ძებნის რეზულტატი:
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟვანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ჟვანია წერს, ის პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებას, რითაც პოლიტიკურ მხრეებს მისცემს საშუალებას განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის პირველი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება. ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო. ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული. მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით. განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში. დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს. წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს! p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას“, – წერს თამარ ჟვანია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს და დღემდე ამ თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფორუმი, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის საჭირო ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებზე საჯარო დისკუსიას წარმოადგენს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობითა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობით ტარდება. ფორუმს დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ასევე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო ნქგუკა, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ფორუმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. გლობალური ფორუმი 29 მარტს მეხიკოში დაიწყო და პარიზში 2 ივლისს დასრულდება.
ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოვლეთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დასახელების ვაქცინით აცრა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან სამინისტროში კლინიკებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. „Pfizer-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ცალსახად მხოლოდ კლინიკებში იქნება; ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე AstraZeneca-სთან" მიმართებით ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო Sinopharm-მით და Sinovac-ით აცრა - დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში", - განაცხადა მინისტრმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება. მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, მგზავრებს 06:00-დან 20:00 საათამდე, სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურება. ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები: 1. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს; 2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება; 3. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.
საქსტატი: 2020 წელს საქართველოში სულ 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 2 587 მოქალაქე კორონავირუსმა იმსხვერპლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 პროცენტი, 16.0 პროცენტი სიმსივნეებზე, ხოლო სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები – 7.9 პროცენტი. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ანუ COVID-19, რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1 პროცენტს შეადგენს. ასევე, უწყების ინფორმაციით, ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში
საქსტატი: მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5%-ია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯუანშერ ბურჭულაძისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება. თავდაცვის მინისტრი ასევე NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრას დაესწრება.
თამარ გაბუნია: ვმუშაობთ მოლებთან, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მოლებთან მუშაობა, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისას, აცრები ჩატარდება კვირაში შვიდი დღე, ამცრელი კაბინეტები კი იმუშავებს სულ ცოტა რვა საათის განმავლობაში. „დღეს ჩატარდა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული კლინიკების შეხვედრა, როგორც თბილისის ასევე რეგიონების, რათა მიმოგვეხილა მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობა. დღეს პროგრამაში ჩართულია 290-მდე ბრიგადა, თითოეული ბრიგადის შესაძლებლობა დღის განმავლობაში არის 60 აცრის ჩატარება. ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს დღის განმავლობაში 90-მდე გაზარდოს აცრების რაოდენობა. დღეს შევთანხმდით მაქსიმალური რეჟიმის ამოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ აცრები ჩატარდება კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, ამცრელი კაბინეტები სულ მცირე რვასაათიანი დატვირთვით იმუშავებს. ზოგიერთი კლინიკა უკვე გადასულია ორ ცვლაზე, რაც 12-საათიან რეჟიმს ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს აცრის ჩასატარებლად მისვლას, როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში. იგეგმება ასევე დამატებითი სივრცეების მოწყობა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ. ერთი ასეთი სივრცე უკვე მოქმედებს „ჰუალინგის“ კომპლექსში და ახლა ვმუშაობთ მოლებთან, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში ჩაიტარონ ვაქცინაცია. ვფიქრობთ, აქტივობა იქნება მაღალი. თითოეულ ამ კლინიკას აქვს გაფართოების შესაძლებლობა იმგვარად, რომ თვის განმავლობაში ჩვენ სულ მცირე ნახევარ მილიონ აცრას ჩავატარებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: მალე დავუბრუნდებით AstraZeneca-თი ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად AstraZeneca-ს ვაქცინით იმ პირების ვაქცინაცია მიმდინარეობს, რომლებსაც პირველი აცრიდან 10-12-კვირიანი პერიოდი გაუვიდათ. გაბუნიას თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს. ,,AstraZeneca-ზე ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ ეს პრეპარატი მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ძალიან მალე დავუბრუნდებით AstraZeneca-თი ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს“, – განაცხადა გაბუნიამ. რაც შეეხება ვაქცინების შერევას, გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში ამ ტიპის მოდელი აცრის კალენდარში გათვალისწინებული არ არის. „შერეული მოდელი, ანუ ვაქცინების შერევა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება და კვლევის მონაცემები იმასაც კი ადასტურებენ, რომ AstraZeneca-თა და Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლოა, უფრო მყარი იმუნიტეტის გამომწვევი იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კალენდარში ამ ტიპის მოდელი ჯერ არ არის გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ დაგვჭირდება ეს გადაწყვეტილება, როგორც გამოსავალი, AstraZeneca-ს დეფიციტიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ამ მოდელის ეფექტურობა დადასტურდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას ფართოდ გასცემს, მაშინ ჩვენი ექსპერტების ჯგუფიც იმსჯელებს, რამდენად შეგვიძლია, ამაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასთან, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ივლისში ვაქცინების მილიონზე მეტ დოზას მიიღებს. „ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში. ხელშეკრულებების ფარგლებში, „კოვაქსის“გარდა, სულ შეძენილია ვაქცინის 2 მილიონ ნახევარზე მეტი დოზა. ეს არის „სინოფარმის“ , „სინოვაკის“, „ფაიზერის“ ვაქცინა, კოვაქსის პლატფორმიდან „ასტრაზენეკა“. ასევე, დაგეგმილია სხვა მწარმოებლის ვაქცინების შეძენა, რომელიც მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გერმანიის ელჩი: ყველაფერი შესანიშნავად მიდის. საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ავღანეთიდან ჯარისკაცების უკან დაბრუნების პროცესი ასე უპრობლემო არ იქნებოდა
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად თბილისის აეროპორტში განლაგებულ გერმანულ საჰაერო სატრანსპორტო ბაზას სტუმრობდა. ეს ბაზა ჩრდილოეთ ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გადაადგილების ცენტრს წარმოადგენს. „ეს არის საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და NATO-ს-ს შორის კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ჯარისკაცების უკან დაბრუნების პროცესი ასე უპრობლემო არ იქნებოდა”, - განაცხადა გერმანიის ელჩმა. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.
