ძებნის რეზულტატი:

რუსეთში გამართული საფეხბურთო მატჩიდან სამშობლოში დაბრუნებულ ფინელ გულშემატკივრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტი რუსეთში გამართული საფეხბურთო მატჩიდან სამშობლოში დაბრუნებულ ფინელ გულშემატკივრებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, ფინეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების დაახლოებით 100 გულშემატკივარს, რომლებიც თავიანთი გუნდის თამაშებს რუსეთში ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომაც საჭიროა გულშემატკივრებმა ტესტირება ჩაიტარონ. ფინეთმა ორი მატჩი ჩაატარა სანკტ-პეტერბურგში, უეფას 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის განმავლობაში.

თავდაცვის მინისტრი ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბათუმში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრებს მასპინძლობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა გაუწიეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს HMS DEFENDER დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ხომალდზე გამართულ მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრნენ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას ისახავს. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნებსაც გამართავენ.

საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებაზე: საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის 7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 7 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა. „საქართველო აგრძელებს ევრო-რეგულაციებსა და ევრო-დირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყანადაა აღიარებული. ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მთლიანობაში ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა. შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120-130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებითაა ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ დახმარების პროგრამებში. დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.). ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. აღნიშნული მიღწევების შედეგად, 2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.

BBC-ი: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შავ ზღვაში შემოსულ გემს HMS Defender-სა და ბრიტანეთის არმიას ეხება კენტში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. როგორც ცნობილია, დოკუმენტების ნაწილში განხილულია, რა შესაძლო რეაქცია ექნება რუსეთს გემის კურსთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის ახლოს ჩაივლიდა. ასევე განხილულია ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებული გეგმები, მას შემდეგ რაც აშშ და NATO-ს ძალები რეგიონს დატოვებს. BBC-ის ცნობითვე, აღნიშნული დოკუმენტების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თითქმის 50 გვერდიანი დოკუმენტები მოქალაქემ ავტობუსის გაჩერებაზე იპოვა. როგორც სტატიაშია აღნიშნული მოქალაქე მას შემდეგ დაუკავშირდა BBC-ის, რაც დოკუმენტების შინაარს გაეცნო. გამოცემა მიიჩნევს, რომ დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა სამეფო ფლოტის ტიპის 45 გამანადგურებელს, HMS Defender- ს, მიუთითებს, რომ მისია აღწერილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ. HMS Defender-ის შავ ზღვაში გაგზავნა აღწერილია "უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უწყინარ" შესვლად. ოპერაცია იმ მოლოდინით ჩატარდა, რომ რუსეთს აგრესიული რეაქცია იქნებოდა. უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შემდეგ გემს თან მიჰყვებოდა რუსული ხომალდები. მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას უარყოფს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება. BBC-ი წერს, რომ ოპერაცია Ditroite, აქტიური განხილვის საგანი იყო. დოკუმენტებში რუსეთის რეაქციის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია განხილული. დოკუმენტებში განხილულია ორი მარშუტი ერთი შეფასებულია "უსაფრთხო და პროფესიონალური პირდაპირი ტრანზიტი ოდესადან ბათუმში", რომელიც ასევე ყირიმის ახლოს გასვლას მოიცავდა. ეს კურსი ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა გამოეხატა, რა საზღვაო ტერიტორიას მიიჩნევდა დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტირულ წყლებად. რუსეთის შესაძლო რეაქცია შეფასებული იყო სკალაზე "უსაფრთხო და პროფესიონალური" "არც უსაფრთხო და არც პროფესიონალური". ალტერნატიული კურსით HMS Defender-ი ყირიმის ახლოს არსებულ ტერიტორიულ წყლებს არ გაივლიდა. დოკუმენტის თანახმად, ამ კურსით თავიდან იქნებოდა აცილებული დაპირისპირება რუსეთთან, მაგრამ არსებობდა რისკი, რომ გადაწყვეტილებას რუსეთი გამოიყენებდა და სიტუაციას ისე წარმოაჩენდა, თითქოს დიდ ბრიტანეთს ეშინია, ან გარბის. საშუალებას მისცემდა რუსეთს გამოეცხადებინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო რუსეთის პრეტენზიები ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებზე. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, როგორც მოსალოდენელია სამინისტრო ყურადღებით გეგმავს თავსი ნაბიჯებს და ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა ფაქტორს ითვალისწინებს. BBC-ი წერს, რომ დოკუმენტები ადასტურებს, რომ HMS Defender-ის მისია შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის გათვლილი გადაწყვეტილება იყო, რომლის მიზანიც, რისკის მიუხედავად, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო. ცნობისთვის, 26 ივნისს ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი "HMS DEFENDER" შემოვიდა.

საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ,,ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელგიამ 24 ქვეყნიდან მოგზაურობის მსურველებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ბელგიამ 24 ქვეყნიდან მოგზაურობის მსურველებისთვის საზღვარი ჩაკეტა, მათ შორის საქართველოსთვის. როგორც Belgium Time წერს, ჯანდაცვის მინისტრმა 24 ქვეყნის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და განცხადა, რომ რეგულაციები დროებითია და ტურისტები ბელგიაში დაბრუნებას ქვეყნებში კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების შემდეგ შეძლებენ. სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბოტსვანა, ჩილე, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იორდანია, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, პაკისტანი, პარაგვაი, პერუ, კატარი, სურინამი, უგანდა, ურუგვაი და სხვები.

საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საფრანგეთის მოსახლეობამ პარტიებს მანდატები 13 რეგიონში და 96 დეპარტამენტში უნდა მიანიჭოს. გასულ კვირას გამართულ პირველ ტურში, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა ხმების 50 პროცენტი. მეორე ტურში მხოლოდ ის პარტიები მონაწილეობენ, რომლებმაც ათპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის დროს დაბალი იყო მოსახლეობის აქტივობაც. საარჩევნო უბნებზე ხმა მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტმა მისცა. პირველივე ტურშივე დამარცხდა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რესპუბლიკა მოძრაობაში“, რომელიც საფრანგეთის 13 რეგიონიდან, არც ერთში არ იღებს მონაწილეობას. პირველი ტურის შედეგებით „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც საფრანგეთის შვიდ რეგიონში მიიღო ხმების უმრავლესობა. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ირანი ატომური სააგენტოსთვის ბირთვული ობიექტების შესახებ ინფორმაციას აღარ მიაწვდის

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ გალიბაფმა განაცხადა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიცემული ვადა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და ირანი მას აღარ გაახანგრძლივებს. გალიბაფის განცხადებით, ირანი აღარ გეგმავს ჩანაწერების და ინფორმაციის სააგენტოსთვის გადაცემას. ირანმა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სააგენტოს დაშვება მიმდინარე წლის 23 თებერვალს შეაჩერა. საერთაშორისო სააგენტოს დაშვებაზე შეზღუდვის დაწესებამდე, თეირანმა მასთან დროებითი ხელშეკრულება გააფორმა, რაც გულისხმობდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შემოწმების და მონიტორინგის გაგრძელებას სამი თვის ვადით. ამ პერიოდის შემდეგ ხელშეკრულება კიდევ ერთი თვით გაგრძელდა – 24 ივნისამდე. ორი დღის წინ სააგენტომ ირანის ხელისუფლებას ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა, რაზეც ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იმსჯელებდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ირანსა და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაფერხოს, რომელზეც ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხები განიხილება.

ნინო ქადაგიძე: მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს გადის თითოეული მათგანის ღირსებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე ტენდენციები განვითარდა სასამართლოსთან მიმართებაში. მისი თქმით, მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს გადის თითოეული მათგანის ღირსებაზე. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს გადავცეთ დამოუკიდებელი სასამართლო. მართლმსაჯულება, რომელშიც ხელის ცეცების უფლება უკვე არავის ექნება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ყველა პირობას, რომელსაც მე დავდებ ერის, საზოგადოების წინაშე, დავიცავ. სასამართლო ამ შეთანხმების მონაწილე არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკოსებს, დაველოდეთ ცვლილებებს და არც ერთი საკითხი არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა საკანონმდებლო მექანიზმი, რაიმე ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა. თითო მოსამართლეს ოთხასი-ხუთასი საქმე აწერია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? მოსამართლემ შეიძლება, იფიქროს პრაქტიკის დანერგვაზე როდესაც ხუთასი საქმე აწერია? რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე მაინტერესებდა ჩვენი კოლეგების აზრი. თუ რომელიმე კოლეგას ექნება რაიმე განსხვავებული მოსაზრება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ მოვისმინო. ჩვენდა საბედნიეროდ, ასეთი მოსაზრებები არ არის. თუ მოსამართლეს ეშინია, საჯაროდ გამოვიდეს და თუნდაც თავისი მოსაზრებები წარმოადგინოს, მაშინ ის არ არის ღირსი მოსამართლეობის, არ შეიძლება შენ გეშინოდეს საზოგადოების, ხმამაღლა ვერ ამბობდე და რაღაცას ეფარებოდე. თუ ასეთი მოსაზრება არის. უნდა თქვა ღიად და საჯაროდ“, – განაცხადა ქადაგიძემ. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა დისკუსია შეეხებოდა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა განხილვის შეჩერებას ოპოზიცია მოითხოვს. მოსამართლეებმა საერთო განცხადება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კორპუსი გმობს იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც როგორც თავად აცხადებენ, მიმართულია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

