ძებნის რეზულტატი:
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ნაკრძალის წარმომადგენლის, ვაჟა ჩერქეზიშვილის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ მან "პირველ არხს" განუცხადა. „სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ვაჟა ჩერქეზიშვილმა. ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კურსის მეათე გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეათე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და მსმენელებს სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს. მათ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკელ ინსტრუქტორებს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ყოველწლიურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიება კურსდამთავრებულებისათვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი იოსებ ლორთქიფანიძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - „GLOCK”-ი ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა დაასრულა წარმატებით. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. 2020-2021 წლებში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ არასაგანმანათლებლო სხვადასხვა სასწავლო პროგრამის, „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ და „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ განხორციელებაში.
სებ: 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მლრდ დოლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 20.6 მლრდ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია. მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო - 332.8 და 127.9 მლნ დოლარით შემცირდა. "სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათსი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამას მიაკვლია. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. "ლევან მეფეს, მისი დიდი ღვაწლის გამო, შთამომავლობამ „დიდის“ და „აღმშენებლის“ ზედწოდებანიც კი მიანიჭა: მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ) ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში და მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით, ქვეყანამ არნახულ სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია. მართალია ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა. მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის - ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომლშიც ორ საფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ. აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა. გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდიდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები და აგრეთვე კახეთის რეგიონში მოღვაწე საქმიანი წრეებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი", - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ
რა უნდა გააკეთოს საქართველომ ავღანეთში 17-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ? საექსპერტო წრეებში ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში დაასრულა და სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა. რიგი პოლიტოლოგები საქართველოს მხრიდან ახალ ინიციატივას ელიან და მიუთითებენ იმის საჭიროებაზე, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან. დავით ზალკალიანი: საქართველოს თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაასრულეს 17-წლიანი სამსახური ავღანეთში გუშინ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება. როგორია ალიანსის პოზიცია. NATO-ს აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, და ალიანსი მზადაა, საქართველო NATO-ს მისიებში იყოს წარმოდგენილი, აცხადებს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და აღნიშნავს, რომ საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. „ავღანეთის მისია, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება, ცხადია იყო ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც საქართველომ გვაჩვენა, რომ მას უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავე დროს საქართველომ გააუმჯობესა შეიარაღებული ძალებისა და მათი თავსებადობა NATO-ს ძალებთან. ვეძებთ გზებს, რომ ეს კომპონენტი არ დავკარგოთ. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ ჩართულობას, რომელიც ამას თან მოსდევს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედ ოპერაციებსა და ასევე, აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში შეტანილი წვლილი დაფასებულია. „ამან დიდი სარგებელი მოუტანა საერთაშორისო უსაფრთხოებას და NATO-ს. ვიცი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ, ამ მისიებში გაღებული მსხვერპლი ძალიან მტკივნეულია მთელი საქართველოსთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ამისთვის. ავღანეთის მისია სრულდება, მაგრამ NATO-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა. საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი. ჩვენ ერთად ვატარებთ ყოველწლიურ წვრთნებს, ასევე გაგვაჩნია ტექნიკური სტრუქტურები, რათა ერთად მუშაობა კვლავ შევძლოთ, თუმცა ოპერაციების მონაწილეობით კონტრიბუცია და თანამშრომლობა ყველაზე მეტად დასაფასებელია. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას, თუ რა შესაძლებლობები არის ღია საქართველოსთვის. მაგალითად, ჩვენი ოპერაცია გაფართოვდა ერაყში, რომლის ფარგლებშიც ერაყელებს გავწვრთნით, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სუვერენულია. საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. NATO აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს და ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ამ რანგში საქართველის ბოლოჯერ სტუმრობს. ის შეხვედრებს თბილისში ხვალ გამართავს და ბრიუსელში დაბრუნების შემდგე მუშაობას განაგრძობს ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილედ უფსართხოების მიმართულებით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და NATO-ს გადაწყვეტილება ავღანეთის თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით გამოწვევებს აჩენს, აქედან გამომდინარე კი ჩნდება ახალი გზების ძიების საჭიროებები როგორც სამხედრო წინსვლის, ისე გაწევრიანების პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებისთვის. კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოს დიდ პოლიტიკურ ქულებს სძენდა, ამიტომ საჭიროა, ეს მომენტი არ დაიკარგოს და შევინარჩუნოთ მაღალი დონის კონტაქტები. Euriopetime-თან ინტერვიუში ექსპერტი საქართველოს მხრიდან გააქტიურების აუცილებლობასა და ინიციატივების წამოჭრის საჭიროებაზე მიუთითებს. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს „საჭიროა, რაღაც ახლის შეთავაზება, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გააქტიურდეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და NATO-ს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აიღეს თავის თავზე ავღანური ჯარის ტრენინგი“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია და აქვე თურქეთის მაგალითი მოჰყავს. „ასეთი სურვილი თურქეთმა დააფიქსირა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც გამოიჩინოს ინიციატივა ამ კუთხით. ან რეგიონული მასშტაბით წარმოადგინოს ინიციატივა, იმის საკომპენსაციოდ, რომ არ გაქარწყლდეს ის კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა და გარკვეული დივიდენდები მოჰქონდა ჩვენს ურთიერთობებში NATO-სთან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში წარმატებით დაასრულა. ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი 28 ივნისს დაბრუნდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. საქართველო NATO-ს არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო. ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. 2021 წლის აპრილში, აშშ-მა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი აშშ-მა პირველ მაისს დაიწყო და როგორ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სექტემბრამდე დასრულდება.
იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. როგორც ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში წლების განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ის მიესალმა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე საქართველოს ფოკუსირებას, რაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამიტის შედეგები განიხილეს, რომელზეც ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს NATO-ს ურყევი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკისადმი. ,,NATO-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა NATO-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
იტალიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა
20-წლიანი განლაგენის შემდეგ, იტალიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ლორენცო გუერინიმ განაცხადა. "იტალიის მისია ავღანეთში ოფიციალურად დასრულდა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა აქ არ მთავრდება. ეს გაგრძელდება სხვა ფორმებით, თანამშრომლობის გაღრმავებიდან დაწყებულ ავღანეთის რესპუბლიკური ინსტიტუტების მხარდაჭერით დამთავრებული", - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში 50 000 იტალიელი ჯარისკაცი მსახურობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, 723 სამხედრო დაშავდა, ხოლო 53 - დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა
ანტონიო გუტერეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანს სანქციები მოუხსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა თხოვნით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, მოხსნას ან უარი თქვას ირანის მიმართ დაწესებულ ყველა სანქციებზე, როგორც ეს შეთანხმებულია 2015 წლის ხელშეკრულებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „აშშ-ს მოვუწოდებ, გააუქმოს ან უარი თქვას იმ სანქციებზე, რომელიც 2015 წლის შეთანხმებაშია მოცემული", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე მიმართა ირანს და მოუწოდა, შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას დაუბრუბნდეს. "მე ისევ მჯერა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების სრულად აღდგენა საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდეს", - განაცხადა გუტერეშმა.
