ძებნის რეზულტატი:
კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისათვის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს. ,,ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ 26 ივლისს და 27 ივლისს ვაქცინირებული პირების რაოდენობა საშუალოდ იყო 14 ათასამდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე იგეგმება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა, იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს 25-30 ათასამდე. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. გუშინ, ბათუმში გაიხსნა ვაქცინაციის ორი ცენტრი მოლში. დაახლოებით 24 საათი სჭირდება ამგვარი ცენტრის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ. ვნახოთ, ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორ იქნება აქტივობა და ამის მიხედვით შემდეგ უკვე სამედიცინო დაწესებულების გარეთ ვიფიქრებთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.
კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის
სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის სავარაუდო მაჩვენებელი ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ მილიონ ვაქცინირებულზე 2.3-ს შეადგენდა, რაც არავაქცინირებულ ადამიანებში არსებული მაჩვენებლის მსგავსია. შედარებისთვის, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 8.1-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის მარტიდან ევროკავშირის მარეგულირებელი თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის შემთხვევებს სწავლობს და AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებთან შესაძლო კავშირი დაადგინა. ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ ორივე ვაქცინის სარგებელი აღემატება მათ მიერ წარმოქმნილ შესაძლო რისკებს.
თამარ გაბუნია: თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე
ჩვენს ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლია. აქედან 8 ათასი საწოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის. დღეს ვიყენებთ 6 ათასს, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე იმსჯელებს, თუმცა ამის საჭიროების ალბათობა დაბალია. „2 ათასი საწოლის რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს. მათი მობილიზაცია თუ დაგვჭირდება, ამას გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე 12 ათასივე საწოლი ვერ გადავა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში მოგვიწევს სასტუმროებში უფრო მეტად აქტიური მკურნალობა და ასევე ბინაზე მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ ალტერნატიული სივრცის მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ჩოგბურთელი ოლიმპიადის 1/8-ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (5), ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა. ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა დაამარცხა, მეორე წრეში კი ასპარეზობას იტალიის წარმომადგენელი ლორენცო სონეგო გამოთიშა.
ჯო ბაიდენი: კიბერთავდასხმებს, შესაძლოა, ,,ნამდვილი ომი" მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან „ნამდვილ ომში“ თუ აღმოჩნდება, ეს კიბერთავდასხმის შედეგი იქნება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას განაცხადა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კიბერუსაფრთხობა ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის სათავეში მოექცა ისეთ მსხვილ ობიექტებზე კიბერთავდასხმების შემდეგ, როგორიცაა კომპანიები, SolarWinds და Colonial Pipeline, ხორცის გადამამუშავებელი კომპანია JBS და პროგრამული ფირმა Kaseya. კიბერთავდასხმების შედეგად აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ენერგორესურსებისა და სურსათის მიწოდება შეფერხდა. „ვფიქრობ, დიდი ალბათობით, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ომში, ნამდვილ ომში მსხვილ სახელწმიფოსთან – ეს იქნება კიბერუსაფრთხოების დარღვევის შედეგი და შესაძლებლობები იზრდება გეომეტრიული პროგრესიით“, - აღნიშნა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს
„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს უკვე აკონტროლებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, მათ ეჭვი შეაქვთ. ამის საფუძველს კი გავრცელებული ცნობები იძლევა. „თალიბანი“ ტაჯიკ მებრძოლებს ნაწილობრივ ავღანეთის ჩრდილოეთით საზღვრის გასაკონტროლებლად გზავნის. იუწყება დღეს რადიო თავისუფლოების ევროპის ბიურო. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეს, როდესაც „თალიბებმა“ ავღანეთი-ტაჯიკეთის საზღვართან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საგუშაგო დაიპყრეს, ტაჯიკ მებრძოლებს „თალიბანის“ დროშის აღმართვა დაავალეს. ტაჯიკი მაჰდი არსალონი, რომელიც მებრძოლთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განალაგეს ხუთ რაიონში, რომლებიც „თალიბებმა“ ტაჯიკეთის საზღვართან, ბოლო თვეების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს. ავღანეთში არსალონს და სხვა ტაჯიკ მებრძოლებს „ტაჯიკური თალიბანის“ სახელით იცნობენ. სინამდვილეში ისინი ჯამაათ ანსარულას წევრები არიან, რაც ტაჯიკეთში, როგორც ტერორისტული დაჯგუფება აკრძალულია. ანსარულა ამრიდინ ტაბაროვმა 2010 წელს დააარსა, რომელიც ანტისამთავრობო ძალების საველე მეთაური იყო ტაჯიკეთის 1992-97 წლების სამოქალაქო ომის დროს. ტაბაროვი, იგივე მოლა ამრიდინი, 2015 წელს ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოკლეს. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურების ოფიცერი რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროსთან საუბრისას ადასტურებს, რომ არსალონი ახლა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ავღანეთის ხუთ რაიონში, ტაჯიკეთის მოსაზღვრედ, რომლებიც ამჟამად „თალიბების„ მიერ კონტროლდება. ის ასევე ამბობს, რომ არსალონმა „თალიბანს“ წარუდგინა" დაახლოებით 200 ტაჯიკი მებრძოლი. სავარაუდოდ, მათ ავღანეთის ჩრდილოეთ ბადახშანის პროვინციაში, „თალიბანის“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ შეტევაში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც შეიარაღებულმა ჯგუფმა დიდი ტერიტორიები დაიპყრო. სხვადასხვა წყარო ასევე ადასტურებს, რომ „თალიბანს“ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქე შეუერთდა. შარიფოვი დაჯგუფებას 7 წლის წინ შეუერთდა. მისმა დედამ მედიას განუცხადა, რომ არსალონი რუსეთში წავიდა 2015 წელს. ექვსი თვის შემდეგ, შარიფოვმა დედას ტელეფონით უთხრა, რომ მან „ტყეში დაიწყო მუშაობა, სადაც მობილური ტელეფონის სიხშირე მიუწვდომელია“. ბოლოს ის შვილს 20 ივლისს ესაუბრა, მანამდე კი მასთან სახლში მივიდნენ ტაჯიკეთის ოფიციალური პირები და უთხრეს, რომ ის ავღანეთშია. მედია არსალონის მეგობარსაც ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ შარიფოვი სთხოვდა, შეერთებოდა ჯიჰადს. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მეამბოხეთა შორის სულ მცირე 10 ადამიანი გამოავლინა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მუჰამედ შარიფოვი (მეტსახელად არსალონი) ამ ჯგუფში ირიცხებოდა. ტაჯიკმა მებრძოლებმა ბადახშანში ავღანეთის ხელისუფლების ყურადღება 2020 წლის ნოემბერში მიიპყრეს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აჯანყებულები ავღანეთის არმიის ფორმიანებს სასტიკად კლავენ. ბოევიკების ნაწილი ტაჯიკური აქცენტით საუბრობდა. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას განუცხადა, რომ თალიბები მხარს უჭერენ ტაჯიკეთთან კარგ ურთიერთობებს და ავღანეთში არცერთ დაჯგუფებას შუა აზიის რომელიმე ქვეყნის მოსაზღვრედ თავდასხმის უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, პირიქით, „თალიბანი“ ამის პრევენციას ახდენს. თუმცა ამ დაპირების არ სჯერა ტაჯიკეთის ხელისუფლებას. პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ავღანეთის საზღვარზე 20,000 დამატებითი ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა. ტაჯიკეთმა ასევე ჩაატარა სამხედრო წვრთნები ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 230,000-მა ჯარისკაცმა. ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენელი,, რომელმაც მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა არანაირი მტრული ქმედება თალიბების მხრიდან ტაჯიკეთის მიმართ. "მათ თქვეს, რომ ეს ზიანს არ მიაყენებს ტაჯიკეთს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ანსარულამ, რომელიც ამჟამად ემსახურება „თალიბანს“, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და მიზნები. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ მომავალში ის თავს არ დაესხმება ტაჯიკეთს ”, - დაამატა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისათვის, ექსპერტების მოლოდინი, რომელიც მათ Europetime-თან დააფიქსირეს, გამართლდა და დუშანბემ ასევე სთხოვა დახმარება მის მოკავშირე, რუსეთს, სამხრეთ საზღვრების დასაცავად. ხომ არ გაიზრდებოდა რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები ამაზეც თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა ფაქტია, რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება. ამ თემაზე საუბრისას კი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება. თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან საუბრისას აცხადებს, რომ „ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. (ინფორმაციისთვის: რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ) „ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყვნენ რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში გაანეიტრალეს. „ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება... უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის: არ ყოფილიყო „ალ-ქაიდა“, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ამასთან, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან განაცხადა, რომ „არავის ინტერესშია, ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. „ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“. ამავე თემაზე: აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს აშშ-მა და NATO-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს ჰილარი კლინტონი: ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ ამავე თემაზე: თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ. ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. რიკ დემსი: პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ვერასოდეს გამართავ ღირსეულ დიალოგს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ რა საკითხები განიხილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ უმრავლესობას შეხვდა
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს
პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. „სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს - შეამციროს პოლიტიკურ პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები არა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღებისასაც დავნიშნოთ
მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშინოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად. „რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს, უპირველეს ყოვლისა, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა, „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული“, – აღნიშნა კობახიძემ. „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი: უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია ბრიუსელთან და ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში, ევროკავშირთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ლავრელაშვილის შეფასებით, ასოცირებულ ტრიოს ასევე აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. რას გულისხმობს ეს ინიციატივები, უფრო კონკრეტულად, ინტერვიუდან შეიტყობთ. _როგორ შეაფასებდით საქართველოში, ბათუმში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრას და ე.წ. პეტრას მემორანდუმს? ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ევროკავშირთან უფრო ამბიციური და ღრმა თანამშრომლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირებული ტრიოს დეკლარაციით - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ცალმხრივად და ერთობლივად გამოვიდნენ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებული ინიციატივით. ასოციაცირებული ტრიოს პოლიტიკური დაბადება აშკარა სიგნალია ბრიუსელისთვის, რომ ეს სამი ქვეყანა არამხოლოდ მზადაა, განაგრძოს ინტეგრაცია ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღმა, არამედ ერთად განაგრძონ სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ სწრაფვა. ეს ბრიუსელს აყენებს ისეთ პოზიციაში, რომ ასოცირებული ტრიოს მოთხოვნას რაიმე ფორმით უპასუხოს. მაშინაც კი, თუკი ევროკავშირი შესაძლოა და ალბათ გარკვეულწილად ყოყმანობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე, ველი, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატის საშუალებით, ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებული ინტეგრაციის შესახებ კიდევ უფრო მკაფიო პერსპექტივები გამოჩნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, დავიწყებულია ასოცირებული ტრიოს დღევანდელ ფორმატში, ეს არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობის აღიარება თავად ამ ქვეყნებს შორის. თუ გვსურს ავირიდოთ ის, რომ ასოცირებული ტრიო მხოლოდ პოლიტიკურ ან დიპლომატიურ ინიციატივად რჩება, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაცია ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექტორულ სფეროში. ამისათვის საჭიროა კოორდინაცია ხელისუფლების შტოებთან ასევე პარლამენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. _ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა გაანეიტრალებს თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხერბს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს? ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ტრიოს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება შეამციროს მისი გავლენა შესაბამის ქვეყნებში. გასაკვირი არ არის, რომ დუმის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეაფასა ასოცირებული ტრიო, როგორც მცდელობა, „შექმნას კიდევ ერთი „„სანიტარული კორდონის“ ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის ბრძანებით შეიქმნა“. პრორუსულმა ძალებმა, მაგალითად, იგორ დოდონმა მოლდოვაში, მას ძალიან საშიში დოკუმენტი უწოდა. გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი მხოლოდ განაგრძობს და გააძლიერებს ძალისხმევას, სანდუს გამარჯვების ფონზე, მავნე გავლენის პრაქტიკის გამოყენებით. _თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის, ექსპერტების რჩევა ასოცირებული ტრიოს ფორმატის განვითარებისთვის, შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ. აშკარაა, რომ საჭიროა და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ძალისხმევა ბრიუსელთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროპარლამენტარი კუბილიუსი ასევე ხშირად იმეორებს ერთობლივი სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ფრაგმენტული მიდგომის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ასევე იყენებენ ამ ტიპის პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფს ერთმანეთთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ძალისხმევას, ხედვის ჩამოყალიბების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც, როდესაც პოლიტიკის ექსპერტებსა და აკადემიურ გაერთიანებებს აერთიანებთ თავიანთი ძალისხმევა კონცეპტუალური ანალიზისა და სტრატეგიული სიღრმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. _თქვენი აზრით, ევროკავშირის ასეთი ჩართულობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უკვე მესამე ვიზიტი საქართველოში რითია გამოწვეული და რა მოლოდინები აქვს ევროპას საქართველოდან? მახსოვს, როდესაც ევროკომისიაში ვმუშაობდი - ჩემმა დიდმა უფროსმა, იოჰანეს ჰანმა, რომელიც იმ დროს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითებში ევროკომისარი იყო, გაიმეორა, რომ „ჩვენ არ გვინდა არასტაბილურობის შემოტანა, ჩვენ გვინდა სტაბილურობის ექსპორტი“. ეს აქტუალური რჩება დღესაც. ევროკავშირს სურს და სჭირდება სტაბილური საქართველო ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტებით. რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, საქართველო რჩება ევროკავშირის არსებით მოკავშირედ არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ბევრ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, ტექნიკური თანამშრომლობა და ბრიუსელმა ასევე კარგად იცის, რომ საქართველოში ევროკავშირი უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს აძლევს ევროკავშირს არამხოლოდ უფლებამოსილებას, შეასრულოს როლი ქვეყნის სტაბილიზაციაში, არამედ ამარაგებს მას ტრანსფორმაციის ძალით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ამის მიზეზი ,,ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლაა. ,,ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი, ზუსტად ისე, როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება - ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს - ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის", - წერს ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა. ნახევარფინალში ლაშამ რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა. ეს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროა. მანამდე ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა
იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „არსებული მონაცემები ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ცხადყოფს ამ ასაკობრივი ჯგუფის პირებისთვის“, - ნათქვამია იტალიის მარეგულირებლის განცხადებაში. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა. მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა. „ჩვენ გამხნევებულნი ვართ იმით, რომ Moderna-ს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მოზარდებში ვირუსის პრევენციის კუთხით“, - აღნიშნა კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ბანსელმა. 28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. 31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
როგორ მივიღოთ მოგზაურობისთვის საჭირო ვაქცინაციის ცნობა
ვაქცინირებულ პირებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი; ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი; სამედიცინო დაწესებულების დასახელება; ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე“, - აცხადებენ სამინისტროში.
ტიკარაძე: მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა
,,მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა, ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, ის რომ ანტივაქსერი იყოს და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და შესაბამისად, მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმაცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება
ამერიკელი დიპლომატი, 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას გამოეხმაურა. ,,19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების" პირობა დადო. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?" - წერს კორტნი Twitter-ზე. ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსით სიკვდილიანობა 21%-ით გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19–ის შემთხვევები 8%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა - 21%–ით. ჯანმოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 3,8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 69 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (დაიღუპა 21 ათასზე მეტი ადამიანი, 30%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას), ასევე ამერიკაში (28 ათასზე მეტი შემთხვევა, 29%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას). კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში (500,332), ბრაზილიაში (324,334), ინდონეზიაში (289,029), გაერთიანებულ სამეფოში (282,920) და ინდოეთში (265,836).
ჯანდაცვის მინისტრი: გეგმური ოპერაციები შეწყდა, რათა კლინიკებს ოპერაციების ჩატარების ცდუნება არ ჰქონოდათ
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გეგმური ოპერაციების შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ოპერაციები დადგენილებით შეწყდა, რომ კლინიკებს არ ჰქონოდათ ცდუნება, ოპერაციები ჩაატარონ. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კლინიკებმა ჩაატარონ ოპერაციები და ქვეყნის საჭიროებებზე უარი თქვან. ეკატერინე ტიკარაძემ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. "ჩვენი ბერკეტი არის იმ რესურსების მობილიზება, რომელიც ქვეყანაშია. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით, 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში არსებობს. მეორე ტალღის დროს ეფექტიანად გამოვიყენეთ სასტუმროები და, დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უნდა განახორციელონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, რათა ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, დამატებით მობილიზებულია ონლაინ-კლინიკა, რომელიც, დაახლოებით, 20 ათასამდე პაციენტს მართავს ბინაზე. რატომ გახდა საჭირო საწოლების მობილიზება ახლა და რატომ არ იყო სამინისტრო მზად ამისთვის აქამდე, ამ კითხვით ჟურნალისტებმა მინისტრს მიმართეს. „მაღალ დანახარჯებზეა საუბარი; მნიშვნელოვანია რაციონალური მართვა და რაციონალური მობილიზაცია. მე მახსოვს, როცა მეორე ტალღის დროს მოვახდინეთ საწოლფონდის მაღალი მობილიზაცია, ხარჯები ძალიან ხშირად გახდა მედიის მხრიდან კრიტიკის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ეტაპობრივი და დაყრდნობილია საჭიროებაზე. არც ერთი პაციენტი გარეთ არ დარჩენილა. ზუსტად ვიცით, რა მოლოდინი გვაქვს შემდეგ და ეტაპობრივად ემზადება სექტორი; როცა არ არის საჭირო საწოლების მობილიზება, საწოლები მობილიზებული არ უნდა იყოს. სექტორი არის გაფრთხილებული და ამ გაფრთხილების შედეგად, მათ აქვთ უნარი, რომ 24-დან 72 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ ინფორმაცია საჭიროების შესახებ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ეპიდვითარების გართულების გამო, საავადმყოფოებში ე.წ. გეგმური სერვისები შეჩერდა.
გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია
გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: გერმანელების 50.2%-ს (41.8 მილიონი ადამიანი) ვაქცინით სრულად დაცულია, ხოლო 61.1%-მა (50.85 მილიონი ადამიანი) ვაქცინის ერთი დოზით აიცრა. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს ვაქცინაციას, მით უფრო უსაფრთხო იქნება შემოდგომა და ზამთარი!“ - წერს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი Twitter-ზე.