ძებნის რეზულტატი:
„შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება“ - ამერიკული DFC-ს მმართველი დირექტორი
უახლოეს მომავალში, შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეთ ენჯელმა აზერბაიჯანში, ამერიკული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მთავარი მიზანია დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით, ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირება. „არსებობს კითხვა, განსხვავდება თუ არა ახალი მარშრუტი ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით და შემდეგ თურქეთის გავლით გამავალი მარშრუტისგან. თუმცა ორივე მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის საკმარისი რაოდენობის ტვირთია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ საქონლის გადაადგილებისთვის დამატებით მარშრუტს ხსნის,“ განაცხადა ენჯელმა. ცნობისთვის, აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებიან აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართული დისკუსიების ისტორიულ მნიშვნელობას და ამ მოლაპარაკებების დროს ხელმოწერილ დოკუმენტებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შეთანხმებები არამხოლოდ ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და პროგრესს, არამედ, მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს. მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია შუა დერეფნის განვითარებისკენ, რაც გამოიხატა შემდეგ პროექტებში – ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იქ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ, 14-მდე გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ აქტიურ სამუშაოს, რომელსაც აზერბაიჯანი ატარებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული კაბელის გაყვანა. თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ბახიშოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სავაჭრო მისიის მიზანი შუა დერეფნის გამოუყენებელი პოტენციალის შეფასებაა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირი უკრაინისთვის ოქტომბრამდე 2 მილიონი ჭურვის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას თითქმის 169 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა გამოუყვეს. „ახლა მათ (ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა) ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80%-ი ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა კალასმა.
ისრაელი აცხადებს, რომ კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობას დაარტყა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახურთან, „შინ ბეთთან“ ერთად და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა. „ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც დარტყმა განხორციელდა, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელი,“ - ნათქვამია განცხადებაში. BBC-ის ცნობით, ჰამასის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეები იყვნენ ჰამასის მომლაპარაკებელი გუნდის წევრები. ისრაელის პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ 9 სექტემბერს შუადღისას მათ მიიღეს ჰამასის ლიდერებზე თავდასხმის გადაწყვეტილება. „დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. Sky News-ი წერს, რომ დოჰაში ისრაელის სამიზნეში „ჰამასის“ ხუთი წარმომადგენელი: ხალილ ალ ჰაია, ხალედ მაშალი, მუჰამედ დარვიში, რაზი ჰამადი და იზატ ალ-რიშკი მოექცა. კატარი, რომელიც შუამავლობას სწევს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის “უხეშ დარღვევად” აფასებს ისრაელის თავდასხმას. თეთრ სახლში BBC-ს განუცხადეს, რომ აშშ-ს წინასწარ “ეცნობა” დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. „ჰამასის“ მოლაპარაკების ჯგუფი დოჰაშია დაფუძნებული. ისინი ივლისიდან ისრაელთან არანაირ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სუს-ში გაკეთდა. უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ - გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა - ვ. ღ. - მ, მინისტრის ახლო ნათესავის - ვ. მ.-ის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით," - განაცხადეს სუს-ში.
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუს-ში განაცხადეს, რომ „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემების თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას," - განაცხადეს სუს-ში. ლევან ხაბეიშვილის გარდა, მურთაზ ზოდელავაც დაკავებულია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. „ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადეს სუს-ში.
ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ მინსკისთვის სანქციების ნაწილს ამსუბუქებს - Reuters
ბელორუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის მოადგილის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში მიემგზავრება, 52 სხვადასხვა ეროვნების პატიმართან ერთად, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა,“ - განაცხადა ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა. ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა სურს. „ამ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება გვსურს,“ - აღნიშნა კოულმა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ლუკაშენკოს ამ ჟესტის სანაცვლოდ, აშშ ბელორუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციებისგან გაათავისუფლებს, რაც მას საშუალებას მისცემს, მოემსახუროს და შეიძინოს კომპონენტები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის. სანქციების მოხსნის შესახებ კოულის სიტყვებს ციტირებს ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაც.“ ცნობისთვის, ბელორუსს NATO-ს სამი ქვეყანა და უკრაინა ესაზღვრება. ლუკაშენკომ პუტინს ნება დართო, ბელორუსის ტერიტორია გამოეყენებინა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, მაგრამ მის არმიას ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია.
პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ვარშავამ NATO-ელ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებითა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებით დახმარება სთხოვა. ნიდერლანდის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ წლის ბოლოსთვის პოლონეთს საჰაერო თავდაცვის ორ სისტემა Patriot-ს და დრონებთან ბრძოლის სისტემებს გადასცემს. ჩეხეთი პოლონეთს დაჰპირდა სამ ვერტმფრენს, რომლებიც დაეხმარებიან დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონებისგან დაცვაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლონეთმა 10 სექტემბერს, თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართა. თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მოკავშირეები მხარდაჭერისთვის მზად არიან. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პოლონეთში Typhoon-ის ტიპის რამდენიმე გამანადგურებლის დაბრუნებას განიხილავს. ექვსი ასეთი გამანადგურებელი დაახლოებით ორი თვის წინ, პოლონეთის საჰაერო სივრცის NATO-ს პატრულირების მისიაში მონაწილეობდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, განსაკუთრებით სჭირდებათ სისტემები Patriot-ი, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცეს რუსეთიდან მხოლოდ დრონების საფრთხე არ ემუქრება. პოლონეთის მთავრობამ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას დრონებმა დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო. პოლონეთის მიმართვის საფუძველზე ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას. უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო, პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთიდან წამოსულმა მრავალმა დრონმა დაარღვია, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და ალიანსის ტერიტორიის დაცვა წარმატებით უზრუნველყო, რაც მათი დანიშნულებაა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ საშიშ ომს აწარმოებს და მუდმივად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. კითხვაზე, აქვს თუ არა ალიანსს აღნიშნული ინციდენტის წინასწარი შეფასება : იყო ეს განზრახ თავდასხმა, განზრახ შეჭრა თუ შეცდომა, რუტემ უპასუხა: „სრული შეფასება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განზრახ იყო ეს თუ არა, უგუნური საქციელია. ეს აბსოლუტურად საშიშია. მაგრამ, როგორც ვთქვი, სრული შეფასება მიმდინარეობს.“ ამასთან, კითხვაზე, გაქვთ რაიმე კონკრეტული გზავნილი რუსეთისთვის პრეზიდენტ პუტინისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მარკ რუტემ უპასუხა: „პუტინისთვის ჩემი გზავნილი ნათელია: შეწყვიტეთ ომი უკრაინაში. შეწყვიტეთ ომის ესკალაცია. შეწყვიტეთ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს.“ აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. თავის მხრივ, ამის შესახებ განცხადებას NATO-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ,” - წერს უიტეკერი. ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს. “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში. NATO, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” - განაცხადა ო’დონელმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს. ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და NATO-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა. „ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მომხდარს მოკლე პოსტით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. “რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” - წერს ტრამპი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს.“ „რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბერლინის შეფასებით, პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა შემთხვევითი არ იყო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შემთხვევითი იყო. პისტორიუსმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული დრონები სავარაუდოდ, განზრახ გაუშვეს პოლონეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს გაცვლითი კურსის კორექტირების შეცდომაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შეჭრა პროვოკაციად შეაფასა, როგორც მთელი NATO-ს წინააღმდეგ. „გერმანია მხარს უჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებას. ეს ასევე ეხება პოლონეთის მიერ მე-4 მუხლის შესაბამისად ინიცირებულ კონსულტაციების პროცესს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეფასებით, კრემლმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, NATO-ს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა. მერცის თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს. „რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის,“ - განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერი იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო. „რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის,“ - აღნიშნა მერცმა. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
კალასი: რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა უფრო აძლიერებს ბლოკის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას. კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას. „ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს. „უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია,“ - აღნიშნულია კალასის განცხადებაში. „კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან,“ - აცხადებს კალასი. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი ივლისში 11%-ით შემცირდა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ 517 000 ბარელს შეადგენდა დღეში. ივლისში, ივნისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი 11%-ით - 61 000 ბარელით შემცირდა დღეში. 2024 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში BTC-ის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 25%-ით - 170 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 კმ საქართველოს ტერიტორიაზე და 1 076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე.
თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს
თურქეთმა აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან ორმხრივი მექანიზმები შექმნა, რათა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, დამატებითი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეისწავლოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა თურჰან დილმაჩმა განაცხადა. CICA-ს ანალიტიკური ცენტრების ფორუმის მე-13 სესიაზე, „ევრაზიული კავშირის გაძლიერების“ პანელზე გამოსვლისას, დილმაჩმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირის კონცეფციას კონკრეტული ნაბიჯები უნდა ახლდეს თან. „სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნების შექმნით, ჩვენ ფაქტობრივად ვქმნით ნდობის დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, საზოგადოებებსა და ხალხს,“ - აღნიშნა თურქეთის წარმომადგენელმა. მანვე აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში, თურქეთი შუა დერეფანთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. „ჩვენი მიზანია ამ მარშრუტის გასწვრივ ეკონომიკური ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს სავაჭრო გზების გაფართოების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,“ - აღნიშნა დილმაჩმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით, $7.5 მილიარდს გამოუყოფს
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა გამოაცხადა, რომ შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. იონსონმა 11 სექტემბერს გამოაცხადა, რომ შვედეთი დამატებით 70 მილიარდ შვედურ კრონას (დაახლოებით 7.5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უახლოესი ორი წლის განმავლობაში. მინისტრის თქმით, თანხის დიდი ნაწილი გამოყოფილი იქნება შესყიდვებისთვის, რომელსაც თავდაცვითი მასალების შვედური სააგენტო განახორციელებს - მაგალითად, დამატებითი Archer საარტილერიო სისტემებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ სტოკჰოლმი მზად არის, დამატებითი დახმარება გაუწიოს პოლონეთს, თუ ეს საჭირო გახდება. “დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლონეთის თავდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ მზად ვართ, მივაწოდოთ რესურსები, თუ პოლონეთი ამაში ინტერესს გამოხატავს… სრულ სოლიდარობაში ვართ პოლონეთთან," - განაცხადა იონსონმა.
რუმინეთში ჩატარდება NATO-ს წვრთნები, რომელიც მოკავშირეზე თავდასხმის სიმულაციას მოახდენს
რუმინეთი 5000 ჯარისკაცის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს, რაც NATO-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის სიმულაციას წარმოადგენს. ამის შესახებ Digi24 იტყობინება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები რუმინეთში ხუთი ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით ჩატარდება. წვრთნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების მიერ გაწეული დახმარების სიმულირებასაც მოახდენს. პირველი უცხოელი ჯარისკაცები რუმინეთში 15 სექტემბერს ჩავლენ. ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში ჯავშანმანქანები და ტანკებიც გამოჩნდება. წვრთნები რამდენიმე ქალაქში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას, რუმინელი ჯარისკაცების გარდა, ფრანგი, ბელგიელი, ესპანელი, ლუქსემბურგელი და პორტუგალიელი სამხედროებიც მიიღებენ. ისინი რუმინეთში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე დარჩებიან. რუმინეთში მიიჩნევენ, რომ ეს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ფლანგის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
მაკრონი: პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლონეთის საჰაერო სივრცისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. „პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ეს დაპირება გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივეცი,“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს საკითხი ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან განიხილა, რომელიც ასევე მონაწილეობს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. „ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არ დავნებდებით რუსეთის მზარდ დაშინებას,“ - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
12 სექტემბერს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესმა მთავარსარდალმა (SACEUR), გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ორი დღით ადრე რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე ალიანსის რეაგირების შესახებ ისაუბრეს. რუტემ „აღმოსავლეთის გუშაგის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა - სამხედრო აქტივობის, რომელიც მიზნად ისახავს NATO-ს პოზიციების გაძლიერებას აღმოსავლეთ ფლანგზე. ოპერაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და ის მოიცავს მოკავშირეთა აქტივების ფართო სპექტრს - როგორც ტრადიციულ შესაძლებლობებს, ასევე, ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის, ელემენტებს, რომლებიც შექმნილია დრონებთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად. „აღმოსავლეთის გუშაგი“ ჩვენს პოზიციას მოქნილობას და სიძლიერეს შეჰმატებს,“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ოთხშაბათს (2025 წლის 10 სექტემბერი) ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა განიხილეს სიტუაცია პოლონეთის მიერ მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნის გათვალისწინებით. რუტემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევის ყველაზე დიდი კონცენტრაცია, „ოთხშაბათს მომხდარი არ იყო იზოლირებული ინციდენტი. „რუსეთის უგუნური ქცევა აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ჰაერში, უფრო ხშირი ხდება,“ - განაცხადა რუტემ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის ძირითადი ამოცანა - აგრესიის შეკავება და თითოეული მოკავშირის დაცვა - ხაზს უსვამს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის მნიშვნელობას. „სწორედ ამიტომ გვყავს რვა ქვეყანაში განლაგებული წინგადადგმული სახმელეთო ძალები, ყველა მოკავშირის წვლილით, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონტინგენტებს და გვაქვს გეგმები, რომ საჭიროების შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ყოფნა,“ - აღნიშნა რუტემ. მანვე დაამატა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოკავშირეები ყოველდღიურად ერთად მუშაობენ ბალტიის ზღვაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად. მაკრონი: პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება
უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი აგრესორად ტრამპმა პირველად მოიხსენია
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი აგრესორად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად მოიხსენია. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. „ცოტა მეტი რუსეთისგან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ.“ „არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა. „შვიდი ომი შევაჩერე და მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვის მიმართ პოზიცია მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე ვერ დაითანხმა. ტრამპი მანამდე უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ქმედებების დაგმობაზე უარს აცხადებდა და უარყოფდა გაეროს იმ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და მოსკოვის ნაბიჯებს გმობდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი აპროტესტებდა „დიდი შვიდეულის“ განცხადებასაც, სადაც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული. „ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი განუზომელია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ,“ - განაცხადა ტრამპმა. კითხვას, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს. „მოლაპარაკებები იქნება - სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ,“ - აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას მთავარ დაბრკოლებას მათ შორის პირადი ნეგატიური დამოკიდებულება უქმნის. საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა.
ზელენსკი: ყველაზე ეფექტიანი სანქციები არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, ტერმინალებსა და ნავთობბაზებში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი სანქციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ნავთობბაზებზე ცეცხლია მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს პრიმორსკის სანავთობო პორტზე წარმატებული იერიშისთვის მადლობა გადაუხადა. „ყველაზე ეფექტიანი სანქციები ის სანქციებია, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს - ეს არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. მნიშვნელოვნად შევზღუდეთ რუსეთის ნავთობის ინდუსტრია და ეს ომს მნიშვნელოვნად ზღუდავს,“ განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომი არსებითად ნავთობით, გაზითა და სხვა ენერგორესურსებით არის წახალისებული.
ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად სამი ვერტმფრენი გაგზავნა
ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად, დახმარების მიზნით, სამი ვერტმფრენი გაგზავნა. ინფორმაციას მედია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „პოლონეთში სამი ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა, რაც გააძლიერებს ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას დაიწყებენ,“ - აღნიშნულია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენები ნამესტი ნად ოსლავოუს ვერტმფრენების 22-ე საავიაციო ბაზას ეკუთვნის და უკვე პოლონეთში იმყოფებიან. NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
ტრამპი: არ მინდა, რომ ევროპა რუსულ ნავთობს ყიდულობდეს, ჩვენ არ ვყიდულობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას. დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. კითხვას, დაუწესებს თუ არა NATO რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ,“ „ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება, ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ. კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან,“ - აღნიშნა ტრამპმა. ინფორმაციისთვის, NATO-ს ქვეყნებიდან რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები არიან თურქეთი და უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის წევრიცაა. ანკარა მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. ამდენად, თურქეთის დარწმუნება იმაში, რომ შეწყვიტოს რუსული მარაგების მიღება, შესაძლოა, გაცილებით რთული ამოცანა იყოს. გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა. ABC News-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთიდან ნებისმიერი სახის ენერგიის [შესყიდვა] და, სხვათა შორის, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან. თუ მათი შეჩერება გვინდა, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გარიგების დადება.“ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2022 წლიდან, ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობსა და გაზზე დაახლოებით 210 მილიარდი ევრო (182 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დახარჯეს. ევროკავშირმა ადრე აიღო ვალდებულება, რომ 2028 წლისთვის ეტაპობრივად შეეწყვიტა შესყიდვები. აშშ-ს სურს, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს - ნაწილობრივ მათგან მარაგების შეძენის გზით. დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს ქვეყნები გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ, მათ შორის, რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ. უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი აგრესორად ტრამპმა პირველად მოიხსენია