ძებნის რეზულტატი:
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმა 6%-მდე გაზარდა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის მსოფლიო ბანკმა 6%-მდე გაზარდა. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკმა ასევე განაახლა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც - 2021 წელს სომხეთში 3.4%-იანი ზრდა, აზერბაიჯანში - 2.8%-იანი ზრდა, თურქეთში - 5%-იანი ზრდა, რუსეთში - 3.2%-იანი ზრდა, უკრაინაში კი 3.8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 28%-ით შემცირდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 125.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია. წინასწარი მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ამის მიზეზად დასახელებულია რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 125.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2021 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო(მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5%);რუსეთი (25.4%);თურქეთი (19.5%).2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და მთლიანი მოცულობის 74.9% შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი (28.3%) და მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი (22.2%).
ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა. როგორც ცნობილია, საფრენი აპარატი წვრთნების ფარგლებში მოქმედებდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკარგული პილოტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სასაზღვრო პოლიციისა და საჰაერო ძალების დანაყოფები მონაწილეობენ.
კელი დეგნანი: მოუთმენლად ველით კიდევ მრავალ წარმატებულ თანამშრომლობას, რათა საქართველო გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში
„მოუთმენლად ველით კიდევ მრავალი წარმატებული თანამშრომლობის წელს ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო წარმატებული, ინკლუზიური და უფრო დემოკრატიული ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებს აშშ-სა და საქართველოს ორმაგი აკრედიტაციის მქონე დიპლომების მიღება მიულოცა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ვულოცავთ საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებს აშშ-სა და საქართველოს ორმაგი აკრედიტაციის მქონე დიპლომების მიღებას. კურსდამთავრებულები გააგრძელებენ მუშაობას STEM-ის უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმია და კომპიუტერული მეცნიერება. უნარებზე დაფუძნებულ დღევანდელ ეკონომიკაში მსგავსი კურსდამთავრებულები სასიცოცხლო როლს შეასრულებენ საქართველოს ეკონომიკის შენებაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უფრო წარმატებული და დინამიური სახელმწიფოს ხელშეწყობაში. საქართველოში STEM განათლების ხელშესაწყობად აშშ-ის მთავრობა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობით ამაყობს. სან-დიეგოს უნივერსიტეტმა საქართველოში ხელი შეუწყო ქვეყანაში უმაღლესი STEM განათლების სახეცვლას და პარტნიორ უნივერსიტეტებს ინფრასტრუქტურისა და კურიკულუმის განახლებაში დაეხმარა. შეერთებული შტატები, ათასწლეულის ფონდი და სან-დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში STEM განათლების გაძლიერების ერთგული რჩება. მოუთმენლად ველით კიდევ მრავალი წარმატებული თანამშრომლობის წელს ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო წარმატებული, ინკლუზიური და უფრო დემოკრატიული ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა. ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა. 2016 წლიდან ის იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. კურირებდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა. გარდა ამისა, უწყებრივ კოორდინაციას უწევდა ასოცირების შესრულებისა და ევროკავშირის დახმარების საკითხებს. 2012 -2016 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამასთან, 2013 წელს გახლდათ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2005 -2009 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი გახლდათ, ხოლო 2009 - 2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2004 – 2005 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი მუშაობდა ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2002 - 2004 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, ასევე იყო ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინგეტრაციის სამმართველოს უფროსი. 2001- 2002 წლებში მუშაობდა ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივნის თანამდებობაზე. 2000 -2001 წლებში ვახტანგ მახარობლიშვილი გახლდათ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე. 2011 წელს, ვახტანგ მახარობლიშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ნატალი საბანაძე: საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, ვიდრე ე.წ. ინდური შტამი დომინანტი გახდება
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებმა უფრო მეტი ადამიანი მანამდე უნდა აცრას, ვიდრე ქვეყანაში ე.წ. ინდური ვარიანტი დომინანტი გახდება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დელტა შტამი ანუ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი უკვე გახდა დომინანტური შტამი ბრიტანეთში, რაც შეადგენს ახალ შემთხვევათა დაახლოებით 60% -ს. ფაუჩის თქმით, ე.წ. ინდური ვარიანტი უფრო გადამდებია და ჰოსპიტალიზაციის რისკებს ზრდის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში ახალი შემთხვევების 6%-ზე მეტი ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის. „დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური ვარიანტი დომინანტი ვარიანტი ხდება. ის ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს ანაცვლებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს შეერთებულ შტატებში მოხდეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნენ
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ლაშა დარსალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა, იგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია. დარსალია 2017 – 2018 იკავებდა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე: 2008 – 2009 ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად; 2009 – 2016 უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად; 2016-2017 საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად; 2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე: 2002-2004 ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით; 2004 ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერად აზერბაიჯანში; 2004 - 2005 ორგანიზაციის წარმომადგენლად, პროექტების მენეჯერად სომხეთში; 2005 – 2006 სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ კი თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა. ჯანჯალია დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობს. 2018 -2021 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2018 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში; 2012-2013 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2012 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2007-2008 წწ. - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის რესპუბლიკაში; 2004-2007 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი. ცნობისთვის, საგარეო უწყებაში ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა. მახარობლიშვილი 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მან ელჩის თანამდებობაზე ნატალია საბანაძე შეცვალა, რომელმაც 21 მარტს თანამდებობა დატოვა.