1-ლი ივლისიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 43-ე ვირტუალურ მინისტერიალში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ალბანეთის თავმჯდომარეობის დროს, კორონავირუსის პერიოდში ალბანეთის ორგანიზებით გამართული ღონისძიებები. "მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები. დავით ზალკალიანმა კოლეგებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვები შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის განვითარების პერსპექტივები. მათ შორის ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის ქვეყნების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის შექმნილი მძიმე მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს BSEC-ში თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის და 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამოხატა BSEC-ის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გლობალური კრიზისების დაძლევის გზებზე ისაუბრეს
„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გლობალური კრიზისების, მათ შორის კორონავირუსული პანდემიისა და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის მრავალმხრივ გზებზე ისაუბრეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. „პანდემიამ საგანგებო სიტუაციებზე საერთაშორისო რეაგირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ შეხვედრაზე. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰეიკო მაასმა სინანული გამოთქვა შეხვედრაზე რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების არყოფნის გამო. „როდესაც ვიკრიბებით, საჭიროა ერთმანეთთან საუბარიც. ჩვენ რუსეთთან და ჩინეთთან დიალოგი გვჭირდება“, – აღნიშნა მაასმა. შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღარიბი ქვეყნებისთვის გაცილებით მეტი ვაქცინის გადაცემის აუცილებლობას. „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და აღნიშნული ეფექტურად განვახორციელოთ. მულტილატერალიზმი არის ის, რაც ამის შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა ბლინკენმა. გარდა ამისა, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის პირველმა დიპლომატებმა ლიბანთან დაკავშირებული კრიზისიც განიხილეს. დამატებით, ბლინკენმა ცალკეული შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და მასთან იემენში მიმდინარე კონფლიქტი განიხილა. „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთდღიანი შეხვედრა იტალიის ქალაქ მატერაში ორწლიანი პაუზის შემდეგ გამართეს. მიმდინარე წლის ოქტომბერში, რომში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი იგეგმება.
უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული ოჯახის მტკიცე დასაყრდენია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. "საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანიკურ ინტეგრაციასა და განაცხადს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ელჩის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული ოჯახის მტკიცე დასაყრდენია. ვიქტორია ჰორვატმა დაადასტურა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და მზად არის, ამ პროცესში საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ძლიერი და ეფექტიანი პარლამენტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველო სწორ გზას ადგას. კახა კუჭავამ ვიქტორია ჰორვატს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალურიწვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა. "თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს NATO-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად აისახება NATO-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ პროგრესზე. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა და ქართულ მხარეს NATO-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია სამნისტროს განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს
თავდაცვის მინისტრი: უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში, NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა
ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც NATO-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება. "სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის სრული სპექტრი მიმოიხილა. ხაზი გაესვა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სახით ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება. მინისტრმა NATO-ს მხარეს, მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მიესალმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ და საუბარია NATO-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა
გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები და საელჩოები, 2021 წლის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება 2021 წლის პრაიდის კვირეულზე", - საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 2021 წლის პრაიდის კვირეულან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის. COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად. ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
როგორც ეხმაურებიან თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები
დღეს თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ჟვანიამ დაწერა, ის პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებას, რითაც პოლიტიკურ მხრეებს მისცემს საშუალებას განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ: ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე. „თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს. კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით “, - განაცხადა ჯაფარიძემ. თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. "ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებით",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა მმართველი გუნდის კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ჟვანიას გადადგომა „ქართული ოცნების“ მხრიდან უმნიშვნელო დათმობა იყო. „ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს... ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად – ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ხვედელიანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას ალტერნატივა არ ჰქონდა. "ახლა მთავარია, რომ ჩვენ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია, ეს ჩვენ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით უნდა დავაზღვიოთ“, - აცხადებს ხვედელიანი. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომა "იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, თუმცა, იპოვნიან სხვას, რომელიც შეასრულებს ივანიშვილი-კობახიძის დავალებას". "რა თქმა უნდა, ეს არ არის თამარ ჟვანიას მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. ეს გარკვეულწილად არის იმ ზეწოლის შედეგი, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, მაგრამ თამარ ჟვანიას ხომ არავინ დასჯის, ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, იპოვნიან მეორე თამარ ჟვანიას. ხელისუფლება რომ აღიარებდეს გაყალბებულ არჩევნებს და სჯიდეს თამარ ჟვანიას, რა თქმა უნდა, ის ვერ იპოვის მეორე შემსრულებელს, რომელიც გააყალბებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს... არჩევნების გაყალბება თამარ ჟვანიას ხომ არ უნდოდა, ეს მისი ინტერესი არ იყო, ის ასრულებდა უბრალოდ იმ დავალებას, რომელიც მოდიოდა ივანიშვილის, კობახიძისგან და სხვებისგან", - განაცხადა ბურჯანაძემ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "კარგი იქნებოდა თამარ ჟვანიას ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო". „ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა - მას არაფერი ისეთი არ ჩაუდენია". "დასავლეთის დამოკიდებულება იყო ერთი - არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა. თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო", - განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მის სუბიექტურ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ „სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”. "დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს",- განაცხადა სერგეენკომ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ჟვანიას პირად გადაწყვეტილებად აფასებს. „როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ასევე, არ შემიძლია, იმ ცრუ, არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც მძიმე დარტყმის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა, სწორად და გამართულად ეფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა და რეალურად გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნდა", - აცხადებს სარჯველაძე. "არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვების საკითხს. როგორც კობახიძე Facebook-ის გვერდზე წერს, ჟვანიას მიმართ არსებული ბარლდებები ვერ დასაბუთდა. „ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: - გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); - გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; - გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; - გაუყალბეს არჩევნების გაყალბება... ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, - წერს კობახიძე. თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. მის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს. ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს
ლაშა დარსალიას განცხადებით, გახელაძესა და ბებუასთან დაკავშირებით, ჟენევაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში, დაკავებების საკითხის განხილვისას გახელაძისა და ბებუას თემები არის მთავარი თემა. ამის შესახებ მან ჟენევის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დარსალიამ აღნიშნა, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდგომ არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან. მისი თქმით, საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე. "განხილვისას, როდესაც დაკავებების საკითხს ვეხებით, გახელაძისა და ბებუას თემები არის მთავარი თემა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდგომ. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან. სუფთა ჰუმანიტარულ ჭრილში გარკვეული პროგრესის მიღწევა. სამწუხაროდ, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჰუმანიტარულ ჭრილში ამ საკითხების გადაჭრა იქნება შესაძლებელი. ჰუმანიტარულ ჭრილში ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც სუფთა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ხდება, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ შემთხვევებს, თუმცა დღევანდელი მოლაპარაკების შემდგომ, არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკური პოლიტიკურისგან", – განაცხადა ლაშა დარსალიამ. დღეს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობასგიო გი შარაბიძე შეასრულებს. როგორც ცნობილია, გიორგი შარაბიძე თამარ ჟვანიას მოადგილე იყო. ნათია იოსელიანის განმარტებით, თამარ ჟვანია ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რის შემდეგაც გეგმავდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. „დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის ადგილზე, დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. გუშინ შევიდა განახლებული „საარჩევნო კოდექსი“ ძალაში, აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ის იქნას არჩეული. ჩვენ ველოდებით ახალ თავმჯდომარეს და ასევე, შემომატებულ კომისიის წევრებს. თავმჯდომარის მოვალეობას კი შეასრულებს თამარ ჟვანიას მოადგილე და გიორგი შარაბიძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა. თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. მის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს. ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს
Reuters-ი: ევროკავშირი 11 ქვეყნის მოქალაქებისთვის საზღვრებს გახსნის
კანადა და კიდევ 10 ქვეყანა დაემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქებისთვისაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა, ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, დაამტკიცეს ცვლილებები, რომელიც ძალაში უახლოეს დღეებში შევა. ევროკავშირის ყოფილი წევრი ქვეყანა - ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტმა გამოიწვია COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, ამ სიაში არ არის. სიაში შემავალი 11 ქვეყანაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი.
სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა
დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს პირიპირ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციიც ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტეირიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა უკანონო გატაცებებს", - ნათქვამია ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო მინისტრები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას
გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ჰეიკო მაასმა, ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტში, რომელიც მრავალ საკითხს ეხება, საუბარია, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებზეც. "ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების გატარების პროცესების მხარდაჭერას რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, საზოგადოებისათვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად და როგორც შიდა, ისე გარე დარტყმების მიმართ პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მიზნით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმის მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე, ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილებაზე. სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის საჭიროებას, როგორც ორი ერის დაახლოებისა და შერიგების ერთადერთ გზას", - ნათქვამია დოკუმენტში.