ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი ჩვენზე თავდასხმებს გააგრძელებს, ვუპასუხებთ
შეერთებული შტატები იმედოვნებს უფრო სტაბილურ და ხელსაყრელ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი განაგრძობს ”თავდასხმას”, მაშინ ვაშინგტონი უპასუხებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „თუ რუსეთი განაგრძობს ჩვენზე თავდასხმას, ან მოიქცევა ისე, როგორც ეს SolarWind-ზე თავდასხმის, ჩვენს არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ ვპასუხებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომში ისლამისტური დაჯგუფებების წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის საკითხებზე სასაუბროდ იყო ჩასული.
1-ლი ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება
,,Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს,-‘’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. "პანდემიის გამო ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა. რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს", -განაცხადა თამარ არჩუაძემ. 1-ლი ივლისიდან ვროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს. ,,შესაძლოა რიგითი მგზავრი, ბილეთის შეძენისას ვერ გრძნობს განსხვავებას ავიაკომპანიის ბაზირებულ მიმართულებაზე ყიდულობს ბილეთს, თუ არაბაზირებულზე. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. პირობითად, მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება ქუთაისიდან და დასრულდება ქუთაისში და შემდეგ გაგრძელდება სხვა მიმართულებით, რომელიც კონკრეტულ ბაზირებულ ხომალდზეა მიბმული. ბაზის არსებობის დროს, ტექნიკურად უფრო მარტივი და მოქნილი ხდება თანამშრომლობა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. ავიაკომპანია აეროპორტის სერვისებზე შეღავათებით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს", - განმარტავს თამარ არჩუაძე.
აშშ-ის საელჩო: მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, წყალბურთელთა ნაკრების თამაშზე დიდი მეტოქეობა იყო
26 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა, მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 13-9 დამარცხდა. როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალბურთელთა ნაკრების თამაშზე დიდი მეტოქეობა იყო. "აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო. ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას. თამაშს ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს. აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა. მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
პრემიერის დავალებით, ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, შესაბამისი ცენტრები სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია. "პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია. როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან უქმდება ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა; ამის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული არ იქნება 00:00-05:00 საათამდე. კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. ამასთან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 351 144 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 297 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 611 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2639 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მისი, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან რეგიონში გზარდილი ვიზიტები პოზიტიურია და იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება ეპიზოდური.ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. _ბატონო გენერალო, უპირველესად მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესო იქნებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებით დაგვეწყო ინტერვიუ. წინა ინტერვიუებს, რომლებიც თქვენთან ჩავწერეთ, ლაიტმოტივად გასდევდა ერთი მთავარი რამ, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო რეგიონში მიმდინარე პროცესებში და უფრო მკაფიო ნაბიჯები გადაედგა მისი პოზიციის და პოზიციონირებისთვის რეგიონში. რამოდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია ესტუმრა, ხოლო მალევე ამ ვიზიტიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, რომელიც ტურნეს ფარგლებში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია. მალევე საქართველოს მედიატორის როლიც გამოიკვეთა და მადლობებიც მიიღო ქვეყანამ სომხეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს, არის თუ არა ეს ერთგვარი განაცხადი, რომ ამერიკა დაბრუნდა რეგიონში? ეს უდაოდ პოზიტიური ნაბიჯებია, იმის მანიფესტაცია, თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ყოველივე ამის შენარჩუნება და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს იყოს ეპიზოდური. მე განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკელი დიპლომატებით, რომლებიც ახლა საქართველოში მსახურობენ და რომლებიც დაუღალავად მუშაობენ; მიხარია, რომ მათ აქვთ როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და კონგრესის მხარდაჭერა. _როგორ შეაფასებდით NATO-ს ლიდერების სამიტს, რომელიც ახლახან გაიმართა და რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენიც ესწრებოდა? იყო თუ არა უფრო მეტი მოლოდინები ამ სამიტიდან, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით? ეს იყო მართლაც საინტერესო სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ამერიკის ვალდებულების შესახებ როგორც NATO-ს მიმართ, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია - NATO 2030 - არის საკმაოდ კარგი და მიხარია, რომ ალიანსი ოფიციალურად მიიღებს მას მომავალი წლის სამიტზე, მადრიდში. თუმცა, უნდა ვაღიარო, იმედგაცრუებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობის თაობაზე არ გაჟღერდა ძლიერი და მკაფიო მესიჯები, ისევე როგორც მკაფიოდ არ განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე ვწუხვარ, რომ კონკრეტულად უკრაინას და ზოგადად შავი ზღვის რეგიონს ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულის გაძლება მოუწევთ; რადგანაც დასავლეთის მხრიდან სურვილის არქონა, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია, მხოლოდ უბიძგებს კრემლს აგრესიისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დადებითად ვუყურებ გასულ კვირას ‘ეიჩემეს დეფენდერის’ (HMS Defender) მიერ შესრულებულ მოქმედებებს; ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას კრემლის მიერ ყირიმის უკანონოდ მითვისებასთან გამოწვევაში. იმედი მაქვს, რომ ნატოს ლიდერები, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით, აჩვენებენ ისეთივე სიმტკიცეს და გამბედაობას, როგორც ‘HMS Defender-ის’ მთავარსარდალმა და ეკიპაჟმა აჩვენეს. _გაზრდილი რუსული საფრთხის ფონზე, NATO-მ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გაზარდოს სტაბილურობა შავ ზღვასა და ბალკანეთზე? განსაზღვროს ის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, შეიმუშავოს შემდგომი საპასუხო გეგმები და სწორად გადაანაწილოს რესურსები ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, ასევე გააუმჯობესოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც არის ჩვენი დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, თუმცა მასთან ურთიერთობა ამჟამად არ არის მოწოდების სიმაღლეზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას ნაბიჯები და აღადგინოს ანკარასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა ამ საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. _სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე? ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ. _თქვენ ხშირად აღნინიშნავთ, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, პორტები, ტერმინალები, რკინიგზა და მეტი დასავლელი ინვესტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა საქართველოს ინტეგრაციისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. სულ ახლახანს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით აშენდა და რომლის მშენებლობასაც ძალიან აპროტესტებდნენ პრორუსული ძალები. გასაგებიც კია მათი პროტესტი, რადგან საქართველოს როლი სატრანზიტო რუკაზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ გზაზე იზრდება. რას გვეტყოდით ამ პროექტზე და იმ პროტესტზეც, რომელიც მუდმივად ახლავს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს? საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია. _და ბოლო კითხვა, როგორ უყურებთ და როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები დისტანციიდან? განსაკუთრებით მეგობრების, მოკავშირეების და გულშემატკივრების თვალით აღქმული, გზა რომლითაც მიდის ქვეყანა მიიყვანს თუ არა მიზნამდე, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციამდე? ვფიქრობ, საქართველო უბრუნდება თავის აქტიურ ფორმას, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მის დასახმარებლად საქართველოს ყველა მეგობარი მზად ვართ. იმედი მაქვს, ამ შემოდგომაზე ვესტუმრები საქართველოს. ვფიქრობ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვცდილობდით ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს განვითარებაში, იმ ქვეყნის, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.
პროკურატურა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის გააუპატიურაბაში ბრალდებულს, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნათია თურნავა: საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის. საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილების ფარგლებში, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი გამოცხადება განახლებული დიზაინითა და პირობებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო. ეს არის ჩვენთან, საქართველოში კინოინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმა და გარდა ამისა, ეს არის ტურისტების მოზიდვისთვის საუკეთესო მექანიზმი“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი ევროპასა და ევრაზიას შორის სატრანზიტო ფუნქციის და როლის განვითარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ პორტების, მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასთან ერთად ეს საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მოიზიდოს უფრო მეტი დასავლური ინვესტიცია, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტია იქნებოდა. გენერალი ასევე აფასებს ბოლო პერიოდში ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალის გახსნას, რომელიც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციით აშენდა და ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასა და ევრაზიას შორის სატრანზიტო ფუნქციის და როლის განვითარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია. „საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია. მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია“, - აღნიშნავს გენერალი ბენ ჰოჯესი. ინტერვიუ სრულად: ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მისი, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე
ეკატერინე ტიკარაძე: საპატრიარქოში განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რომ სრულიად იყოს დაცული ბავშვთა ინტერესები
"დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა იმისათვის, რომ დავსახოთ თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები, თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში არსებული დიდ ბავშვთა სახლების მიმართულებით. „დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოშია. ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა, ამასთან, მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯადაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 15 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპატრიარქოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივანე ჩხაიძე: შეზღუდვის გაუქმებამ შეიძლება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება გამოიწვიოს
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ პროფესორისა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად გააუარესოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. როგორც ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აცხადებს, ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების მთავარი მიზანი არის ინფიცირების შემთხვევების შემცირება. ,,ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების მთავარი მიზანი არის ინფიცირების შემთხვევების შემცირება. შეზღუდვების მთავარი ამოცანა იყო, პოტენციურად შეემცირებინა ინფექციის გავრცელება, რაც მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას. ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნავთ - ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დამუშავება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება - ყველა ამ რეკომენდაციის უკან დგას ინფექციის გავრცელების შემცირების სურვილი. ყველა ამ რეკომენდაციის გაუქმება ავტომატურად გულისხმობს, თუ ქვეყანა არ არის მზად (აქ პირველ რიგში იგულისხმება მოსახლეობის ვაქცინაცია) შესაძლებელია, ამ შეზღუდვების გაუქმებამ გარკვეულწილად გააუარესოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის მზაობაზე, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ნიღბის ტარების ვალდებულება გააუქმა, როდესაც მოსახლეობის გარკვეული პროცენტი იყო ვაქცინირებული. ეს პროცენტი მინიმუმ 30-40%-ია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ეს მოთხოვნა გავაუქმოთ", - განაცხადა ჩხაიძემ. როგორც Europetime-თან ჩხაიძე აცხადებს, საქართველოში სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა სოლიდური არ არის, ამასთანავე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მატულობს მობილობა, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ,,საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ 100 000 ადამიანია ორჯერადად აცრილი, ანუ ქვეყანაში ჯერ არ არის შექმნილი იმ ადამიანების სოლიდური ფენა, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები, ამიტომ, ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა ღია სივრცეში გარკვეულ რისკებს შეიცავს და განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდის განმავლობაში, როდესაც შიდა მობილობა იზრდება, მატულობს უცხოეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ამ შეზღუდვების მოხსნამ შესაძლებელია, გამოიწვიოს შემთხვევების მატება და ამ მხრივ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ვფიქრობთ, რომ ამ შეზღუდვის გაუქმებამ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განაპირობოს ინფიცირებულთა მატება. როდესაც ჩვენ ინდურ შტამზე ვსაუბრობთ, ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებობით ჩინურ შტამთან და ასევე ბრიტანულ შტამთან შედარებით. ასე რომ, თუ ქვეყანაში დომინანტური გახდება ინდური შტამი, შესაძებელია, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატოს", - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. პრემიერის თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება არ უქმდება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. ამასთანავე, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. მთავრობის გადაწყვეტილებითვე 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.
კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა ვხედავთ ბოლო დღეებში მიღწერულ პროგრესს, გრძელდება მონიტორინგი
ყველა ვხედავთ ბოლო დღეებში მიღწერულ პროგრესს, გრძელდება გრძელდება იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და UNICEF-ის წარმომადგენელიც ესწრებოდნენ. ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს. განიხილეს თუ რა უნდა იყოს სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ბავშვების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს. "პირველ რიგში, განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალეობის დონეს, შექმნილი ვითარების ირგვლივ, რაც აბსოლუტურად აუცილებელია და არის კარგი. განვიხილეთ თუ რა იქნება სამომავლო ნაბიჯები ახლა, იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფოკუსი შენარჩუნდება. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა უფრო ფართო საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დეინსტიტუციონალიზაციას. არსებობს გაერთიანებული ინტერესი, რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველა მხარისგან ვიგრძენი. იქნება სხვადასხვა ქმედება, რათა დისკუსია წინ წავიდეს და ასევე ნარატივი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ამ გადამწყვეტ საკითხზე რეალური ნაბიჯები გადავდგათ წინ. პარალელურად, ვნახე, რომ პარლამენტი ემზადება სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ბავშვთა დაცვის კოდექსზე, რაც მისასალმებელი ფაქტია. ვფიქრობ, პარლამენტის როლი ამ პროცესში იქნება ძალიან სასარგებლო. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ უკვე ჩართულები ვართ და მოწადინებული ვართ პროცესის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია იყო ძალიან კარგი და სასარგებლო. ჩვენ ვიმსჯელეთ მიღწეულზე და დავსახეთ სამომავლო ამოცანები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპატრიარქოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკატერინე ტიკარაძე: საპატრიარქოში განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რომ სრულიად იყოს დაცული ბავშვთა ინტერესები
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა გაამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა. 7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
როსარია პუგლისი: სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ დაინტერესებულნი არიან NATO-სთან თანამშრომლობით
“სამხრეთ კავკასია: ძველი დილემები და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები”, - ამ სახელწოდების ვებსემინარი NATO-სთან საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით ჩატარდა, რომელზეც მაღალი დონის სპიკერებს მასპინძლობდნენ. ღონისძიების დროს განიხილეს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „NATO […] ერთგულია სამხრეთ კავკასიის პარტნიორებთან ურთიერთობის, რამდენადაც მათ სურთ გააგრძელონ ურთიერთობა ჩვენთან. საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით ჩვენ მყარ გზაზე მივდივართ, რომელიც საბოლოოდ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებამდე მიგვიყვანს, რასაც არარეთხელ გაესვა ხაზი NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ჩვენ ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ დაინტერესებულნი არიან NATO-სთან თანამშრომლობით“, - განაცხადა როსარია პუგლისმა, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, Rose-Roth-ის სემინარის დროს. მისი თქმით, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს განსხვავებული პრიორიტეტები და პერსპექტივები აქვთ ალიანსთან ურთიერთქმედებებისას. ექსკლუზივი: როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან
ომბუდსმენი: მივესალმებით ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, შეასრულოს ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალშიც გეგმავს არაერთ ვიზიტს ნინოწმინდის პანსიონში, იქ არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლის, არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებაშია აღნიშნული. „სახალხო დამცველი მიესალმება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში 15 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი ბენეფიციარი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან დაწესებულებაში და ახორციელებენ ბენეფიციარების საჭიროებების შეფასებას, მათ შორის, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაყვანის საკითხს. სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული პროცესის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას. 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა პანსიონის ხელმძღვანელს, დაათვალიერა დაწესებულება და გაეცნო ბავშვებს. მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს პანსიონში არსებული დოკუმენტაცია და გაესაუბრნენ არასრულწლოვნებს. ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, არ არსებობს ერთიანი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე: აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ
ივანე ჩხაიძე: სხვადასხვა ვაქცინით აცრა სავსებით დასაშვებია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები ივლისის დასაწყისში საქართველოში შემოვა. როგორც ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აცხადებს, Astrazeneca-ს ვაქცინას სხვა ტიპის ვაქცინებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი შუალედური პერიოდით ხასიათდება და იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისის ბოლოს, ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან 4-6 კვირის შუალედში მეორე დოზით ვაქცინაციას გეგმავდნენ, კიდევ აქვთ 12- კვირამდე პერიოდი ასაცრელად. ,, Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდების გრაფიკი თვითონ მწარმოებელმა რამდენჯერმე დაარღვია. ჩვენ ველოდებოდით ჯერ მაისში, შემდეგ ივნისის დასაწყისში, შემდეგ დაფიქსირდა 22 ივნისი, თუმცა 22 ივნისსაც ვერ მოახერხეს მოწოდება და გარკვეულად, ამ მოწოდების დარღვევამ შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა სხვა ტიპის ვაქცინებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი შუალედური პერიოდით ხასიათდება, რაშიც იგულისხმება პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის 12-კვირიანი პერიოდის არსებობა. ყველა სხვა ვაქცინასთან მიმართებით, ეს არის 2 ან 3-კვირიანი, მაქსიმუმ 4-კვირიანი პერიოდი. Astrazeneca-აც გამოირჩევა პირველ და მეორე ვაქცინებს შორის ინტერვალით, რაც შეიძლება იყოს 4-დან 12 კვირამდე, რაც გარკვეული ლავირების შესაძლებლობას გვაძლევს. თუ ახლა, ივნისის ბოლოს, ადამიანი 4-6 კვირის შემდეგ ვაქცინაციას თუ გეგმავდა, მისთვის არაფერი იცვლება, ვინაიდან კიდევ აქვს 12 კვირამდე პერიოდი და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Astrazeneca მწარმოებლის მიხედვით, უფრო ეფექტურია მაშინ, თუ პირველ და მეორე ვაქცინას შორის მაქსიმალური ხანგრძლივობა ფიქსირდება. ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ვერ ახერხებენ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრას და პირველ და მეორე ვაქცინას შორის 4, 6 და თუნდაც 8 კვირაა გასული, კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ მეორე ვაქცინა გაიკეთონ. ასე რომ, თუ მომდევნო 3-4 კვირის განმალობაში მოხერხდება ამ ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, ეს ადამიანები მიიღებენ უფრო მეტად ეფექტურ, უფრო მეტად დამცველობითი უნარის მქონე ვაქცინას, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პოზიტიურია. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზის გაკეთება გადაწყვიტეს ივნისის ბოლოს, რომლისთვისაც 12-კვირიანი პერიოდი უკვე გასული იყო, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ადამიანების რაოდენობა მინიმალურია. იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას გეგმავდნენ, პირველი დოზიდან 4-6 კვირის მერე კიდევ გვაქვს პერიოდი და იმედი გვაქვს, რომ ივლისის დასაწყისში მაინც შემოვა ეს ვაქცინა და ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდება მეორე დოზის არგაკეთებით", - განაცხადა ჩხაიძე. როგორც ჩხაიძემ Europetime-თან განაცხადა, სხვადასხვა ვაქცინით ვაქცინაცია ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და თუ მაგალითად 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანა საქართველოში ვერ მოხერხდა, დასაშვებია, განიხილონ შესაძლებლობა, რომ Astrazeneca-ს პირველი დოზით ვაქცინაციისას, მეორე დოზით აცრა ნებისმერი სხვა ვაქცინით მოხდეს, რომელიც საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. ,,ვაქცინების ჩანაცვლება მიღებული პრაქტიკაა. ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანა ამ პრაქტიკას უკვე დიდი ხანია, იყენებს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე დოზა სხვა ვაქცინის უფრო მეტ ეფექტურობასაც ნიშნავს. ერთი, რაც არის დაფიქსირებული, ის არის, რომ შესაძლებელია სხვა ვაქცინის მეორე დოზის გამოყენებამ მრავალფეროვანი და უფრო ხშირი გახადოს გვერდითი მოვლენები, ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ეფექტურობას არ ეხება და თუ იქნება საქართველოში ისეთი კონკრეტული სიტუაცია, რომ ვერ მოხერხდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ვთქვათ 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანა, თეორიულად შესაძლებელია და სავსებით დასაშვებია, განხილული იყოს შესაძლებლობა, რომ Astrazeneca-ს პირველი დოზა ჩანაცვლდეს მეორე დოზა ნებისმერი სხვა ვაქცინით, რომელიც საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. ეს მიღებული პრაქტიკაა ქვეყნებში, თუმცა ჯანმო ამ პრაქტიკას მხარს არ უჭერს ", - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს. გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრი: აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა
NCDC: ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. მათივე ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს. „ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. რას ნიშნავს ეს? მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითად, AstraZeneca-ს შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია. ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს „დანაკარგი“ ეწოდება. არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმაში „დოზის დანაკარგი“ პროგნოზულად 15%-ია, Astrazeneca-ს შემთხვევაში დანაკარგმა 3%, Pfizer-ის შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა. "რაც შეეხება Sinopharm-ისა და Sinovac-ის დოზების დანაკარგს, პრაქტიკულად, არის ნული, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც გატყდა, დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა შემდეგ დოზა", - განაცხადა გაბუნიამ.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 257 974 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს . მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 96 975 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 3 237-მა ადამიანმა გაიკეთა.
სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს
BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ზუმა დამნაშავედ ცნო მოსამართლის ბრძანების დარღვევაში. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე მისვლას ითხოვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ჯერ უცნობია, დააპატიმრებენ თუ არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს. ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.
რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან - გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების გამოცდაზე მოქცევის წესებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. „ - ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა; - პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება); - პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში; - თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობასა და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს; - გაითვალისწინეთ, რომ მაგიდზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ); - ტესტირების დროს ვალდებული ხართ, დაიცვათ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროთ პირბადე, შეინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში - დაიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში: - კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა; საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა; - მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება; - საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება; -სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; - პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება; - პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან. - ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან. გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი: - ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში; - წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში; - ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში. - ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან. გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ. დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფრაქციებმა - „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და ასევე, პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ და პარლამენტის უფრაქციო წევრებმა თამარ ჩარკვიანმა და მიხეილ დაუშვილმა უარი განაცხადეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის არსს. „იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ უნდა დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ისევე როგორც პარლამენტმა უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები და მხოლოდ სასამართლო რეფორმის განხორციელების შემდეგ უნდა განახლდეს ეს პროცესი“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს, განსხვავებით ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფისგან. „უნდა შეგეძლოს, რომ ეს დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევნებთან დაკავშირებით სხვაგვარად განმარტო და თავი მოიჭრა იურიდიულ საზოგადოებაში იურისტმა ადამიანმა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებისა, არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში კვოტირების საკითხის განსაზღვრისას, მაინც გაითვალისწინა ოპოზიციის კვოტები ჯგუფის შექმნისას. გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფის მდივანი იქნება ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია, ასევე: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანისთვის, იურიდიული სამსახურის დირექტორ რაჟდენ კუპრაშვილისთვის, სახალხო დამცველისთვის, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრის, აკადემიკოს ჯონი ხეცურიანისთვის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკან თამარ ზარანდიასთვის. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას დღეიდან შეუდგა.