ძებნის რეზულტატი:
მაიკლ კარპენტერი: საქართველოს წინაშე ვალში ვართ, ავღანეთში ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში შეტანილი წვლილისთვის
"ჩვენ საქართველოს წინაშე ვალში ვართ, ავღანეთში ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში შეტანილი წვლილისთვის", - ამის შესახებ პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე წერს. „ჩვენ საქართველოს წინაშე ვალში ვართ ავღანეთში ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში შეტანილი წვლილისთვის. 107 როტაციის ფარგლებში, 20 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა ამ მისიებში. ჩვენ პატივს მივაგებთ 32 დაღუპულ ჯარისკაცს“, - წერს კარპენტერი. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაიკლ კარპენტერი ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. მაიკლ კარპენტერი: ეს იქნება უდიდესი პრივილეგია, ვიმუშაო ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ. რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან - გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების გამოცდაზე მოქცევის წესებს აქვეყნებს რომელი რეგულაციების დაცვით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 30 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა. „მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა. მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას. საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის – თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა. მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე. აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა. მოლაპარაკებებზე განიხილეს დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილეს დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექსტრს და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი გლობალურ ფორუმის ორგანიზებისთვის საფრანგეთის მთავრობას მადლობას უხდის
სალომე ზურაბიშვილი გლობალურ ფორუმის ორგანიზებისთვის საფრანგეთის მთავრობას მადლობას უხდის. "მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მადლობა საფრანგეთს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს პირიპირ შეხვდა.
აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი, რომელიც ერაყის ომის მთავარი არქიტექტორი იყო, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დონალდ რამსფელდს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად 1975-1977 წლებში, ხოლო მეორედ - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წელს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რამსფელდი ალ-ქაიდაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. დონალდ რამსფელდი საქართველოში 2001, 2003 და 2016 წლებში იმყოფებოდა. 2001 წლის დეკემბერში მისი ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ რამსფელდი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს საწმისის ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას!
მივმართავ კომივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას! ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის და წინააღმდეგი ვართ სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის!ნფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას! წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის, - ამის შესაებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე Generation Equality Forum სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები. "მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ემანუელ, მადლობა საფრანგეთს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს და რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დღეს მე აქ ვარ, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი. მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერმინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალ ლიდერებს ამ მიმართულებით უფრო მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იმისათვის, რომ ხვალ თანასწორობას მივაღწიოთ. საჭიროა არსებობდეს უფრო მეტი ქალი ლიდერი, რადგან მხოლოდ ასე განვახორციელებთ ცვლილებებს. რაც ეხება ჩემს ქვეყანას, მე მესმის ჩემი პასუხისმგებლობა და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორ კოალიციას. სტამბოლის კონვენცია ქართულ კანონმდებლობაში სრულად აისახება. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო და ვალდებულება, რომლის ბოლომდე მისაყვანად მე ყველაფერს გავაკეთებ. საქართველოს მიერ აღებული მეორე ვალდებულება შეეხება იმას, რომ ქალებმა იპოვონ საკუთარი ადგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. ეს სექტორი ყველა ქვეყნის მომავალს წარმოადგენს და ქალები უნდა იყვნენ და უფრო მეტიც, ქალები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ასევე მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. ეს არის ქალთა მიმართ ონლაინძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რომელიც უფრო აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩემი ქვეყნისთვის (მაგრამ არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის). ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან! და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო. დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან - ჩემი მოქალაქეები, და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან. პანდემიისას ისინი კიდევ უფრო დაზარალდნენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებზე და ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ამიტომ ისინი, რაღაც მხრივ, ორმაგად საზარელ მდგომარეობაში არიან. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები. ამიტომ, ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან. ასე რომ, მე მინდა ვესაუბრო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს, ვინც ამ სიტუაციაშია და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის, წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ადამიანისკენ მიმართული სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის - ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმ Generation Equality Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას.
კომპანია Moderna-ს განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის "ინდური შტამის" წინააღმდეგ ეფექტურია
კომპანია Moderna-ს მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „დელტა“ ("ინდური შტამი") ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური იყო „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ Moderna-ს ვაქცინა ახლად აღმოჩენილი ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას," - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.
ჯეიმს აპატურაი: დიდმა ბრიტანეთმა ალიანსს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ და NATO-ს მომხდარის შესახებ სრული სურათი აქვს
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ალიანსს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ და NATO-ს მომხდარის სრული სურათი აქვს. "NATO-ს მტკიცე პოზიცია აქვს, როდესაც საქმე ეხება ნაოსნობის თავისუფლებას და ფაქტს, რომ ყირიმი უკრაინაა და არა რუსეთი. ამ ინციდენტის დროს NATO-ს მოკავშირეებმა გამოიჩინეს სიმტკიცე ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვაში. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ NATO-ს მოკავშირეები ამ საკითხზე უკან არ დაიხევენ. როგორც ვიცი, DEFENDERi-ი ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა. ასე რომ, ეს არის მოკავშირეების ერთობლივი ვალდებულება, უზრუნველყონ შავი ზღვის უსაფრთხოება და იმ პრინციპებისადმი ერთგულება, რაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის", – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის განცხადებით, ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას და ათავსებს შეიარაღებას ყირიმში, მათ შორის სარაკეტო სისტემებს, რაც ნაოსნობის თავისუფლებას ართულებს. "ჩვენ ვმუშაობთ უფრო მჭიდროდ საქართველოსა და უკრაინასთან პოლიტიკური კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ამასთან, NATO უფრო მეტად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში და ამას ვხედავთ. ასევე, ჩვენი საზღვაო ძალების დანაყოფები, რომლებიც ამ რეგიონში გამოგვყავს. ამას აკეთებენ NATO-ს ინდივიდუალური წვერებიც, თუმცა ეს ქმედებები კოორდინირებულია. თქვენ ხედავთ ბრიტანულ ძალებს, ფრანგები დაფრინავენ და აშშ-ის რეგულარულად შემოჰყავს გემები. რუსებს მუდმივად არ მოსწონთ ეს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ. ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ, რომ შავი ზღვა რუსულია და ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს წარმომადგენლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა. გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ პარამეტრებში, რაზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაი საქართველოშია ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში ექსკლუზივი: NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა დიდი ბრიტანეთი უარყოფს, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა
რამდენ აბიტურიენტს დაუდასტურდა კორონავირუსი
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კორონავირუსით ინფიცირების გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 6:00 საათიდან 25 სააგამოცდო ცენტრია გახსნილი. "ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული. რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია - დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი", - განაცხადა სოფიო გორგოძემ. შეგახსენებთ, რო დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 53-ე რაუნდს ეხმაურებიან
„მონაწილეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, დაკავებები, უგზოუკვლოდ დაკარგული პირები, გადაადგილების თავისუფლება და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების სიტუაცია.", - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის გამართვას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, 53-ე რაუნდის დროს, მონაწილეებმა შეხვედრა ორ ცალკეულ ჯგუფად გამართეს, რომელიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. "ადგილზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, დაკავებები, უგზოუკვლოდ დაკარგული პირები, გადაადგილების თავისუფლება და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხს, რომელიც ეხებოდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით. მათ ასევე განიხილეს შესაძლო ერთობლივი ძალისხმევა თემების პოსტპანდემიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას ერგნეთში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლება", - ნათქვამია განცხადებაში. თანათავმჯდომარეების ინფორმაციით, რამდენიმე მონაწილის მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე არსებითი დისკუსია ვერ შედგა. "თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, ნდობის აღდგენის ძალისხმევა გაზარდონ, მოაგვარონ უსაფრთხოების ყველა ელემენტი და უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დღეიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება
დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა დღეიდან ბრუნდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air-ი საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს. პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
სახალხო დამცველი კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს
სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. "2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, არსებული რისკების პრევენციის და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ამასთან, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები. წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია. ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. "ნაკრძალის მისამართით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება. მეხანძრე მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე აგრძელებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს", - ნათქვამია განცხადებაში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ნაკრძალის წარმომადგენლის, ვაჟა ჩერქეზიშვილის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
სალომე ზურაბიშვილი: თბილისი პრაიდის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა
"ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი პრაიდის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა "მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!", - აცხადებს ზურაბიშვილი. დღეიდან, 1-ლი ივლისიდან თბილისი პრაიდის კვირეული იწყება.
გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ჰეიკო მაასმა, საგარეო და თავდაცვის საკითხებში გერმანია-ბრიტანეთის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი საგარეო საქმეთა მინისტრი თანახმაა ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგის ჩატარებაზე, როგორც ღრმა ორმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობზე. ეს დიალოგი მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევების საერთო გაგებას, ასევე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო თანამშრომლობის მიზანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. "ერთობლივი დეკლარაცია ამტკიცებს საერთო ევროპულ და უნივერსალურ ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ემყარება გერმანია და გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკა: მულტილატერალიზმის ერთგულება, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცება, ევროპის სტრატეგიული ერთიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგულება, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ერთგულება, გენდერული თანასწორობის ჩათვლით. ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი ერთობლივად დაუდგებიან გვერდით ამ ღირებულებებს გლობალურ დონეზე და, ამ გაგებით, ერთმანეთს მხარს დაუჭერენ მრავალმხრივ კონტექსტში. გერმანიის აზრით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანულმა მხარემ დეკლარაციის ხელმოწერით აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს გერმანიის მცდელობებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუდმივი ადგილის მოპოვების შესახებ. დეკლარაციით, ცხადი ხდება, რომ გერმანიის მთავრობა ასევე მხარს დაუჭერს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას და დიალოგს. თანამშრომლობის დეკლარაცია ასევე აცხადებს, რომ გერმანია უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიმართ, გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი წამოწყებების შესახებ", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო მინისტრები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 980 ადამიანს დაუდასტურდა, 877 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 367 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 352 624, გარდაიცვალა 5 327 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი, 30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.86%. ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან 663 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 38, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 18, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 081, საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 529, აჭარაში - 163, იმერეთში - 353. მძიმე პაციენტი: 601, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 37, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 165, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 605 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 747 ინფიცირებული მურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 208, პირი, აჭარაში - 634, იმერეთში - 779.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის მოცულობა 7 მილიარდ ლარს შეადგენს
„მთავრობის ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ჩვენ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში და ამ მიზნით წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ პირველად დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და დღეიდან თემატურ განხილვებს იწყებენ. მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობა. მთავრობამ დაასრულა უკვე პირველად დოკუმენტზე სამუშაო და დღეიდან ვიწყებთ თემატურ განხილვებს. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. ამ პრეზენტაციას ჩაატარებს ბატონი ლევან დავითაშვილი. მე მინდა მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას. მე მინდა ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ის არის ძალიან კვალიფიციური, მაღალი პროფესიონალის მენეჯერი და მინდა მას და მის გუნდს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.
კახა კუჭავა: აუცილებელია, ნებისმიერ ადამიანს, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ძალადობა თავიდან იყოს არიდებული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მას „იმედი მაქვს, რომ არ ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას“. „სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება. იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება, ვინმე შეიძლება, იყოს ამის მომხრე",- განაცხადა კუჭავამ. სალომე ზურაბიშვილი: თბილისი პრაიდის მონაწილეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა
დავით ზალკალიანი: დონალდ რამსფელდი იყო საქართველოს კარგი მეგობარი. მადლობა მას NATO-ში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის გარდაცვალებას ეხმაურება, მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის და ამ კონტექსტში მის წვლილს უსვამს ხაზს. „ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დონალდ რამსფელდის ოჯახს და მეგობრებს. ის იყო საქართველოს კარგი მეგობარი. ჩვენ მადლიერნი ვართ მისი, აშშ-საქართველოს თავდაცვის პარტნიორობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის გვერდზე. აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
1-ლი ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯამში 265 290-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 103 170 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, აცრა 3 174-მა ადამიანმა გაიკეთა.