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დასრულდა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა, გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები. როგორც აღინიშნა, ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4 800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი – ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. ამასთან, ექვსიდან დან 11-მდე გაზრდილია გაფრენის ზონაში სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა, ხოლო მოფრენის მხარეს 8-დან 14-მდე. გარდა ამისა, ოფიცალური მონაცემებით, კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2 000-მდე გაიზარდა. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს შვიდი გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1 200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ტერმინალის გაფართოება/აღჭურვა 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა (110 მლნ.ლარი). აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.
ლიეტუვის პრეზიდენტი: ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, NATO-ს სამიტზე დაიცვან უკრაინის და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, NATO-ს სამიტზე ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინას უფრო მტკიცედ დაუჭერენ მხარს. „ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან NATO-ს სამიტის წინ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მტკიცე შეკავება, გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და მუდმივად შევიტანოთ წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადაპტაციაში. ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ დაიცვან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე. NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
9 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 184 718 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 54 474 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 5980-მა ადამიანმა გაიკეთა.
ამირან გამყრელიძე: საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ. ამის შესახებ მან მედია ვებინარზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი. ამირან გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ. „თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან, შესაძლოა, აცრის შესაძლებლობა მიეცეთ
უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა მიეცემათ“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. "გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი მუშავდება და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წინასწარ ვერ განვაცხადებ. უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობთ, რომ მიეცემათ ამის შესაძლებლობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნამახვანჰესის პროექტს, იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბარი ინვესტორთან. „რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ვესაუბრებით ინვესტორს და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. „რიონის მცველები“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობას 5 თვეზე მეტია, აპროტესტებენ.
ამირან გამყრელიძე: ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება ვაქცინის მესამე დოზა
"ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება. "საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს", - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 821 ადამიანს დაუდასტურდა, 866 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
ჯუანშერ ბურჭულაძემ და სლოვაკეთის ელჩმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს
საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ის ძირითადი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის ელჩთან საქართველოში პაველ ვიზდალთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სლოვაკეთის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების კონტრიბუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ NATO-ს მეტ ჩართულობას საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ისაუბრეს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის განვითარებაში სლოვაკეთის კონტრიბუცია. შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ივან კმეტიც დაესწრო, რომელმაც დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და გამოსამშვიდობებელი შეხვედრებისთვის ანკარიდან ჩამოვიდა. მინისტრმა სლოვაკ ოფიცერს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა: იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-19 წლებში მიჩნეული იყო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად, რამაც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა მისი სწრაფად განახლების განხორციელება და პანდემიის მიუხედავად, ერთი დღითაც არ შეფერხებულა ეს პროექტი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია. "პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია დაფრინავდა 33 მიმართულებით, ხოლო წელს, მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დასრულდა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა, გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.
