ძებნის რეზულტატი:

აშშ გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების "ექსტრემისტულ" ორგანიზაციებად გამოცხადებას

აშშ გმობს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყებტილებას, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სამი ორგანიზაციის „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების შედეგად ორგანიზაციის წევრებს, მოხალისეებს და ათასობით მხარდამჭერს რუსეთის მასშტაბით ემუქრება სისხლისსამართლებრივი დევნა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დგანან. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა კანონგარეშედ გამოაცხადა ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა. "სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე რეპრესიების გაფართოებაზე მიანიშნებს. თავად ბატონი ნავალნი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, იგი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად შეთხზული მიზეზების გამო. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს არაძალადობრივი ორგანიზაციების ექსტრემისტებად გამოცხადება, რეპრესიები ალექსეი ნავალნის და მისი მომხრეების წინააღმდეგ და შეასრულოს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა

თეა წულუკიანმა ის 12 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომლებსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც სამინისტრო მიმდინარე წელს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსებს. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტრომ 12 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. ესენია: 1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა; 2.ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 4. ქართული კინოს ხელშეწყობა; 5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა; 7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა; 8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა; 9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები; 10. ინოვაციური და თავისუფალი პროექტები; 11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა; 12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება. სამინისტრო პრიორიტეტული ჯგუფებისთვის დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.

შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს "ლა-გრანჟის" ვილაში გაიმართება, რომელიც ჟენევაში, ამავე სახელწოდების პარკში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე აქვეყნებს. "16 ივნისს ცნობილი ვილა "ლა-გრანჟი" ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლებს. შვეიცარია მადლობას უხდის ორ ქვეყანას ჟენევის არჩევით გამოხატული ნდობისთვის“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში. ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

პარლამენტის კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობისა და კვოტების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობა ოთხი ფრაქციის, ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრით განისაზღვრება. პარლამენტში ახალი პოლიტიკური პარტიების შემოსვლიდან გამომდინარე, ასევე განისაზღვრა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები კომიტეტებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

"რესპუბლიკელი" სენატორი რობ პორტმანი: ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ს უნდა მოუწოდოს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებისკენ

სენატორ რობ პორტმანის განცხადებით, აუცილებელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი უკრაინის და საქართველოს ძალისხმევას, მიაღწიონ NATO-ს წევრობას. ამის შესახებ სენატორი Twitter-ზე წერს. "აუცილებელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს უკრაინისა და საქართველოს ურყევი მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანების კუთხით. ამერიკამ უნდა გააგრძელოს თავისი ხალხის გვერდით დგომა, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული, წარმატებული და დამოუკიდებელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - წერს სენატორი. გამოცემა NPR-თან ინტერვიუში სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მკაცრად უნდა დასვას საქართველოზე, უკრაინასა და ბელარუსზე რუსეთის ზეწოლის საკითხი. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში არსებობს ქვეყანა, რომელმაც სუვერენული საზღვრები დაარღვია, საქართველოს და უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ამ რაიონებში მილიტარიზაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევას განაგრძობს. "ჩვენ სამ ქვეყანაში ვიყავით. ერთი იყო ლიეტუვა, სადაც ყურადღება გამახვილდა ბელარუსის სიტუაციაზე. მეორე, ჩვენ უკრაინაში წავედით, შემდეგ კი საქართველოში. სამივე ქვეყანაში რუსეთი ახდენს დამატებით ზეწოლას. მათ შორის არსებობს სამხედრო საფრთხეები, დეზინფორმაცია და კიბერშეტევა. პრეზიდენტმა, როდესაც ის შეხვდება ვლადიმერ პუტინს, უნდა დააყენოს ყველა ეს საკითხი", - აცხადებს სენატორი. სენატორმა პორტმანმა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა გამოცემა Wall Street Journal-შიც. როგორც რესპუბლიკელი სენატორი აღნიშნავს, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ს უნდა მოუწოდოს საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ და ხელი შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს გაცემული დაპირების შესრულებას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვია. სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს EXCLUSIVE: სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ სენატორი რობ პორტმანი: აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით სენატორი რობ პორტმანი: საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში სენატორი რობ პორტმანი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ

პარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს-რეზო გაბრიაძეს, ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ. საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ NATO-ს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციტივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა კუჭავა: სექტემბრამდე გადაწყდება საპარლამენტო კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი

საპარლამენტო კომიტეტებსა და კომისიებში ფრაქციების წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებით კონსულტაციები საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გაგრძელდება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. „პარლამენტი განიხილავს და სექტემბრამდე გადაწყდება კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი და მაქსიმალურად შეეცდება დაკმაყოფილდეს ყველა დეპუტატის მოთხოვნა“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი პარლამენტში ახალი პოლიტიკური პარტიების შემოსვლამ გამოიწვია. პარლამენტის კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა

ილია მეორე: მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. "ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ გვიწერია იგივე გზა, ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. მე მოგილოცეთ ეს დღესასწაული და სიტკბო მოგიტანეთ, რასაც თქვენ ხედავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა ილია მეორემ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 13 ადამიანი, თბილისში, თელავსა და ქუთაისში დააკავეს. „ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. დანაშაულები 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ – ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს – მ.მ.-ს დაავალა. ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, პოლიციამ ოთხი ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები. "პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ. დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს), 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის - AXEL ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და თიბისი ბიზნესი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ხვალ ბათუმის ,,სასუქების ტერმინალი'' იხსნება

