ძებნის რეზულტატი:
პანდემიის გამო, 8 ქვეყნიდან ჩამომსვლელებისთვის თურქეთი 14 დღიან კარანატინს აწესებს
თურქეთი კორონავირუსის პანდემიის გამო, 14 დღიან კარანტინს აწესებს 8 ქვეყნიდან ჩამომსვლელებისათვის. როგორც თურქული მედია იტყობინება, ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებისათვის პანდემიის გამო, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კონკრეტულად, ხელისუფლების ახალი ღონისძიების თანახმად, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან, პაკისტანიდან და შრი-ლანკიდან თურქეთში ჩასულებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ასევე, ქვეყანაში შემოსულმა იმ მოგზაურებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც თურქეთში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ გაერთიანებული სამეფოდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და სინგაპურიდან ჩასულ მგზავრებსაც. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნების მგზავრებს არ მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა, თუ მათ ვაქცინაცია ჩაუტარდათ თურქეთში შესვლამდე 14 დღით ადრე, ან ჰქონდათ დაავადება გადატანილი და გამოჯანმრთელდნენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახბე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
ექიმი ნანა გეგეჭკორი: ის რომ, აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს
"ის რომ, აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს", - ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კორონავირუსისგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. "ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე", - წერს ნანა გეგეჭკორი. შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.მან Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა.
აშშ-ის საელჩო: ქართველი ოფიცრები საქართველოში სამშობლოს დასაცავად და უფრო თავისუფალი, წარმატებული მსოფლიოს მხარდასაჭერად დაბრუნდებიან
საქართველოში აშშ-ის საელჩო გენადი შამუგიასა და გეგა ხავთასს აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიისა და საზღვაო აკადემიის დასრულებს ულოცავს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი კურსამთავრებულები საქართველოში სამშობლოს დასაცავად და უფრო თავისუფალი, წარმატებული მსოფლიოს მხარდასაჭერად დაბრუნდებიან ,,აშშ-საქართველოს პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ზრდას განაგრძობს. ვულოცავთ სწავლის დასრულებას გენადი შამუგიას, აშშ-ის საზღვაო აკადემიიდან და გეგა ხავთასს, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიიდან. ეს ოფიცრები საქართველოში სამშობლოს დასაცავად და უფრო თავისუფალი, წარმატებული მსოფლიოს მხარდასაჭერად დაბრუნდებიან", - აღნიშნულია Facebook -ში გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას, ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს. ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას. „ქართული გალობა, მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად, ქართველთა მიერ აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო; იგი უნიკალური ტრადიციაა, რომელშიც ორგანულად არის შერწყმული ეროვნული მრავალხმიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ესთეტიკური პრინციპები. ქართული გალობა ერთი მხრივ, ეროვნული, საქართველოში წარმოშობილი და განვითარებული ტრადიციაა, ხოლო, მეორე მხრივ – მასში განსაკუთრებით ჩანს ქართული კულტურის ერთიანობა ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან. მეცნიერთა ვარაუდით, საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობა ყველაზე უწინ საქართველოში ჩამოყალიბდა, X-XI საუკუნეებში განვითარების კლასიკურ ეტაპს მიაღწია, ხოლო XII-XIII საუკუნეებში, მთლიან ქართულ კულტურასთან ერთად, რენესანსული მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. შესაბამისად, ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია. ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისთვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული გალობის სწავლა-გადაცემის ხელშეწყობას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობის პოზიციონირებას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოების და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. ირაკლი ღარიბაშვილმა მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა. “მუსტაფა ქემალ ათათურქმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თურქეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მისი, როგორც პროგრესული ლიდერისა და თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს ფუძემდებლის სახელი უკვდავყოფილია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას”-აღნიშნულია ჩანაწერში. ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. .
როგორია ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა - თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსის საწინააღმდეო ვაქცინის AstraZeneca-ს ერთი დოზა ჰქონდა მიღებული და მეორე დოზით ვაქცინაცია პროტოკოლის მიხედვით, 14 ივნისს უწევდა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრს ვირუსი დაუდასტურდა 14 ივნისს მისი მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება და გადავადდება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად განაგრძობს მუშაობას. „ეკატერინე ტიკარაძე არის თვითიზოლაციაში და დისტანციურად მუშაობს. რაც შეეხება მის აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით. მეორე აცრა იყო განსაზღვრული 14 ივნისს, რაც 12 კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდია. თუმცა ამ ვითარების გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადავადდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება
საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული პროექტის - საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევად ევროკავშირმა ინტერესთა გამოხატვა 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომელშიც საქართველოს კანდიდატურამ გაიმარჯვა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) პროექტი გულისხმობს, ერთიანი ანალიტიკური პლატფორმის/ცენტრის შექმნას, სადაც შეგროვდება სპეციალიზებული ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკის, პოლიტიკის და სტატისტიკური მონაცემების შესახებ თითოეული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა). აღნიშნული ობსერვატორიის ძირითად მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საუკეთესო საერთაშორისო/ევროპული გამოცდილების და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომით. ევროკომისიაში ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა, რომლითაც მხარდაჭერილი იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EASST-ის (The Eastern Alliance for Safe and Sustainable Transport) კონსორციუმი. ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ასევე მონაწილებდნენ უკრაინა და მოლდოვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, რაც გააუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული წარმოადგენს იმ სწორი პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგვარ აღიარებას, რაც ბოლო წლებში საქართველოში ეროვნულ დონეზე ხორციელდებოდა და უკვე ამ პლატფორმის მასპინძლობით, საქართველო ჩამოყალიბდება რეგიონში ანალიტიკურ ცენტრად უკვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებითაც“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუმათში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი აცხადებს, რომ შემოდგომაზე არქტიკაზე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
რუსეთი აცხადებს, რომ ამ შემოდგომაზე ჩაატარებს სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს არქტიკაში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ კრემლი ცდილობს გაამყაროს რეგიონში თავისი ყოფნა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" რუსეთის ბიურო წერს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობამ 1 ივნისს გამოაცხადა "სტრატეგიული სამხედრო სწავლება", რათა შეამოწმონ "ძალებისა და ჯარების მზადყოფნა", რომლებიც არქტიკაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მსახურობენ. მას შემდეგ, რაც კლიმატურმა ცვლილებამ უფრო ხელმისაწვდომი გახადა არქტიკის ბუნებრივი რესურსები და საზღვაო მარშრუტები, რეგიონი სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური კონკურენციისთვის. როცა, მოსკოვი ცდილობს, გაამყაროს არქტიკაში თავისი გავლენა, უკანასკნელ წლებში გამწვავდა სამხედრო თემაზე დავა და რუსეთისა და NATO-ს ძალები მანევრებს ატარებენ საკუთარი ამბიციების საჩვენებლად. 20 მაისს რეიკიავიკში, არქტიკული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ვაშინგტონმა მხარდაჭერა მოიპოვა, რათა შეაკავოს მოსკოვის გეგმები რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, ვინაიდან რუსეთი საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ხდება და სურს, ზღვაოსნობის წესები შემოიღოს ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე, რომელიც ნორვეგიიდან ალასკამდე მიემართება. ასევე იგეგმება სამხედრო საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებების განახლება რვა ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში მას შემდეგ, რაც ეს შეწყდა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსირება მოახდინა. სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა არქტიკაში რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალა დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადინისტრაცია ავრცელებს. „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა, ორბელიანების სასახლეში, „ქართული მუსიკის საღამო“ გამართეს და ქართველი კომპოზიტორების: ვაჟა აზარაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, კახა ცაბაძის, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ანდრია ყარაშვილის, რევაზ ლაღიძის, ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები წარადგინეს. საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა. „მინდა მოგილოცოთ ყველას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! ეს არის თქვენი დღესასწაული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს აქ, ორბელიანების სასახლეში, ყველანი ერთად აღვნიშნავთ! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ მობრძანდით და მიხარია, რომ აქ ჩაატარებთ კონცერტს. უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ამ დღისთვის მოამზადეთ და წარმოგვიდგენთ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იმედი მაქვს, მომავალში ყველას გექნებათ საშუალება დაუკრათ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები არა მხოლოდ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც! მინდა, ყველას მოგილოცოთ ისიც, რომ „ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი: COVID19-ის და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის
ბავშვთა დაცვის დღეს იუნისეფი მთავრობას და ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საჭიროებებზე მორგებული, ჰოლისტური საზოგადოებრივი პროგრამები და სერვისები მშობლებისთვის, რათა ხელი შეუწყონ მშობლებსა და მომვლელებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ოჯახებში. UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოჯახების მხარდაჭერის სერვისები არსებითია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ დონეზე. „ბავშვთა უფლებების კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ოჯახების მხარდაჭერის ძლიერი სერვისები საჭიროა თითოეული ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველსაყოფად და ოჯახიდან ბავშვის მოცილების თავიდან ასარიდებლად. სოციალური უზრუნველყოფის მუშაკების არსებობა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი სოციალური სერვისის მისაღებად. მშობლობა ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია ამქვეყნად. COVID-19 და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის, გამძაფრდა ოჯახებში მანამდე არსებული დაუცველობა და გასაჭირი. ერთ წელზე მეტია, პანდემიის პირობებში ვიმყოფებით და მშობლებს და მომვლელებს, ხშირ შემთხვევაში, მზარდი სიღარიბის ფონზე, კვლავ უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა გააგრძელონ და ოჯახებმა ფუნქციონირება. ახლა, როგორც არასდროს, ოჯახებს და მშობლებს სჭირდებათ ისეთი დახმარება, რომ ჰქონდეთ დრო, რესურსები და ხელი მიუწვდებოდეთ სერვისებზე ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირთან ერთად ჩვენ ხელს შევუწყობთ მშობლებსა და ბავშვებს პოზიტიური მშობლობის წახალისებასა და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაში. პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, იუნისეფი ევროკავშირთან ერთად საერთო პროექტის ფარგლებში - „სისტემებისა და სერვისების გაძლიერება ბავშვთა დაცვისთვის საქართველოში“ - ატარებს „მშობლის კვირას.“ ამ კამპანიაში ჩაერთვებიან მშობლები, მომვლელები, პროფესიონალები და ბავშვები, რათა იფიქრონ პოზიტიური აღზრდისადმი გონივრულ მიდგომასა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რაც პოზიტიური კომუნიკაციითა და პატივისცემით მიიღწევა. ეს კვირეული მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირად შეხვედრებს და კამპანიებს სოციალურ მედიაში“, - აცხადებს ღასან ხალილი.
ჯანმომ Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინას Sinovac-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, Sinovac-ს ვაქცინა ქვეყნებისთვის COVAX პლატფორმითაც გახდება ხელმისაწვდომი. 7 მაისს ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო - მას შემდეგ ქვეყანაში სულ 143,970 ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 3.8%-ია.
პანდემიასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს
შემოსავლების სამსახური „კოვიდ-19“ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს. როგორც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც: „საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. გარდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით)“. რაც შეეხება კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება რვადღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინო სივრცეში გადასვლას) ან მესამე დღეს სავალდებულო PCR-ტესტირებას საკუთარი ხარჯით; „საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება რვადღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ომანის სასულთნო. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს: საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით; სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR-კვლევა, საკუთარი ხარჯებით; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ; პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინო სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მესამე დღეს PCR-კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო. ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.); საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე; საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
Reuters-ი: ევროკავშირი ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიასა და ავიაციის სამსახურის მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიასა და ავიაციის სამსახურის მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს. როგორც გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვები ბელორუსის ახალი სანქციების პაკეტის ნაწილია ევროკავშირის ქვეყნებისგან. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: საქართველოსთან გვაქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი რომლებიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს
როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მლნ დოლარია, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერდოღანის თქმით, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. „ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა დერეფნების და კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ძალიან მრავალმხრივი თანამშრომლობები გვაქვს ჩვენ დაწყებული. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის“ გვირაბის გამოყენების საშუალებით. ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს
ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თქმით, აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. „აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა და სხდომის თარიღზე დავავალეთ, რომ იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. არსებული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. ამ განწყობით მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს,“- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით
თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. „თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევთ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მოიწვია
ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. ინფორმციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყალტუბოს სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
წყალტუბოს სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის პირველ ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.