ძებნის რეზულტატი:

როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა სკოლებში

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129. "ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სენატორი მერფი: რუსეთის ჩარევისგან საუკეთესო დაცვა არის ძლიერი, სტაბილური დემოკრატია

სენატორი კრის მერფი აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დაწყებამდე, მისი კოლეგების მსგავსად, საკუთარ გზავნილებს აჟღერებს. მისი თქმით, შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინელ ხალხთან ერთად დგას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. „მოუთმენლად ველი, შევუერთდე ამ მნიშვნელოვან დელეგაციას უკრაინასა და ლიეტუვაში, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის მხარდასაჭერად. ლუკაშენკოს მიერ გასულ კვირას, ჟურნალისტის დასაპატიმრებლად სამოქალაქო თვითმფრინავის თავხედური გატაცების შემდეგ, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის პრო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გვერდით იდგეს. და რადგან რუსული ძალები მასიურად რჩებიან უკრაინის საზღვართან, ეს ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია იმის განსამტკიცებლად, რომ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინელ ხალხთან ერთად დგას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას უკრაინისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩარევისგან საუკეთესო დაცვა არის ძლიერი, სტაბილური დემოკრატია და ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას. ველი შეხვედრას კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ და დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან ორივე ქვეყნიდან, რომლებიც ამ ბრძოლის პირველ ხაზზე არიან ”, - განაცხადა კრის მერფიმ. სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან. საქართველოში ვიზიტამდე სენატორები საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ სენატორი შაჰინი: აშშ მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რეალობად იქცეს

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. ამის შესახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თან ლონგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად, ჰაერით ვრცელდება. „უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციებით, რომლის წყაროც ბრიტანული ვარიანტია", - განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა. ვიეტნამში ამ დროისთვის 6 396 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 47. WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება

ქართველმა სამხედრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოპოვეს

უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში - 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში - 270 კგ დაძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილი კი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. "გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს. უკრაინის ქალაქ ლუცკში ევროპის რიგით მე-8 ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სპორტსმენებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა და მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ 9 ბელარუსულ კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს და ქვეყანასთან საჰაერო მომსახურების ხელშეკრულებას აჩერებს

შეერთებული შტატები აშშ-ბელარუსის საჰაერო მომსახურების შესახებ 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთანავე, აშშ-ის ხელისუფლება 2021 წლის 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმა და ბელორუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაპატიმრება "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა". სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, არ იმოგზაურონ ბელარუსში. ხოლო, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს მოუწონდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას "განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ". 2021 წლის 3 ივნისს შეერთებული შტატები ხელახლა დააწესებს სრული დაბლოკვის სანქციები ბელორუსიის ცხრა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ. ამ ღონისძიების შედეგად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ გარიგება ამ კომპანიებთან, მათ ქონებასთან ან ქონებრივ ინტერესებთან. "შეერთებული შტატები ევროკავშირთან, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაცით, შეიმუშავებს მიზნობრივი სანქციების ჩამონათვალს ლუკაშენკოს რეჟიმის ძირითადი წევრების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენებასთან და კორუფციასთან, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან და მოვლენებთან 23 მაისს მომხდარ მოვლენებთან", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხაებაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

რას ნიშნავს ჰაერით ვირუსის გადადება და როგორ უნდა დავიცვათ თავი - ინფექციონისტის განმარტება

რას ნიშნავს ჰაერით ვირუსის გადადება და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ამ თემაზე ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საუბრობს: „ჰაერით გადამდებ ინფექციებზე, უსაფრთხოების დროს რაც არის ძალაში, ახლაც ვაკეთებთ და წვეთებით გადამდებ ინფექციასაც წაადგება. მაგალითად, შენობების ინტენსიური განიავება. ეს არის გადამწყვეტი. ეს ზოგადად ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის პროფილაქტიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი ღონისძიებაა ჰაერით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკაში, როგორიცაა, ტუბერკულოზი, წითელა, რაც დადასტურებულად ჰაერით გადამდები ინფექციებია. რას ვაკეთებთ ამ დროს? მთავარი - თუ იყო ადამიანი, რომელიც ჰაერს სუნთქავდა იმ ოთახში, სასწრაფოდ უნდა განიავდეს, რომ სხვა ადამიანმა არ ჩაისუნთქოს ეს ჰაერი, რომელშიც შეწონილია ვირუსი. თუ ჩვენ გადაჭარბებულად გავანიავებთ შენობებს, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ეს ძალიან კარგია პრევენციისთვის“. ინფექციონისტი ურჩევს მოსახლეობას, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და დაიცვან სოციალური დისტანცია. გასულ კვირას, მკვლევრების ჯგუფმა, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო ჰაერია და არა ვირუსით დაბინურებული ზედაპირები ან გამოფრქვეული წვეთები. ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება

Wizz Air-ი პანდემიის შემდეგ, ბუდაპეშტიდან პირველ, რეგულარულ პირდაპირ რეისს 19 ივნისს შეასრულებს

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Wizz Air-ი პანდემიის შემდეგ, ბუდაპეშტიდან პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს განახორციელებს. 19 ივნისიდან, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში ორი სიხშირით, 26 ივნისიდან ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი კვირაში ორი სიხშირით, 29 ივნისიდან ვენა-ქუთაისი-ვენა კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით მიმდინარეობს. ,,მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნელნელა იტვირთება რეგულარული რეისებით. როგორც იცით, დღეს და ხვალ პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები ქუთაისიდან. ივნისიდან გვემატება უკვე პოლონეთიდან მესამე მიმართულება - ვროცლავი, ასევე ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებები. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაამატონ“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყოფილია. არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან. COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

იუსტიციის სამინისტრო  "ნამახვანჰესის" პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს. "საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა. ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთვევაში განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს", - ნათქვამია განცხადბაში. იხ. ინტერესთა გამოხატვა ბმულზე: https://justice.gov.ge/Page/index?code=37fb3d6d-0bed-4644-a585-9b2ea1ceef0a

ამირან გამყრელიძე: ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა, კვლევაშიც არ არის საეჭვო შემთხვევები

"ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა უკვე დატოვა სამმა პირმა, რომელთაც ინდური შტამი აღმოაჩნდათ. "ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დადასტურდა. ინფიციცრებული 5 მოქალაქიდან, საქართველოს ორი მოქალაქეა, სამმა უცხოელმა უკვე დატოვა ქვეყანა.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 134 602-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 4565-მა ადამიანმა გაიკეთა.

კანადაში ყოფილ სკოლა-ინტერნატში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს - BBC

კანადის უძველეს სასწავლო დაწესებულებაში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. იტყობინება BBC. გამომძიებლები სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ გარდაცვალების მიზეზებისა და დროის დასადგენად. კანადის საცხოვრებელი სკოლები იყო სავალდებულო დახურული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მთავრობა მე -19 და მე -20 საუკუნეებში მართავდა, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციის მიზნით. „ამ ამბავმა შემძრა. ეს ამბავი სამწუხაროდ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ და სამარცხვინო ნაწილს“, - დაწერა Twitter-ზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. დაახლოებით 1863 წლიდან 1998 წლამდე 150 000-ზე მეტი ბავშვი წაიყვანეს ოჯახებიდან და ამ სკოლებში მოათავსეს. ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ უფლება, ესაუბრათ თავიანთ ენაზე, რასაც ასევე მოჰყვა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა და ძალადობა. 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ასევე ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა „კულტურულ გენოციდს“.

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარები გაიყვანოს

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "მივესალმები ეუთოს "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეების განცხადებას. ეს ჩვენთვის არსებითად მისაღებია... ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა და ველოდებით ეუთოს "მინსკის ჯგუფის" შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ მათაც დაიწყონ ჯარების გაყვანა", - განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისთვის და ამავე დროს, სომხური მხარე ამ ორგანიზაციის ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას ელის.

ჯო ბაიდენი: ჩინეთი ფიქრობს, რომ 2035 წლამდე ამერიკას დაეუფლება

ჩინეთი ფიქრობს, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამერიკას დაეუფლება, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, ახლა მთელ მსოფლიოში დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება მიმდინარეობს. "მე უფრო მეტი დრო გავატარე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს აქვს გატარებული. მას მტკიცედ სწამს, რომ ჩინეთი აპირებს დაეუფლოს ამერიკას, რადგან ავტოკრატიებს შეუძლიათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები", - განაცხადა ბაიდენმა. სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ჯარებს უთხრა, რომ ამერიკა "უნიკალურია" იმით, რომ ის ერთადერთი ერია მსოფლიოში, რომელიც "იდეას" ემყარება. "ამერიკა განსაკუთრებულია. ყველა სხვა ერი შეგიძლიათ განსაზღვროთ მათი ეთნიკური ნიშნით, გეოგრაფიით, რელიგიით, გარდა ამერიკისა. მსოფლიოს ყველა ერს შორის, ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელიც იდეისგან წარმოიშვა", - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე განუცხადა სამხედროებს, რომ აშშ გააძლიერებს სამხედრო ძალისხმევას ავღანეთიდან ჯარის გაყვანისთანავე და ამტკიცებს, რომ ISIS და ალ ქაიდას მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხე აღარ იქნება.

ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო ვალი 2031 წლისთვის მშპ-ის 117 პროცენტს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ დონეს აღემატება. ბიუჯეტის პროექტი კორპორაციებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს სოციალური პროგრამების ხარჯების გაზრდას და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინვესტიციებს. არსებული გეგმა პენტაგონისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საოპერაციო ხარჯებისთვის 1,5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. 2,3 ტრილიონი დოლარი - დასაქმების გეგმისთვის და 1,8 ტრილიონი დოლარი ოჯახების დახმარებისთვის. ბიუჯეტის პროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურს ანდრია ჯაღმაიძე უხელმძღვანელებს

საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც ანდრია ჯაღმაიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიმა გაავრცელა. „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

კონსერვაციის მიზნით, "პომპეუსის ხიდის" მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მცხეთაში „პომპეუსის ხიდს“, კონსერვაციის მიზნით, ექსპერტები შეისწავლიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხიდის მდგომარეობას შეისწავლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სანებართვო პირობების კონტროლის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, არქეოლოგი პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაცია ICOMOS საქართველო დამფუძნებელთა საბჭოს წევრი მერაბ ბოჭოიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი გია ციციშვილი, კონსტრუქტორი ზურაბ გუბელაძე, კონსტრუქტორი ზურაბ ოქროშიძე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი, ხიდებისა და გვირაბების პროექტირების სპეციალისტი ჯუმბერ ვაშაკიძე და სამეცნიერო და კონსტრუქტორული კვლევითი სამუშაოების სპეციალისტი იოსებ მიქაძე. "ბოლო რამდენიმე წელია, მცხეთის მოსახლეობა ითხოვს ე.წ. „პომპეუსის ხიდის“ მდგომარეობის შესწავლას, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ) შემდეგ წყლით არის დაფარული. ძეგლის შესწავლისა და შემდგომში მისი კონსერვაციის გეგმის შედგენის მიზნით, კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დროებით წყლისგან გაათავისუფლა ხიდი და სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, დაიწყონ ძეგლის მდგომარეობის შესწავლა. მცხეთის ძველი („პომპეუსის“) ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში, მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების, 1927წლის შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და მისი აშენება რომაელ სარდალს არ უკავშირდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კეიტ მიდლტონი კოვიდვაქცინით აიცრა