ხვალ, 11 ივნისს, 13:00 სთ-ზე ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი, აჭარის რეგიონიდანაა. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას. პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მათ შორის, ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ცნობისთვის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით,ადგილობრივი მედია ავრცელებს. "10 ივნისს რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლივერ ჩაუშევსკაია-დიმოვსკაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას გადასცეს ნოტა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებული „უსაფუძვლო გადაწყვეტილების“ პასუხად გადაიდგა, როდესაც სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, 14 მაისს ქვეყანაში რუსეთის ელჩი სერგეი ბაზდნიკინი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას გადასცეს ნოტა, რომელშიც მითითებული იყო რომ დიპლომატს ბალკანეთის რესპუბლიკის ტერიტორია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიჩნია არაკეთილსინდისიერ ქმედებად და მიუთითა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

შრომის ინსპექცია: ქორწილში ათ კაცზე მეტის დასწრება ისევ აკრძალულია

შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ქორწინების ხელისმოწერის სერვისის ჩატარების ნებართვა სოციალურ ღონისძიებასთან გააიგივა. უწყების განმარტებით, ქორწილის დროს სოციალური ღონისძიების გამართვა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარით ჯარიმდება. "როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის - ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების - ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა. შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია

დღეს საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. "საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს

"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა. "საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, - წერს გიტანას ნაუსედა. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ Facebook-შიც გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ლიეტუველებს "გამარჯობა საქართველო. დღეს დაიწო ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მთავარი მიმართულებები - ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და რეფორმის განხორციელება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, ასევე მეგობრული და კულტურული კავშირების დამყარება. საქართველო არის ღრმა ისტორიების, უნიკალური ენის, შთამბეჭდავი ბუნებისა და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა. ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ჩვენ", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი. ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან

ხათუნა ზახაშვილი: მხოლოდ აცრის შემთხვევაში არ გვეყოლება ამდენი გარდაცვლილი, რაც შემზარავია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ არ გვექნება კოვიდინფიცირების მძიმე შემთხვევები და არ იქნება გარდაცვალების ის მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც მედია ყოველდღიურად აანონსებს. ამის შესახებ მან ,,რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის. ამიტომ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ივლისიდან გააქტიურდნენ. ,,ჯერჯერობით საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ივლისიდან, ყველამ ერთად უნდა გავააქტიუროთ ეს პროცესი და ძალიან სწრაფად შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტმა (ვისთვისაც შესაძლებელია ვაქციანაცია) ვიყოთ ვაქცინირებული. ყველამ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ არ გვექნება მძიმე შემთხვევები კოვიდის და არ გვექნება სიკვდილის ის შემაშფოთებელი რიცხვები, რომლებსაც ყოველდღე აანონსებთ და საკმაოდ შემზარავია", - განაცხადა ზახაშვილმა. ცნობისთვის, 10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 705 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14. დღევანდელი მონაცემებითვე, საქართველოში ვაქცინაცია ბოლო 24 საათში 6 184 ჩაიტარა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 191 001-მა მოქალაქემ გაიარა.

მოქალაქეებს „112“-ის მიმართ დაგროვილი დაახლოებით, 4 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერებათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს „112“-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთა ავტომობილიც, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი. ამასთან, მათ სრულად ჩამოეწერებათ „112-ის“ წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ. "4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. რეზო გაბრიაძე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს, საზოგადოებამ ის ტაძრიდან ტაშით გააცილა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები. საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა. BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს

რაზეა დამოკიდებული საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დაწყება? - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა და რა განაპირობებს მას. როგორც ზახაშვილმა ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ქვეყანაში მეოთხე ტალღის დაწყება დიდწილად დამოკიდებული იქნება არა შტამების ცირკულირებაზე, არამედ იმაზე თუ რა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაატარებენ. ,,ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ შტამების ცირკულაციაზე, დღეისთვის რა მონაცემიც არსებობს, როგორც ცნობილია, მუტირებული ვერსია ცირკულირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ქვეყანში გამოვლინდება ახალი ვარიანტი, მით უფრო მაღალი არის ქვეყნის რისკი, რომ ახალი ვარიანტის მასიური შემოსვლა მოხდეს ქვეყნის შიგნით, რაც დაკავშირებული იქნება შემდგომი შემთხვევების მატებასთან. მართალია, გავრცელების ტემპი დელტა ვარიანტს აქვს უფრო მაღალი, მაგრამ ჯერჯერობით ისიც ფაქტია, რომ მრავალ ქვეყანაში, სადაც ალფა ვერსია ცირკულირებს, მისი ჩანაცვლება დელტამ ვერ შეძლო , ეს გვაქვს ერთგვარ საიმედოდ, შესაძლებელია ეს პროცესი რამდენადმე გახანგრძლივდეს, თუმცა ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვუყურებთ სიტუაციას. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოცირკულირე ვარიანტების არსებობაზე ქვეყანაში, ბევრად არის დამოკიდებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც დავახვედრებთ ამ მოცირკულირე ვარიანტებს. ჩვენ რაც შეგვიძლია დავახვედროთ ამ ვარიანტებს, პირველ რიგში ეს არის სრული ვაქცინაცია და ყველა შემაკავებელი ღონიძისძიებების დაცვა, როგორიცაა - ნიღბის ტარება, დისტანცია, ჰიგიენა", - განაცხადა ზახაშვილმა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ვირუსის სხვა ახალი ვარიანტები არ დაფიქსირებულა და ცენტრი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ,,ამ მხრივ სიახლე არ გვაქვს, მაგრამ მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, რომ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად საეჭვო შემთხვევაში, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი ახალი მოცირკულირე შტამების შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით განახლება არაფერი გვაქვს, მდგომარეობა იდენტურია. ახალი ვირუსის ცირკულაცია ქვეყნის ტერიტორიაზე ჯერ რეგისტრირებული არ არის", - ამბობს ზახაშვილი. ცნობითვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღის გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება.