ძებნის რეზულტატი:

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იარი ლაპიდი აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს და დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრება. გარდა ამისა, ლაპიდი „Expo 2020 Dubai” მსოფლიო გამოფენისთვის მომზადებულ ადგილს ეწვევა. დუბაიში მსოფლიო გამოფენა მიმდინარე წლის ოქტომერშია დაგეგმილი, სადაც ისრაელს საკუთარი პავილიონი ექნება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან ერთად, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. „აბრაამის შეთანხმებას“. შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და ის ირანის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულ გადაწყობას ისახავს მიზნად.

კახა კუჭავამ და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებმა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა გააქტიურებაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გააქტიურებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნეს ასოციაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.

აშშ აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს გახსნას მიესალმება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შტატები აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს გახსნას მიესალმება. „საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი და ისრაელის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია ისრაელისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და რეგიონისთვის. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას ისრაელთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და გავაძლიერებთ ჩვენი პარტნიორობის ყველა ასპექტს და ვიმუშავებთ უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის შესაქმნელად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იარი ლაპიდი აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს და დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ 1-5 ივლისს დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან. გარდა ამისა, მიმართავენ ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია. „როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ: დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არ აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი. ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს ბრიტანელი ტურისტების ქვეყანაში შეშვებისგან თავი შეიკავოს

გერმანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ბრიტანელი ტურისტების ქვეყანაში შეშვებისგან თავი შეიკავოს მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა COVID-პასპორტს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. კანცლერის თქმით, გერმანიის მსგავსად სხვა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ვაქცინაციის მიუხედავად უნდა მოსთხოვონ 14 დღიანი თვითიზოლაცია. ამასთან მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს საერთო აკრძალვები პანდემიის დროს მოგზაურობასთან დაკავშირებით, რათა შეაჩერონ დელტა ვარიანტის გავრცელების საფრთხე. დიდი ბრიტანეთიდან ჩამსვლელთათვის დამატებითი აკრძალვების დაწესებას არ ემხრობა საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი, რადგან ეს ქვეყნები ტურიზმზე უკიდურესად დამოკიდებულები არიან. საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ დამატებითი აკრძალვების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დელტა შტამია გავრცელებული, აუცილებელი არ არის.

ბაკურიანში კოხტაგორაზე საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში კოხტა გორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცნობისთვის, ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი მუშაობს, მათ შორისაა კოხტა გორის საბაგირო შუალედური სადგურით. დღევანდელი ინციდენტი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა.

რუსეთში ყალბ COVID-სერთიფიკატებს 200 დოლარად ყიდიან

France 24-ის ინფორმაციით, რუსეთში ყალბ COVID-სერთიფიკატებს 200 დოლარად ყიდიან. დამოუკიდებელი გამოკითხვის საფუძველზე, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით არ წუხს და მეტიც, 60% აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არც აპირებს. გამოცემა წერს, რომ სურვილის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს ყალბი COVID-სერთიფიკატის შეძენა სოციალურ ქსელ Telegram-ის მეშვეობით შეუძლია. Telegram-ის გარდა რუსეთში ყალბი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ „შავ ბაზარზეც იყიდება“, სადაც ფასი დაახლოებით 28 აშშ დოლარიდან იწყება. გამოცემა აცხადებს, რომ არა მხოლოდ COVID-სერთიფიკატის, არამედ კორონავირუსის ვაქცინაციის ბაზაში რეგისტრაციის შეძენაც კი შესაძლებელია, რათა ყალბი დოკუმენტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, თუმცა აღნიშნულ საბუთში 400 აშშ დოლარის გადახდაა საჭირო. France 24-ის ცნობით, დღეში დაახლოებით 20-30 შეკვეთა მაინც მოდის ყალბ COVID-სერტიფიკატებზე.

Reuters-ი: ესტონეთში AstraZeneca-ს ვაქცინის 68 000 დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო გაფუჭდა

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში AstraZeneca-ს ვაქცინის 68 000 დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო გაფუჭდა. როგორც გამოცემა წერს, საუბარია სწორედ იმ ვაქცინაზე, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის გასაგზავნად იყო განკუთვნილი და ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადგან ვაქცინები სხვა ქვეყნებისთვის გასაგზავნად იყო განკუთვნილი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, იმ საცავში, სადაც ვაქცინა ინახებოდა, ტემეპერატურამ 15 გრადუსით მოიმატა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „25 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ საცავში ტემპერატურა მომატებული იყო. ჩვენი ინფორმაციით, ტემპერატურის მატება 22 ივნისიდან დაიწყო“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ან ხიარმა.

საბერძნეთში ახალგაზრდებს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სანაცვლოდ 150 ევროს გადაუხდიან

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ახალგაზრდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წახალისების მიზნით, ახალგაზრდებს 150 ევროს გადაუხდიან. როგორც გამოცემა წერს, მთავრობის ცნობით, 18-25 წლის ასაკის დაახლოებით 940 000 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დასაჩუქრდეს ბონუსით, თუ ისინი წლის ბოლომდე ვაქცინის პირველ დოზას მიიღებენ. აღნიშნული თანხის დახარჯვას ისინი საზაფხულო არდადეგებსა და კულტურულ ღონისძიებებზე 15 ივლისის შემდეგ შეძლებენ. „პირველი დოზის მიღებისას, ისინი ბარათს მიიღებენ, სადაც 150 ევრო იქნება განთავსებული. ეს იქნება სამადლობელო საჩუქარი“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის სხდომაზე. Reuters-ის ცნობით, 11-მილიონიან ქვეყანაში, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე სრულად აცრილია. მთავრობაში აცხადებენ, რომ შემოდგომისთვის მათ მოსახლეიბის 80% აცრილი ეყოლებათ, თუ სახელმწიფო შეძლებს დაარწმუნოს მოქალაქეები ვაქცინაციის მნიშვნელობაში.

Bloomberg-ი: აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას გამოაცხადებს

გამოცემა Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ივლისს აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის რეისის ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ის ხელისუფლებამ ბელარუსთან ორმხრივი ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების მოქმედება უკვე შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თბილისშია. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, ამ ვიზიტით ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სთან საქართველოს დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ აპატურაის სპეციალური ვიზიტის შესახებ Europetime-ს NATO-ში ოფიციალურად განუცხადეს. ,,ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, აპატურაის ამჟამად პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაც უკავია. ცნობისათვის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ექსკლუზიური ინტერვიუ Europetime-მა 27 აპრილს ჩაწერა. მან აღნიშნა, რომ NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი ექსკლუზივი: სენატორი რობ პორტმანი: მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას ექსკლუზივი: საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა

დღეს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან გაუქმდეს გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან. ცნობისთვის, მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. ჟენევაში უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა, დღეს კი დისკუსიის ძირითადი რაუნდი წარიმართება. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ამასთანავე განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, გათავისუფლების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება. „როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ამ საკითხების ხაზგასმა. რაც მთავრია, ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა. ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხსაც დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.

გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა. როგორც გამოცემა წერს, გერმანიას ავღანეთში, აშშ-ის შემდეგ, სიდიდით მეორე სამხედრო კონტიგენტი ჰყავდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 150 000 გერმანელი სამხედრო მსახურობდა. ამ წლების განმავლობაში თავდასხმების შედეგად ავღანეთში 59 გერმანელი სამხედრო დაიღუპა. „თითქმის 20 წლის შემდეგ, ჩვენმა სამხედროებმა ავღანეთი დატოვეს და სახლში ბრუნდებიან. ეს ისტორიული თავის, ინტენსიური მისიის დასასრულია, რომელმაც ბუნდესვერი გამოსცადა და რომელშიც ბუნდესვერმა თავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიჩინა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა. ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო და როგორ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა სექტემბრამდე დასრულდება.

ჯანმო: ჩინეთმა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერთიფიკატი მიიღო

მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთმა ჯანმოსგან სპეციალური სერტიფიკატი მიიღო, რომლის თანახმადაც მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. როგორც ცნობილია, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი სერტიფიკატი მიიღო. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა მალარიის ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მძიმე შრომის შედეგად მიაღწია. „ამ აღიარებით, ჩინეთი მიუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ახდენენ დემონსტრირებას, რომ მათი მომავალი მალარიისგან თავისუფალია“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატს, ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოს 40 ქვეყანა ფლობს.

ავსტრალიის 7 ქალაქში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა

BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ,,დელტა" შტამის გავრცელების გამო, ავსტრალიის 7 ქალაქში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. სიდნეიში, ბრისბენში, პერტეში, დარვინში, გოლდ-კოსტაში და სხვა ქალაქებში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. დღეს, ასევე რიგით მეშვიდე ქალაქი ალის-სპრინგსი ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ავსტარალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ხელისუფლება შიშობს, ახალი შტამი ადგილობრივ მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდება. ამ დროისათვის ავსტრალიის მოსახლეობის 5%-ია ვაქცინირებული.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 010 ადამიანს დაუდასტურდა, 603 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 453 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.69%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 515, აჭარაში - 153, იმერეთში - 311. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი, მათ შორის, თბილისში - 293, აჭარაში - 39, იმერეთში -129. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 108, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 759 ადამიანი მკურნალობას ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 743 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 291, აჭარაში - 597, იმერეთში - 779.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. „როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ისაუბრებენ კლინიკების წარმომადგენლებთან, რათა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ შეექმნათ. „გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში. სახელმწიფო რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების უფლების მისაღებად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

თბილისის მასშტაბით, გარე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, აუქციონში გამარჯვებულ პირს მიეცემა უფლება, 15 წლის განმავლობაში რეკლამა განათავსოს და აქედან შემოსავალი მიიღოს. „უახლოეს პერიოდში გამოცხადდება თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი. ეს უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი ამ აუქციონიდან კარგ შემოსავალს მიიღებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, აუქციონი 30 დღის განმავლობაში ჩატარდება და დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.