ხვალ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ჩავა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვალ, 28 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში ჩავა და დაწესებულებას მოინახულებს. როგორც ცნობილია, ომბუდსმენი პანსიონში ახალ მმართველთან, მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ. ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში ომბუდსმენის შეშვების შესახებ გადაწყვეტილება მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შორის 17 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონს მთავარეპისკოპოს იაკობთან ერთად მოინახულებდა, ამის შემდეგ კი სახალხო დამცველის აპარატი დაწესებულების მონიტორინგს განახორციელებდა. ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევდა უფლებას, პანსიონატში შესულიყო. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის. არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც. სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 253 988-მდე გაიზარდა. დღიურად ჩატარებული ვაქცინაციის მაჩვენებელი კი 2 267 შეადგენს. ცენტრის ინფორმაციითვე, საქართველოში ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 159 611 , ხოლო სრულად ვაქცინირებულია 94 377. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა შემდეგი ვაქცინებით: AstraZeneca, Pfizer, Sinopharm, Sinovac

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, საქართველო მზად არის მეტისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის 7 წლისთავს ეხმაურება. „დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლის თავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის - კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ცნობისთვის, დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.

ლევილის მამული საგარეო საქმეთა სამინისტომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა

საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართული აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის ქართული მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლაგარზდობის სამინისტროს გადააბარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, საორგანიზაციო სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი უძღვებოდა. სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ისტორიული მამულის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე შედის იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შემუშავდეს ლევილის ქართული აკადემიის დამტკიცებული კონცეფცია-პროექტი, შესაბამისად უმჯობესია, საკითხის მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტის გათვალისწინებით, ამ სამუშაოებს კულტურის სამინისტრო წარუძღვეს. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო, ისევე როგორც საქართველოს საელჩო საფრანგეთში, აქტოურად გააგრძლეებს მჭიდრო კოორდინაციას კულტურის სამინისტროსთან მამულის პროექტის წარმატებული დასრულებისთვის. 2021 წლის 27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ეწვივნენ, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ „ორანჟერიის პროექტის“ პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოეს სხდომა გაიმართა. ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პოექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“, რის შედეგადაც, ორანჟერიის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.მეორე - „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2024 წელს მოხდება. მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა გაგრძელდება

პარლამენტის რიგგარეშე სესია 28 ივნისს გააგრძელებს მუშაობას. ბიუროს სხდომა 12:30 საათზე, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 13:00 საათზე გაიმართება, რომელზეც პრემიერ-მინისტრის მოხსენების მოსმენის პროცედურა გაგრძელდება. საპარლამენტო ტრიბუნა დაეთმობათ კომიტეტების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პოზიციებსა და მოსაზრებებს გამოხატავენ უფრაქციო პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ჯგუფების, ფრაქციებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 25 ივნისს, ოფიციალურად, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით, იმავე დღეს მიმართა. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტს ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.

დავით ზალკალიანი „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 28 ივნისს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობაზე ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხების გზაზე. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მიერ გატარებულ ქმედებებსა და სამომავლო გეგმებს, ასევე კიდევ ერთხელ აღინიშნება წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა ერაყსა და სირიაში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის. ღონისძიებას დაესწრებიან კოალიციაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისევე როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელი.

ლევილის ქართული მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის მინისტრმა თეა წულუკაინმა, ქ. ლევილის მერთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევილის ქართული მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასასრულის აღსანიშნავ ცერემონიაში, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული ე.წ. “ორანჟერიის შენობა”. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საზეიმო ღონისძიებას ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ისტორიული მამულის მნიშვნელობას როგორც ქართული იდენტობის, ასევე ევროპაში საქართველოს შემდგომი პოპულარიზაციისთვის. “2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემით, აღსრულდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა სურვილი და ანდერძი - ლევილის მამული დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გადაცემოდა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ემიგრაციის უდიდეს პატრიოტიზმს და თავდადებას საქართველოს მიმართ. მამულის გადმოცემის შემდეგ, მთავარი საზრუნავი მისი ისტორიული როლის და დანიშნულების გააზრება იყო, რაც აისახა ქართული კულტურის კერის შექმნის იდეაში, რომელიც შეინარჩუნებდა მის ისტორიულ მნიშვნელობას და ამავდროულად, შეიძენდა ახალ, მომავალზე ორიენტირებულ დანიშნულებას”- განაცხადა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მამულში ქართველი და ფრანგი ექსპერტების ჩართულობით დიდი მოცულობის სამუშაოები, როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული ხასიათის, განხორციელდა, ხოლო პროექტის ძირითადი - შატოს რეაბილიტაციის და ახალი მშენებლობების ნაწილი - მეორე ეტაპი, უახლოეს მომავალში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპს სათავეში კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტრო ჩაუდგება. გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პროექტის მომდევნო ეტაპი - ე.წ. მეორე ფაზა - ძირითადად, კულტურული კომპონენტებისაგან შედგება, რაც აუცილებელს ხდის მის წარმართვას კულტურის სამინისტროს მიერ. დავით ზალკალიანმა ლევილის მამულის რებილიტაციის სამომავლო საქმეში კოლეგას - კულტურის, სპორტისა და ახლაგარზდობის მინისტრს, თეა წულუკიანს წარმატება უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს. “მსურს მადლობა გადავუხადო ფრანგულ მხარეს, რომელმაც თავის დროზე ღირსეული თავშესაფარი მისცა ჩვენს პოლიტიკურ ემიგრაციას და ამჟამადაც არ იშურებს ძალისხმევას ლევილის მამულის განსავითარებლად. მადლობა მინდა ვუთხრა ლევილის მერს ბატონ ერიკ ბრევს იმ თანადგომისთვის, დახმარებისთვის, ყურადღებისთვის, რომელსაც ის მუდმივად იჩენს ლევილის მამულის მიმართ”-განაცხადა მინისტრმა. მან ლევილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მრავალი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სავანეს სწორედ ლევილის წარმოადგენდა. “ლევილის მამული აღმოჩნდა ის პატარა საქართველო, სადაც ქართულმა ემიგრაციამ მოახერხა, შეენარჩუნებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მისწრაფებები და იდეალები, რომელთა განხორციელებაც, პირველმა რესპუბლიკამ - მიუხედავად არსებობის მცირე ხნისა - ასე შთამბეჭდავად შეძლო.საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სათავე დაუდო სრულიად ახალი ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და დასავლური, ცივილიზებული განვითარების გზის არჩევით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია, “- განაცხადა მინისტრმა. ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობდა. პირველი და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა პროექტირება და პროექტის დამტკიცება. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“, რის შედეგადაც, ორანჟერიის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა პატივი მიაგეს ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წევრთა და ასევე ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა ხსოვნას.

Reuters-ი: ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში თბოელექტროსადგური დაბომბა

Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ სამარაში თბოელექტროსადგური დაბომბა. როგორც გამოცემა წერს, ტერორისტულმა ორგანიზაციამ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო. ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროსადგურის ტერიტორია „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა, რამაც საგენერაციო დანადგარები სერიოზულად დააზიანა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რომ დივერსიის შედეგად ბაღდადის აღმოსავლეთით მაღალი ძაბვის ხაზების მონაკვეთი განადგურდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს

უკრაინაში, შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021 (SB21) დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას NATO-ს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მიიღებს. ამერიკის შეერთეულ შტატების საზღვაო ძალების ევროპასა და აფრიკაში გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ჩართულია 5 000-მდე სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი. როგორც ცნობილია სწავლება 10 ივლისის ჩათვლის გაგრძელდება და შეეხება საჰაერო თავდაცვას, საზღვაო ოპერაციებს, სპეციალური ოპერაციების ინტეგრაციას, სამძებრო სამაშველო ოპერაციებს და ა.შ. Sea Breeze 2021 არის ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო სწავლება, რომელიც მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს და მასპინძლობენ შეერთებული შტატები და უკრაინა შავი ზღვის რეგიონში მონაწილე ძალების ურთიერთქმედების და შესაძლებლობების გასაზრდელად. ,,1997 წლიდან მოყოლებული, წვრთნებმა შავი ზღვის ქვეყნების უმეტესობა, NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები დააკავშირა. SB21 შესაძლებლობას აძლევს მონაწილე ქვეყნებს ჩაერთონ რეალისტურ საზღვაო სწავლებაში, გამოცდილებისა და გუნდური მუშაობის შესაქმნელად და ჩვენი ურთიერთქმედების განმტკიცებისთვის, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი მიზნების მისაღწევად. უკრაინა და აშშ თანამშრომლობით სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყანა: ალბანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მაროკო, ნორვეგია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, სენეგალი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ტუნისი, თურქეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. SB21-ში მონაწილეობით, შავი ზღვის ქვეყნები, NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, აუმჯობესებენ მათ საზღვაო და სახმელეთო ოპერაციების წარმართვის უნარს", - აღნიშნულია განცხადებაში. შავ ზღვაში NATO-ს სწავლება დაიწყო ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 352 ადამიანს დაუდასტურდა, 808 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 972 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.34%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 466, აჭარაში - 154, იმერეთში - 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში - 109, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 4 907 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 . ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 413, აჭარაში - 571, იმერეთში - 1 058.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ გუბერნატორთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება. გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე - სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში, მრჩევლად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი სახოკიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, 26 ივნისს გურიის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ თანამდებობდა დატოვა.