ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. "პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება. რა თქმა უნდა, ის უგულშემატკივრებს სპორტსმენებს" - განაცხადა ჯენ ფსაკიმ და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაცია გაემგზავრება. ჯენ ფსაიკის თქმით, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში მოგზაურობა მხოლოდ აუცილებელი მიზეზებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.
BBC: კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება ეფექტურია
დიდი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება კარგად იცავს ვირუსისგან. საუბარია პირველი და მეორე დოზის შერევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ექსპერიმენტების დროს ადამიანებს 2 დოზით აცრისას Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები გაუკეთეს, რამაც უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის 2-მა დოზამ. კვლევაში მონაწილეობდა 850 მოხალისე, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა. ისინი ოთხკვირიანი შუალედით აცრეს. მეცნიერების თქმით, ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო, მყარ იმუნიტეტის წარმოქმნის. ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინების შერევას უკუჩვენება არ მოჰყოლია და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსგავსი პრაქტიკა ნორმა გახდეს. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ქვეყანა უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ვაქცინების შერევას. კიდევ ერთი ახალი კვლევით, რომელიც გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ Astrazeneca-ს ორი აცრის შემდეგ, მესამეს გაკეთება იმუნიტეტზე დადებითად აისახება.
ჯო ბაიდენი: სომხეთთან ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში თანამშრომლობას ეფუძნება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სომეხ ხალხსა და ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას Twitter-ზე ულოცავს. „ვულოცავთ სომეხ ხალხსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სომხეთთან ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიული რეფორმებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში თანამშრომლობას ეფუძნება - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პარტნიორობის განმტკიცებას", - წერს ჯო ბაიდენი. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს. ამის შესაებ მან Twitter-ზე დაწერა. "მიუხედავად ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერების, რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის მიზნით", - წერს ბორელი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა
ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს: ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს
"ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს, თეთრ სახლში შეხვედრისას განუცხადა. ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელებს. ბაიდენის განცხადებით, კოლეგასთან შეხვედრის დახურულ ნაწილში, სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ირანის თემას განიხილავდნენ. "როგორც ამერიკის პრეზიდენტი, ისრაელის მიმართ ჩემი ერთგულება - ურყევია. ეს არის ის, რასაც მე ხშირად ვამბობ: "ისრაელი რომ არ ყოფილიყო, მისი შექმნა მოიგვიწევდა". ეს ისრაელის თავდაცვის უფლების ურყევ მხარდაჭერას მოიცავს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის ახალ მთავრობასთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობს. ბაიდენმა ისრაელის-პრემიერ მინისტრი თეთრ სახლში მიიწვია. "ძალიან მალე ველოდები პრემიერ მინისტრ ბენეტს თეთრ სახლში", - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენი ასევე ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდის ურთიერთობის ნორმალიზაციას. "აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ნამდვილად ველოდებით მშვიდობისა და სტაბილურობის ფართო ბლოკს. აშშ და ისრაელი გააგრძელებენ ერთად მუშაობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - აცხადებს ბაიდენი.
1-ლი ივლისიდან ავსტრია Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც მიიღებს
1-ლი ივლისიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები მარტივდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც. ამ შემსუბუქებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს. ე.წ.3 G წესი გულისხმობს: ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტირებას. "საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით. 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს. PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან. ვაქცინირებულად ითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრია აღიარებს WHO-ს მიერ რეკომენდირებულ შემდეგ ვაქცინებს - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac) და მათზე მოქმედებს შემდეგი წესები: მოქალაქე ვაქცინირებულად ითვლება: - ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში; - ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში, პირველი აცრის გაკეთებიდან). - პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში. - ხოლო, ის ადამიანები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში; ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://www.formularservice.gv.at/.../user/formular.aspx და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: vienna.con@mfa.gov.ge", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დღეს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. როგორც ცნობილია, დღეს ტექნიკური, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი, დისკუსიის ძირითადი რაუნდი. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ამასთანავე განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, გათავისუფლების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება. „მორიგი, 53-ე რაუნდი გაიმართება 30 ივნისს. ჟენევის მოლაპარაკებები არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან დაკავებულები, ბატონი გახელაძე, ასევე ყველა სხვა შემთხვევა, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, ეს ყოველთვის მძიმე ფონს ქმნის მოლაპარაკებათა რაუნდებზე. შესაბამისად, ეს რაუნდიც საკმაოდ მძიმე იქნება“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხსაც დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.
საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს
მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021 ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში, ქართული მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში წელს ორი სადარაჯო ხომალდით ჩაერთვება. "ხომალდების, "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს", ეკიპაჟების გარდა, SEA BREEZE 2021-ში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას. SEA BREEZE 2021-ის საველე წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჩაერთვება. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი კი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, SEA BREEZE 2021-ის სწავლების შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს 5 ოფიცერი იქნება ჩართული. აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს. მრავალეროვნულ წვრთნებში წელს საქართველოს გარდა 31 ქვეყანა მონაწილეობს. ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ეგვიპტე, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ისრაელი, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, მაროკო, მოლდოვა, ნორვეგია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, სენეგალი, ტუნისი, უკრაინა, შეერთებული შტატები და შვედეთი. ჩართულია NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2).SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს. გასულ წელს სწავლებაში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა, 678 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%. ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან 749 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 601, საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 154, იმერეთში - 318. მძიმე პაციენტი: 594, მათ შორის, თბილისში - 298, აჭარაში - 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 158, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 12. 611 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 351 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 334, პირი, აჭარაში - 572, იმერეთში - 1 123.
ფილიპ რიკერი: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რომში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს უსაფრთხოების გარემოს და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის საკითხს და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგები, მუდმივად დგას და პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის დავით ზალკალიანის ნახვა, მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო, მოვახერხეთ დავწეოდით ბოლო დროის მოვლენების განვითარებას. საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეგულარულ დიალოგსა და საუბრებს, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ თბილისში ჩვენს საელჩოსთან, რომელიც კვლავ აქტიურ როლს ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა და ჩვენ რასაკვირველია, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და სტაბილური განვითარებადი დემოკრატიის წარმატებას“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა ჟურნალისტებს. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები - ეს იყო ჩემი ორმხრივი შეხვედრების განხილვის თემა, განსაკუთრებით ჩემს ამერიკელ პარტნიორთან, სტრატეგიულ პარტნიორთან. დეტალურად ვაცნობე ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გახელაძის თემაც იყო განხილული და თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია გაიზარდოს, მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და თავი და თავი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დიმიტრი ხუნდაძე Astrazeneca-ს ვაქცინების მარაგზე: აშკარად იყო ლოგისტიკური ხარვეზი და ამას სჭირდება დადგენა
„აშკარად იყო ლოგისტიკური ხარვეზი და ამას სჭირდება დადგენა, რომ აღარ განმეორდეს“, - ასე უპასუხა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტის კითხვას, „სად გაქრა Astrazeneca-ს ვაქცინები“. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ხუნდაძის კომენტარი „ტვპირველმა“ გაავრცელა. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია და სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. „ასევე სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს. გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრი: აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. უწყების ცნობით, NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს. "საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილსა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, პოლკოვნიკ სერგო ნინუას გაწეული მხარდაჭერისა და ლოჯისტიკური პროცედურების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება. საქართველ, ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გადმოსროლის პროცესში, საქართველოსა და NATO-ს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც NATO-ს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, NATO-ს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს" - fDi Magazine საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს" - ამ სათაურით გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, 8 ათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციითა და მდიდარი სამზარეულოს კულტურით“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონიდან 4.4 მილიონს მიაღწია. 2019 წელს კი მოგზაურთა რაოდენობა ამ მონაცემებზე ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ამ შედეგმა ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 7.5% -ს შეადგენს. სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ყორიაულის ციტატაა მოყვანილი. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის უსასყიდლოდ ვმართავთ ტრენინგებს უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკო პრინციპების დასანერგად", - აცხადებს თამარ ყორიაული fDi Magazine-თან საუბარში. „ვიდრე მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებისა და საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, ამასობაში ევროკავშირი, USAID, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა ორგანიზაციები ფინანსური კუთხით აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს, რომ რეგიონული პროექტები განავითაროს. მაგალითად, ევროკავშირმა შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად „პროექტი გრეტა“ წამოიწყო. ეს არის დასავლეთ საქართველოს სამთო რეგიონების რვა მუნიციპალიტეტისათვის შეთავაზებული 860 000 ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა. ასეთი გრანტებით მოქალაქეებს არა მხოლოდ სახლების შეკეთება და შემდეგ ორი ოთახის გაქირავება, არამედ ბიზნეს მოდელის შექმნა შეუძლიათ, სადაც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებიც არის გათვალისწინებული“, - წერს სტატიის ავტორი.