ნიკა მელია: შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე გაგიყვანოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯმდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ბოიკოტის შემდგომი პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილების განმარტებით დაიწყო. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ დარბაზის დატოვებას რაც შეიძლება მალე, პარლამენტის თითოეულ წევრთან ერთად აპირებს. „მე აქ შემოვედი, რათა თითოელი თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ მიეცეს საზოგადოებას ნამდვილი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობა, ზუსტად იმ პროპორციით და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება თქვენთვის გაიმეტებს“, - მიმართა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ
ამირან გამყრელიძე: სხვადასხვა ვაქცინის დოზის შერევა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დასაშვებია აცრისას მსურველმა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა გაიკეთოს, მაგრამ რეკომენდებულია, რომ 2 დოზით აცრისას მაინც ერთი და იგივე ვაქინა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მან ვებინარზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინების შერევის პრეცედენტი უკვე დაუშვა. "როცა საჭირო გახდება მესამე დოზით აცრა, მაშინ თავისუფლად შესაძლებელია იყოს სხვა [ვაქცინა]. ისე როგორც გრიპის ვირუსზე ვაკეთებთ, 1 წელიწადში შეიძლება ვიყოთ აცრილები ერთი ვაქცინით, მეორე წელს სხვა მწარმოებლის ვაქცინით. აქაც შეეძლებათ, ვინც ორჯერ აცრილია AstraZeneca-თი, მერე აიცრას Pfizer-ით ან Sinovac- ით ან Sinopharm-ით. ვინც ორჯერ აცრილია Sinopharm-ით, მერე აიცრას Pfizer-ით ან AstraZeneca-თი, 8 თვის შემდეგ, ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, მეორე დოზით აცრის შემთხვევაშიც შესაძლებელია იგივე, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარეობს. "ესეც პრინციპში დასაშვებია თეორიულად და პრაქტიკულადაც. მაგრამ ჯერჯერობით რეკომენდაციაა - თუ ერთით ხართ აცრილი, იგივე გაიკეთეთ. მაგრამ თუ გინდათ და აუცილებლობაა, შესაძლებელია. მაგალითად, AstraZeneca-ს გაკეთება უფრო მეტად რეკომენდებულია 8-12 კვირის შემდეგ და გეჩქარებათ, რომ მეორე დოზა გაიკეთოთ, შესაძლებელია - ან Pfizer-ი, ან Sinovac-ი ან Sinopharm-ი. ამაში დიდ პრობლემას მე პირადად ვერ ვხედავ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ საქართველოს მოქალაქეს ერთხელ აცრის შემდეგ სურს მეორე დოზით სხვა ვაქცინით აცრა, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში უნდა დაწეროს, ხოლო შესაბამის ნებართვას მსჯელობის შემდეგ ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი გასცემს.
ვარლამ გოლეთიანი მთავრობას: 100-წლიანი ხელშეკრულების 49-ად გადაკეთება პრობლემას ვერ გადაჭრის
"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებებებს გამოეხმაურა. გოლეთიანის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდში საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ აქვთ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ნათია თურნავა მას არ ეთანხმება. გარდა ამისა, რიონი ხეობის მცველი მიიჩნევს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებების გასამართად მისვლამდე მთავრობის წევრები იმ ადამიანებთან უნდა მისულიყვნენ, ვინც ეს პრობლემა დააყენა. "საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა მათ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, მათ არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორი მიდგომაა. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა", - განაცხადა გოლეთიანმა. დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროექტის გაუმჯობესებისთვის. "ამ მიზნით ექსპერტები უკვე მუშაობენ - 15-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც გვქონდა ერთი თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით მათ უკუკავშირს, თუ რა აღმოაჩინეს კვლევებში, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო", - აღნიშნა თურნავამ. მინისტრის თქმით, ასევე მიდის მუშაობა ინვესტორთან, რათა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და პირველ რიგში, ეს უკავშირდება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარის ვადას - 99 წლით გადაცემას ეხება. "მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება", - განაცხადა თურნავამ. ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი, არსებული პირობებით აღარ გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტრო: ნინოწმინდის პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, დარჩენილ 28 არასრულწლოვნზე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ
ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების - „ვორლდ ვიჟენის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეები პანსიონატში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ჩამოვედით ნინოწმინდის პანსიონატში იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ არსებულ მდგომარეობაზე, შევაფასოთ ვითარება და განვიხილოთ სამომავლო გეგმები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული ფორმატით იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ეს არის ჩვენი მიზანი. მნიშვნელოვანია ბავშვების შეფასების პროცესი, რათა მათი საუკეთესო ინტერესი იყოს გამოვლენილი, ისევე როგორც ოჯახების შეფასება. პრიორიტეტულია ოჯახი, ოჯახური გარემო, ოჯახში ინტეგრაცია. ეს არ არის მარტივი პროცესი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი. ამაში პროფესიონალების ჩართულობა არის საჭირო. ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ როგორც აქ, ასევე გადაყვანის პროცესზე. ოჯახში გადაყვანის პროცესი ბავშვებისთვის უნდა იყოს უმტკივნეულო. საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალური მიდგომაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა. ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობის, საჭიროებების შესწავლისა და შეფასების პროცესი კვლავ გრძელდება. მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრებები და რეაგირების ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო სახლებში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას. ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია. ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული. პანსიონატში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.