ძებნის რეზულტატი:
საქართველოში შემოტანილი 20 203 კილო გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა. კერძოდ; თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი. "ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა, იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონგოში მომხდარ ორ თავდასხმას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიული რესპიბლიკის სოფლებზე მომხდარ ორ თავდასხმას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ეს იყო ყველაზე მძიმე ღამე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში". არმიამ და ადგილობრივმა სამოქალაქო უფლებების დამცველებმა მომხდარში ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფი "დემოკრატიული ძალების ალიანსი" (ADF) დაადანაშაულეს. ეს ერთ-ერთია ათობით შეიარაღებულ ჯგუფს შორის, რომლებიც რეგიონში მოქმედებს. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები დევნილების ბანაკს დაესხნენ თავს.
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პარტიის დაფუძნების შემდეგ ტელეჟურნალისტებს პირველად შეხვდა
„გამოვედი პრემიერის როლიდან და მინდა, გითხრათ, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს - თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსი ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები, რასაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა, ხან - არა", - ასე უპასუხა შეკითხვას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტიის დაფუძნების შემდეგ ტელეჟურნალისტებთან პირველ შეხვედრაზე. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არც აქებს, არც აძაგებს და ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა აქვე დაამატა, რომ თუ ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, რაიმე შეზღუდვა ან კომპლექსი არ ექნება, რომ პოზიცია ღიად დააფიქსიროს. „მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის და თუ გგონიათ, რომ ვინმე მაიძულებს წარსულზე ჭორაობას, ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მანვე დაამატა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხის საზომად ამ თემას არ განიხილავს. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების განცხადებებს შეეხო. „უაღრესად სასაცილო სიტუაცია შეიქმნა - ერთი მხრიდან ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა ვნახავ გახარია რას იტყვის ივანიშვილზე და მერე ან მივცემ საშვს პოლიტიკურ ველზე, ან არა, მერე გამოდის „ოცნების“ თავმჯდომარე და ამბობს, გახარიამ ახსნას მიხეილ სააკაშვილის თამაშზე... (ირაკლი კობახიძის თქმით, 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა). ქართული ამომრჩევლის გულთან გასაღები არავის უჭირავს. პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც - მეორის. ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ვერსიის გავრცელება, რომ გახარია მელიას დაკავების გამო გადადგა, სიცრუეა. 20 ივნისზე შეკითხვის საპასუხოდ, თუ ვინ გასცა ბრძანება, შს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უკანონო ბრძანება ამ დღეს არ გაცემულა. „ხვალ რომ მოვიდე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო, თუ ის იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა. ყველაფერი, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს, ჩემი პასუხისმგებლობაა. საგამოძიებო მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ, იქ ყველაფერზე პასუხი. საჭირო იყო თუ არა ბრძანება, იყო თუ არა ეს დათვის ტყვია. სამართალდამცავებს ჰქონდათ ბრძანება, სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვათ შტურმისგან და შეჭრისგან“. გიორგი გახარიას თქმით, არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ოპოზიციასაც ეხება. ამის მაგალითად მან უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტი მოიყვანა. „ვიდრე ამ არანორმალურობას არ დავასრულებთ, კერპების მიმართ მიდრეკიება ყოველთვის გვექნება. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის. ყველა ხელისუფლებას უჭირდა ინსტიტუტების გაძლიერებაზე მუშაობა ერთი მიზეზის გამო, ინსტიტუტების გაძლიერება ნიშნავს პერსონალური გავლენების და ძალაუფლების შესუსტებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა.
ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა
ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა Twitter-ზე განაცხადა. "დღეს ევროკომისიამ 12-15 წლის პირებში BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ახლა წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ვაქცინაცია ახალგაზრდებს შორის დაიწყონ. კრიზისის დასასრულებლად თითოეული დოზა მნიშვნელოვანია", - წერს ევროკომისარი. ცნობისთვის, 28 მაისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ეს პირველი ვაქცინაა, რომელსაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ევროპაში "მწვანე შუქი" აუნთეს.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 138 914 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 26 101 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაძლოა, პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო
"არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოდ უნდა დარჩეს. "ვტოვებთ [პირბადეების ტარების ვალდებულებას] იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რიცხვი არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პრევენციული საშუალება, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვიხსნით ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის შესაძლო მოხსნაზე: მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი
ნიგერიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 200-მდე მოსწავლე გაიტაცა
ნიგერიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ნიგერიის ისლამური სკოლიდან, რომელიც ქალაქ თეგინაში მდებარეობს, მოსწავლეები გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერთ-ერთმა მასწავლებელმა BBC- ს განუცხადა, რომ დაიკარგა 150 სტუდენტი, ხოლო სხვა ცნობების თანახმად, დაკარგულია 200 მოსწავლე. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები სკოლის ტერიტორიაზე მოტოციკლეტებით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის დროს ორი ადამიანი დახვრიტეს, ერთი კი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოეთ ნიგერიაში გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები საკმაოდ გახშირდა.
სებ: 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 140.4%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა განაპირობა, შესაბამისად 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 140.4 პროცენტით გაიზარდა. სებ-ის ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.9 % შეადგინა და წლიურად 182.2 %-ით მოიმატა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. "2021 წლის აპრილში, გლობალურად მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაწილობრივ კვლავ მოქმედი იყო. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა, აპრილში წლიურად 104.4 პროცენტით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აპრილში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი ვიზიტორების ზრდაში თურქეთიდან (20.1 პპ), უკრაინიდან (13.8 პპ) და აზერბაიჯანიდან (13.8 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.6-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 10.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა როგორც მატების (13925.0 პროცენტი), ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით (10.0 პპ)", – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
NATO-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი დასავლეთ სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთს განათავსებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით "სამხედრო საფრთხე იზრდება", რადგან NATO-ს ქვეყნები აშშ-ის ხელმძღვანელობით ,"ზრდის მათი სტრატეგიული ავიაციის ფრენების ინტენსივობას, საკრუიზო რაკეტებით სამხედრო გემების რაოდენობას და წვრთნების სიხშირეს". მისი თქმით, დასავლელი კოლეგების ქმედები რუსეთის აიძულებს შესაბამისი ზომები მიიღოს. "ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედებები ანადგურებს უსაფრთხოების სისტემას მსოფლიოში და გვაიძულებს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომების მიღებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენი ჯარების საბრძოლო შემადგენლობას. წლის ბოლოს დასავლეთის სამხედრო ოლქში შეიქმნება დაახლოებით 20 ფორმაცია და სამხედრო შენაერთი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, 2021 წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 2 000 იარაღის მიწოდება დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარისთვის. დასავლეთის სამხედრო ოლქი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ჩამოყალიბებულია რუსეთის ფედერაციის 26 შემადგენელ ერთეულში. სამი მათგანი - ფსკოვის, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონები - ესაზღვრება ბელარუსს.
