ძებნის რეზულტატი:

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 404 339-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი. ბოლო 24 საათში, ვაქცინით 1 574 ადამიანი აიცრა. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში აცრები ჩატარდა ვაქცინებით: Astrazeneca , pfizer, Sinopharm-ი და Sinovac-ი.

მედია: აზერბაიჯანში სტუდენტებს კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ

აზერბაიჯანში 18 წლის ასაკის ზემოთ სტუდენტებს ე.წ. კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან აზერბაიჯანში ე.წ კოვიდპასპორტის წარდგენა რესტორნებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში სტუმრობისას სავალდებულო გახდება. შესწორებები მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში შევიდა, რომელიც სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს ეხება. ახალი ზომები 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. ამასთან, ახალი შესწორებებით, სახელმწიფო ორგანოების, სულ მცირე, 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს. ეს ეხება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.

კვლევა: დელტა შტამით რეინფიცირების საფრთხე ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით 46%-ით მაღალია

The guardian-ის ინფორმაციით, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის დელტა შტამით რეინფიცირების საფრთხე ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით 46%-ით მაღალია. როგორც გამოცემა წერს, კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქვეყანაში ,,დელტა" ვარიანტით რეინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. კვლევის მიხედვით ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ გამოვლინდა. გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, რატომ იწვევს მეტ რეინფიცირებას ,,დელტა", თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ადრეული ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა, მცირედით სუსტდებოდეს, შესაბამისად მცირდება ორგანიზმის დაცვის უნარიანობა ახალი შტამის მიმართ. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რეინფიცირების შემთხვევები მთლიან სურათში მაინც მცირეა და 1,2%-ს შეადგენს. ეს მონაცემი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ 83 197 შემთხვევის ანალიზის შედეგად მიიღო.

გაერო: თუ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, 2021 წელს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტო იქნება

2021 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების ”უპრეცედენტო” რაოდენობა დაიღუპება ან დაიჭრება, თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. აღნიშნილია ავღანეთში გაეროს მისიის განცხადებაში. გაეროს ორწლიან ანგარიშში ნათქვამია, რომ გაეროს მისია ავღანეთში წელს ელოდება ყველაზე მეტ სამოქალაქო მსხვერპლს, 2009 წლის შემდეგ. „2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლმა რეკორდულ დონეს მიაღწია, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი განსაკუთერებით მაისის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, როდესაც საერთაშორისო ძალებმა გასვლა დაიწყეს და „თალიბანი“ შეტევაზე გადავიდა“, - ნათქვამია ავღანეთში გაეროს მისიის განცხადებაში. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა და სერიოზულად დაშავებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, თუ ძალადობის ესკალაციის ჩახშობა არ მოხდება. „დაჟინებით მოვუწოდებ „თალიბანისა“ და ავღანეთის ლიდერებს, გაითვალისწინონ კონფლიქტის მწვავე და საშიში ტრაექტორია და მისი დამანგრეველი გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა ავღანეთში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, დებორა ლიონსმა. ცნობისთვის, ავღანეთში გაეროს მისიის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში, 1 659 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 3 254 - დაშავდა, რაც 42%-იანი ზრდაა 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი დაუდასტურდათ

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის 12 მოქალაქეს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი დაუდასტურდა. მათ უმეტესობას, საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელეებს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტის შემდეგ პირველად ისრაელში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 პროცენტს ასცდა. კვირას 67 676 ტესტის შედეგად კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2.07 %-ს შეადგენს. ამჟამად ისრაელში 11 606 აქტიური შემთხვევაა, 6 კვირის წინ ეს რიცხვი 200-ს შეადგენდა. ცნობისთვის, 30 ივლისიდან საქართველო ისრაელის წითელ ზონაში გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აეკრძალებათ, რთული ეპიდსიტუაციის გამო.

მედია: შესაძლოა, აშშ-მა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბელარუსისთვის მორიგი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებსა და ბელარუსის ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკებების მონაწილეებზე დაყრდნობით The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ახალი სანქციები შეავსებს აშშ-ის მიერ ამ წლის დასაწყისში დაწესებულ ჯარიმებს და ლუკაშენკას შემდგომ იზოლირებას შეეცდება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ტიხანოვსკაია მოითხოვდა სანქციების რეჟიმის გამკაცრებას. "ასეთი ნაბიჯის მიზანი, შესაძლოა, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამატებითი იზოლაცია იყოს", - განუცხადა გამოცემას წყარომ. ამასთან, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის მრჩევლის, ფრანაგ ვიაჩორკას თქმით, სანქციები, სავარაუდოდ ნავთობპროდუქტებსა და კალიუმთან იქნება დაკავშირებული, და ამან, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედოს. 20 ივლისს ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ამასთანავე, აშშ-ში ვიზიტით მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. 21 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით.

რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა

რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტი დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბლოკილია ნავალნისთან კავშირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების ვებგვერდებიც - ჯამში 48 საიტია. ნავალნის ვებსაიტზე წვდომა შეზღუდულია გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. უწყების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ვებსაიტი, navalny.com, შეიცავდა "მოწოდებებს მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული აქტივობისა და მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, არსებული წესების დარღვევით". ამ გადაწყვეტილებით, ორგანიზაციები კანონგარეშედ ცხადდებიან და ნავალნისთან დაკავშირებულ პირებს სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. შემოდგომაზე, რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს, დუმის ქვედა პალატის არჩევნებია დაგეგმილი.

მოპედისა და მსუბუქი  კვადროციკლების რეგისტრაცია  2022 წლის 1-ლი მარტიდან სავალდებულო გახდება

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126 რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას. „მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მთავარ სერჟანტებს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლება ექნებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „იარაღის შესახებ„ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მთავარი სერჟანტებისთვის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ინფორმაციას პარლამენტ ავრცელებს. „ამ ინიციატივით ხდება მათი გათანაბრება ოფიცრებთან. იმისათვის, რომ მთავარი სერჟანტი გახდეს, უამრავი კურსი უნდა გაიაროს საგანმანათლებლო, კარიერული, იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებით და 20 წელი სჭირდება მთავარი სერჟანტის წოდებამდე მიღწევას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-მა ბრიტანეთიდან და შენგენის ზონიდან მოგზაურთათვის შეზღუდვები ძალაში დატოვა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთიდან და შენგენის ზონიდან აშშ-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს „დელტა“ ვარიანტის გავრცველებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები ამ ეტაპზე შეინარჩუნებს მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“, - განაცხადეს თეთრ სახლში. თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ვაქცინირებული არ არის და, როგორც ჩანს, მომდევნო კვირების განმავლობაში, მათი რიცხვი მხოლოდ გაიზრდება.

,,დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები არსებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს, - შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირაა, იზრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვა პირველად 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესა. გასულ კვირაში კი აშშ-მა საზღვარი ჩაკეტა მექსიკასთან და კანადასთან.

ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან დაცვის მიზნით, ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს. როგორც Reuters-ი წერს, ისრაელის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 60% ვაქცინირებულ პირებზე მოდის. მათი უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია და ხშირად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. „ეს დიდი დილემაა. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული მაშინ, როდესაც მსოფლიოს მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, გვსურს დავინახოთ, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტურია და დავეყრდნოთ ჩვენს მონაცემებს, თუ რამდენად მცირდება იმუნიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს ეპიდემიის აფეთქება და ჩვენ გვსურს ეს აფეთქება შევაჩეროთ“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ნახმან აშმა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამისი უწყებები განიხილავენ, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზები კონკრეტული რისკ-ჯგუფებისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. როგორც Europetime-ს საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის პრეზიდენტი დღეს კახა კუჭავას შეხვდება. ასევე, დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და რიკ დაემსი ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს ერთობლივად შეხვდება. ,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება 27 ივლისს. ჯერ იქნება ორმხრივი შეხვედრა და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სადაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებიც იქნებიან", - განაცხადეს პარლამენტში. ამასთანავე, როგორც ცნობილია, დაემსი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს - საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ცნობისთვის, რიკ დაემსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელი სამხედროების წვრთნასა და მათთვის რჩევების მიცემას განაგრძობენ. როგორც BBC წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენი როლი ერაყში იქნება ის, რომ გავაგრძელებთ ტრენინგს და დახმარებას. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წლის ბოლოსთვის საბრძოლო მისიაში ვიყოთ. ჩვენი ანტიტერორისტული თანამშრომლობა გაგრძელდება მაშინაც კი, როდესაც ამ ახალ ეტაპზე გადავალთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 2003 წელს საერთაშორისო კოალიციის ძალები, აშშ-ის მეთაურობით, ერაყში შევიდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის აღმოსაფხვრელად, რომლის არსებობაც არ დადასტურდა. აშშ-მა ერაყიდან საბრძოლო ჯარები 2011 წელს გაიყვანა, თუმცა, 3 წლის შემდეგ, ერაყის მთავრობის თხოვნით, კვლავ შეიყვანა, ვინაიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში სწრაფად გააქტიურდნენ. 2017 წელს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ (დაეში) სამხედრო მარცხის შემდეგ, აშშ-ის ძალები ქვეყენაში მათი კვლავ აღზევების თავიდან ასაცილებლად დარჩნენ. ამჟამად ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

საქართველოს, სომხეთის და უკრაინის სამართალდამცველებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კგ „ჰეროინი“. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობის, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000000 მილიონ ლარს შეადგენს.გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი 3 666 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 37 6088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა

ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. ინფორმაციას Deutsche Welle უფლებადამცველ ავრცელებს. ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა გაწმინდოს. ბელარუსში 10 ივლისის შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელატიმ ლუკაშენკოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბელარუსში დაუშვებელი რეპრესიები მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძე: ქორწილებისა და ქელეხების კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო გამკაცრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გართულების გამო, ქორწილებისა და ქელეხების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ქორწილები და ქელეხები ისედაც აკრძალულია, თუმცა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა გამყრელიძემ. ცენტრის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს თუ რა ფორმით და რა მექანიზმით მოხდება გაკონტროლება. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე: ცეცხლს ვეთამაშებით, თავყრილობებში მონაწილეობის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ

ქვეყნის მასშტაბით აცრა უფრო ინტენსიური გახდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით ეპიდსიტუაცია უარესდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგულაციების დაცვას. აუცილებელია პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, როდესაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. რაც შეეხება აცრებს, გუშინ 13 ათასზე მეტმა ადამიანმა აიცრა, აქედან 55% Pfizer-ით აიცრა, შემდეგ მოდის Sinopharm-ი, AStrazeneca და Sinovac-ი. დღეს სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ 14 ათასამდე ადამიანი აიცრება. სამიზნე კი 25 ათასია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისი 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ემატება ამცრელი ბრიგადები. „აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა

,,ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა. სულ ქვეყანაში კი 25 844 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4.% -ია. ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი - დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ვაქცინები“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.