მოქმედების შესახებ, ამბობს DR. ბრამსენი მაუწყებელს ეუბნება, რომ "ახლო მოკავშირეებზე სისტემატური თვალთვალი მიუღებელია".