ძებნის რეზულტატი:
ობიექტები ქორწილის, იუბილეების და ქელეხების მასპინძლობისთვის 10,000-ით დაჯარიმდებიან
ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში კვების ობექტი დაჯარიმდება 10 000 ლარით, ხოლო გამეორებისას ობიექტი დაილუქება. „კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვა სარიტუალო დარბაზები მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან ათი ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა“, - განაცხადა ღიბრაძემ.
კოვიდგადატანილები ვაქცინის ერთი დოზით აცრისას, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი მოქალაქეები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო. „ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულად. „საქართვლოში როდესაც შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. ასევე დასწრება სემინარებზე, ვორქშოპებზე და ა.შ. ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 450 149 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 403 762 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6128 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 552 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 641 მოქალაქე.
დავით ზალკალიანი: 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი
„2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იყოს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა - 10 მიზანი“ წარდგენისას. დავით ზალკალიანის თქმით, ამას დიდწილად განაპირობებს მიმზიდველი, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და სათანადო ყურადღება ექცევა ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. „შესაბამისად მომდევნო ათი წლის განმავლობაში, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის ეფექტიანი მუშაობის და კომისიის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოხდება მოქმედი კომისიის მიერ ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვა და მის ფარგლებში ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და მისი შემდგომი იმპლემენტაცია, არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით“, - აღნიშნა ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მობილიზებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტებს შორის დამკვირდების აუცილებლობაზე, როგორც აშშ-რუსეთისა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებში, ისე გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს დღის წესრიგში. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერება და აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და დევნილთა დაბრუნების საკითხზე ხელშესახები პროგრესის უზრუნველყოფა. კერძოდ: რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დეოკუპაციის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნების პროცესის დაწყება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.„ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. შეუძლებელია, დაუსრულებლად ვიყოთ პროცესში მხოლოდ პროცესისათვის. აუცილებელია საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განცხადა მინისტრმა. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, აუცილებელია პირდაპირი, გაბედული დიალოგის განხორციელება საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებთან. უნდა მოხერხდეს შერიგება, ნდობის აღდგენა, ურთიერთობების გაღრმავება და საბოლოო ჯამში მშვიდობიანი და წარმატებული თანაცხოვრება ერთ ევროპულ სახელმწიფოში. დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით და რუსეთის აგრესიაზე საუბრით დაიწყო. „13 წლის წინ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ რუსეთის შეტევა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე და ევროპის კონტინენტზე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ყირიმის ანექსია, მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, რუსეთის ამგვარმა ქმედებებმა და აგრესიამ თავდაყირა დააყენა ევროპული უსაფრთხოების სისტემა და დესტაბილიზაციის კერები შექმნა შავი ზღვის რეგიონში. „მნიშვნელოვანია, რომ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მისცა 13 წლის წინანდელ მოვლენებს და იურიდიულად დაადგინა რუსეთის, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე ოკუპაციის შემდგომ პერიოდში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. „ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები ვერ ეზიარებიან საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, პირველ ყოვლისა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს ქვეყნის დემოკრატიზაციას, განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აღნიშნა ზალკალიანმა. მისივე თქმით, „სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება. „ჩვენ ახლახან დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, არამედ ფართო საზოგადოება - კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეები, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯგუფები“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია Pfizer-ით ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ. „აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი იყო. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია Pfizer-ით ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განცხადა გაბუნიამ.
დეოკუპაციის პროცესის დაწყება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და NATO-ში გაწევრიანება - საგარეო უწყების ათწლიანი გეგმა
„დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. 10 წლის ხედვა, 10 მიზანი“, - ასე ჰქვია ათწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ექსპო ჯორჯიაში“ წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უნდა მოხდეს. ამასთან, უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა. „ჩვენი საქმიანობისთვის განმსაზღვრელია მთავარი მიზანი - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში - ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, უწყების ისტორიაში პირველად შეიქმნა ათწლიანი გეგმა, რომელშიც განისაზღვრა, თუ სად უნდა იყოს საქართველო 10 წლის შემდეგ, როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციონირების კუთხით. 10 წლიანი გეგმის 10 მთავარ მიზნად განსაზღვრულია: 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იყოს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით; 2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით; უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა; უნდა განხორციელდეს მეგობარ სახელმწიფოებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ფორმატებზე აყვანა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას დასავლელი პარტნიორებთან და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის ლობირებას; 10 წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ალიანსი - სამოკავშირეო ურთიერთობები გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით; დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების სივრცედ; აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითა და კონფლიქტის დარეგულირების რეალური პროცესის დაწყებით; მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება და შედეგად, 10 წლის შემდეგ, ამ კუთხით რეგიონში საქართველოს ლიდერად ქცევა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქციით; აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით საინვესტიციო შესაძლებლობების და უცხოური ინვესტიციების ზრდა, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების ეფექტიანი რეალიზება; ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობებისა და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების უზრუნველყოფა; 2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ - საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. წარდგენას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო საერთაშორისო სწავლებას - MAPLE ARCH 21-ს უმასპინძლებს
საქართველო პირველად უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას - MAPLE ARCH 21-ს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელობს. "სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების MAPLE ARCH 21-ის ძირითადი დაგეგმარების კონფრენეცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორაგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ. ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნოემბერში გაიმართება. MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იქნებიან ჩართულები. მასში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებას, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თამარ გაბუნია: სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში მობილური ამბულატორიები ჩაერთვებიან
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, როგორც ადგილზე არსებული ამბულატორიების რესურსის გამოყენებას, ასევე მობილური ამბულატირიების პროცესში ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და მარტივად იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინაცია. იქნება ეს მობილური ბრიგადის საშუალებით თუ ადგილზე ვაქცინაციის საშუალებით, ეს ყველაფერი დაიგეგმება მუნიციპალური დონის საავადმყოფოების მიერ, რომელიც პასუხისმგებლები არიან მათთან საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში რეგისტრირებული მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ეს არის დაახლოებით, 1 მილიონამდე მოსახლეობა სოფლად. ჩვენ უკვე დავიწყეთ მობილური ამბულატორიებით სოფლის მოსახლეობაში გასვლა და ვაქცინაცია. გარკვეულწილად, ამ ინიციატივის მასშტაბი შეზღუდულია, თუმცა, ვფიქრობთ მის გაფართოებაზე და ამაში გლობალური ფონდი გვეხმარება. არსებობდა შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მობილური ამბულატორიები და მათ გამოყენებას ვახერხებთ ახლა. რაც შეეხება სოფლის ექიმების ჩართულობას, როგორც მოგეხსენებათ, სოფლის ამბულატორიების მდგომარეობა არათანაბრად არის განვითარებული. არის რიგი ამბულატორიები, დაახლოებით, 400-მდე, რომელიც გასულ წელს გარემონტდა და აღიჭურვა, ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ადგილზე აწარმოონ ვაქცინაცია და ცივი ჯაჭვის დაცვაც შესაძლებელია, არის მაცივარი და პირველადი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობაც აქვთ ადგილზე ოჯახის ექიმებს, რადგან ისინი დიდი ხანია ბავშვების ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. სადაც ასეთი შესაძლებლობა არ არის, მოხდება მოსახლეობის ხელშეწყობა ტრანსპორტირების კუთხით, რომ ისინი ჩამოვიდნენ მუნიციპალური საავადმყოფოში და იქ აიცრან“, - განაცხადა გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ .
ამირან გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი იყოს მაქსიმუმ 100-მდე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრის რეკომენდაციაა, რომ ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი მაინიმუმამდე დავიდესს და იყოს მაქსიმუმ 100. მისივე თქმით, ფესტივალზე დაცული უნდა იყოს 1.5-2 მეტრიანი დისტანცია. "ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. იყოს, დაახლოებით, მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად გამოყენებული პირბადე და ასევე, რეკომენდებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად იყოს ორჯერადად აცრილი, ან ჰქონდეთ ჩატარებული PCR ტესტი ბოლო 72 საათში ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსი 2 236 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდვაქცინით ჯამში 641 242 ადამიანი აიცრა ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებებისთვის კვების ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება 10 აგვისტოდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება
კვლევა: მილიონობით ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილს, საუბარია მილიონობით ადამიანზე, წყალდიდობის საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ BBC წერს. „2030 წლისთვის, მილიონობით ადამიანს საკუთარ თავზე ექნება გამოცდილი კლიმატის ცვლილებითა და დემოგრაფიული ცვლილებებით გამოწვეული წყალდიდობები. წყალდიდობა არის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ნებისმიერ სხვა მოვლენაზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს“, - ამბობენ მკვლევარები. ისინი კიდევ ერთ გამოწვევაზე ამახვილებენ ყურადღებას - მოდელირებაზე და აღნიშნავენ, რომ წყალდიდობების სიმულაცია ეფუძნება ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა წყლის დონის მომატება, ნალექი და მონაცემები მიწისქვეშა სენსორებიდან, მაგრამ მათ არ აქვთ არსებითი შესაძლებლობები: ისინი ვერ გაითვალისწინებენ მოსახლეობას, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და ვერ პროგნოზირებენ ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა კაშხლის დაზიანება და ნგრევა. ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს 2000-2018 წლის ყოველდღიური სატელიტური სურათები, რათა შეეფასებინათ როგორც წყალდიდობების მოცულობა, ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაუცველნი აღმოჩნდნენ 900-ზე მეტი წყალდიდობის პირობებში. სატელიტური სურათები სტიქიის იმაზე დიდ მასშტაბებს აჩვენებს, ვიდრე ეს კომპიუტერული მოდელირებებით იყო ნავარაუდევი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 255-დან 290 მილიონამდე ადამიანმა სტიქიის პირდაპირი ზიანი განიცადა და 2000-2015 წლებში, დატბორილ ადგილებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 58-86 მილიონითაა გაზრდილი.
მიხეილ ჩხენკელი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ ჩვენი შვილებისა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აიცრან, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. „დღეს პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ავიცერი Pfizer-ის ვაქცინით. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, აუცილებლად აიცრან. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების – ბავშვების – ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
თურქეთში, ტყის ხანძრების ყველა კერა, გარდა ორისა, ჩააქრეს
თურქეთში, ტყის ხანძრების ყველა კერა, გარდა ორისა, კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 12 დღის განმავლობაში, ქვეყნის 47 პროვინციაში ხანძრის 234 კერა ჩააქრეს. ამ დროისთვის კონტროლს ხანძრის ორი კერა არ ექვემდებარება - მილასსა და კოიჯეგიზში. თურქეთში, ტყის ხანძრებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 864, დაზიანებულია თითქმის სამი ათასამდე სახლი.
ავღანეთის მთავრობა: "თალიბანის" მებრძოლებმა ერთ-ერთი რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს და ჟურნალისტი გაიტაცეს
"თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთის ერთ-ერთი რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კი ჟურნალისტი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული Paktia Ghag-ის რადიოს მენეჯერი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის წევრი იყო. გატაცებული ჟურნალისტი კი კერძო სატელევიზიო არხის Gharghasht TV-ს თანამშრომელია. Reuters-ი ორგანიზაცია NAI-ზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე წელს, სულ მცირე, 30-მდე ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ან გაიტაცეს. თალიბანის წარმომადგენელმა Reuter-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ქაბულში მომხდარი მკვლელობისა და ჰელმანდში გატაცებული ჟურნალისტის შესახებ.
საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს
საფრანგეთში, ვანდეიას დეპარტამენტში, სენ-ლორან-სურ-სევრის კომუნაში კათოლიკე მღვდელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის შს მინისტრზე, ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ადგილობრივ ჟანდარმერიას ჩაბარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საუბარია რუანდაში დაბადებულ 40 წლის მამაკაცზე, რომელმაც 2020 წელს ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარი გააჩინა. აღნიშნულ საქმეზე მას ბრალი წაუყენეს, რამდენიმე თვის პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში გაათავისუფლეს.
ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა
ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანი ზაფხულის პერიოდისთვის არადამახასიათებელი "მაღალი წყლით" დაიფარა. შედეგად რამდენიმე ადგილას წლის დონემ 1 მეტრით აიწია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დღეს ღამე ტურისტები ქალაქის ცენტრალურ ადგილას თითქმის მუხლამდე წყალში გადაადგილდებოდნენ. როგორც წესი, "მაღალი წყალი" ("acqua alta") ვენეციაში შემოდგომასა და ზამთარში ფიქსირდება. 2019 წლის ნოემბერში წყალდიდობამ ქალაქი მილიონობით ევროთი დააზარალა.
დღიედან, ფინეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან
ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღიედან, ფინეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან. ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვაქცინაციისთვის შესთავაზებენ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს. ამჟამად ფინეთში მხოლოდ ამ ვაქცინების გამოყენებაა ნებადართული 12-წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. როგორც ცნობილია, აცრის გაკეთება მოზარდებს კანონიერი მეურვეების თანხმობის გარეშეც შეუძლიათ. ვაქცინაცია, შესაძლოა, სკოლებშიც გაიმართოს. აქამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი იყო 16 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის და 12-15 წლის ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სამედიცინო რისკის ჯგუფებს.
ფინანსთა მინისტრი: Fitch-ის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე აისახება
ამერიკულმა სარეიტინგო კორპორაცია Fitch-მა საქართველოს მიანიჭა სუვერენული რეიტინგი BB და პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუუმჯობესა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, Fitch-მა საქართველოს დაუბრუნა პანდემიის დაწყებამდე არსებული შეფასება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს და გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სარეიტინგო კომპანია პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად ასახელებს სამ ფაქტორს: მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, Fitch-ის შეფასებით, წელს იქნება 7.8% და წინა შეფასებას ორჯერ აღემატება, ასევე, პანდემიის პერიოდში ძლიერ და მყარ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და საქართველოს მიმართ ძლიერ საერთაშორისო, ფინანსურ მხარდაჭერას. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება იმ ფონზე, როცა ქვეყნების უმეტესობის საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა, მიუთითებს, რომ საქართველო სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე. 2020 წლის აპრილიდან დღემდე, საქართველოს Fitch-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა შემცირებული სუვერენული რეიტინგი BB-. ცნობისთვის, Fitch-ი, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების "დიდ სამეულში" შედის, მსოფლიოს საკრედიტო ბაზრებს აწვდის ქვეყნების კრედიტუნარიანობის პერსპექტივაზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ შეფასებებს და ანალიტიკურ კვლევებს. ნათია თურნავა: მთავრობა მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ" დონემდე გააუმჯობესა
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გაგრძელების საპასუხოდ, სავაჭრო, ფინანსური და საავიაციო სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მიერ ამოქმედებული სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს საავიაციო ზომების მიღებას, რადგან თავიდან აიციონ ბელარუსის თვითმფრინავების გადაფრენა ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში, ან დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში დაჯდომა. ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს "არმიის ან ფუფუნების საჰაერო ტრანსპორტისთვის" ტექნიკური დახმარების აღმოჩენის აკრძალვას. ამავდროულად ითვალისწინებს სავაჭრო ზომების მიღებას. ახალი პაკეტი მოიცავს ბელარუსის კალიუმის და ნავთობპროდუექტების ექსპორტის აკრძალვას. სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ფინანსური ზომების მიღებასაც, რომლებიც ბრიტანეთის წარმომადგენლებს უკრძალავს ბელარუსის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფასიანი ქაღალდების და ფულის ბაზრის ინსტრუმენტების შესყიდვას, ამავდროულად იკრძალება რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სესხის გაცემა. "ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიის დამსხვრევას და ადამიანის უფლებების დარღვევას ბელარუსში. ეს სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო არ მიიღებს ლუკაშენკოს ქმედებებს თაღლითური არჩევნების შემდეგ. ლუკაშენკოს სახელმწიფო ინდუსტრიის პროდუქცია არ გაიყიდება დიდ ბრიტანეთში", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა. ბრიტანეთმა თავისი სანქციების სიას ასევე დაუმატა რუსი ბიზნესმენი, მიხაილ გუციერევი, და განაცხადა, რომ ის არის "ერთ-ერთი მთავარი კერძო ინვესტორი ბელარუსში" და ლუკაშენკას ვეტერანი მოკავშირე.
ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავზე, ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "ევროკავშირი მზადაა განიხილოს შემდგომი ზომები რეჟიმის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში უგულებელყოფის ფონზე. ევროკავშირის სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ხელისუფლება სრულად დაიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, პატივს სცემს ადამიანის უფლებების ვალდებულებებს და შეწყვეტს ყოველგვარ რეპრესიას", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა. ცნობისთვის, საპროტესტო ტალღა მოჰყვა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გააყალბეს. ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს ან დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ათიათასობით ადამიანი დააკავეს, ზომებს ახორციელებენ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, აკრედიტაციაზე უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა გააუქმა ადმინისტრაციაში დაგეგმილი ყველა მასშტაბური შეხვედრა. "გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ
სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივი, კოორდინირებული, ღია და ფარული გამოყენება - ეს ჰიბრიდული ომია, რომელსაც რუსეთი რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს: შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს NATO, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია მისთვის დიდწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე - ვკითხულობთ სტრატეგიული კვლევებიც ცენტრის პუბლიკაციაში (Understanding Russian Hybrid Warfare). აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ მუქარას, ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაავრცელა. 2008 წლის ომის პარალელურად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი კიბერშეტევა, შეიარაღებულ კონფლიქტებში კიბერსივრცის გამოყენების პირველ პრეცედენტად ითვლება. „უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებისას კი, რუსული კიბერშეტევები კიდევ უფრო გაძლიერდა: გარდა ტრადიციული შედეგებისა, რუსეთმა გამოიყენა მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტების ფარული მოსმენებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის, მოპოვებული მონაცემებით ადგილმდებარეობისა და საარტილერიო დარტყმის კოორდინატების განსასაზღვრად. 2015 წელს, რუსეთის მიერ ორგანიზებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია კინეტიკური ეფექტი: თავდასხმისას მაღალტექნოლოგიური მალვეარის გამოყენებამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული ენერგოსისტემის ნაწილი“, - ვკითხულობთ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ანდრია გოცირიძის სტატიაში, რომელიც რონდელის ფონის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე სტატიაშია მოყვანილია ესტონეთისა და ლიეტუვის მაგალითები. კერძოდ: 2007-2008 წლებში ესტონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ განხორციელებული DdoS კიბერშეტევები სადამსჯელო ოპერაციას და ერთგვარ პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სამოქალაქო მღელვარებისა და მასობრივი არეულობის გამოწვევა იყო, თუმცა არ უკავშირდებოდა ამა თუ იმ სამხედრო ამოცანის შესრულებას და არც საომარი მოქმედებების ინფორმაციულ უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ლიეტუვის მაგალითზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა ისაუბრა: „ჩვენ, ესტონელებს იგივე ამოცანები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია. 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011), მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე“, - ასე იხსენებდა ევროპარლამენტარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ინტერვიუში 2007-2008 წლის რუსული აგრესიის პერიპეტიებს. ცნობისათვის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეში. კერძოდ, მასში აღნიშნულია: „მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოში მორიგ სწავლებებს 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში. ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეგახსენებთ, 19 ივლისს, ბათუმში, პეტრას ციხეზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ დეკლარაციის გაფორმებით, სხვა საერთო მიზნების დასახვის გარდა, პირობა დადეს, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს, დეზინფორმაციას ერთობლივად დაუპირისპირდებიან, გააძლიერებენ მედეგობას კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ და ეს მიიღწევა ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობით. რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობას პრიორიტეტულად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. „ასოცირებულ ტრიოს“ ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - აცხადებდა კახა გოგოლაშვილი Europetime-თან ინტერვიუში. დაეხმარება თუ არა „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. უფრო ადრე, დეკლარაციაზე ხელმოწერამდე, ამ საკითხზე Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ის სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში თბილისს კოლეგებთან ერთად სტუმრობდა. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლანდსბერგისმა Europetime-ს. ჯოზეფ ბორელი ჰიბრიდულ საფრთხეებზე დასავლეთის რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტომას პეტრიჩეკმა Europetime-თან ექსკლუზიური ინტერვიუში. ჩეხი პოლიტიკოსი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ივლისში იმყოფებოდა. „მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ტომას პეტრიჩეკმა. გაანეიტრალებს თუ არა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეებს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა ამ ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ეს შეკითხვა Europetime-მა ანალიტიკოს თეონა ლავრელაშვილს დაუსვა. ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელის შეფასებით, ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. „ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს“, - აღნიშნავს თეონა ლავრელაშვილი. რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევების გასამკლავებლად, ამ საკითზებზე საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა, გვანცა აბდალაძემ Europetime-თან ისაუბრა. „როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად“. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: კიბერთავდასხმებს, შესაძლოა, ,,ნამდვილი ომი" მოჰყვეს ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია კელი დეგნანი: ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