თამარ გაბუნია: გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა კავშირში იყოს "ინდური შტამის" გავრცელებასთან
გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა კავშირში იყოს "ინდური შტამის" გავრცელებასთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინდური შტამით, ე.წ დელტა ვარიანტით ინფიცირების 7 შემთხვევა კიდევ დადასტურდა. "ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინდური შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენელით, ამ შტამის შესაძლო გავრცელება დაახლოებით, 10-დან 20 პროცენტამდეა. ისიც არ არის გამოირცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და მძიმე შემთხვევები, რაც სიკვდილიანობას უკავშირდება, გუშინ 22 იყო გარდაცვალების მაჩვენებელი, რთულია ასე მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება, მაგრამ, სავარაუდოდ, შესაძლოა რომ კავშირში იყოს "დელტა შტამის" გავრცელებასთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა, 678 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში კოვიდინფექცია საქართველოში შემოსულ 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა
„მეტი სიფრთხილე გვმართებს, „დელტა“ შტამი ინტენსიურად ვრცელდება“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისრაელის მაგალითიც მოიყვანა, სადაც „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, პირპადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, საქართველოში „დელტა“ შტამის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ზაფხულს ერთგვარ დანის პირზე გავლად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახლა, როცა ეკონომიკის გახსნა მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, აუცილებელია რეგულაციების დაცვა. „ახლა მივდივართ ოქროს შუალედით, დანის პირზე. აუცილებელია, რომ ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, თუმცა ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვაც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ტურისტებში კოვიდინფექციის დადასტურებაზე. ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთ თვეში კოვიდინფექცია 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა.
მოუწევთ თუ არა საქართველოში შემოსულ ვაქცინირებულ ტურისტებს კოვიდტესტის გაკეთება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიას განცხადებით, მიდის მსჯელობა, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინირებულის სტატუსისა, კონტროლდებოდეს ტესტირების საშუალებით. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დარულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ვაქცინირებული ტურისტებისთვის კოვიდტესტის ჩატარების საჭიროება არ არის. თუმცა, გარკვეული რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება. "აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინირებულის სტატუსისა, მონიტორინგდებოდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათიან რეჟიმში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ვაქცინირებულ ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდეს. ეს დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ, ამ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, შემომავალი ტურისტებისთვის, ვაქცინირებული ტურისტებისთვის, 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის ამოქმედება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში კოვიდინფექცია საქართველოში შემოსულ 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა
დმიტრო კულება: ბელარუსი ხალხი ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის ევროპულ ოჯახს - ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბელარუსი ხალხი ევროპულ ოჯახში რჩება და უკრაინა მათ მხარდაჭერას განაგრძობს. "თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შეცვლით. ბელორუსი ხალხი ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს ისტორიული შეცდომების გამოსწორებას", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა
კელი დეგნანი: კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობისთვის
„მოხარული ვარ, რომ მოსამართლეებმა განცხადებით გამოხატეს მზაობა, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, ვიდრე საკითხთან დაკავშირებით არ შედგება ფართო, ინკლუზიური და მულტიპარტიული მსჯელობა, იმისთვის რათა სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს. „ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ეხმარებოდნენ საქართველოს სწორედ ამისთვის, რომ გამოსწორებულიყო სასამართლო სისტემა და ამას ვაკეთებთ უკვე 25 წლის განმავლობაში. ეს კეთდება იმის გამო, რომ კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის რეფორმირების ამბიციურ გეგმაზე, ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული პროცესის გზით. 19 აპრილის შეთანხმება არის ერთგვარი გზამკვლელი ამის გასაკეთებლად, მათ შორის, ეს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე არ იქნება მსგავსი ფართო და ინკლუზიური მსჯელობა სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში იქნება ამ ტიპის დებატები, რომლებიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიცავს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ორგანიზაციებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეთა კანდიდატურები, თუმცა ახლა პარლამენტზე დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, რაც მაკფიოდ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა და დისკუსია ამ საკითხზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც NATO-ში გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა
კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყოს ინკლუზიური
„საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული და ამ პროცესში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული წარმომადგენელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივი პროცესია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი საკითხების დამატებას „თვითონ საარჩევნო კანონმდებლობაში დაემატა გარკვეული საკითხები, ის რაც არ იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა ამ ახალ დამატებებს, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა, არ ხდებოდეს მხოლოდ ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კელი დეგნანი: საქართველო წლების განმავლობაში იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის, სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს
„საქართველო წლების განმავლობაში იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა, თავისუფალი შეკრების და გამოხატვის უფლება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი ნება. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, დაიცვან ადამიანები, თავისუფალი შეკრების, აზრის გამოხატვის უფლება. დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა, გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.