FLYARYSTAN-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოთხე მიმართულებას ამატებს
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan-ი კიდევ ერთ მიმართლებას ამატებს. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია FlyArystan-ს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, 14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება. ივლისის თვეში კი ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება. ,,მოხარულები ვართ, რომ ყაზახური დაბალბიუტერი ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს. ავიაკომპანია ჩვენი აეროპორტიდან ყაზახეთის 3 ქალაქის მიმართლებით ფრენებს წარმატებით ახორციელებს. მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის 4 ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან.FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა
თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ კომისიაში ახალ თავმჯდომარესა და ახალ წევრებს ელოდებიან, რათა მათთან ერთად ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები. „საარჩევნო ორგანიზაცია არის ძალიან მძლავრი და ძლიერი ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ წარსულშიც გვქონდა მსგავსი ტიპის გამოწვევა, თუმცა როგორც ადრე, ასევე ახლა, მზად ვართ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. განახლებული კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკოს ახალი თავმჯდომარე. ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ მათთან ერთად შემოდგომაზე ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა. პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. მის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.
ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს. ცვილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და მას პარლამენტი ხმების 2/3-ით დაამტკიცებს. ასეთ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში - 6 თვე. ანუ, პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს. ცესკოს წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება, რომელთაგანაც რვა პროფესიული ნიშნით შერჩეული, ცხრა პარტიების მიერ წარდგენილი წევრია. ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, მეორე კი ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებისგან. ცვლილებების თანახმად, ასევე იზრდება პროპორციული წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი იქნება შემოღებული. მაგალითად, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 40-ს პროპორციული წესით აირჩევენ, 10-ს კი - მაჟორიტარული. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო. კანონის მიხედვით, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თავის მხრივ საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. პრეზიდენტმა განკარგულება მისი თამარ ჟვანიას გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს. პარლამენტი ცესკოს თავმდჯდომარეს ირჩევს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა. პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კვლევა: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა12-ჯერ უფრო მეტი აქვს
პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების რისკი არავაქცინირებული ადამიანებისას შეადარეს. კვლევის სხვა მონაცემები ხაზს უსვამს ინფიცირების მკვეთრ ვარდნას მაშინ, როდესაც ვაქცინაციის კამპანია ეფექტურია. პასტერის ინსტიტუტის სცენარში, არავაქცინირებულ ადამიანებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 75% მოდის. მკვლევრები აცხადებენ, რომ არავაქცინირებული ზრდასრულები საავადმყოფოების დატვირთვას უწყობენ ხელს. კვლევის საბაზისო სცენარში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები მოსახლეობის 3%-ს შეადგენს, თუმცა მათზე ჰოსპიტალიზაციის 35% მოდის. გარდა ამისა, არავაქცინირებული პირები ვირუსის გადაცემას არაპროპორციულად უწყობენ ხელს: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. კვლევა: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა12-ჯერ უფრო მეტი აქვს
კიბერუსაფრთხოების ბიურომ თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროექტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გადაეცა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც თავდაცვის უწყების ინტერნეტკომუნიცაციების სტაბილურობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. "აღნიშნული სისტემები შეამცირებს კიბერინციდენტებს და თავდაცვის სამინისტროს კიბერსივრცეს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის. პროექტი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აპარატურის გადაცემის ღონისძიების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს
სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას და მის გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. "საქართველოს პარლამენტი გეგმავს დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამა წლის 17 ივნისს წარუდგინა. სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ვეღარ სარგებლობს ნდობით და აზრს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმის არსებობას. მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე 2 წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია. დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ნატალია ვუტოვა: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს
საარჩევნო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო Europetime-თან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ნატალია ვუტოვა საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში. Europetime ნატალია ვუტოვასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოს მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ? მაგალითად, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ბოლო ანგარიშში ზოგადად აღნიშნა, რომ დემოკრატია გასაჭირშია. ნება მომეცით ამ შეკითხვის ბოლოდან დავიწყო. დემოკრატია მართლაც გასაჭირშია, მაგრამ ეს გლობალური მოვლენაა. საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, ქართული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთოდ, ხალხთან ერთად ვდგავართ ამ გამოწვევების დასაძლევად. როცა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, კომპრომისები შესაძლებელია და დემოკრატიის გამოწვევების გადალახვა მიღწევადი. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში გამოიხატა. (საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“) 2014 წელს. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ციხეებში, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ქვეყანამ ასევე შეამცირა ციხეებში პატიმართა მაღალი რიცხვი. ამასთან, ამ მიმართულებით შემდგომი სამუშაოს ჩატარება კიდევ საჭიროა. 2015 წელს, ქვეყანამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია სისხლის სამართლის სისტემასთან და აწესებს უფრო მაღალ სტანდარტებს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვანთათვის. ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წელს ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება და 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, ასევე, საქართველოში ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეფორმა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ორი მიმართულებაა, რომლებსაც დემოკრატიის საფუძველი ემყარება - საარჩევნო და სასამართლო სისტემები. საარჩევნო რეფორმა არის სფერო, სადაც რეფორმა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. გასულ წელს, საკონსტიტუციო რეფორმამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების წილი და საარჩევნო ბარიერი 1% -მდე შეამცირა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. _ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. რა პროგრესსა და ნაკლოვანებებზე შეიძლება ვისაუბროთ ამ და სხვა რიგ დოკუმენტებზე დაყრდნობით და როგორ უყურებთ საქართველოს მიერ ამ კუთხით შესრულებულ რეკომედაციებს? მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR–მა ახალი წინადადებები შეიმუშავეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაითვალისწინოს შემდგომი რეკომენდაციები. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს, მართლაც, ვენეციის კომისიამ რამდენჯერმე განიხილა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ამ პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები შევიდა. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წესების დადგენა მოხდა, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა გაიზარდა და გასაჩივრების შესაძლებლობა განისაზღვრა. ახლა, ვენეციის კომისიის 2021 წლის აპრილის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ”[..] არსებობს მრავალი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გადაიხედოს”, ძირითადად გასაჩივრების პროცედურისა და კანდიდატთა თანასწორობის შესახებ. _პროექტი - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ საქართველოში 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბრამდე გრძელდება. რა გამოწვევები გამოავლინა პროექტის მიმდინარეობამ და რა მთავარ პროგრესს გაუსვამდით ხაზს. ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ პარტნიორებს სისხლის სამართლის რეფორმასა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა ეფექტურად განახორციელონ სასამართლო კონტროლი განაცხადების ირგვლივ ბრალდების მხარისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულებითი ზომების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, პროექტი ეხმარება სასამართლო სექტორით დაინტერესებული მხარეების ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საქმიანობის შესაფასებლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კრიმინალური პოლიტიკის განვითარებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას. სამართლის სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერების მიუხედავად, პრევენციული ზომების გამოყენების ზოგადი სურათი უცვლელი რჩება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების პროცენტული განაწილება თითქმის იდენტურია. კერძოდ, გირაო და დაპატიმრება არის პრევენციული ზომების ის ტიპები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება, სხვა ზომები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღრიცხვის მიზნით, ევროსაბჭოს ეგიდით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებაზე წინადადებებს შეიცავდა. 2019 წელს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თუმცა პროცესში შეფერხებები შეინიშნებოდა. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არსებული სამართლებრივი ჩარჩო გამოძიების და ბრალდების მხარის არაეფექტური მოქმედებების რისკებს ქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა მალე განახლდება. _რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე? შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება.
არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული ო.წ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურაურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა. "სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ო.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1-ლი ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზა“ რეისებს ამატებს და განრიგს ცვლის
1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ გაუქმების გამო, განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც იცვლება. "აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში
ჯეიმს აპატურაი, საქართველოში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ის შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და „აზრის ლიდერებს“, განიხილავს NATO-ს სამიტის მთავარ გზავნილებს საქართველოსთვის და წაახალისებს შემდგომ რეფორმებს, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს NATO-სთან. ჯეიმს აპატურაი ამ თანამდებობაზე დაახლოებით ათი წელი მსახურობდა და გააგრძელებს მუშაობას როგორც გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით. „ჩემს თავს ვხედავდი, არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ ასევე საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო NATO-ს დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და არსებობს NATO-საქართველოს თანამშრომლობის ხელშესახები საფუძველი“, - ციტირებს აპატურაის NATO-ს სამეკავშირეო ოფისი. ,,ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში. ექსკლუზივი: NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა