ძებნის რეზულტატი:
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
26 ივნისის მონაცემებით, საქართევლოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 251 529 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 92 790 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინით 2 984 ადამიანი აიცრა.
იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს, 40 წლამდე თემურ მოსაშვილს ეძებენ. ის ლაგოდეხიდანაა. გავრცელებული ინფორმციით, ბოლოს თემური 20 ივნისს ნახეს და მას შემდეგ არავის დაკონტაქტებია. როგორც თემურ მოსაშვილის დედა აცხადებს, ის თავშესაფარში ცხოვრობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე დღეს გამოიპარა და გაუჩინარდა. მას ეს ინფორმაცია, იტალიაში საქართველოს საელჩოდან მიაწოდეს.
გერმანიამ რუსეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა
გერმანიამ რუსეთიდნ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელება. რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთიდან გერმანიაში ჩასულ მოაქალაქეებს მკაცრი, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. კარანტინის ხანგრძივობა არ შეიცვლება PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, რომელიც სავალდებულოა, მათ შორის მათთვის, ვინც სრულად არის აცრილი. როგორც Deutshe Welle წერს, ეს ღონისძიება განპირობებულია იმით, რომ რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც 29 ივნისიდან აქტიურად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტები. ამ სიაში მოხვედრა ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს, რკინიგზას და ავტობუსებს რუსეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მგზავრების გადაყვანის უფლება ექნებათ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დოკუმენტი, 6 კანონპროექტი და ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან ერთი საქართველოს შეეხება. რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა. "ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია საქართველოს ყველა პარტია მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება. მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და წავიდეს წინ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას", – აცხადებს რიში. ხაზგასმით ვაცხადებთ, აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში - სენატში რეზოლუცია წარადგინეს. სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი: ქართული დემოკრატიის სტაბილურობა გავლენას ახდენს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რაც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოძისის რაიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილებისა თავისუფლება და სხვა უფლებები. მან ასევე ისაუბრა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე. "ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა არსებული გამოწვევები. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულების შესაძლებლობისთვის. პირველი დიპლომატების განცხადებით, მათ საშუალება მიეცათ არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამკვირვებლო მისიის როლი დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ. როგორც ცნობილია, მინისტრები შეხვდებიან დავით ზალკალიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
კოჯორში სერჟანტთა პროფესიული დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცერემონიალს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სერჟანტთა მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება. სიტყვით გამოსვლებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სერჟანტთა პროფესიული განათლების სისტემა აქვს. გამომსვლელებმა, ასევე ისაუბრეს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე, ვის სახელსაც ატარებს სერჟანტთა აკადემია. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სერჟანტები, ასევე სასწავლო კურსების ხელმძღვანელები მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“. "დღესვე, სერჟანტთა აკადემიის კურსების - სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპის და სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპის პროგრამების გამოშვების ცერემონიალიც გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპი 43, ხოლო სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპი 53 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. 16-კვირიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს დაარსდა. საგანმანათლებლო ქვედანაყოფს 2013 წელს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, სერჟანტთა საფეხურებრივი განათლების სისტემის შესაბამისად, სასწავლო კურსებს ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: მედიაციის პროცესი მიდის ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, ნამახვანჰესთან დაკავსირებული მედიაციის პროცესი ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში მიდის. როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯი არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში. „დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის. დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იცით, რომ ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები მოიხსნა. შემდეგი ნაბიჯი, რაც არის შეთანხმებული საერთაშორისო მედიატორთან არის ის, რომ აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ასევე უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში. მედიაციის მთავარი მიმართულება არის გარემოსდაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოსდაცვითი პროცედურების, თუ კვლევების გადამოწმება, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს პროექტი განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, როგორც საქართველოს ინტერესებში იქნება. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ“, - აღნიშნავს თურნავა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი უკვე გაათავისუფლეს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, დაკავებულები მწყემსები იყვნენ. ისინი დღეს, რამდენიმე საათის წინ გააკავეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. "მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა მნიშვნელოვანი მასალები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების წარმატებულ ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული ასოცირებული ტრიოს ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა გააძლიერონ ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ჩართულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში მოწინავე ქვეყანაა, რომელიც განუხრელად ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ევროკავშირის, როგორც მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რათა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიღწეული იყოს ხელშესახები შედეგები. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო ძალისხმევაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომლის მიზანია დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. პრემიერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიის განხორციელებაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს და დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის მმართველი დირექტორი რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში მაიკლ ზიბერტი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავით ზალკალიანმა და ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე შალენბერგის, ბოგდან აურესკუსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ეგიდით ხორციელდება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რომ ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებას, საოკუპაციო ძალების ყოველდღიურ პროვოკაციებს. ხაზი გაესვა ამ პროცესებში და განსაკუთრებით ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლების საკითხში ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩაერთულობის მნიშვნელობას. მინისტრებმა მიმოიხილეს უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის თაობაზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შირის დიალოგს და რეგიონის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მედიაციას, როდესაც ქართული მხარის უშუალო ჩართულობითა და პარტნიორების დახმარებით, 15 სომეხი ტყვე დაუბრუნდა სამშობლოს და მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის. აღინიშნა, რომ ეს ფაქტი გახდა ჰუმანიტარული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი, რომელიც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. ხაზი გაესვა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლქიტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
