ძებნის რეზულტატი:

პროკურატურამ ვატო ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ.-ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით იყო დაკავებული. "მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის გაბცხადებაში. უკრაინის ეროვნული პოლიცია: ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის სესახებ მან ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის. „ჩვენი ვიზიტი ძალიან კარგ დროს შედგა. საქართველოში გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები. ვისაუბრეთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ასევე ხაზი გავუსვით, რომ შეთანხმება, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობდა, უნდა შესრულდეს. ასევე, შევაქეთ საქართველოს ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებაში. ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია რეგიონში მეტი სტაბილურობისთვის, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ლიდერობა აიღოთ ხელში და მიხარია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის ელჩი უკრაინაში: NATO-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია, ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის

უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდგუზენის განცხადებით, უკრაინას ჰყავს ძალიან გავლენიანი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ მის ამბიციას, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ ალიანსს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია. ამის შესახებ ელჩა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. "ეს არის კონსენსუსის ორგანიზაცია. ეს კონსენსუსი (უკრაინის გაწევრიანების შესახებ - რედ.) უნდა მოიძებნოს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ჰყავს ძალიან გავლენიანი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ამბიციებს, გახდეს NATO-ს წევრი. მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ, რადგან, როგორც მე ვთქვი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. NATO-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები იმ ქვეყნებთან, სადაც ომია. რა თქმა უნდა, NATO-ს ერთ-ერთი უპირატესობა ხომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლია და ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის, - განაცხადა ფელდგუზენმა. ელჩს მიაჩნია, რომ არ უნდა შეფასდეს გერმანიის გავლენა NATO-ში, რადგან იქ სხვა მთავარი მოთამაშეები არიან - აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს

Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა. სააგენტო დაინტერესდა, „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა დაეხმარება თუ არა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. ეს მათი გადასაწყვეტია. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან ლეუტივის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კავკასიის რეგიონში არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ცხადი მისია რეგიონში. მინისტრის განცხადებით, სწორედ ევროკავშირი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და მეტი დემოკრატია იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ გზაზე დაეხმარებათ. გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,, კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე გეოპოლიტიკური რეგიონია არამხოლოდ ევროკავშირის სიახლოვეს, არამედ მსოფლიოში, სადაც ბევრი ძალაა, რომელთაც ამ რეგიონის ქვეყნებზე საკუთარი გავლენების განმტკიცება სურთ. „საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამივე ქვეყანას შორის არსებული განსხვავებებისა, რომლებიც მათ დამოკიდებულებებსა და ბევრ სხვა ასპექტში ვლინდება, ამ ქვეყნებს ასევე აქვთ საერთო მახასიათებლებიც და ეს არის სტაბილურობისა და განსაზღვრულობის საჭიროება რეგიონში. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ჩართულები არიან, ან ცდილობენ, რომ ჩართულები იყვნენ რეგიონში, ძალიან იშვიათად უზრუნველყოფენ ამ ქვეყნებს სტაბილურობით, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირიქით, ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ძალიან ცხადი მისია. ჩვენ გვწამს, რომ ევროკავშირი არის ძალა, გეოსტრატეგიული ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპულ თუ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ გზაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგ დროს განხორციელდა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ლიეტუველი დიპლომატის თქმით, როდესაც რეგიონში ქვეყნებს შორის ნდობა განმტკიცდება, ევროკავშირი ჩაერთვება, რათა გაძლიერდეს კავშირები რეგიონში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ

"ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა. "ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ მნიშვნელოვან ქვეყანაში, პირველი იყო და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მივაღწიეთ იმას, რის გამოც ჩამოვედით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ეს არის ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომელიც აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი უპირველესი მიზანი იყო. ეს ვიზიტი იყო იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი რეგიონის მიმართ ჩართულებასა და ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა. ავსტრიის საგარეო მინისტრი: ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე რწყილი და ჭიანჭველა რწყილი ახტა, დახტა და ყოჩაღად გადაახტა რუს. ჭიანჭველამ ისკუპა და წყალში ჩავარდა... ამის შემდეგ იწყება ამბის მთავარი „დრაივი“ - რწყილის „ჩალიჩი“ ძმობილის დასახმარებლად - მიდექი-მოდექი, ის შეაწუხე, ეს შეაწუხე, იმას პატივი ეცი, ამას პატივი ეცი... ფინალი - ბედნიერი: ყველა გადარჩა, ყველა კმაყოფილია, ყველამ იხეირა... ზღაპრის პოზიტივს თან ახლავს ზღაპრისეული სისასტიკეც - კრუხმა წიწილა ფეტვში გაცვალა... „ხეირს“ ფასი აქვს, არცთუ მთლად ზღაპრული... ზღაპრებსა და მითოლოგიაში საზოგადოების ცხოვრებისეული ფილოსოფია და პრობლემების აღქმისა და დაძლევის ჩვევები ილექება. მაგალითად, ნაცარქექიას ზღაპარზე მრავალგზის თქმულა, რომ ის ასახავს ქართველის ისტორიულ ბედ-იღბალს - დევებთან ჭიდილი და „ხერხი სჯობია ღონესა...“ მომწონს ეს ასპექტი, მომწონს მომავლის გამჭრიახობაზე დაფუძნება... „რწყილ და ჭიანჭველას“ სხვა ლოგიკა აქვს - ეს არის ამბავი, სადაც ინდივიდის გადარჩენა „ძმობილის“ საქმეა, გადარჩენის მექანიზმი კი მიდექი-მოდექი „ჯიგრული ჩალიჩი“... არავინ უწყის, როდის შეიქმნა ეს ზღაპარი და ქართველთა ყოფიერების რა ასპექტს ასახავს, მაგრამ დიდი ალბათობით, უსახელმწიფო ერის თვითგადარჩენის ინსტინქტს... ნეპოტიზმი (რომელსაც „ქართული ჯიგრული პონტი“ დავარქვით) და მოქრთამვა (რომელსაც „პატივისცემა“ ჰქვია) დღემდე ყველასთვის გასაგები ფენომენია: ერისთვისაც და ბერისთვისაც, მოხუცისთვისაც და ახალგაზრდისთვისაც, უბრალო მოქალაქისთვისაც და იმ სახელმწიფო მოხელისთვისაც, რომლის პასუხისმგებლობა „ჯიგრული პონტების“ სამართლებრივი დაძლევა უნდა იყოს, წესით... დიახ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ყოველდღიური ყოფის შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად დავძლიეთ მასობრივი კორუფცია, კორუფცია როგორც მართვის სტილი და ცხოვრებისეული ფილოსოფიის ქვაკუთხედი, დაგვრჩა. „ჩალიჩი“, სხვის „ჩალიჩზე“ ყურის წაყრუება და ამ ყველაფრის მძიმე შედეგი - უნაყოფო შრომა და ფუსფუსი... ბორბალში მორბენალი საზოგადოება, რომელსაც ხეირისთვის წიწილას მოსთხოვენ... ლიფტში გაჭედილი პერსონაჟი შეძახილით - „გინდა ზევით ადი და გინდა ქვევით ჩადი“... არადა, თითქოს მოკვდა იმ უსახელმწიფო ერის ეპოქა... „ცისფერი მთები“ - გვინახავს ბევრჯერ და ათასჯერ, მისი ფრაზები ზეპირად ვიცით... ეს არის ამბავი უმიზნო შრომის, ამბავი უშედეგო შედეგის, მარტივი ამბავი დიდი სიღრმეებით, ამბავი სადაც პროცესის ანატომია ისეთი დეტალურია, მსგავს შედეგს ეკონომიკის, პოლიტიკისა თუ საჯარო მართვის ექსპერტების მრავალი ნაშრომი დასჭირდებოდა... ეს არის ამბავი, სადაც სახელმწიფო „სხვისია“ და სხვისი მომავლისთვის გვეზარება, ვიყოთ გამჭრიახები... „ცისფერი მთები“ უდავოდ იქცა ნეგატიურ მეტაფორად - დღეს არც ერთ უწყებას არ აქვს სურვილი, ვინმემ ამ ფრაზით მოიხსენიოს. „ცისფერი მთები“ გაუგებარია ახალგაზრდებისთვის - ბევრჯერ მიკითხავს... მაგრამ იქცა კი რწყილის „ჩალიჩი“ გაუგებრად და მიუღებლად? გაქრა „სხვისი სახელმწიფო“, მაგრამ გაქრა კი უსახელმწიფო ერის კომპლექსი? „ჩალიჩი“ ადამიანის ღირსებაა და მოქრთამვა „პატივისცემა“... „ღირსეულებთან“ მეგობრობას „დავალებული“ ჰქვია და „ღირსეულების“ გარეშე დარჩენილთ „უპატრონო“... ასეთია ქართული მორალის ამორალური პარადიგმა და მისი ლინგვისტური ვიზუალიზაცია... არადა ოდესღაც, „ქვრივმა („უპატრონომ“) რკინის ქალამნები ჩაიცვა და მეფესთან (სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში) წავიდა სამართლის საძიებლად“... ჩემთვის ეს ზღაპარია იმედის მომცემი... *** ნუ დამაბრალებთ ზღაპართმებრძოლეობას. რასაკვირველია, არც რწყილს ვერჩი რაიმეს და არც ჭიანჭველას, მეტაფორად გამოვიყენე, სათქმელის უტრირებისთვის და აზრის ილუსტრირებისთვის... როგორი მინდა იყოს თანამედროვე ქართული ამბავი? - ჭიანჭველამ (მოქალაქე) უნდა ისწავლოს პრობლემის გონივრული დაძლევა (რუს შემოვლა) და ტექნოლოგიების გამოყენება (ტივის გაკეთება). რუს უნდა ჰქონდეს ხიდი (მმართველის პასუხისმგებლობა). მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას უნდა ჰქონდეს ჩვევა კრიზისულ სიტუაციაში გამოიჩინონ ერთობლივი უანგარო ძალისხმევა და პასუხისმგებლობა (სამოქალაქო საზოგადოება). რწყილმა (ლიდერი) თავისი უნარები უნდა მოახმაროს საზოგადოებრივ სიკეთეებს... ეს არის ჩვენი მომავლის ამბავი, დიახ, ამბავი და არა ზღაპარი - დროა ზღაპარი, მითი და ოცნება დავაბრუნოთ იქ, სადაც მათი ადგილია - ირეალურ სამყაროში... *** პირადი ამბავი, ცოტა ზღაპრული, მაგრამ ნამდვილი: ოციოდე წლის წინ, საქართველოს საზღვრებს გარეთ ხანმოკლე პროფესიული ვიზიტის შესაძლებლობა დიდ მოტივაციად ჩავთვალე ჩაბნელებულ (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) სახელმწიფოში. იმ ჩაბნელებული სახელმწიფოს მოქალაქეებს საბჭოთა პასპორტი გვქონდა უმეტესად - წლების წინ გარდაცვლილი სახელმწიფოს პასპორტი... რას ვიფიქრები, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად ზღაპრის პერსონაჟად გადაქცევა მომიწევდა - მივაკითხე მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას... არ მომეწონა ეს ზღაპარი... ჩავიცვი „რკინის ქალამნები“ და იმ სახელმწიფოში, რომელსაც „არშემდგარ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებდა ყველა საერთაშორისო ინდექსი და ანგარიში, მოქალაქის პასპორტი მოვიპოვე... არ ჩამეთვალა ძალისხმევა მორალურად და მოსაწონად, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ვერ „ვუჯიგრე“ მუხას, ღორს, ყვავს, კრუხს, თაგვს, კატას, ძროხას... ვერ ვახეირე და თავადაც გავწვალდი... მას შემდეგაც ბევრჯერ დამიწუნა მორალი მუხამ, ღორმა, ყვავმა, კრუხმა, თაგვმა, კატამ, ძროხამ... მაგრამ ყველაფერი შეიცვლება ჩემი მომავლის ქართულ ამბავში, სადაც წიწილები დაფრთიანდებიან... დღეს, როდესაც ჩემი არჩევანი ვიღაცისთვის ისევ არ არის გამართლებული, მჯერა, რომ 20 წლის შემდეგ მათ „მორალს“ კურიოზად გავიხსენებ სატირულ ბლოგში თუ ვიდეო ლექციაში...

ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა გაგრძელდება

პარლამენტის რიგგარეშე სესია 28 ივნისს გააგრძელებს მუშაობას. ბიუროს სხდომა 12:30 საათზე, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 13:00 საათზე გაიმართება, რომელზეც პრემიერ-მინისტრის მოხსენების მოსმენის პროცედურა გაგრძელდება. საპარლამენტო ტრიბუნა დაეთმობათ კომიტეტების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პოზიციებსა და მოსაზრებებს გამოხატავენ უფრაქციო პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ჯგუფების, ფრაქციებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 25 ივნისს, ოფიციალურად, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით, იმავე დღეს მიმართა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტს ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ დაინიცირდება

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება. პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება. ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა, ოთხი წევრით განისაზღვრება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

Microsoft-ის ინფორმაციით 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდა

კომპანია Microsoft-ის ინფორმაციით, 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდა. კორპორაციის ცნობით თავდასხმა სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელდა. როგორც ცნობილია, კიბერშეტევები რუსულმა Nobelium-ის ჯგუფმა განახორციელა, რომელიც 2020 წელს SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვაზეა პასუხისმგებელი. Microsoft-ის მონაცემებით, ახალი შეტევები 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ განხორციელდა, ძირითადად კი, შეეხო აშშ-ის (45%), დიდი ბრიტანეთის (10%), კანადისა და გერმანიის მომხმარებლებს. კომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელების ქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა და მხოლოდ სამი დაწესებულება დაზარალდა. კორპორაციამ ასევე აღმოაჩინა პროგრამა, რომელიც დაინსტალირებული იყო Microsoft-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის მოწყობილობაში. კომპანიის აცხადებენ, რომ ჰაკერები აღნიშნულ პროგრამას მიზანმიმართული თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ.

სოციალური დისტანციის დარღვევისთვის ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჰენკოკის გადადგომის მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან გადაღებული ფოტო გახდა, რომელიც გამომცემლობა The Sun-ში გამოქვეყნდა. ფოტოზე ჯანდაცვის მინისტრისა და ჯინა კოლადანჯელოს კოცნაა ასახული. მინისტრს სოციალური დისტანციის დარღვევაში დასდეს ბრალი. გამომცემლობის ცნობით, ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მოგვიანებით, მეთ ჰენკოკმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა მითითებების დარღვევის გამო. მან ასევე საკუთარ ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც მოუბოდიშა მომხდარის გამო. მეთ ჰენკოკის გადადგომას ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან სამინისტრო თავაწეულმა უნდა დატოვოს, არამარტო პანდემიასთან ბრძოლის გამო, არამედ პანდემიამდე განხორციელებული საქმიანობისთვისაც.

ბრიტანეთის ელჩმა სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე ვახტან გომელაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა უმასპინძლეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ხომალდის ოფიციალურ ტურში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდნენ. მეთაურმა ვინს ოუენმა ქართული დელეგაციის წევრებს ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას. საპორტო ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. ასევე, ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 585 ადამიანს დაუდასტურდა, 953 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 101 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 585 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 522-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 953 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 349 658-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 8, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 149, იმერეთში - 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 398 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 887 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456, აჭარაში - 593, იმერეთში - 1 058.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ულოცავს ამ დღეს და იმედოვნებს, რომ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და მომავალ წლებში დაახლოება მოხდება. ელჩის მილოცვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. ის წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული. გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის", - ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა

დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს. შეთანხმების 431-ე მუხლი ითვალისწინებს შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი გამოყენების პირობებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დროებით გამოყენება ძალაში შევა შეთანხმების დეპოზიტარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რაც მოიცავს - საქართველოს მიერ შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებასა და ევროკავშირის საპასუხო შეტყობინებას ამ შეთანხმების მიმართ შესაბამისი პროცედურების დასრულების შესახებ, რომელშიც ასევე მითითებული იქნება შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება დროებით. 2014 წლის 25 ივლისს შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი გადაეცა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რის საფუძველზეც გენერალურმა სამდივნომ ქართულ მხარეს გადმოსცა შესაბამისი ნოტიფიკაცია, სადაც შეთანხმების 431-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეთანხმების დროებითი გამოყენების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის პირველი სექტემბერი და ასევე მოწოდებულ იქნა შეთანხმების იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომელზედაც გავრცელდება დროებით გამოყენება, შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე. 2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.

Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

ერთ-ერთი უდიდესი გერმანული ავტოკონცერნი Audi მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. როგორც ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება. კომპანია ტრადიციულ წარმოებას 2033 წლიდან დაუბრუნდება. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს კონცერნის საწარმოო ხაზში ელექტრომობილის 20 მოდელი ჩაეშვას.

იტალიაში მსოფლიოში პირველად Covid-19 ის დიაგნოზის მქონე ადამიანების გული გადაუნერგეს პაციენტებს

იტალიაში მსოფლიოში პირველად განხორციელდა ოპერაცია, რომლითაც Sars-Cov-2 ის დიაგნოზის მქონე ადამიანებისგან მოხდა ორგანოების დონაცია. 15 და 65 წლის პაციენტებისთვის, რომლებიც ორგანოების დონაციის მომლოდინეთა რიგში იყვნენ, იტალიის ორგანოების გადანერგვის ეროვნულმა ცენტრმა გასცა ნებართვა, გადაენერგათ კოვიდის დიაგნოზის მქონე ადამიანების გული. დონაციის შემდეგ, არცერთ პაციენტს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა დაამატა გაფრთხილება, რომ იშვიათად გულის კუნთის ანთებას იწვევს

Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით აშშ-ის სამედიცინო-მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი გაფრთხილებას ავრცელებენ, რადგან ამ პრეპარატებით აცრილ ადამიანებს გულის მცირე ანთება აღენიშნებათ. აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ხარისხის მეთვალყურეობის სამსახურის 25 ივნისის მონაცემებით, 11 ივნისის მდგომარებით, დადასტურდა მიოკარდიტის და პერიკარდიტის 1200 შემთხვევა Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს 300 მილიონ დოზაზე. როგორც ცნობილია, ექიმებს, რომლებიც აცრიან პაციენტებს, ამით აფრთხილებენ, რომ იყო ცნობები თანმდევი ჩვენებების შესახებ, რომ არსებობს მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტის (გულის პერანგის ანთება) გაძლიერებული საფრთხე და რომ ის უფრო ხშირად აღინიშნა ახალგაზრდა კაცებს შორის.

აშშ-ის დაზვერვამ 17 წელიწადში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინა

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთი შემთხვევის გარდა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მიერ მფრინავი ობიექტების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტის თანახმად, სადაზვერვო სამსახურმა შეისწავლა 2004-2021 წლებში თავდაცვის უწყების მიერ 144 ობიექტზე მოწოდებული ცნობები. 80 შემთხვევაში ობიექტების დაფიქსირება სენსორების მიერ მოხდა, 18 შემთხვევაში კი, დაფიქსირდა ობიექტის მოძრაობის უჩვეულო ტრაექტორია და ფრენის უცნაური მახასიათებელი. ანგარიშის მიხედვით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: საჰაერო ბურთები, დრონები და ფრინველები; ატმოსფერული მოვლენები; აშშ-ის საიდუმლო პროგრამები; ისეთი სახელმწიფოების შესაძლო ტექნოლოგიები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი და სხვა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ანგარიში აშშ კონგრესის თხოვნით არის შედგენილი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებული არის არა იმდენად უცხოპლანეტელთა არსებობის საკითხით, რამდენადაც კონკურენტების – რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო ახალი იარაღით.

ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრი თვითმფრინავიდან გადახტა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა. როგორც ცნობილია, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა. ის ასაფრენ ბილიკზევე დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კვლევა: 20 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსის ეპიდემია იყო

CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, დაახლოებით, 20 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში იყო. როგორც გამოცემა სამეცნიერო ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, უცნობია იმ პერიოდში ვირუსის რომელი სახეობა იყო გავრცელებული. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მსოფლიოს 26 სხვადასხვა პოპულაციაში, 2 500-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს. „მათ დააფიქსირეს ადამიანის გენომის ადრეული ურთიერთქმედება კორონავირუსებთან, რამაც დატოვა გენეტიკური კვალი აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე ხალხის დნმ-ში“, - წერს CNN-ი. მედიასაშუალების ცნობით, კორონავირუსის კვალი ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში მცხოვრებ 5 სხვადასხვა პოპულაციაში გამოვლინდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის რამდენიმე სხვადასხვა სახეობა გავრცელდა. მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და Covid-19.