ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაქორწინდა
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაქორწინდა. როგორც ცნობილია, ჯონსონმა და კერი სიმონდსმა, უესტმინსტერის სასახლეში, საზოგადოებისგან მალულად იქორწინეს. არსებული ინფორმაციით, ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ 30-მდე ადამიანი - ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბორის ჯონსონისა და კერი სიმონდის რომანი 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის მარტში ისინი დაინიშნენ, ამავე წლის აპრილში კი, ვაჟი შეეძინათ.
თურქმენეთის პრეზიდენტმა, მამის ხსოვნის საპატივსაცემოდ, საჯარო მოხელეებს თავის გადაპარსვა დაავალა
თურქმენეთის პრეზიდენტის ბრძანებით, მისი გარდაცვლილი მამის ხსოვნის საპატივსაცემოდ, სახელმწიფო მოხელეებს თავის გადაპარსვა და ნაციონალური ქუდის - ტუბეტეიკას დახურვა დაევალათ. ამის შესახებ ინფორმაცია ,,რადიო თავისუფლება" ავრცელებს. როგორც ცნობილია, თურქმენეთში ეს წესი შემოიღეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბერდი მუხამედოვი ხალხში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა მამის გარდაცვალების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ზოგიერთ სოფელში თურქმენეთის პრეზიდენტის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამსახურში მყოფი ქალები გლოვის ნიშნად ატარებენ შავ მაქმანებიან თავშლებს. ხოლო თავად გურბანგული ბერდიმუხამედოვი საჯარო ღონისძიებებზე დადის შავი ფერის ლიმუზინით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მისი ბრძანებით ქვეყანაში მუქი ფერის ავტომობილებზე 2015 წლიდან მოქმედებს არაოფიციალური აკრძალვა. ცნობისთვის, 88 წლის მიალიგკული ბერდიმუხამედოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ოფიცერი, 18 მაისს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი შვიდი დღე არ გამოჩენილა საჯაროდ და სახელმწიფო ტელევიზიაში.
დღეს მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე დაკრძალავენ
მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. მსახიობს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ. ცნობისთვის, მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში 27 მაისს გარდაიცვალა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, 1 407 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 300 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 % topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 300 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 238 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 062 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 603-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 19, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 394, იმერეთში - 489. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 17, იმერეთში - 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 796 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 546 პირი, აჭარაში - 2 295, იმერეთში - 1 536.
ბერლინში ინტერრელიგიური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია ერთ სივრცეში გაერთიანდება
The Guardian-ის ინფორმაციით, ბერლინში, საფუძველი ჩაეყარა ინტერრელიგიური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს ეკლესიას, მეჩეთსა და სინაგოგას. როგორც გამოცემა წერს, რელიგიური კომპლექსის სახელწოდება იქნება ,,ერთი სახლი", რომელიც აიგება ბერლინის შუაგულში, XIII საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც 1964 წელს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია. პროექტის სათავეში იმამი, პასტორი და რაბინი დგანან. აღნიშნულ იდეაზე დისკუსია მათ დიდი ხნით ადრე დაიწყეს, შემდეგ ტერიტორია მოინიშნა, მიმდინარე კვირაში კი კომპლექსის პირველი აგურიც დაიდო. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ წლების წინ დაბადებული იდეის განხორციელება გააღრმავებს ურთიერთგაგებას როგორც სამი რელიგიის წარმომადგენლებს, ისე სხვა მორწმუნეებსა თუ არამორწმუნეებს შორის. პროექტისთვის, ჯამში, €47 მილიონის დახარჯვა იგეგმება. €20 მილიონი გერმანიის მთავრობამ გამოყო, კიდევ €10 მილიონი კი ბერლინის თვითმმართველობამ. €9 მილიონი პროექტმა შემოწირულობებით მიიღო და ასე იგეგმება დარჩენილი თანხის შეგროვებაც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.
პრემიერ-მინისტრი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. “საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს. კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლს - პროკურატურას საკვანძო როლი აკისრია კანონის დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში. საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებისა და სრულყოფის რთული გზა განვლო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად შეიქმნა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პირობები. დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში. უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს”, - აღნიშნავს პრემიერი.
ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს
ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს. ეს ბელარუსისთვის გათვალისიწნებული 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მეორე ტრანშია. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ კრედიტის გამოყოფა იყო. ამას გარდა, როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკშენკომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საკითხი განიხილეს. საპეგა 23 მაისს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს. პესკოვის თქმით, საპეგას ბელარუსის ბინადრობის უფლება გააჩნია. „პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დიმიტრი პეკსოვმა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს მონიტორინგს. ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ სოჭში მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში, იახტაზე გააგრძელეს.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
30 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 138 151 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვაქცინა 3 484-მა ადამიანმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძე: ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის სტაბილური, ინფიცირებულთა რიცხვი კი ნელი ტემპით, თუმცა უკან იხევს. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა დღის განმავლობაში გამოვლენილი 700 და მათ შორის 1 000 შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები და - უფრო მეტად, ტურისტები რეგულაციების უგულებელყოფას აქვს ადგილი. გამყრელიძის განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება პირბადის გამოყენების ნიშნულს, რომელიც ბოლოს 1 კვირის განმავლობაში შემცირებულია და არის 68%-მდე ჩამოსული. "ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები. ის 700 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, 1 000 შემთხვევა, რაც გუშინ გვქონდა, საქართველოსთვის არის, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება იჩინოს ყოველდღიურად თავი ისევ მატებაში. ამიტომ, გთხოვთ, თქვენი და ყველა მასმედიის საშუალებით, ისევ და ისევ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, განსაკუთრებით შემოსული ტურისტები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 25 000-ზე მეტი ტესტი.
ესპანეთში ანტონიო გაუდის საკულტო ტაძარი ,,საგრადა ფამილია" დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა
ესპანეთში, ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა, ანტონიო გაუდის ,,საგრადა ფამილია" დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. კოვიდპანდემიის გამო, ცნობილი ისტორიული ტაძარი უქმეებზე, შაბათ-კვირას, დილის 09:00-დან 15:00 საათამდე მუშაობს. ყოველი ერთი საათის განმავლობაში, ათასზე მეტი ბილეთი იყიდება, თუმცა მათი შეძენა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი. პანდემიით გამოწვეული ცხრათვიანი პაუზის გამო, შეფერხდა გაუდის დაუმთავრებელ შედევრის მშენებლობაც.
ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ
ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციები რასაც მუდმივად ვაჟღერებთ, დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა. მისი თქმით, ინდურ შტამს ბრიტანული შტამისგან განსხვავებით აქვს შედარებით მეტი გავრცელების რისკი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. რაც შეეხება საზღვრების გახსნას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რისკი მოიმატებს, როგორც შემთხვევების ზრდის, ასევე სხვადასხვა შტამების შემოსვლის, თუმცა ეს რისკები გადაზღვეული უნდა იყოს. „განსაკუთრებით, სახმელეთო საზღვრებზე მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, რომ არ შემოვიდნენ ადამიანები ტესტირების გარეშე. ყველა ადამიანი, ვინც შემოდის უნდა იყოს პისიარტესტირებული ბოლო 72 საათის განმავლობაში. ამავე დროს, სასურველია რომ ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები. ეს ორივე რეკომენდაცია მკაცრად უნდა იყოს დაცული. ასევე, სასურველია შემოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომ „კოვიდის“ განვითარების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემოსვლიდან მესამე დღეს ყველა ადამიანი გაიტესტოს და ეს იყოს მათთვის სავალდებულო. ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს ყველამ უნდა დაიცვას. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევა 27 მაისს დადასტურდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს
Deusche Welle-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. სასოლის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, დისიდენტებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება. დავიდ სასოლი თვლის, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელიც მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმას და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას ეხება, რასაც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელარუსის კიდევ უფრო დაახლოებას. გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით, დაჟინებით მოითხოვს ბელარუსზე ზეწოლის გაგრძელებას და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში და ევროპარლამენტში, რომან პროტასევიჩის სურათების განთავსებას.
