ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი მზადაა, წევრ სახელმწიფოებს $900-მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოუყოს

CBS-ის ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის, კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად, 27 წევრი სახელმწიფოსთვის 900 დოლარი მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტი გამოყოს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ გაერთიანებას უნდა მიაწოდოს წინასწარ გეგმა თუ როგორ აპირებენ დახარჯონ ფულადი სახსრები, რათა მათი ქვეყნის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. CBS-ი წერს, რომ დასაწყისში ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა აღნიშნული ფინანსური დახმარების მხოლოდ 13%-ს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხის მიღება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად ატარებენ ქვეყნები ყველა საჭირო რეფორმას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სახელმწიფოების მიერ მიწოდებული დოკუმენტების შესწავლას ივნისის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს, ხოლო სახელმწიფოებს, დაახლოებით, ერთი თვე ექნებათ საკუთარი აზრი გამოთქვან სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებულ გეგმებთან დაკავშირებით. აღნიშნული დახმარების პაკეტის გაცემა რამდენიმე თვეში დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილი ერდოღანთან შეხვედრაზე: განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ასევე რეგიონის ჭრილში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები

ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. „მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, სავაჭრო ბრუნვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა საკითხები. პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის მისწრაფების მხარდაჭერისა - გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას ეხება. ჩვენ ასევე სამმხრივი ფორმატის საკითხებიც განვიხილეთ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანთან ძალიან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან ინტენსიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.

ივანე ჩხაიძე: სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე მეტად გამძლეა არსებული ვაქცინების მიმართ

სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე მეტად გამძლეა არსებული ვაქცინების მიმართ, – ​ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინა ამ შტამზე მაინც მოქმედებს. „ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში არსებობს, პირველ რიგში, მოქმედებს ჩინურ შ​ტამზე. სწორედ ეს იყო ვაქცინის შემქმნელების მთავარი ამოცანა, როდესაც ეს ვაქცინები პირველი, მეორე და მესამე ფაზის კვლევებს გადიოდა. მაშინ იყო მხოლოდ ჩინური შტამი, რომელმაც დაიწყო პანდემია. ამიტომ ყველა ვაქცინა ჩინური შტამის საწინააღმდეგოდაა შექმნილი. რაც შეეხება შემდეგში გამოჩენილ სხვადასხვა შტამებს, ასეთია რვა შტამი, რომელსაც გარკვეული კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია, დადგენილია რომ ყველა ეს ვაქცინა მოქმედებს ამ შტამების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შედარებით ნაკლები ეფექტურობით. ამ მხრივ, გამორჩევა სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც ყველაზე მეტად გამძლეა ამ ვაქცინების მიმართ, რომლის საწინააღმდეგოდ დღეს არსებული ვაქცინები მოქმედებენ ყველაზე ცუდად, მაგრამ მოქმედებენ. ამიტომ, ყველა ის მუტაცია, რომელიც მსოფლიოში დაფიქსირდა, ექვემდებარება ვაქცინაციას და ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რომელიმე ახალი შტამი მუტაციის შემდეგ იქნება მდგრადი და რეზისტენტული ვაქცინის მიმართ, მწარმოებლისთვის ეს არის რამდენიმეკვირიანი, 2-3 თვის საქმე, რომ შეცვალოს ვაქცინის ვექტორი და მიმართული გახადოს ახალი შტამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ-აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის და NATO-ს უახლოესი სამიტების მოლოდინშია. ქვეყანას სამიტებისთვის მზადება მოუწია პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რაც ევროკავშირის შუამავლობით და ჩართულობით გადაიჭრა. ახლა ქვეყნის ყველა პარტნიორი შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავენ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმტკიცებისთვის. მათ შორის არის ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, რომელიც Europe Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. მარინა კალიურანდი იხსენებს ესტონეთის მაგალითს, როდესაც არავინ ელოდა ევროკავშირსა და NATO-ში, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს: „ჩვენ გავატარეთ რეფორმები, ჩვენ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და ერთხელაც ეს კარი გაიღო და ვიყავით ძალიან ბედნიერები, რომ ეს შანსი გამოვიყენეთ“. მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). Europe Time მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _როგორ შეაფასებდით დღეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს? პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში რა თქმა უნდა ჰქონდა გარკვეული გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკურ განვითარებას საქართველოში. შემოდგომაზე, ჩვენ ვიქნებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და პროცესებს უფრო დეტალურად გავეცნობით. _როგორც ცნობილია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების ტრიოს მემორანდუმი გააფორმეს, როგორ უყურებთ სამი ქვეყნის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს? ყველა გზა, ყველა მეთოდი უნდა სცადოთ, თუ თქვენი მიზანია ევროკავშირთან უფრო დაახლოება. ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგი ნიშანია, მაგრამ თქვენ ასევე უნდა განაგრძოთ ორმხრივი ძალისხმევა. მე ამას გირჩევდით. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება ყველა ფორმატს მიაქციოთ ყურადღება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობას, „ტრიოს“ ფორმატს და ორმხრივ ურთიერთობებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ფორმატებზე, მე ვფიქრობ ახლო ინტეგრაციაზე სხვადასხვა პოლიტიკის, მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონ კახა კუჭავასთან, რომელმაც მითხრა, რომ საქართველოს მომავალი შესაბამისობაშია იმ პროექტებთან, რომელიც არსებობს ევროკავშირში, მაგალითად, „მწვანე შეთანხმება“, დიჯიტალიზაცია, ეკონომიკური რეფორმები. ასე რომ, თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად, თავიდანვე ვავითარებთ ახალ მიდგომებს და ვფიქრობ, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკური სტატუსი უნდა იყოს ისეთი, როგორიც გვაქვს ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ისლანდიაში. ასე რომ, სხვადასხვა პოლიტიკის, ფორმატის დარეგულირება ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. _რას არის ის ძირითადი საფუძველი და იდეა, რომელსაც ტრიოს ახალი გზა უნდა ემყარებოდეს? თქვენს შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება, მაგრამ მე ვერ ვხედავ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების გარეშე. საერთაშორისო საზოგადოება და ევროკავშირი აკვირდებიან მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმას, საარჩევნო რეფორმას. ბევრი რეფორმაა, სადაც ეს სამი ქვეყანა განსხვავებულ დონეზე იმყოფება. შეიძლება, უკეთესიც იყოს თქვენი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და ამ დონეზე თანამშრომლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროკავშირის გადმოსახედიდან, ჩვენ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას მოვითხოვთ. როდესაც ესტონეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვოდა, დიდი ხნის განმავლობაში ყველა ამ რეფორმას ვატარებდით გაწევრიანებისთვის. ჩვენ ამას ევროკავშირისთვის არ ვაკეთებდით. ჩვენ ამას ვაკეთებდით ჩვენი ხალხისთვის. ამიტომ, ამ რეფორმებისკენ მე მოვუწოდებ არა იმიტომ, რომ ევროკავშირი ამას მოითხოვს ან ევროკავშირს ეს სურს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ეს სურს და მათ ნათლად თქვეს, რომ სურთ იცხოვრონ ევროკავშირის საზოგადოებაში, მათ სურთ, იყვნენ ევროკავშირის წევრები, მისი ნაწილი. ამრიგად, რეფორმების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ თქვენი ხალხისთვის. _გაწევრიანების პერსპექტივას როგორ უყურებთ, იმ კომენტარის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ამაზე კონსენსუსი არ არის? მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ. ასე რომ, ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები, მაგრამ ამავე დროს, მე გთხოვთ, იყოთ რეალისტები. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროკავშირში ან NATO-ში. წევრობა პოლიტიკური კონსენსუსია, მე ვერ ვხედავ კონსენსუსს ევროპარლამენტის პოლიტიკურ პარტიებში. მე ვერ ვხედავ კონსენსუსს წევრ ქვეყნებს შორის, განსხვავებული მოსაზრებებია, ბრიუსელში ზოგიერთი ქვეყანა ისევ ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება 2004 წელს შეცდომა იყო. ამდენად, განსხვავებული მოსაზრება არსებობს. _კონსენსუსის არარსებობაზე „დაბრკოლება“ როგორ უნდა გადაილახოს? თქვენ უნდა იყოთ მიმართული სკეპტიკოსების დარწმუნებისკენ, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და იმსახურებთ პოლიტიკური კონსენსუსის გადაწყვეტას. იქნება ეს 2024 წელს? არ მსურს სპეკულაცია და პროგნოზირება, მაგრამ პირადად მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ეს მოხდება, პირველი ვიქნები, ვინც ევროკავშირის წევრს მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, მერწმუნეთ. მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ რეალისტები და გულწრფელები არსებული ვითარების მიმართ. ამიტომ ვამბობდი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ლიდერებმა უნდა იზრუნონ თავისი ამბიციების მიღწევაზე, მაგრამ ასევე უნდა შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, რადგან ხალხი იმედგაცრუებული არ დარჩეს, თუ არ მიიღებს კონკრეტულ შეტყობინებას 2024 წლისთვის. ხალხი გაიაზრებს, რომ ეს არის პროცესი და ერთ დღესაც გაიხსნება ფანჯარა, არ ვიცი როდის, მაგრამ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ ქართველი ხალხისთვის. _შესაძლოა, შემდგომმა სამმა წელმა არსებული ვითარება შეცვალოს, საკმაოდ დიდი დროა... დიახ, გეთანხმებით და ამიტომ არ ვსპეკულირებ. მე ვსაუბრობ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც მაქვს. მე დიპლომატი ვარ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ზუსტად ვიცი, როგორ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები, ამიტომ ვცდილობ, ვიყო რეალისტი. თუმცა თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის. მუდმივად უნდა ცდილობდეთ მათ დარწმუნებას, ვინც ყოყმანობს. ეს არ არის ესტონეთი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც ყოყმანობენ და ისინი არიან ევროკავშირის დიდი ქვეყნები, რომლებიც დღეს გაწევრიანებას არ ემხრობიან. გახსოვდეთ, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, გადახედეთ არჩევნებს გერმანიაში, ჯერ არ ვიცით შედეგი, პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ამის შემდეგ იქნება. ეს ნიშნებია, რომელთა განხილვა სერიოზულად უნდა მოხდეს. თქვენ უნდა სცადოთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენი ოცნების ასასრულებლად. _ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს რიგი ექსპერტების მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს. როგორ უყურებთ ამ ურთიერთობებს რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე? 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია. _NATO-ს სამიტამდე ორი კვირით ადრე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს? ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ყველას გვახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს MAP-ი, რომელიც არ მიგიღიათ 13 წლის შემდეგაც. NATO-ს სამიტი ორ კვირაში ბრიუსელში იქნება. იგივეს ვიტყვი, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით ვთქვი, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში.

დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვევა

დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს. როგორც საელჩოში განმარტავენ, სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია. "რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად". "მოუთმენლად ველი შეხვედრებს უკრაინისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან მწვავე გამოწვევების წინაშეა და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია“, - აცხადებს რობ პორტმანი. ვიზიტის დროს, სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პარლამენტში. როგორც ცნობილია, სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ეწვევიან ლიეტუვასაც, სადაც შეხვდებიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვევა დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით საქართველოში ვიზიტამდე სენატორები საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ

ევროპის საბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს ეწვია. კომიტეტი მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას და ამ საკითხზე სპეციალურ ანგარიშებს ამზადებს. კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. დღეს, თანამომხსენებლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს. ხვალ, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის ლიდერებთან. ვიზიტის პროგრამაში ჩამოთვლილია ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე მუშაობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. მათ შორის არ არის ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია", რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა, "მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერაზე უარი თქვა. ბლოკიდან არჩეულ დეპუტატებს პარლამენტში საქმიანობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

იუნისეფის ხელმძღვანელი საქართველოში: მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა COVID19-ის ვაქცინებზე მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად

„მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად“, - აცხადებს იუნისეფის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ინტერვიუში. მისი თქმით, „ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება“. „იუნისეფი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხოციელებაში და ამ მიზნით ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, სადაც შევხვდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რელიგიურ ლიდერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად. შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც უპასუხეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თემებთან რეგულარული კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება. რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება. ვცდილობთ, უფრო დავუახლოვდეთ სხვადასხვა ჯგუფს, უფრო ყურადღებით მოვუსმინოთ მათ წუხილებს და ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. საქართველოს მთავრობა ვაქცინის დანერგვის ეროვნულ პროგრამას ახორციელებს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი თავის მიზანს მიაღწევს“, - აღნიშნავს ღასან ხალილი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 954 ადამიანს დაუდასტურდა, 896 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 150-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 923, აჭარაში - 385, იმერეთში - 439. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 - თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 810 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240, იმერეთში - 1 374.

გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელეს. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო: აღმავლობის და განახლების დროა, რათა ერთიანი ძალებით უკან მოვიტოვოთ პანდემია

იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო იტალის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომილოცვას ავრცელებს. იტალიელი დიპლომატი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად არც პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილა, რისი დადასტურებაც უმაღლეს დონეზე ჩატარებული დისტანციური შეხვედრებია. „ძვირფასო თანამემამულეებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ვისურვებდი, ერთად გვეზეიმა ჩვენი რესპუბლიკის 75-ე წლისთავი, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება შეუძლებელს ხდის ტრადიციულად გიმასპინძლოთ წვეულებაზე. ასეთ მნიშვნელოვან დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, გავიხსენო იტალიის პრეზიდენტის სიტყვები - მოვიდა აღმავლობის და განახლების დრო, რათა ერთიანი ძალებით უკან მოვიტოვოთ პანდემია და მტკივნეულ შედეგებს გავუმკლავდეთ, ეს განახლება ერთობლივი იქნება მოქმედების კუთხით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ყურადსაღებია, რომ ის ღირებულებები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ჩვენს ღირებულებებს განსაზღვრავს, სწორედ ის ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება: თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა. როგორც ვთქვი, აღმავლობის დროა, როგორც ევროპულ კონტექსტში, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვადასტურებთ, რომ ჩვენი საერთო სახლი ის ადგილია, სადაც ეფექტურად და შეთნხმებულად ვპასუხოებთ ისეთ საერთო გამოწვევებს, როგორიცაა ვაქცინის მიწოდება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა თუ ეკონომიკის ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე დამყარებული კოორდინირებული აღმასვლა. 2 ივნისის თბილისში აღნიშვნა ცხადია, მაფიქრებს იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მყარ და ცოცხალ ურთიერთობაზე, პანდემიამ (საიდანაც ახლა საბედნიეროდ გამოვდივართ) ჩვენი მუშაობის წესი შეცვალა, მაგრამ ამ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობების გაგრძელებაში. პოლიტიკური დიალოგი დისტანციურ რეჟიმშიც გრძელდება მტკიცე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დასადასტურებლად. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას საერთო ევროპული სახლისკენ და თბილისის პარტნიორობას ატლანტიკურ ალიანსთან. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იტალიურ ინსტიტუციებს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივის სჯერათ, ასევე გამორჩეულად გრძელდება თანამშრომლობა იტალიური ენის სწავლების სფროში. სკოლებში იტალიური ენის შემსწავლელთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია. საზრდოობს არამხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთკავშირით, არამედ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაცვლითა და ძალისხმევით. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა საშუალებას მაძლევს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ქართული ინსტიტუციებიდან, მე ყოველთვის ვგრძნობ მათ მკაფიოდ გამოხატულ მხარდაჭერას და მეგობრობას“, - აღნიშნავს ენრიკო ვალვო.

პაატა იმნაძე: მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარშემო ყველა აცრილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულად იმუნურია. როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა, ორჯერადად აცრილ ადამიანებს ასევე ორი დოზით აცრილთა გარემოცვაში ყოფნისას შეუძლიათ, რომ პირბადე მოიხსნან და თავისუფლად იყვნენ. „მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაცის დედაქალაქის მერია ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, თუმცა, ეს ვადა გახანგრძლივდება. „პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით. აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ, ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ეს აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნულ მიღწევას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მთელ საზოგადოებას ულოცავს. „ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა! პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერსებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას. ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკოლი და მისი 20 თანაპარტიელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის „Nord Stream 2 AG”-ის და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. კონგრესმენებმა შესაბამისი წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართეს. კონგრესმენების თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენით რუსეთი გააგრძელებს ევროპაში დესტაბილიზაციურ მოქმედებებს, ხოლო სანქციების მოხსნა გაზსადენის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ არაერთხელ გამოთქმულ უკმაყოფილებას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, კონგრესმენების განცხადებით, სანქციების მოხსნით აშშ გერმანიის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე დანარჩენი ევროპის. ამასთან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ფრედ კელერმა აშშ-ის კონგრესს კანონპროექტი წარუდგინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, კონგრესმენმა პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტის წინააღმდეგი არის, გადაიფიქრა პროექტის ოპერატორი კომპანიის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. მისი განცხადებით, სანქციების დაწესებაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და მის წინააღმდეგ ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და PACE-ს თანამომხსენებლებმა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობა განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საპარლამენტო დღის წესრიგი გააცნო, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე. აღინიშნა კანონმდებლობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივ არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების ყოფნის შესახებ. კომისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ მონიტორები პროცესს აქტიურად დააკვირდებიან. კახა კუჭავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ევროპის საბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

საქართველოში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები უკრაინაში იმყოფებიან

ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტამდე, უკრაინაში იმყოფებიან. სენატორ ჯინ შაჰინის ინფორმაციით, ის სენატორებთან რობ პორტმანთან და კრის მერფისთან ერთად უკრაინაში იმყოფება, რათა აჩვენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პარტნიორებისადმი აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიის გასაძლიერებლად რეფორმების გაგრძელებისადმი და ევროკავშირსა NATO-ში გაწევრიანების მიზნისადმი. „იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა აგრძელებს საკვანძო რეფორმებს დემოკრატიის გასაძლიერებლად, სასიცოცხლომნიშვნელობისაა ჩვენი მტკიცე პარტნიორბისთვის და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - წერს ჯინ შაჰინი Twetter-ზე. შეგახსენებთ, დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვევა. როგორც Europetime-ს საქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.

ორ კვირაში გახდება ცნობილი, როგორ გაანაწილებს აშშ ვაქცინებს მსოფლიოს მასშტაბით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშშ გამოაცხადებს, თუ როგორ გაანაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას მსოფლიოს მასშტაბით. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს პოლიტიკურ მიმართულებას არ მისცემს. „მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვაცხადებთ პროცესს, რომლითაც ვაქცინებს გავანაწილებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, განცხადება გამოავლენს პროცესის კრიტერიუმებსა და დეტალებს. ცნობისთვის, 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.

NATO-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა

NATO-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ხუთი წლის იუბილე პირადად მიულოცეს. NATO-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ და მადლობა გამოეცხადათ. მოწვეული სტუმრებისათვის ცენტრში არსებული ტექნიკის, აღჭურვილობის, ახალი ვირტუალური და საველე სისტემების გამოფენაც მოეწყო. NATO-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას, როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს. სასწავლო ცენტრის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართული არიან NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შედიან. საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში JTEC-ში წარმოდგენილია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის და არმიის კონტინგენტები, ისევე, როგორც სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში შედის ოთხი ცენტრი: საბრძოლო მომზადების ცენტრი, სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი.

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეხუთე კვირაა, მცირდება

COVID-19 ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი კვლავ მცირდება, გასულ კვირაში მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა და 78 000 ახალი ლეტალობა აღირიცხა. წინა კვირასთან შედარებით შესაბამისად 15% და 7%-ით იკლო შემთხვევებმა. ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა. ხოლო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გლობალური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მეხუთე და მეოთხე კვირაში შემცირდა, ზოგადი მაჩვენებელი კვლავ მაღალ დონეზე რჩება და მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ბევრ ქვეყანაში. მსოფლიოში კორონავირუსის 170 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.