ძებნის რეზულტატი:
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთის სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მშვიდობისმყოფელებს რთული და საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. 32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია - კახა გოგოლაშვილი
„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი, თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით“, - ამ გზავნილით ჩავიდნენ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით, სადაც რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. ეს ვიზიტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან თვენახევრის შემდეგ შედგა. როგორც ბელგიაში გამართული შეხვედრის მონაწილეების მხრიდან წინასწარ დაანონსდა, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება. „ევროკავშირი აღიარებს, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებთან განსხვავებული დღის წესრიგი არსებობს, ვიდრე აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან და ახლა ამის დემონსტრირება ხდება“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. „რისი მომტანია ეს?“ - Europetime-თან ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდკრიზისის გადალახვა, სამივე ქვეყანასთან ევროკავშირმა ძალიან მჭიდროდ იმუშავა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. „მათ აინტერესებთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ სტაბილურები და ალბათ, პოსტკოვიდურ გეგმებზეც აინტერესებთ საუბარი, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფას, სოციალური პრობლემების დაძლევას, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დაახლოებას. ეს ყველაფერი და მისი ცოდნა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა ამ სამი ქვეყნისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმები. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ეს სამი სახელმწიფო გადაიქცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავსებად სახელმწიფოებად ისე, რომ მათი განვითარების დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების დონემდე ავიდეს ყველა მიმართულებით - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო, ბიზნესი და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გამართეს ევროპარლამენტში. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც იმსჯელეს. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასოცირებულ ტრიოს ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების ტრიოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტია კავშირების გამყარება არამხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ, პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცება. ასე რომ, სამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა Europetime-თან. ინტერვიუში. ცნობისათვის, Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, რომლის დროსაც ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რასაც მალევე მოჰყვა ამ სამი ქვეყნის მიერ მემორანდუმის გაფორმება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები „ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შეხვდნენ. კახა გოგოლაშვილი: აუცილებელია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საკითხები ევროკავშირთან ერთად გაიტანონ და ევროკავშირი წევრობის განაცხადისთვის მოამზადონ
აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანა. როგორც ცნობილია, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით შეტევები განხორციელდა. პენტაგონის განმარტებით, ავია იერიშების სამიზნე იარაღის საწყობები იყო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული მეორე ავია იერიშია.
როსარია პუგლისი: საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს
„საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს“, - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ისაუბრა NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე. როზარია პუგლისის შეფასებით: საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: „საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის“. მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. „ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში“, - აღნიშნავს როზარია პულისი. როზარია პულისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირებულ ტრიოს“ შეუძლია, უფრო ეფექტური გახადოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
„ასოცირებულ ტრიოს“ შეუძლია, უფრო ეფექტური გახადოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Europetime-თან განაცხადა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა 26 ივნისს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა. სააგენტო დაინტერესდა, „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა დაეხმარება თუ არა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. ეს მათი გადასაწყვეტია. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. ექსკლუზივი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს ექსკლუზივი: როზარია პულისი: საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს ექსკლუიზივი: როზარია პულისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან
რადიომაუწყებლებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ
რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას. თურნავას თქმით, მთავრობამ დღეს გაითვალისწინა კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემები. „გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ „ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ. გვინდა, მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ ხელს მათ შეუფერხებელ საქმიანობას, თავისუფალ რადიომაუწყებლობას. გავითვალისწინეთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები და ასეთი ქმედითი ბერკეტი მოვნახეთ და დავამტკიცეთ დღეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში Sinoparm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები კვირის ბოლოს შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები Sinopharm-ი და Sinovac-ი კვირის ბოლოს საქართველოში შემოვა. "იმ ვაქცინებით, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ შემდეგ კვირას ჩვენ უკვე გარკვეული მოცულობები გვექნება, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი Sinopharm-ი და ნახევარი მილიონი Sinovac-ი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს", - განაცხადა ტიკარაძემ. რაც შეეხება კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვიდან ქვეყანა მზად არის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. „რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნათია თურნავა: პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰოლივუდის წარმომადგენლებმა გადაიღეს ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა კინოგადაღება. 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ეს პროგრამა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, სხვადასხვა მსოფლიოში ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას. ამ პროგრამის განახლების მოლოდინში წამოწყებულია პროექტები, რომლებიც საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ კონკრეტულად სტუდიების და პავილიონების შექმნას ითვალისწინებს“, - განაცხადა თურნავამ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროგრამა მომავალ წლებში ძალიან წარმატებული იქნება. „პროგრამის ძირითადი პრინციპი არის ე.წ. ქეშბექი. როცა შეთანხმებული ბიუჯეტით ხდება კინოს გადაღება, ხოლო მერე, როცა დადასტურდება საინვესტიციო ხარჯები, ჩვენს მიერ ხდება თანამონაწილეობა და ანაზღაურება დაახლოებით 20%-ის რაოდენობით“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პროექტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს კულტურის სამინისტროც.
ეკატერინე ტიკარაძე: ვიცით როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს. „რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Pfizer-ის ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, Pfizer-ის ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში Sinoparm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები კვირის ბოლოს შემოვა
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება
ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ხშირად არის სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებიან. „ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ბავშვთა აბსოლუტური სიღარიბის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში არის შემცირებადი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს, კოვიდპანდემიის ფონზე, სიღარიბე ორი პროცენტით გაიზარდა. თუმცა 2011 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იყო 31%-ზე მეტი, 2019 წელს - 25%-ზე ნაკლები. უკიდურესი სიღარიბე - 2011 წელს იყო 9 %-ზე მეტი, 2017 წელს, 7 %-ზე ნაკლები. 2015 წელს 3%-საც კი ჩამოსცდა, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს
ჯანდაცვის მინისტრი: მნიშვნელოვანია, ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადაა აცრილი საქართველოში დამატებით იყოს გატესტილი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკონომიკის მინისტრი: დავიწყებთ მუშაობას უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ღამის კლუბების ინდუსტრია ავამოქმედოთ
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ღამის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დაწყებული გვაქვს გარკვეული შესწავლა. ადრეც ვთქვი, რომ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ეს დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ პრობლემატიკის შესწავლა დავიწყეთ, ანუ კონკრეტულად რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ. მათ შორის ახლა დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას ახალ უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ავამოქმედოთ ეს ინდუსტრია“, - განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა. კომისიამ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა. კომისიამ აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების ტექნიკური და ფინანსური კრიტერიუმები განსაზღვრა. პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, კომისია გამარჯვებულ კომპანიას პარლამენტს 12 ნოემბრამდე წარუდგენს. საკონკურსო კომისიის მდივნად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე დასახელდა. საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვები დასრულდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი. მესამე მოსმენით განხილვამდე, კომიტეტმა მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა ორ დანართს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.
სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა. ომბუდსმენს მასპინძლობას პანსიონის ახალი მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უწევს. როგორც ცნობილია, ნინო ლომჯარიას ვიზიტის შემდეგ პანსიონში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ. ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევდა უფლებას, პანსიონატში შესულიყო. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის. არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც. სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ჯანდაცვის მინისტრი: აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს ჯერ მოკვლევა არ დაუსრულებია. მისივე თქმით, როგორც კი პროცესი დამთავრდება, აუდიტის სამსახური საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს. „აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა
მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს; ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. პროექტში განხორციელებული ცვლილებებით, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა აგროლიზინგითაც შესაძლებელი გახდა.
მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების უფლება მიენიჭება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარ სერჟანტს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, დღეს მოქმედი მთავარი სერჟანტები სარგებლობენ სამსახურებრივი იარაღით და ისინი, პრაქტიკულად, გადიან ყველა იმ საგანმანათლებლო-პროფესიული განვითარების ეტაპებს, რაც აუცილებელია ოფიცრებისთვის, და მათ შორის, უმაღლესი ოფიცრებისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანა ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა. „ვფიქრობთ, რომ სამართლიანი იქნება მთავარ სერჟანტებსაც მიეცეთ უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით 31 მოქმედი და სამსახურიდან დათხოვნილი 6 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია. ამასთან, პროექტის ამოქმედებამდე დათხოვნილ მთავარი სერჟანტის წოდების მქონე მოქალაქეებს, იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. „დღეის მდგომარეობით, სამსახურიდან დათხოვნილი 4 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია, რომელთაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
დავით ზალკალიანი: საქართველოს თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაასრულეს 17-წლიანი სამსახური ავღანეთში
ავღანეთიდან საქართველოში ბოლო ქართული ქვედანაყოფის დაბრუნებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. "საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი სამშობლოში დაბრუნდა და წარმატებით დაასრულა 17 წლიანი სამსახური ავღანეთში. დიდი მადლობა ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის!" - წერს ზალკალიანი. ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა
დავით ზალკალიანი: საქართველო არის ერთგვარი რეგიონული ჰაბი კოალიციის წევრებისთვის ავღანეთიდან სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის გამოსაყვანად
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არის გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური და მნიშვნელოვანი წევრი და პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. როგორც ზალკალიანმა რომში მიმდინარე გლობალური კოალიციის შეხვედრისას განაცხადა, როდესაც ავღანეთში სრულდება სამშვიდობო მისია, საქართველოს აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან კოალიციის წევრი ქვეყნები სწორედ საქართველოს იყენებენ ტრანზიტისთვის და ქვეყანა ერთგვარ რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის გამოსაყვანად. „გლობალური კოალიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისია დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ დღეს ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ჩვენმა სამხედროებმა ურთულეს მისიას წარამატებით გაართვეს თავი და ღირსეული წვლილი შეიტანეს გლობალურ უსაფრთხოებაში, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევაში და ამის შესახებ ვისაუბრე დღევანდელ ჩემს გამოსვლაში”, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, დავით ზალკალიანი გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილებს, რომელსაც კოალიციის წევრი 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მათ შორის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან. შეხვედრას თანათავმჯოდმრეობას უწევენ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.