ემანუელ მაკრონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. პრეზიდენტთან ერთად ვაქცინა მისმა მეუღლემ, ბრიჯიტ ტრონიემაც გაიკეთა. "ვაქცინირებული ვარ. როგორც 25 მილიონი ფრანგი, მე და ბრიჟიტიც ავიცერით. ეს გავაკათეთ იმისთვის, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები დავიცვათ", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მარინა კალიურანდი ხალხის ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიიჩნევს
ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება. ევროპარლამენტარი ხალხის ინტერესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიიჩნევს. "საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და საქართველოს პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა. ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობას და ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს" ,- წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. ნიკა მელიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა
გია ყანჩელის სახ. ბაღში (არტოს ბაღი) მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლი "რუსთავი" ავრცელებს. დარბაზი და თავად შენობა, სადაც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" მოღვაწეობს ახლადრიაბილიტირებულია. "სიმბოლურია ისიც, რომ საკონცერტო დარბაზის გახსნას ხელოვნების აკადემია "მართვეს" დაარსებიდან 43 წლის საიუბილეო თარიღიც დაემთხვა (ხელოვნების აკადემია "მართვე" იმავე შენობაში მოღვაწეობს). საკონცერტო დარბაზის გახსნა და "მართვეს" დაარსების თარიღი პომპეზურად აღინიშნა, სადაც "რუსთავისა" და "მართვეს" წევრებმა მოწვეულ სტუმრებს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა და პერფორმანსი წარუდგინეს. კერძოდ, საპატიო სტუმრებს, რომელთა შორის ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართული ხელოვნებისა და ბატონი ანზორის შემოქმედების დამფასებლები იყვნენ დარბაზში შესვლამდე, ღია სივრცეში "მართვეს" აღსაზრდელების შემოქმედება იხილეს. ხოლო, დარბაზში მაყურებლისთვის ანსამბლ "რუსთავის" მომღერლებმა და მოცეკვავეებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. საღამოს ზურაბ ყიფშიძე და ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ, რომლებმაც ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ დანატოვარი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს. საკონცერტო დარბაზის პრეზენტაციას ანზორ ერქომაიშილის ოჯახის წევრები და მეუღლე, ქალბატონი ლალი სეთურიძე დაესწრნენ, რომელმაც ორგანიზატორებსა და საპატიო სტუმრებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის
დღეიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება. „პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც“, -განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. "ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიეც-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს ნინოობაა
1-ელ ივნისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა - ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა - სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში. აგრეთვე, 1-ელ ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა. „მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ. დასწრება თავისუფალია. დღის პროგრამა: მეზღაპრის კუთხე : (15:00-19:00 საათამდე) მოეწყობა ლამაზი კუთხე ბავშვებისათვის. ქართველი მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს და გამართავენ მცირე პერფორმანსებს. ხატვის კუთხე: (15:00-20:00). დიდი ზომის გასაფერადებელი გაიშლება პარკის ერთ-ერთ სივრცეში და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გააფერადონ თავიანთი საყვარელი გმირები. საბავშვო ლიტერატურისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა (13:00-20:00). სცენა (16:00-19:00) • საბავშვო სტუდიების კონცერტი • თოჯინების წარმოდგენა • საპნის ბუშტების შოუ • ილუზიონისტის შოუ • ახალგაზრდული ბიგ-ბენდი • DJ საბავშვო-გასართობი აქტივობები: (16:00-20:00 საათამდე) • ზღაპრის გმირები • ტიტანის რობოტების შოუ • დრამერების სვლა • საცირკო სანახაობა • პარაშუტი • ქიმიური ლაბორატორია • რგოლის სროლა მიზანში • ბურთის სროლა მიზანში • მაგნიტური დართსი • მინიგოლფი • ლაბირინთი ვერტიკალური • ლაბირინთი ჰორიზონტალური • მხიარული სტარტები კვების ზონა (13:00-20:00) ფოტო ზონა-გიფერი (15:00-20:00)“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1-ელ ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული, თუმცა მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს ეს დღე - გაურკვეველია. საბოლოოდ კი ამ დღესასწაულის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -1949 წელს, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა მომავალ თაობაზე (კაცობრიობის მომავალზე) ზრუნვა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის. პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. „საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 233 ადამიანს დაუდასტურდა, 1 002 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 099 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 345 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 328 620, გარდაიცვალა 4 804 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.71%. ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480. მძიმე პაციენტი: 802, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 220, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 805 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 2 181, იმერეთში - 1 573.
საქართველოში “კომენდანტის საათი” ერთი საათით შემცირდა
საქართველოში “კომენდანტის საათი” ერთი საათით შემცირდა. გადაადგილების აკრძალვა საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აქამდე “კომენდანტის საათი 05:00-მდე გრძელდებოდა. “ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა ბუნებრივია, ეს ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან”, – განაცხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ-აფრიკული შტამი დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ-აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს და უკვე სრულად განკურნებულია. „გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.