ძებნის რეზულტატი:

საქართველოში ინდოეთიდან შემოსული ვიზიტორებისთვის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი მოუწევს", - ამის შესახებ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. „ინდოეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე გამონაკლისი გაკეთდა. ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. ამასთან კორონავირუსის „ინდური შტამი“ სახიფათოდაა მიჩნეული. ინდოეთზე მოქმედებს სხვა სახის რეჟიმი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უწევს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR-ის უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხითა და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. პრეზენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ საავტობუსე ზოლები არ განვახორციელეთ პროექტის სახით, მაშინ ამ რეფორმების განხორციელებას მთლიანად აზრი ეკარგება. პრობლემა მხოლოდ იმით არ მოგვარდება, რომ შევიძინოთ ახალი ავტობუსები და ძველი ჩავანაცვლოთ ახლით. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახენ ინფორმაციას ჯანდაცის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს

2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%- ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. აღნიშნული მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 26%. "2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს „მაგთიკომის“ აბონენტები ხარჯავენ, „სილქნეტის“ აბონენტები - 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს 6.1 ლარს „ბილაინის“ აბონენტები. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების უკვე 3.3 მლნ სარგებლობს. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. 2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი 1.17 მლნ ოდენობით „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.08 მლნ - „მაგთიკომს“, ხოლო 1.00 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „ბილაინს“. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IV კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე: ზღვაში თუ ბანაობთ, პირბადეს არავინ მოგთხოვთ, მაგრამ სანაპიროზე, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გაიკეთოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, ანუ, იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება. – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებმა პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ. „გასაგებია, რომ სოფელში, ტყეში მარტო თუ ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა იხმაროთ. თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბათუმში ბულვარში თუ დადიხართ ან კიდევ ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანმომ კორონავირუსის ვარიანტებს ბერძნული ანბანის ასოები შეუსაბამა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, კორონავირუსის ვარიანტებს ბერძნული ანბანის ასოები შეუსაბამოს და ის მოიხსენიონ. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. კორონავირუსის ოთხ ვარიანტს, რომლებიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ინდოეთში დაფიქსირდა, აღმოჩენის თანმიმდევრობის მიხედვით ეწოდათ : "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" ვარიანტები. "მათი სამეცნიერო სახელები რთული წარმოსათქმელია. ამის შედეგად, ადამიანები მათ ხშირად იმ ადგილებით მოიხსენებენ, სადაც პირველად აღმოაჩინეს, რაც სტიგმატიზირება და დისკრიმინაციაა",- აცხადებენ ორგანიზაციაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, აღნიშნული დასახელებები კორონავირუსის ვარიანტების სამეცნიერო სახელებს არ ჩაანაცვლებს, რომლებიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მატარებელია. მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ უნდა ასვამდნენ დამღას იმის გამო, რომ პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს ვირუსის რომელიმე ახალი ვარიანტი.

რა საკითხებს განიხილავენ ირაკლი ღარიბაშვილი და ერდოღანი შეხვედრისა

ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თურქეთში პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტი ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ჩვენი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იყო სამაგალითო და ამჟამადაც, როდესაც იხსნება ქვეყნების ეკონომიკა, მნიშვნელოვანია ასევე ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება ასევე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. „საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ თურქეთთან ერთად, საქართველო სხვადასხვა ფორმატებშია ჩართული, ასევე ვავითარებთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს. სწორედ ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არსებული პროექტების ეფექტურად გამოყენება და სიტუაციასთან თავსებადობა იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ოფიციალურ პრესრელიზს ავრცელებს. “თანამდებობის დაკავების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იქნება თურქეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ასევე ის ნაბიჯები, რამაც ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს. მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე გაზიარებული იქნება შეხედულებები რეგიონში და გლობალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება. ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა" - წერს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა.

რა დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად

თურქეთში საქართველოს საელჩო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთში გამგზავრებას აპირებენ, განცხადებას ავრცელებს. "2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი, თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე იყო შესაძლებელი. დღეიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად მამუკა მურჯიკნელი დაინიშნა

ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად მამუკა მურჯიკნელი დაინიშნა. იგი არის კვალიფიციური და გამოცდილი კადრი როგორც დიპლომატიურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში. მისი კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან იწყება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) პოზიციას, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობას. 2019 წლის თებერვლიდან თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. მას გააჩნია კერძო ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილებაც, 2005-2007 წლებში მუშაობდა კომპანია „კანარგო“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე. 2007-2015 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე. 2015-2017 წლებში მუშაობდა კომპანია „სკაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2017-2018 წლებში იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. ცნობისთვის: ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალი მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. რეგიონალური მაშტაბის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს, ამერიკული ცნობილი კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა აჭარის რეგიონიდან. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას. ცნობისთვის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ უდიდეს კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული 41 წლის კაცია. ის 28 აპრილს ცხელების და სხვა სიმპტომების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 მაისს კი მას ფრინველის გრიპის ვირუსი, H10N3 დაუდასტურდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ დაინფიცირდა ის. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის ფართო გავრცელების რისკი დაბალია.

ევროკავშირის მასშტაბით მოქმედმა პროკურატურამ, რომელიც EU-ს ბიუჯეტთან დაკავშირებულ დანაშულს გამოიძიებს, ფუნქციონირება დაიწყო

ევროკავშირის მასშტაბით მოქმედმა საგანგებო პროკურატურამ, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს, ფუნქციონირება დაიწყო. EPPO არის პირველი საერთაშორისო საგამოძიებო ოფისი, რომელიც გამოიძიებს ისეთი სახის დანაშაულებს, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე. EPPO გამოძიებას ევროკომისიისგან და სხვა ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად ჩაატარებს. ის ითანამშრომლებს ევროკავშირის სხვა ორგანოებთან და სააგენტოებთან, როგორიცაა OLAF, Eurojust და Europol, აგრეთვე წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან. EPPO წელიწადში საბოლოოდ, დაახლოებით 3000 საქმეს გამოიძიებს.

ივანე ჩხაიძე: 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში ვაქცინაციის ჩატარებაზე

ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ინფიცირებული ბავშვია, 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ბავშვებში რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. "ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება მაინც მძიმე. ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5-10%-ს შეადგენს, ასე, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. თუ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე დავთვლით დაახლოებით, 35 000 ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე ტალღისა და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში, იმდენად მძიმე შემთხვევების, რომ გამოეწვია ლეტალური გამოსავალი - ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს დაფიქსირებული ბავშვებში გარდაცვალების. არის იმედი და მოლოდინი იმისი, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, ამის შემდეგ 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე, ვინაიდან უკვე ორმა ქვეყანამ - კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, Pfizer-ის ვაქცინით", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სახალხო დამცველი: ბავშვთა უფლებების დასაცავად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას

"ბავშვთა უფლებების დასაცავად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნული, რომელიც ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებსა და არსებულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს. "პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად. საქართველოში, წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად. ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. გაიზარდა ბავშვის მიმართ ძალადობის, მათი ჯანმრთელობის, ბავშვთა სიღარიბისა და განათლების უფლების დარღვევის რისკები. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა; 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა წლების წინ დაწყებული დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი;. დღესაც ფუნქციონირებს არაერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი არ არის სრულყოფილი და ეფექტური. განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს. 2021 წლის 15 აპრილს და 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და არასრულწლოვან ბენეფიციარებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. უკიდურესად მნიშნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა და პროაქტიურობა გამოიჩინონ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, არასრულწლოვნების მხარდაჭერის, ბავშვთა სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის, მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხების მიმართულებით. ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებსა და არსებულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია: 1. გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. 2. გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. 3. დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

იუნისეფის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი: COVID19-ის ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განვაგრძობთ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ტერიოტრიულ ერთეულში. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს „ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან“. შესაბამისად, UNICEF-ი მიზნის განხორციელების გზაზე არსებულ გამოწვევებზეც ხშირად მიუთითებს. დღეს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საჭიროა ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ოჯახური გარემო და ოჯახისგან განცალკევება კი თავიდან აცილებული. „ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად“. როგორც ცნობილია, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის 2 მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის რუტინული იმუნიზაციისა და დაავადებების გავრცელების საპასუხოდ. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდი კოორდინაციას უწევს და მთავრობებს ეხმარება COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის, საერთაშორისო გადაზიდვის და ქვეყანაში ვაქცინების გადანაწილების პროცესში. ვაქცინის ახალი დოზების მიღების რა ეტაპზეა საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს როგორ აფასებს UNICEF-ი, რომელიც რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიაში თავად არის ჩართული. როგორ ხედავს კოვიდპანდემიის შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკების თავიდან აცილების გზებს და რას ფიქრობს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის გამოწვევებზე, ამ საკითხებზე Europetime-თან ექსლუზიურ ინტერვიუში UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი საუბრობს. _ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში რა იქნება იუნისეფის გზავნილი? ბავშვთა დაცვის დღეს იუნისეფი მთავრობას და ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საჭიროებებზე მორგებული, ჰოლისტური საზოგადოებრივი პროგრამები და სერვისები მშობლებისთვის, რათა ხელი შეუწყონ მშობლებსა და მომვლელებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ოჯახებში. ოჯახების მხარდაჭერის სერვისები არსებითია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ დონეზე. ბავშვთა უფლებების კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ოჯახების მხარდაჭერის ძლიერი სერვისები საჭიროა თითოეული ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველსაყოფად და ოჯახიდან ბავშვის მოცილების თავიდან ასარიდებლად. სოციალური უზრუნველყოფის მუშაკების არსებობა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი სოციალური სერვისის მისაღებად. მშობლობა ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია ამქვეყნად. COVID-19 და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის, გამძაფრდა ოჯახებში მანამდე არსებული დაუცველობა და გასაჭირი. ერთ წელზე მეტია, პანდემიის პირობებში ვიმყოფებით და მშობლებს და მომვლელებს, ხშირ შემთხვევაში, მზარდი სიღარიბის ფონზე, კვლავ უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა გააგრძელონ და ოჯახებმა ფუნქციონირება. ახლა, როგორც არასდროს, ოჯახებს და მშობლებს სჭირდებათ ისეთი დახმარება, რომ ჰქონდეთ დრო, რესურსები და ხელი მიუწვდებოდეთ სერვისებზე ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირთან ერთად ჩვენ ხელს შევუწყობთ მშობლებსა და ბავშვებს პოზიტიური მშობლობის წახალისებასა და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაში. პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, იუნისეფი ევროკავშირთან ერთად საერთო პროექტის ფარგლებში - „სისტემებისა და სერვისების გაძლიერება ბავშვთა დაცვისთვის საქართველოში“ - ატარებს „მშობლის კვირას.“ ამ კამპანიაში ჩაერთვებიან მშობლები, მომვლელები, პროფესიონალები და ბავშვები, რათა იფიქრონ პოზიტიური აღზრდისადმი გონივრულ მიდგომასა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რაც პოზიტიური კომუნიკაციითა და პატივისცემით მიიღწევა. ეს კვირეული მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირად შეხვედრებს და კამპანიებს სოციალურ მედიაში. _იუნისეფის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომის რისკები გაიზარდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. უფრო კონკრეტულად, რა პრობლემები გამოავლინა ამ კვლევამ და როგორ წარმოგიდგენიათ მათი გადაჭრა? ბავშვთა უფლებების კონვენცია აღიარებს თითოეული ბავშვის უფლებას, „დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ან დაბრკოლებას უქმნიდეს განათლების მიღებაში,“ ან საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას, „ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ ან სოციალურ განვითარებას.“ ბავშვთა შრომის მიზეზებისა და მათი ურთიერთკავშირის გააზრება არის ის ძირითადი წანამძღვარი, რასაც ეფუძნება იუნისეფის ხედვა ამ პრობლემის პრევენციისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. ბავშვთა შრომა მეტწილად უკავშირდება სიღარიბითა და ხელმოკლეობით გამოწვეულ დაუცველობას. ამდენად, ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად საჭიროა ამ საფრთხეების შემცირება, ეკონომიკური წნეხის შემსუბუქება და სოციალური დაცვითა და ადეკვატური რეგულარული შემოსავლით ოჯახების უზრუნველყოფა. იუნისეფი და ბავშვთა დაცვის სხვა აქტორები მცირემასშტაბიანი, კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტებიდან ინაცვლებენ სისტემურ მიდგომაზე, სადაც დიდი როლი ენიჭება პრევენციას. სისტემური მიდგომა ხელს უწობს უფრო სისტემური პოლიტიკის განვითარებას და დაგეგმვას, სადაც გათვალისწინებულია ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება, როგორც