თბილისში, სანზონის ფერდზე ხანძარია
თბილისში, სანზონის ფერდზე ხანძარია. როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა
საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, ხაზგასმით აღვნიშნეთ სასამართლო სისტემაში გატარებული სათანადო რეფორმები, საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მიმართულებით, და დავგმეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი“ - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველო კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ. ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე მიიღეს, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა. დავით ზალკალიანმა და ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა
"საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა Twitter-ზე დაწერა. როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების - ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით დღეს ეწვივნენ. დავით ზალკალიანმა და ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
გურიის გუბრნატორმა გიორგი სახოკიამ თანამდებობდა დატოვა. გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი სახოკიას მიერ გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ორშაბათიდან, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად სად გადაჰყავთ სახოკია. გიორგი სახოკია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიმდინარე წლის 9 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს მიიღო. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო. ბრალდებულ მამა-შვილს სამი სახაზინო ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესს არც ერთი მხარის ახლობელი არ ესწრებოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივლისსაა ჩანიშნული. ორივე მათგანი სამართალდამცავებმა 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. პროკურატურამ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს
ბრიტანული ხომალდი HMS DEFENDER საქართველოშია
ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი "HMS DEFENDER" შემოვიდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ხომალდის მეთაურს, II რანგის კაპიტან ვინს ოუენს და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - მარკ კლეიტონი დახვდნენ. "საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას. ხომალდის ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS DEFENDER (D36) საქართველოს პირველად სტუმრობს. DARING კლასის გამანადგურებელი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია
რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეპ ბორელის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი“ - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის გვერდზე. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა დ ალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 19 აპრილის შეთანხმებას ხელი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს
მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. მისივე თქმით, საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი მიულოცა. რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. "ხაზი გავუსვი, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიაზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის. მე მივესალმე ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, რომ მიეღოთ თავიანთი მანდატები პარლამენტში, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. ასევე მინდა კიდევე რთხელ დავადასტურო რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ. ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში. 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს კომისარს გავაცნობთ ამ ვიზიტის დეტალებს", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა
ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, – ამის შესახებ განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონის სამივე ქვეყანაში ნაყოფიერი და მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდათ. "დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გულთბილი მასპინძლობისთვის. ამ რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველი ერთობლივი ვიზიტია, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატის ფარგლებში ტარდება. ამ ტურით ჩვენ გამოვხატეთ ევროპული სოლიდარობა და ჩართულობა, ასევე გამოვხატეთ ევროკავშირის ერთგულება, რომ ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. გასულ თვეში ძალიან სასარგებლო დისკუსია გვქონდა ლისაბონში, სადაც გადავწყვიტეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეძლიერებინა და ეს ტურიც ამ დისკუსიის პირველი შედეგია. ჩვენ მოვუწოდეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომ გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. სამივე ქვეყანაში მხარდაჭერა გამოვხატეთ. რეგიონული ფორმატის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, მაღალი დონის შეხვედრები. ასევე, მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი. ამ კონტექსტში მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მივულოცე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში არსებული პროგრესი. ამ მიმართულებით ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 19 აპრილის შეთანხმებას ხელი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს
ავსტრიის საგარეო მინისტრი: ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ
"ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ მნიშვნელოვან ქვეყანაში, პირველი იყო და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მივაღწიეთ იმას, რის გამოც ჩამოვედით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ეს არის ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომელიც აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი უპირველესი მიზანი იყო. ეს ვიზიტი იყო იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი რეგიონის მიმართ ჩართულებასა და ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა. მინისტრის თქმით, შეშფოთებულები არიან ე.წ ბორდერიზაციით. "ვგეგმავთ, რომ მთელ რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნათ. მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გვერდით. ევროკავშირი და მათ შორის ჩვენი სამი ქვეყანა ნათლად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს საკითხი არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი გახდეს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ე.წ.ბორდერიზაციით. ეს უბრალოდ მიუღებელია. ეს პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს არის ის, რაც ხალხის ცხოვრებას პირდაპირ აზიანებს. ნება მომეცით, ამ კონტექსტში დავადასტურო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, დიახ, მას ყველა ძალა უნდა შეურთდეს და ის სრულად უნდა განხორციელდეს და სლოგანი უნდა იყოს „ითამაშე წესების გამოყენებით და ნუ ეთამაშები წესებს!“- განაცხადა მინისტრმა.