ძებნის რეზულტატი:
სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა
სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ“, - იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
მსოფლიოში ყავის ფასებმა რეკორდულად მოიმატა
Reuters-ის ინფორმაციით, ყავის ფასები 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. როგორც გამოცემა წერს, ბრაზილიაში უამინდობის გამო, გასულ კვირას, მსოფლიოში ყავის ფასები 20%-ით გაიზარდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა მსოფლიოში ყავის ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია. გასულ კვირას ძლიერმა ყინვამ დააზიანა ბრაზილიის ყავის მინდვრების დიდი ნაწილი. ამინდის პროგნოზით, ყინვა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ყავის ხეები უკიდურესად მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. წინასწარი შეფასებით, ყინვების შედეგად დაზარალდა 150 ათასიდან 200 ათას ჰექტარამდე მიწა, რომელზეც არაბიკის კულტურების მთლიანი ფართობის დაახლოებით 11% იყო განლაგებული. ყავა არაბიკას ფიუჩერსების ფასები ბირჟაზე კგ-ზე 4,7782 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ.
ბრიტანეთის საელჩო: Agile Spirit 2021-ში მონაწილეობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილეობა, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთი დასტურია მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერისა, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, ისე რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, სწავლებაში ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით. „გაერთიანებული სამეფო, მოხარულია მონაწილეობა მიიღოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში „მტკიცე სული 2021“, რომელსაც საქართველოს სამხედრო ძალები მასპინძლობს. სწავლებაში მონაწილეობას იღებს 4 000 სამხედრო მოსამსახურე, ნატო-ს 15 პარტნიორი და წევრი ქვეყნიდან. ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით, რომლებიც სწავლებას ქართველ, ამერიკელ, რუმინელ და პოლონელ სამხედროებთან ერთად ჩაატარებენ. წვრთნები საშუალებას მისცემს სახელმწიფოებს, შეამოწმონ მზაობა და ურთიერთთავსებადობა სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში. სწავლებაში მონაწილეობა, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთი დასტურია მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერისა, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ისე რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. „მტკიცე სული 2021“, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, დღეს დაიწყო ამერიკელი პოლკოვნიკი: Aigile Spirit 2021-ის მიზანია, სამხედროების უკეთესად მომზადება, რათა ნებისმიერ კრიზისს სათანადოდ უპასუხონ
შემოსავლების სამსახური "მთავარ არხთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას. უწყების განმარტებით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. Europetime უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით. აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულია დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას. დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას. გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალურ განცხადებამდე, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დირექტორმა განაცხადა, რომ არხის სარეკლამო კომპანიაში საგადასახდო სამსახური შევიდა. "მთავარში" საგადასახადო შემოვიდა", - დაწერა გვარამია საკუთარ Facebook გვერდზე.
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად, ახალი სერვისი დანერგა - პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით; ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში დაიტანება. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი გახდა ცვლილების საფუძველზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
რა საკითხები განიხილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს, გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხში საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ჩართულობას. მან აქვე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში კვლავაც მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობასა და ამ მხრივ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებისა და გადაწყვეტილების - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამ კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. აქვე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მისიების შესვლის აუცილებლობას. შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობის შედეგებს. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მნიშვნელობას. საუბრის დასასრულს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოსადმი, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მათ შორის თბილი მასპინძლობისა და შეხვედრისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრიც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს, რათა ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია. მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიის დროს, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, რაც გულისხმობდა მათ უფასო სამედიცინო მკურნალობას და უნივერსიტეტებში აბიტურიენტების გამოცდების გარეშე ჩარიცხვას. მთავრობის მეთაურმა წუხილი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარს ამბობს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ უმრავლესობას შეხვდა რიკ დემსი თბილისში შეხვედრებს მართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს
ისრაელის პარლამენტმა საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა გადადო
ისრაელის პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, თურქეთისა და საქართველოს ე.წ. წითელ ზონაში შეყვანის შესახებ კენჭისყრა გადადო. იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტეტის თავმჯდომარემ, გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა. „შეუძლებელია აღნიშნული სიის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები“, - განაცხადა მან. კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე შემდეგ ქვეყნებს განიხილავს: არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი. შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ „წითელი“ ქვეყნების სიაში უნდა გადასულყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სიდნეიში ლოკდაუნი გახანგრძლივდა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი ოთხი კვირით გაახანგრძლივეს. ამასთან, მედიის ცნობით, ხელისუფკლებამ რეგულაციების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ლოკდაუნი, რა დროსაც ხუთმილიონიან ქალაქსა და მის მიმდებარედ მცხოვრებლები სახლებში უნდა დარჩნენ, 28 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის ცენტრის სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 177 შემთხვევა გამოვლინდა. შტატის პრემიერ-მინისტრმა, გლედის ბერეჯიკლიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რეგულაციების დარღვევის შესახებ პოლიციას აცნობონ. როგორც პრემიერმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, ერთ-ერთ დაკრძალვის ცერემონიის შედეგად, რომელსაც კოვიდრეგულაციების დარღვევით 50 ადამიანი ესწრებოდა, ინფიცირების 45 შემთხვევა გამოვლინდა. ავსტრალიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში შედარებით დაბალი იყო. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 33 200-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 921 ადამიანი. ავსტრალიის მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს
ისრაელში განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს. „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის ვარიანტის განხილვა შესაძლებელია, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს“, - განაცხადეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში. ახალგაზრდების ვაქცინაციის გადაწყვეტილება ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების სწრაფი ზრდითაა განპირობებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის ლიფტში უცნობმა პირმა ნაცისტური სიმბოლო - სვასტიკა გამოსახა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიფტში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სვასტიკის სიმბოლო გამოსახა. ლიფტი ანტისემიტიზმის მონიტორინგისა და ბრძოლის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან არის განთავსებული. მომხდარის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დეპარტამენტის თანამშრომლებს Mail-ით აცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გამოსახულება წაშლილია და მიმდინარეობს გამოძიება. ,,ეს ფაქტი მტკივნეულად შეგვახსენებს, რომ ანტისემიტიზმი წარსულის გადმონაშთი არ არის. ის, როგორც ადრე, მსოფლიოში მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ძლიერია და ეს ამაზრზენია. მას ადგილი არ აქვს არც შეერთებულ შტატებში, არც სახელმწიფო დეპარტამენტში და არც სხვაგან. ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ადგილი არ არის სახელმწიფო დეპარტამენტში, არც მის ადმინისტრაციაში და ზოგადად, მსოფლიოში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. „ეს შესაძლებლობა ახლა განიხილება, მაგრამ თუ არ ხართ აცრილი, ისეთი ჭკვიანი არ ხართ, როგორც მეგონეთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 26 ივლისს, აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაციის გავლას დაავალებს. აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი პირველი ფედერალური სააგენტო გახდა, რომელმაც ამგვარი მანდატი დააწესა. გარდა ამისა, ქალაქ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ მუნიციპალური სამსახურების ყველა თანამშრომელს ვაქცინაციის გავლა დაავალა.
მესინა ევროპაში პირველი ქალაქია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ნემსის გარეშე დაიწყო
მესინა არის პირველი ქალაქი ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ინოვაციური მეთოდი დანერგა. იტალიის ამ ქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ინექციის გარეშე მაღალტექნოლოგიური აპარატის საშუალებით დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ტექნოლოგია უკვე გამოიყენება აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდოეთში, შედგება მაღალსიჩქარიანი აპარატისგან, რომელიც მთლიანად ანაცვლებს ნემსს და უზრუნველყოფს ვაქცინის შეყვანას შიდაკუნთოვანი გზით. ინიციატივა დამატებითი საშუალებაა და არ ანაცვლებს ვაქცინების კლასიკურ, ნემსით გაკეთების მეთოდს. მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ვაქცინის (Pfizer, Moderna, Janssen, Astrazeneca) გაკეთების დროს შეიძლება.
აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ პირბადეები დახურულ სივრცეებშიც ატარონ. როგორც Washington Post-ი წერს, დელტა ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ შეცვალა გაზაფხულის პერსპექტიული ტენდენციები ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი იმედგაცრუებულია ზაფხულის პერიოდში დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო. როშელ ვალენსკი ამბობს, რომ ბევრ სფეროში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. ,,ეს არ არის მისასალმებელი სიახლე, რომ ნიღაბი კვლავ იქნება იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი, ვინც უკვე აიცრა”, - განაცხადა ვალენსკიმ. CDC-ის დირექტორმა კორონავირუსის დელტა ვარიანტი აღწერა, როგორც განსხვავებული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ინფექციის აფეთქებები ვაქცინირებულ ადამიანებშიც გამოიწვიოს. CDC-ი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში ატარონ პირბადე. ცენტრი ასევე იმ ვაქცინირებულ ადამიანებს მოუწოდებს, ვისაც სახლში მცირეწლოვნები და დაბალი იმუნიტეტის მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ, ნიღბები საჯარო სივრცეებშიც ატარონ. ვაქცინაციის მიუხედავად, პირბადის ტარების რეკომენდაცია ასევე ეხებათ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. CDC: სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ
რიკ დემსი: პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ვერასოდეს გამართავ ღირსეულ დიალოგს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ
„პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა თბილისში ვიზიტისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. „ცხადია, განვიხილეთ უამრავი საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, საქართველოს პრემიერის ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ, ტრიოს ფორმატი მოლდოვასთან და უკრაინასთან. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში“, - განაცხადა რიკ დემსმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის და მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს არის ის, რომ ქვეყანა დარჩეს და უფრო და უფრო შორს წავიდეს პანევროპული და ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე. „ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ემოციების დეესკალაციას. მე მაქვს განცდა, რომ ემოციები იკლებს. ეს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ პრობლემის ნაწილად დარჩენის ნაცვლად, ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ, რადგან ურთიერთობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის განსაკუთრებულია ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეესკალაცია და ასეც გავაკეთებთ", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. რა საკითხები განიხილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე დასახლებებში მეწყერი ჩამოწვა
იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე დასახლებებში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანებულია ათზე მეტი სახლი. ევაკუირებულია ათობით ადამიანი. მეწყერმა და წყალდიდობამ დააზარალა ქალაქები ლაგლიო, ჩერნობიო და ბრიენო. უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ბრიენოში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო 50-მდე ადგილობრივი სახლებში აღმოჩნდა ბლოკირებული. ისინი სახლებიდან მეხანძრეებმა გამოიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე: შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმას
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულია მედიაზე თავდასხმის ფაქტებით. „საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის „მსხვერპლი“. თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია, რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს გაცხადებაა. ამიტომ, თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - წერს დავით ნარიმანიშვილი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, დავით ნარიმანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს: ქმედებები, რასაც გედავებიან, დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, სრული სიბნელე და სირცხვილია
საქართველოში კორონავირუსი 3 141 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 141 ადამიანს დაუდასტურდა, 808 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 311 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.28 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.92 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 836, აჭარაში - 516, იმერეთში - 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 - თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, აჭარაში - 3 220, იმერეთში - 1 990.
უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ნიკიფოროვმა აღნიშნა, ხომჩაკს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნი შეცვლის, რომელიც ბატალიონ „სევერს“ მეთაურობდა. „თანამდებობიდან მიდის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ვლადიმირ ზელენსკის ეჭვი არ ეპარება ხომჩაკის პატრიოტიზმში, ერთგულებაში, ფიცსა და პროფესიონალიზმში, თუმცა პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის სინერგიის ხილვა სურს. სამწუხაროდ, სინერგიას ვერ ვხედავთ; პირიქით, ვხედავთ კონფლიქტებს“, – განაცხადა ნიკიფოროვმა ბრიფინგზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რუსლან ხომჩაკი დაიკავებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს.
საქართველოში კოვიდვაქცინით აცრის მაჩვენებელი გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 14 210-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 432 795 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 410 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 377 597, გარდაიცვალა 5 751 პაციენტი. ცნობისთვის, 27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა. აქედან 55% Pfizer-ით აიცრა, შემდეგ მოდის Sinopharm-ი, AStrazeneca და Sinovac-ი. ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება
„ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია. „ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით. ვირუსის ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ არის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე როცა ვხედავთ რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს და სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაშია და ეს სამუშაო მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს სასტუმროები ეფექტურად გამოვიყენეთ. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა, რომ უნდა მოახდინონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენ ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ასევე, მობილიზებულა ონლაინკლინიკა, რომელიც ბინაზე დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს. აქედან გამომდინარე, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია. აბსოლუტურად ყველგან არის გამოცხადებული მაღალი მობილიზაცია“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.