ერთი მთლიანობა. სიღარიბის შემცირების, სოციალური უზრუნველყოფის, სასამართლოს, შრომის და განათლების პოლიტიკათა უკეთესი კოორდინაცია უზრუნველყოფს ხარჯების ეფექტურობას და ქმედითობას. შარშან იუნისეფის მხარდაჭერით სახალხო დამცველის ოფისმა გამოსცა სპეციალური ანგარიში - ბავშვთა შრომა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა, რომელშიც გაანალიზებულია პანდემიის გავლენა ბავშვთა შრომაზე, ასევე საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში იდენტიფიცირებული პრობლემები. კვლევამ დაადგინა: · რეგიონებში მიღებული პრაქტიკაა მოზარდების ჩართვა საოჯახო საქმეებსა და სეზონურ სამუშაოში. · საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა შრომითი მიგრაციაც, მათ შორის, საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები მძიმე შრომას ეწევიან შეუფერებელ პირობებში და მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ. · შრომაში ჩართვის გამო ბავშვები სისტემატურად აცდენენ ან თავს ანებებენ სკოლას. მათი გაცდენები და ამ გაცდენების მიზეზები რიგ შეთხვევებში არ აღირიცხება, რის გამოც ბავშვთა შრომის ფაქტები სრულყოფილად არ არის აღნუსხული და, ამდენად, რეაგირების გარეშე რჩება. · საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია ბავშვთა შრომითი უფლებებისა და საზიანო შრომისგან ბავშვთა დაცვის შესახებ. საზოგადობა, რიგ შემთხვევებში, ტოლერანტულია მსგავსი ფაქტების მიმართ. · ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება რესურსებისა და კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობის გამო. კვლევაში წარმოდენილია ასევე კონკრეტული რეკომენდაციები. საქართველომ რატიფიკაცია გაუკეთა ბავშვთა უფლებების კონვენციას და მრავალ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც განსაზღვრავს მთავრობის პასუხისმგებლობას, თითოეული ბავშვი დაიცვას სახიფათო შრომისგან. საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, ითვალისწინებს ბავშთა დაცვას საზიანო შრომისგან და კონკრეტული მექანიზმების განვითარებას ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე. _Unicef-ი ეხმარება საქართველოს მთავრობას COVAX პლატფორმის მეშვეობით ვაქცინების მოპოვებასა და შემოტანაში. როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს და რა მოლოდინი გაქვთ ახალი დოზების მიღებასთან დაკავშირებით? იუნისეფი საქართველოს მთავრობას ეხმარება იმუნიზაციის რუტინული პროგრამების განხორციელებაში და ასევე მზადაა, მთავრობის თხოვნის შესაბამისად, დაეხმაროს მას COVID-19-ის ვაქცინის თაობაზე COVAX-თან კომუნიკაციაში. იუნისეფი COVAX-ის პლატფორმის ნაწილია. პლატფორმის მიზანია, დააჩქაროს COVID-19-ის ვაქცინების განვითარება და წარმოება, მკურნალობა და დიაგნოსტიკა, ასევე უზრუნველყოს COVID-19-ის ვაქცინების თანაბარი და სამართლიანი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. იუნისეფი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი მსოფლიოში, რომელიც თითქმის 100 ქვეყანას წელიწადში 2 მილიარდზე მეტი დოზით ამარაგებს რუტინული იმუნიზაციის მიზნითა თუ სხვადასხვა ვირუსული აფეთქების შესაჩერებლად, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს COVAX-თვის COVID-19-ის ვაქცინების მოპოვებას, საერთაშორისო ტრანსპორტირებას და ადგილზე განაწილებას. ჩვენ ასევე მრავალი წელია, ვავრცელებთ მარტივ, სასარგებლო და ზუსტ ინფორმაციას ვაქცინების თაობაზე საზოგადოებაში ცოდნისა და ნდობის ასამაღლებლად. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივი თემების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ამისთვის ვაძლიერებთ იმუნიზაციის პროგრამების მხარდაჭერას და ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალთან, რელიგიურ ლიდერებთან, მასწავლებლებთან და საზოგადოებრივად გავლენიან ადამიანებთან სწორი ინფორმაციის გასაზიარებლად, როგორც ვაქცინაციის კამპანიის დაწყებამდე, ისე მიმდინარეობისას და მის შემდეგ. როგორც კი მთავრობამ იუნისეფს მიმართა დახმარების თხოვნით, დავიწყეთ COVAX-თან მუშაობა საქართველოსთვის COVID-19-ის ვაქცინების მოსაპოვებლად და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას ვაქცინის დანერგვის გეგმის განხორციელებაში. _იუნისეფი აქტიურად მუშაობს რეგიონებში ცნობიერების ამაღლებისთვის. რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მათი დამოკიდებულებისა და, ზოგადად, ვაცქინაციის პროცესის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია? პანდემია თითოელ ადამიანზე ახდენს გავლენას და იმუნიზაცია გადამწყვეტია მის დასამარცხებლად. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს კვლავ ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ახლა მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. ვერავინ იქნება დაცული, ვიდრე ყველა დაცული არ იქნება. იუნისეფი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხოციელებაში და ამ მიზნით ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, სადაც შევხვდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რელიგიურ ლიდერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად. შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც უპასუხეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თემებთან რეგულარული კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება. რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება. ვცდილობთ, უფრო დავუახლოვდეთ სხვადასხვა ჯგუფს, უფრო ყურადღებით მოვუსმინოთ მათ წუხილებს და ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. საქართველოს მთავრობა ვაქცინის დანერგვის ეროვნულ პროგრამას ახორციელებს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი თავის მიზანს მიაღწევს.

"მოკაშირეების თვალთვალი მიუღებელია" - მერკელი და მაკრონი აშშ-სა და დანიას განმარტებებს სთხოვენ

ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიასა და აშშ-ის განმარტებების გაკეთებებისკენ მოუწოდებენ. როგორც Deutsche Welle წერს, ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში, მერკელმა და მაკრონმა აღნიშნეს, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია. საფანგეთის პრეზიდენტმა, მოითხოვა დანიისა და აშშ-სგან ამ საკითხის გარკვევა და თქვა, რომ მოკავშირეებისთვის ერთმანეთის ჯაშუშობა "მიუღებელია". აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე ეს ანგელა მერკელის ბოლოს გამოსვლა იყო კანცლერის რანგში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხდომაზე, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენაზე, საგარეო პოლიტიკასა და ისეთ საერთაშორისო კრიზისებზე იმსჯელეს, როგორიცაა ბელარუსისა ისრაელის შემთხვევები. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ე.წ. ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებების ერთგულნი რჩებიან. ცნობისთვის, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დანიის უშიშროების სამსახური აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო NSA-ს ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიმართ ჯაშუშურ საქმიანობაში დაეხმარა. როგორც გამოცემა წერს, აშშ ჯაშუშობდა თავის მოკავშირეებზე და პირველად გამოქვეყნება 2013 წელს დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიღეს ჟურნალისტებმა ინფორმაცია, სადაც დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის (FE) მიერ NSA- ს მხარდაჭერის დეტალები იყო ასახული.

ჰუბერტ ქნირში: საქართველო  უფრო ძლიერი ქვეყანა იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება

საქართველო იქნება უფრო ძლიერი ქვეყანა, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა ძლიერად იქნება გამოხატული პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა. ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიწვევით იმყოფებოდა. „განვმარტე გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები. მათ შორის ჩვენი ჩართულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის მტკიცე ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი კითხვა იყო ორმხრივ საკითხებთან დაკავშირებით, ძლიერ ურთიერთობებზე, რაც ჩვენს შორის ეკონომიკისა და სხვა სფეროებში არსებობს. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გერმანიას ამ ქვეყანაში, რომელთანაც ასეთი ხანგრძლივი, ძლიერი, ღრმა ურთიერთობა გვაკავშირებს. რაც შეეხება საშინაო საკითხებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველო იქნება მსოფლიოს უფრო ძლიერი ქვეყანა, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობით,“- განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ელჩი: თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას

თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია,- ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, მოგვიანებით კი დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. „იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ასევე გაიმართება დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები. მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემებისა, საქართველოსა და თურქეთს შორის არის ბევრი საინტერესო საკითხი. ასევე მინდა გითხრათ, რომ დინამიკაშია ჩვენი კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები. მიმდინარე წელს შედგა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა და მალე გაიმართება სხვადასხვა დონის შეხვედრა. ასევე მინდა ვთქვა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა როგორც პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სხვადასხვა ორგანიზაციაში და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან”, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ. ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

UNWTO-ს გენერალური მდივანი: დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული ტურიზმისთვის უკეთესი იქნება

„ვაქცინების ეფექტურობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული უკეთესი იქნება ტურიზმისთვის, როგორც მალტაში, ასევე ევროპაში“, - განაცხადა timesofmalta-სთან ინტერვიუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა. „მას შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი, როგორც საერთაშორისო მოგზაურობის წესების უსაფრთხოების და რეგულაციების ჰარმონიზაციის მხრივ, ასევე თავად ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. შეძენილი ცოდნის და, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინების ეფექტურობის საშუალებით, დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული უკეთესი იქნება ტურიზმისთვის, როგორც მალტაში, ასევე ევროპაში“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მალტაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ახლა მთავარია მოგზაურობისადმი ნდობის აღდგენა, მოკლევადიანი ზომების მიღმა, მიმართულებებმა უნდა იმუშაონ მომავალი შოკის წინააღმდეგ გამძლეობის რესურსის შესაქმნელად. „ეს შეიძლება მოიცავდეს ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაციას, მაგალითად, სოფლის ტურიზმის ზრდის ან მზარდი ინტერესის სფეროების პოპულარიზაციის გზით, როგორიცაა, გასტრონომია ან კულტურული ტურიზმი“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს

ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს საავიაციო ბაზარს უბრუნდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 3 ივნისიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე შემდეგი განრიგით შესრულდება: ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითი, 3 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს, 12 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს და შაბათს. ამასთან, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე), აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. Jazeera Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.