უსინათლო ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო
Reuters-ის ინფორმაციით, 46 წლის ჩინელმა უსინათლო ალპინისტმა, ჩჟანგ ჰონგმა ევერესტი დაიპყრო. როგორც ცნობილია, ჰონგი პირველი უსინათლოა აზიაში და მესამე მსოფლიოში, რომელმაც ევერესტზე ასვლა შეძლო. სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში დაბადებულმა ჰონგმა მხედველობა 21 წლისამ, თვალის რონიკული დაავადების, გლაუკომას გამო დაკარგა. მისი თქმით, ის უსინათლო ამერიკელი ალპინისტის, ერიკ ვეიჰენმაიერის მიერ, 2001 წელს, ევერესტის დაპყრობამ შთააგონა და ვარჯიში მეგობრის დახმარებით დაიწყო. „ძალიან მეშინოდა, რადგან ვერ ვხედავდი, სად მივდიოდი და ვერ ვპოულობდი ჩემი წონასწორობის ცენტრს. ზოგჯერ, ვეცემოდი კიდეც. ამის მიუხედავად, ვაგრძელებდი იმაზე ფიქრს, რომ სირთულე უნდა გადამელახა. მთასვლელობის მთავარი აზრიც სწორედ სირთულეები და საფრთხეა. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მხედველობა დაკარგე თუ ხელები ან ფეხები არ გაქვს. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა იქამდე, ვიდრე გაქვს ძლიერი გონება. ყოველთვის შეგიძლია იმ საქმის შესრულება, რომელზეც სხვები გაუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ“, - ამბობს ალპინისტი.
მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
მსახიობი მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.მსახიობი რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს. ცნობისთვის, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარი ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“). ნათამაშები აქვს ცნობილ ფილმებში: „კუკარაჩა“ (ანიკო) ; „მარადისობის კანონი“ (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი);„ცოდვის შვილები“; „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) და ა.შ.
აშშ ბელარუსის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებითვის ევროკავშირთან ითანამშრომლებს
France 24-ის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წევრებისთვის წერტილოვანი სანქციების დასაწესებლად აშშ ევროკავშირთან ითანამშრომლებს. როგორც ცნობილია, თეთრი სახლის პრესმდივნმა ჯერ ფსაკიმ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, თვითმფრინავის იძულებითი დაშვება "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა". ახალი სანქციების პარალელურად, ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საწარმოებს აპრილში ხელახლა დაუწესა, ძალაში 3 ივნისს შევა. თეთრი სახლის განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობით აშშ გეგმავს წერტილოვანი სანქციები დაუწესოს ლუკაშენკოს რეჟიმის მნიშვნელოვან მაღალჩინოსნებს, მათ ვინც "მხარს უჭერს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიაზე შეტევას". თეთრმა სახლმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, არ ემოგზაურათ ბელარუსში და გააფრთხილა ამერიკული ავიახაზები, უკიდურესი სიფრთხილე გამოეჩინათ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას გეგმავდნენ. ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ ევროპულ კომპანიებს ევროკავშირიც მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ქუთაისიდან კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდა
პოლონეთის ორი ქალაქის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით, ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები განახლდა. ივნისიდან ფრენების განრიგს ემატება პოლონეთის მესამე მიმართულებაც - ვროცლავიც. აღსანისშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებებითაც აღადგენს რეგულარულ რეისებს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირ რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს განახორციელებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო. ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ
ნიკა მელიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროპული მედიიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერენ. მისი თქმით, შეთანხმებაში არის ერთი პუნტქი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა რა თქმა უნდა , სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“ , - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში შედის.
აშშ და ევროკავშირი პარლამენტში შესვლაზე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ კიდევ ერთ პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევენ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ,,დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ. თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ,,ნაციონალურმ მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა ოპოზიციური პარტია ხელს არ მოაწერს 19 აპრილის შეთანხმებას.
31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება
31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ღონისძიება გაიმართება. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება.