ძებნის რეზულტატი:

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებულმა ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათასობით ადამიანმა, რომელმაც 2021 წელს აშშ-ის "მწვანე ბარათი" მოიგო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელის შეტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც "მწვანე ბარათების" მფლობელებს ქვეყანაში შესვლაზე შტატები უარს ეუბნებოდა. როგორც გამოცემა წერს, მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდებოდა. პანდემიის გამო მათი სავიზო განაცხადები პრიორიტეტული არ არის. "მწვანე ბარათის" მფლობელებს, შესაბამისად გაუჩნდათ შიში, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლის შანსს დაკარგავენ. ადვოკატმა კერტის მორისონიმა, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენს, Twitter-ში განაცხადა, რომ საჩივარი კოლუმბიის საოლქო სასამართლოში 141 ქვეყნის 24 000-ზე მეტი მოქალაქის სახელითაა შესული. "ჩანიშნულია 24 089 ადამიანის საჩივარი, რომელიც შეტანილია კოლუმბიის ერთ-ერთ სასამართლო ოლქში" - განაცხადა კურტის მორისონმა. ცნობისთვის, ყოველწლიურად ამერიკა 55 000 მწვანე ბარათს ათამაშებს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

დავით ზალკალიანი: NATO-ს სამიტზე არც ერთი პარტნიორი ქვეყანა არ არის მიწვეული, ვერ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით

საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიება არის ხანმოკლე, ორსაათნახევრიანი ფორმატის და პარტნიორი ქვეყნების დასწრებას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, წმინდა წყლის სპეკულაციაა ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველო სამიტში დიპლომატიური უწყების უმოქმედობის გამო არ მონაწილეობს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებულ ინტერპარტიულ განცხადებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე შესაბამისად აისახება ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიმართულებით. „მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთი პარტნიორი ქვეყანა ამ მოკლე სამიტზე არ არის მიწვეული. ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით. ეს არის თავიდანვე განსაზღვრული მოკლე სამიტი, მოსამზადებელი შემდგომი დიდი სამიტისთვის. მთავარი მაქსიმალური მიზანი, რაც არის ამ სამიტთან მიმართებით, იყო იმ პროგრესის ასახვა, რომელიც ქვეყანას აქვს და ეს მიზანი მიღწეულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ზომების გამკაცრების საკითხი პარლამენტში განიხილება

პარლამენტში, პირველი მოსმენით, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ზომების გამკაცრების საკითხი განიხილება. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პარლამენტი ხმათა უმრავლესობით მიიღებს. აღნიშნული კანონპროექტით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა. პროექტით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა. ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა. კანონპროექტით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 4/1 ნაწილში და ის პირი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვასას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, დაჯარიმდება 3000 ლარით, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდისა. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 4/2 ნაწილი და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ამავე მუხლის 4​/3 ნაწილის ცვლილების თანახმად კი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმისა, 1500 ლარის ოდენობით. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე მუხლის 5/1 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 5/2 ნაწილის ცვლილების მიხედვით კი, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 4/1 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, ადმინისტრაციული სახდელდადებულ პირს, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, სახდელის დადებიდან არაუადრეს 6 თვისა, ნაცვლად მოქმედი რედაქციის თანახმად განსაზღვრული 3 თვისა. ხოლო, მართვის უფლების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევისა. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 4/1 ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, პირს რომელსაც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და განმეორებით განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, აღარ მიეცემა მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა. "სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის I კვარტალის - წინაწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 94 პირი და დაშავდა 1613 მოქალაქე. 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კი საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640 მოქალაქე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით პროპორციული პასუხისმგებლობის ზომები იქნეს დადგენილი", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში",- წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა. "მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯეიმს აპატურაი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი

NATO-ს სამიტის კომუნიკეში, რომელზე ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს, ქართველებისთვის საინტერესო ოთხი ძირითადი საკითხი იქნება. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პირველი ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომ NATO-ს კარი კვლავ ღიაა. „როგორც ქართველებმა იციან, ჩვენ ახლახან მივიღეთ ორი ახალი წევრი ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენერგო. ეს არის მტკიცებულება, რომ ალიანსის კარი მართლაც ღიაა. მეორე იქნება ძლიერი გზავნილი კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით, რომ NATO ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია და საქართველოს აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ამავე დროს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას საქართველოს ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს; ვგულისხმობ, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე თქმით, მესამე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება მოიცავს შავ ზღვას. „შავი ზღვაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესებულია და ეს რუსეთის გამო ხდება. მათ შორის ყირიმის ანექსიისა და იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. მე ველოდები, რომ NATO-ს კომუნიკეში აღნიშნული იქნება არამხოლოდ ის, რომ ალიანსში ამის შესახებ იციან, არამედ ის, რომ NATO ამასთან დაკავშირებით ნაბიჯებს დგამს, მათ შორს საქართველოს და უკრაინის ჩართულობით“. მისივე თქმით, მეოთხე საკითხი იქნება ყოვლისმომცველი თემა, რომლის ფარგლებში NATO აღიარებს, რომ არსებობს გეოსტრატეგიულია კონკურენცია დემოკრატიულსა და არადემოკრატიულ სამყაროს შორის. „ეს კონკურენცია მძაფრდება. ამიტომ, NATO-ს სურს ხელი გაუწვდინოს უფრო მეტ თანამოაზრე სახელმწიფოს, ისეთს როგორიც საქართველოა, რათა კონსულტაციები ერთად გავმართოთ და ერთად ვიმოქმედოთ, არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ჩვენი საერთო ღირებულებების, ასევე სისტემებისა და სტანდარტების დასაცავად, რომელზეც დამოკიდებულია დემოკრატია. მაგალითად, გაეროს სისტემაში, ასევე სატელეკომუნიკაციო სისტემებში, ამიტომ ჩვენ და საქართველო ამ კონტექსტში მეტს გავაკეთებთ. ასე რომ, იმედი მაქვს, ქართველები ამას დააფასებენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „პირველ არხთან“.

გიორგი გახარია: ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით „ქართული ოცნება2“

„მმართველი პარტიის ინტელექტუალური და მორალური რესურსი სრულად ამოწურულია, რამაც აიძულა ბიძინა ივანიშვილი, მძაფრი განცხადება გაკეთებინა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წერილზე საუბრისას და დაამატა, რომ ივანიშვილის ეს ტონალობა მისთვის მოულოდნელი იყო მისი თქმით, ამ წერილში სიმართლეა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანივილის პროექტი არ არის და ტყუილია ამავე წერილის ნაწილი, რომ ასეთ ხმებს მისი გუნდის წევრები ავრცელებენ. „ამ განცხადებაში სხვა დანარჩენი წყალი და ბელეტრისტიკაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. ვისი ოპოზიციაა გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ გუშინდელი დღე გამხდარიყო: „მე ამის ოპოზიცია ვარ“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით „ქართული ოცნება2“, - დაამატა გიორგი გახარიამ და კობახიძის განცხადებებს შეთქმულებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი გახარიას ჩართულობით, ბოდვა უწოდა. „რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიასაც მეძახდნენ, მოვითმენ. მე ეს ტვირთი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო. ამის გამო ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. „სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა ყველაზე. რა თქმა უნდა, იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, - განცხადა გიორგი გახარიამ. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის საქმეში, როდესაც პრემიერის პოსტს იკავებდა, არასდროს ჩარეულა. ამ თემებზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვპირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პარტიის დაფუძნების შემდეგ ტელეჟურნალისტებს პირველად შეხვდა

მასშტაბური ოპერაცისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გლობალური ოპერაციისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს ამოღებულია ნარკოტიკები (8 ტონა), იარაღი, ნაღდი ფული, ძვირადღირებული მანქანები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავსტრალიის, ევროპის პოლიციისა და FBI-ს მიერ ერთობლივად აზიის რამდენიმე ქვეყანაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ერთობლივად ჩატარებული ოპერაცია ყველაზე მასშტაბურად ფასდება. ოპერაცია „მწვანე შუქი/ტროას ფარი“ 2018 წელს დაიწყეს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს სამთავროს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს მონაკოს სამთავროს ეწვევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა. მათივე ინფორმაციით, მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას – „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხის შემქმნელია. აღნიშნული სანქციები აშშ-მა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს დაუწესა. სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა.

პრემიერ-მინისტრი: მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ კვლავ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „სოლიდარობის ფონდს“ დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს ჩემი ინიციატივითა და მთავრობის სრული მხარდაჭერით „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ დავაარსეთ. ჰუმანურობისა და სოლიდარობის ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია 7 წელია წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას. ათასობით საჯარო მოხელის, კერძო მეწარმისა და მოქალაქის ძალისხმევით შეგროვილი დაახლოებით 21 მილიონი ლარი, 832 ბენეფიციარი, 4000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი – არცთუ ისე დიდი დროისთვის, ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია. ამ ციფრების უკან მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და ბედნიერი ოჯახი დგას. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას „სოლიდარობის ფონდის“ თითოეულ შემომწირველს. ეს დღე ჩვენი ერთიანობის დღეა, სიმბოლო იმისა, რომ სიკეთის კეთებისთვის გაერთიანებულ საზოგადოებას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ კვლავ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 821 ადამიანს დაუდასტურდა, 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 864 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 614 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 895-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 982 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 86, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346, საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 794, აჭარაში - 313, იმერეთში - 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 326, აჭარაში - 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 199, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 501 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 835. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 021, პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 1 098.

დღეიდან ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი განახლდა

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი. წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. შერჩეულ ფილიალში მათ ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ. ქორწინების სივრცეები უკვე გაიხსნა თელავსა და გურჯაანშიც. ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია დროებით შეჩერებული იყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო. ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების გამო ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან დროებით შეჩერებული იყო.

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

დღეს ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ,,ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად. მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი მიესალმნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო სექტორი და მედია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭრის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვრივალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სამ ძირითად სესიაზე მიმოხილული იყო სასამართლო ხელისუფლების სისტემის მულტიცენტრულობის და ორგანიზაციული მოწყობის, გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ხელმისაწვდომობის; სამოსამართლეო დისციპლინის საკითხები; ევროკავშირის სამართლის და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა. გლობალურმა პანდემიამ პროექტის გუნდს უბიძგა მეტად კონცენტრირებულიყო ანგარიშების, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე. თუმცა, ანალიტიკური კვლევების მიღმა, პროექტის გუნდმა ბენეფიციარებს არაერთი პრაქტიკული ტრენინგი, შეხვედრა და დისკუსია შესთავაზა. დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაბუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტედად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 185 კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი და საერთაშორისო კონგრესი თუ სიმპოზიუმი; 8 სასწავლო ვიზიტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გასაზიარებლად; 7 საზაფხულო და ზამთრის სკოლა - ეს არის იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ორგანიზება პროექტის გუნდმა ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში (2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე) შეძლო. პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საერთო სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი შემდეგია: სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; რეფორმის მე-4 ტალღისათვის რეკომენდაციების მომზადება; სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების გაძლიერება; ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, წლიური ანალიტიკური და განზოგადების ანგარიშების მომზადება და პრეზენტაცია; სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ინფორმატციულ-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება; მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ პორტალის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული საქმის-წარმოების სისტემის შექმნა და ვებ-გვერდის განახლება; ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; არაერთი ტრენინგი მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით; სასამართლოს მოხელეთა გადამზადების მიზნით მართლმსაჯულების სკოლის დაარსება; საკონსტიტუციო სასამართლოს ზაფხულის სკოლის მხარდაჭერა; აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრაქტიკაში გამოყენების კუთხით პროსეფიონალთა გუნდების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის ზრდასრულებზე გავრცელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

კახა კუჭავამ და აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებმა ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებს და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატებზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო. ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში მის პირველ ევროპულ ტურს იწყებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ჯერ გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს. ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შესახვედრად გაემგზავრება. ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობა მიანიშნებს იმაზე, რომ მულტილატერალიზმი გადაურჩა ტრამპის პერიოდს და ეს შექმნის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საფუძველს ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით. „ამერიკა დაბრუნდა”, - განაცხადა შარლ მიშელმა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ძალიან ძლიერი პარტნიორი გვყავს, რაც უზრუნველყოფს მრავალმხრივ მიდგომებს ... დიდი განსხვავებაა ტრამპის ადმინისტრაციასთან”, - განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს.

კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება. „ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინსპექტორი იმუშავებს. „სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროკავშირის ციფრული კოვიდსერთიფიკატი სავარაუდოდ ივლისიდან გაიცემა

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი ივლისიდან გაიცემა. ევროპის ქვეყნები გეგმავენ აამუშაონ ე.წ. კოვიდპასპორტის მექანიზმი, რომელშიც აღინიშნება მოგზაურის ვაქცინაციის სტატუსი. ევროპაში მოგზაურობას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით გახდება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი აპირებს, დაუშვას ერთიანი ციფრული კოვიდპასპორტის გამოყენება, რომელიც გზას გაუხსნის მთელ კონტინენტზე თავისუფალი გადაადგილების აღორძინებას და კოვიდსერთიფიკატის მფლობელი, მოგზაურობას ზედმეტი ფორმალობების გარეშე შეძლებს. ევროპარლამენტარი ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარი ამბობს, რომ პასპორტი ძალაში პირველი ივლისიდან შევა. მისი თქმით, პრინციპული მოთხოვნაა, რომ დოკუმენტი უფასოდ, ავტომატურად გაიცემოდეს. ჰოლანდიელი ევროპარლამენტარის ინტ ვალდის თქმით, სად შეძლებენ ადამიანები ამ პასპორტის მიღებას, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ. მისი თქმით, პასპორტის საჭიროება არ აქვთ ბავშვებს, სერთიფიკატის მისაღებდ კი სამი საშუალება არსებობს: 1. ვაქცინაცია; 2. უარყოფითი კოვიდტესტი; 3 საბუთის წარდგენა, რომ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი და იმუნიტეტი გაგაჩნიათ. როგორც ევროპარლამენტარები ამბობენ, კოვიდპასპორტებისთვის მიღებულ პირად მონაცემებს, მკაცრად გაუფრთხილდებიან და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული იქნება. ცნობისთვის, SInopharm-ით და Sinovac-ით აცრილებს სლოვენიამ და ესპანეთმა საზღვრები გაუხსნეს.

გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს - მსოფლიო ბანკი

გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია, ძირითადად რამდენიმე წამყვან ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის გამო. თუმცა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა კვლავ ებრძვის COVID-19 -ის პანდემიას და მის შედეგებს. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. აღდგენის მიუხედავად, წარმოების გლობალური მოცულობის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე 2% -ით ნაკლები იქნება. შემოსავლის დანაკარგები ერთ სულ მოსახლეზე ძველ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადი ქვეყნების ორი მესამედისთვის. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია, პანდემიის ზემოქმედებამ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით მანამდე მიღწეულ შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია, დაამძიმა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა და სხვა გრძელვადიანი გამოწვევები წარმოქმნა. „გლობალური აღდგენის მიმართულებით არსებული ნიშნების მიუხედავად, პანდემია განაგრძობს სიღარიბის და უთანასწორობის გაღრმავებას მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით, აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ძალისხმევა ვაქცინის განაწილების დასაჩქარებლად და ვალის შესამცირებლად, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კრიზისის შემსუბუქებასთან ერთად, პოლიტიკის შემმუშავებლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პანდემიის გახანგრძლივებულ ზემოქმედებაზე მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად.“ განვითარებული ქვეყნებიდან აშშ -ს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს სავარაუდოდ 6.8%-ს მიაღწევს, რაც ასახავს ფართომასშტაბიან ფისკალურ მხარდაჭერას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. სხვა მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი ასევე, თუმცა უფრო ნაკლებად მტკიცეა. ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებს შორის მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5 %-ს მიაღწევს, რაც ასახავს დაგროვილი მოთხოვნის უზრუნველყოფას. მთლიანობაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი წელს 6%-ს მიაღწევს, რაც გამყარებული იქნება მაღალი მოთხოვნით და გაზრდილი სასაქონლო ფასებით. თუმცა, აღდგენა ბევრ ქვეყანაში COVID-19 -ის შემთხვევების ზრდით და ვაქცინაციის პროცესის პროგრესის ჩამორჩენით, ისევე როგორც ზოგიერთ გარემოებებში მხარდაჭერის შეწყვეტით ფერხდება. ჩინეთის გარდა ქვეყნების ამ ჯგუფში მოსალოდნელია შედარებით მოკრძალებული ზრდა (4.4%). აღდგენის პროცესის მაჩვენებელი ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს სავარაუდოდ 4.7% იქნება. და მაინც, სარგებელი ამ ქვეყნების ჯგუფში არ არის საკმარისი 2020 წლის რეცესიის დროს განცდილი ზარალის დასაძლევად. წარმოების გამოსავალი 2022 წელს სავარაუდოდ 4.1% -ს მიაღწევს, რაც დაბალია პანდემიამდე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე. შემოსავალი ერთ სულზე ბევრ განვითარებად ქვეყანაში სავარაუდოდ, ასევე პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ ჩამოვა და დანაკარგები გააუარესებს ჯანდაცვასთან, განათლებასთან და ცხოვრების სტანდარტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჯერ კიდევ COVID-19 -ის კრიზისამდე იყო მოსალოდნელი, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იმპულსს დაკარგავდა, და ეს ტენდენცია პანდემიის დამაზიანებელი ზემოქმედებით სავარაუდოდ გაძლიერდება. პროგნოზის მიხედვით, ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წელს, 2020 წლის გარდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება, რაც ნაწილობრივ ვაქცინაციის მეტად დაბალ ტემპს ასახავს. აღნიშნულ ქვეყნებში ზრდა სავარაუდოდ 2.9%- ით მოიმატებს 2021 წელს ვიდრე 2022 წელს 4.7%-მდე გაიზრდება. ამ ჯგუფის გამოსავლის დონე 2022 წელს პროგნოზის მიხედვით 4.9%-ს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაბალია. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის ანალიტიკური თავი იკვლევს, თუ როგორ შეუძლია სავაჭრო ხარჯების შემცირებას (მაგალითად, ლოგისტიკასთან და სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით), ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა განვითარებად ბაზრებზე ვაჭრობის სტიმულირებით. გასული 15 წლის განმავლობაში კლების მიუხედავად, სავაჭრო ხარჯები ამ ქვეყნებში თითქმის ორჯერ მაღალი რჩება ვიდრე მოწინავე ქვეყნებში, უმეტესწილად ლოგისტიკური და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების გამო. სავაჭრო პროცესის და განბაჟების მოთხოვნების გამარტივების ძალისხმევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და მართვის გასაუმჯობესებლად ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას და გააძლიერებს კონკურენციას ადგილობრივ ლოგისტიკაში, საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, რასაც ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა შეუძლია. „კავშირები სავაჭრო და გლობალური ღირებულების ჯაჭვების მეშვეობით ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამაც ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელი გახადა სიღარიბის დაძლევა. თუმცა, არსებული ტენდენციის მიხედვით, გლობალური ვაჭრობა შენელებული იქნება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. განვითარებადი ქვეყნების მიერ COVID-19 -ის პანდემიის დამარცხების პარალელურად, სავაჭრო ხარჯების შემცირებას შეუძლია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში ჩართულობის და ვაჭრობის ზრდის აღდგენას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანასწორი ეკონომიკური ზრდის და ფინანსური ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით ჯილმა. ანგარიშის მომდევნო თავი წარმოგვიდგენს ანალიზს გლობალური ინფლაციის ზრდის შესახებ, რომელიც თან ახლავს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას. უკანასკნელი ხუთი გლობალური რეცესიიდან 2020 წლის გლობალურმა ეკონომიკურმა ვარდნამ, ინფლაციის უმნიშვნელო კლება და შემდგომი უსწრაფესი მატება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ინფლაცია სავარაუდოდ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ზრდას გააგრძელებს, ინფლაციის ტარგეტირების განმახორციელებელი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის სამიზნე დიაპაზონში დარჩენა. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს, რეაგირება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადმოსახედიდან შეიძლება გამართლებული არ იყოს, თუ აღნიშნული მოვლენა დროებითია და ინფლაციის მოლოდინის მდგრადობის შენარჩუნება ხდება. „მაღალმა გლობალურმა ინფლაციამ მომდევნო თვეებში შესაძლოა დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით განვითარებადი ქვეყნების არჩევანი გაართულოს, რამდენადაც ზოგიერთი აღნიშნული ქვეყანა მდგრადი აღდგენის უზრუნველსაყოფად კვლავ მხარდაჭერის ღონისძიებებზეა დამოკიდებული. თუ ვალის რეკორდულად მაღალ დონესთან დაკავშირებული რისკები არ აღმოიფხვრა, ეს ქვეყნები ფინანსური ბაზრის სტრესის მიმართ მოწყვლადი დარჩება, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციური წნეხის შედეგად ინვესტორთა განწყობის გაუარესების შემთხვევაში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ. სურსათზე ფასების ზრდას და აგრეგატული ინფლაციის დაჩქარებას ასევე შეუძლია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სურსათის ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევების შექმნა. ამ ქვეყნებში პოლიტიკის შემმუშავებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინფლაციის მზარდ მაჩვენებლებს არ მოჰყვეს ინფლაციის მოლოდინების შესუსტება და შეეწინააღმდეგონ სუბსიდიებს ან ფასების კონტროლს, რომ თავიდან იყოს აცილებული გლობალური სასურსათო ფასების ზრდა. გაცილებით ეფექტური იქნება სოციალური დაცვის პროგრამების გაფართოებაზე ფოკუსირებული პოლიტიკა, ლოგისტიკის გაუმჯობესება და ადგილობრივი სურსათის მიწოდების კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ამაღლება. მსოფლიო ბანკის ჯგუფის საპასუხო ღონისძიებები COVID-19 -ის პანდემიის მიმართ COVID-19 -ის პანდემიის დაწყებიდან მსოფლიო ბანკის ჯგუფმა დაახლოებით 125 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი გამოყო თავისი ისტორიის მანძილზე უსწრაფესი და უდიდესი კრიზისით - პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ საპასუხო ღონისძიებების განსახორციელებლად ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოციალური მიმართულებით. დაფინანსება 100 -ზე მეტ ქვეყანას პანდემიის მიმართ მზადყოფნის ამაღლებაში, ღარიბი მოსახლეობის და სამუშაო ადგილების დაცვაში და კლიმატზე ფოკუსირებული აღდგენის დაწყებაში ეხმარება. ასევე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ბანკი 12 მლრდ. აშშ დოლარს გამოუყოფს COVID-19 -ის ვაქცინების, ტესტების და სამკურნალო საშუალებების შეძენისა და განაწილებისთვის.

რუმინეთის ახალმა ელჩმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუმინეთის ახალ დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დინამიური საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ დღეს, პარლამენტი ძლიერი და პლურალისტურია და იგი ოპოზიციისთვის ბევრ შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ბერკეტებს უზრუნველყოფს. ხაზი გაესვა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ელჩის თქმით, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.