კემბრიჯის ჰერცოგინიამ, კეიტ მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ 39 წლის კეიტ მიდლტონმა Twitter-ზე დაწერა. მიდლტონი მისი ოჯახის წევრების მსგავსად, ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში აიცრა. პრინცი უილიამი ამავე ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 მაისს აიცრა. ინგლისში პირველი დოზა 32 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. 20-მა - ორი დოზა.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე შვლის ნუკრი შთამომავლობით საკუთარი არსებობის გაგრძელება ჩვენი მთავარი ინსტინქტია. რა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერი ბავშვობისთვის? ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის ბავშვობაზე? ან როგორ გვესმის საკუთარი შვილების ბედნიერება? უმწეო პატარა - ყველაზე დიდი ადამიანური ტრაგედიაა. ნუკრი დაობლდა... ყველას გვიტირია შვლის ნუკრის ნაამბობზე ადრეულ ასაკში. ნუკრი დაობლდა, ობლობა ყოფილა უმწეო ბავშვობა... დიდი მგოსანი იხსენებს თავის ბავშვობას და ყველანი ვყოფილვართ აკაკის გულშემატკივარი - დაზუთხვა, ჩაგვრა (დღეს რომ ბულინგი დავარქვით), ნებადართული ფიზიკური სასჯელები... უგულო აღზრდა ყოფილა უმწეო ბავშვობა... იგივე დაზუთხვა, ჩაგვრა თუ დასჯა იმდენად ბუნებრივი იყო საბჭოთა სკოლებში, არც არასოდეს გაგვჩენია შეკითხვა აღზრდის მეთოდების კანონიერების შესახებ. კარგია, რომ გადავაფასეთ მეფის რუსეთის სისასტიკეები, მაგრამ გვაქვს კი სურვილი გადავაფასოთ საბჭოთა სკოლაც? სრულიად პირიქით - დღეს ბევრი მშობელი თუ მასწავლებელი ითხოვს დაბრუნდეს მკაცრი წესები, დავიბრუნოთ „ზრდასრულთა ლეგიტიმური უფლება“, მივტყიპოთ ბავშვი სახლსა თუ სკოლაში მათივე კეთილდღეობისთვის. უცნაურია, რომ კონსერვატიული ძალები და ის ადამიანები, ვინც თავს ლიბერალებად წარმოგვიდგენენ და საკანონმდებლო ორგანოებში განათლების საკითხებზე პასუხისმგებლობის აღების ამბიციაც აქვთ, ერთსულოვანნი არიან ამ ერთადერთ საკითხში - მშობლის უფლებაა სცემოს შვილი მისივე კეთილდღეობისთვის... წლების განმავლობაში, პროფესიიდან გამომდინარე, მრავალი ახალგაზრდული შეხვედრა-დისკუსიის ორგანიზატორი ვყოფილვარ. ბავშვთა უფლებებზე დისკუსიის დაგეგმვა წყლის ნაყვად მეჩვენებოდა. რაზე უნდა იდებატონ ახალგაზრდებმა? თავადაც ახლახან გადააბიჯეს ბავშვობის ასაკს და ახალგაზრდული შემართებით მუდამ დაიცავენ საკუთარ უფლებებს - ასე ვფიქრობდი. თურმე ვცდებოდი, თურმე რამდენი ახალგაზრდა ოცნებობს გახდეს მშობელი, რომ მასაც ჰქონდეს „ლეგიტიმური უფლება“ ბავშვი გატყიპოს...სოცმედიის გვერდებზე, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატიის ქვეშ აუცილებლად იპოვით მრავალ კომენტარს ბავშვთა „მიტყეპვის“ სიკეთეებზე: ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, გონიერებიც და ღონიერებიც, დედაკაცებიც და მამაკაცებიც გვაუწყებენ, რომ მათზეც ძალადობდნენ ბავშვობაში და დაუშვებელია ამის გამო მშობლების, ბებია-ბაბუების, აღმზრდელების თუ „კეთილისმყოფელი“ დეიდა-ბიცოლა-მამიდებისა და მეზობლების გაკრიტიკება...ოჯახისა და თემის კრიტიკა ერთგვარი ტაბუა, რომლის ჩამდენი გაკიცხვის ღირსია ტაბუებით გაჯერებულ საზოგადოებაში. როდესაც ქვეყნის საზღვრები პირველად გაიხსნა და მრავალმა ქართულმა ოჯახმა მიაშურა ევროპის ქვეყნებს საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის იმედით, ბევრი მათგანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივი კანონები - მთავარ იმედგაცრუებად არც მეტი და არც ნაკლები, მათივე შვილების უფლებები იქცა. რკინის ქალამნებით ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავლილი დამაშვრალი მშობლები კრიმინალებად შერაცხეს საკუთარი შვილების უპატივცემულობისთვის. *** ტაბუებს ფობიები ქმნის, ფობიებს კი თავად ვქმნით. პედოფობია - ასე ჰქვია თურმე ბავშვების შიშს (სხვისი ბავშვების). ნეტავ, რა დავარქვათ საკუთარი შვილების შიშს? რატომ გვეშინია ბავშვთა უფლებების? ალბათ იმიტომ, რომ თავად არასდროს გვქონია მსგავსი უფლებები; ალბათ იმიტომ, რომ გვეშინია ბავშვებმა დასვან კითხვები იმაზე, რაც თავადაც არ გვესმის; ალბათ იმიტომ, რომ გვეშინია შვილები გაიზარდონ ჩვენგან განსხვავებულები და იცხოვრონ იმ განსხვავებულ მომავალში, რომელიც აუცილებლად მალე დადგება... ბავშვის უმწეობა არც ობლობაა და არც ცუდი სასკოლო ნიშანი, ბავშვის უმწეობა მისი უმწეო მშობელი თუ აღმზრდელია, რომელსაც არ ძალუძს, გზა გაუკვალოს მომავალ რთულ ცხოვრებაში - ასწავლოს საკუთარი მაგალითით და არა დიდაქტიკით; მასთან ერთად შეეჭიდოს ბავშვურ პრობლემებს; ხანდახან უთხრას, რომ რაღაც არ იცის; ასწავლოს თევზის ჭერა და არა მხოლოდ თევზის მირთმევა... ჩვენ ვზრდით უმწეო ბავშვებს იმ მომავლისთვის, რომლისაც თავად ასე გვეშინია. შიში კი ოხერია, განსაკუთრებით, შეუცნობელის და უცნობის შიში. ჩვენ ვზრდით შვილებს საკუთარი კომპლექსებისა და შიშების ტყვეობაში. *** თაობათა შორის ბრძოლის გამძაფრება პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანმდევი პროცესია - იცვლება ღირებულებები და ღრმავდება უფსკრული თაობებს შორის. დღეს თაობათა ბრძოლის ხაზი ბავშვთა უფლებებზე გადის. თაობა, რომელიც დამარცხდა საკუთარ თავთან, ებღაუჭება ძალაუფლებას საკუთარ შვილებთან. ბავშვების ყველაზე საყვარელი გმირები კი პეპი და კარლსონია, რადგან თავისუფლება ბავშვის ინდივიდად ჩამოყალიბების ერთადერთი წინაპირობაა. ნუ ვაოცნებებთ პატარებს თავისუფლებაზე, ჩვენგან თავისუფლებაზე. ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დღეს და ვუსურვებ გაიზარდონ მოაზროვნენი და თავისუფალნი. შვლის ნუკრი უმწეო არ არის - მას კარგი დედა ჰყავდა...

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით

საქართველოში ინდური შტამის დაფიქსირების შემდეგ, სპეციალისტები ამ ტიპის თვისებებზე განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ. ზოგიერთი შეფასებით, ინდური შტამი ბრიტანულს ჩაანაცვლებს, რიგი სპეციალისტებისა კი ამბობს, რომ ეს შტამი დომინანტი ვერ გახდება. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც მათ რიგებშია, ვინც თვლის, რომ ინდური შტამისგან განსაკუთრებულ საფრთხეს (შედარებით) არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს ტიპი მისი წინამორბედი შტამებისგან არაფრით განსხვავდება. მათთვის კი, ვინც ინდოეთიდან გავრცელებულ მძიმე სურათს იხსენებს, განმარტავს: „ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა. Europetime-თან ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რომ ბრიტანული და ინდური შტამი დაახლოებით ერთნაირად ვრცელდება და არც გამორჩეული დაცვის ზომებს მოითხოვს. რეკომენდაციები აქაც იგივეა, 2.5 მეტრიანი დისტანცია, ახლო კონტაქტისას დახურული სივრცის განიავება და თავყრილობების თავიდან არიდება. ასევე ტრადიციულად, ჰიგიენის წესების დაცვა. „მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით. ჩვენთან ამჟამად გავრცელებულია ე.წ ბრიტანული შტამი, რომელმაც გამოიწვია მესამე ტალღა და შემთხვევების მატება. ბრიტანული და ინდური შტამი დაახლოებით ერთნაირად ვრცელდება. ამიტომ, მათ შორის გავრცელების კუთხით დიდი სხვაობა არ არის. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ინდური შტამი დაახლოებით ისე ვრცელდება, როგორც ბრიტანული". როგორც იფექციონისტმა აღნიშნა: ერთადერთი სხვაობა არის გავრცელების ასაკობრივი ჯგუფი. კერძოდ, ინდური შტამი ახალგაზრდებში უფრო ვრცელდება, განსხვავებით სხვა შტამებისგან. რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, რეკომენდაციები იგივეა, ორმეტრიანი დისტანცია და პირბადის გამოყენება. იმ სივრცეებში, სადაც დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დახურული სივრცეების განიავება საკმარისია. „თუ დახურულ სივრცეში ახლო კონტაქტი გვაქვს და 2,5 მეტრიან დისტანციას ვერ ვიცავთ, ორმაგი პირბადის ტარება გამართლებულია, მაგრამ ღია სივრცეში ამის აუცილებლობა არ არის. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით", - აღნიშნა ინფექციონისტმა Europetime-თან. ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ინდოეთის ვითარება გამოწვეული იყო ცუდი ეპიდსიტუაციით და არა ინდური შტამის „მძიმე ხასიათით“. „ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა. როცა ასეთი რამ ხდება, ნებისმიერი შტამისგან შეიძლება მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა". _როგორ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინები ინდურ შტამზე, ინფექციონისტი განმარტავს, რომ კვლევებზე დაყრდნობით, მეტ-ნაკლებად ეფექტურია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები. „ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს. მასზე დაყრდნობით, Astrazeneca-ს და Pfizer-ის ვაქინა მეტნაკლები წარმატებით ფარავს ინდურ შტამს. დანარჩენ ავტორიზებულ ვაქცინებს რაც შეეხება, არის საუბარი, რომ ისინიც ფარავენ, თუმცა რამდენი პროცენტით მაღალია მათი ეფექტურობა, ეს კვლევის ეტაპზეა. _დღეს გახდა ცნობილი, რომ ვიეტნამში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამის კომბინაციას წარმოადგენს და წინასწარი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად ვრცელდება. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე? ახალი შტამების გაჩენა არ არის გასაკვირი. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა. ვიეტნამში აღმოჩენილ ახალ შტამზე ზოგადი ინფორმაცია არსებობს, ახალი შტამის გაჩენა ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს იქნება კორონავირუსი, უფრო დიდი რისკებია, რომ ახალ-ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამისგან პრევენციის ერთადერთი საშუალება სწრაფი მასობრივი ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში. ვაქცინა შეამცირებს კორონავირუსის ცირკულაციას და ახალი შტამები არ გაჩნდება. ამაში პანიკის საფუძველი არ არის. ვირუსის მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა. ვიეტნამში აღმოჩენილი შტამი რამდენად აგრესიულია, რა თვისებებით ხასიადება, რამდენად სწრაფად ვცრელდება, ამ ტიპის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად ინფორმაცია ჯერ არ არის", - გაანცხადა ალექსანდე გოგინავამ. ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ხათუნა ზახაშვილი: დაირაზმეთ ყველანი, ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე ამირან გამყრელიძე: ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა, კვლევაშიც არ არის საეჭვო შემთხვევები ამირან გამყრელიძე: პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვიხსნით საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა

„ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, - ამ სიტყვებით წარადგინა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი ახალი პარტია „საქართველოსთვის” ოფიციალურად დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას და მთავარ ლოზუნგად - „სიმართლე და ქმედება“ დაასახელა. 30 წუთიან სიტყვით გამოსვლამდე გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი და უნარი შესწევს, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ყოფილი პრემიერის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმია. „ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა და ეს იყო ყველაზე ძირითადი მიზეზი, ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ყველანი ვაშენებთ სახლს, ჩავთვალოთ, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამენტს. ჩვენ იმის ტყვეობაში ვჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში, ცათამბრჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. ყოფილი პრემიერის თქმით, ქვეყანაში არის სიმართლის დეფიციტი. ამიტომ „სამართლიანი წესრიგის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ეფექტიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის, სასამართლო რეფორმის, განათლების რეფორმის და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ყოფილმა პრემიერმა გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და სიტყვის ამავე ნაწილში დაამატა, რომ თავად არის ნაწილი წარმატების და წარუმატებლობის - „ამიტომ ვდგავარ აქ“, - დაამატა გახარიამ. „მოქალაქეების პრობლემებს დაშორდა პარტია და პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებსზე მაღლა დააყენა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. „გადავდექი იმიტომ, რომ რვაწლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. სიტყვის ბოლოს გუნდის წევრები წარადგინა, მათ შორის არიან ნათია მეზვრიშვილი, ლევან დოლიძე, ბექა ლილუაშვილი, გიორგი აბაშიშვილი, ალექსანდრე მოწერელია. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ გიორგი გახარია: ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა