ძებნის რეზულტატი:
Georgian Airways-ი თბილისსა და მინსკს შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს
11 აგვისტოდან, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი - მინსკი - თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს უწყებრივ მედლებს „დიდგორი-900“ დაემატა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნების ნიმუშებს კიდევ ერთი საიუბილეო მედალი „დიდგორი-900“ დაემატა. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნად ჯილდოვდებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის. მედლით „დიდგორი-900“ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით აჯილდოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანება 9 აგვისტოთი თარიღდება. ის უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, სადაც აღნიშნულია, რომ ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 6 აგვისტოდან.
აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება
ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია საქართველოს ეკონომიკისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა", - განაცხადა მინისტრმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება. "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ პოლარიზაცია დასრულდეს
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში რეფორმები. ამის შესახებ მან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, ერთადერთი, რაც პროცესს აკლია არის პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს. „მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, იმისთვის რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები
"რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები, მათ უკან უნდა წაიღონ ამ რეგიონების აღიარება და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, ყველას უნდა ჰქოდენს ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა. "წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში. ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. იმისთვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ამ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ ის ჰუმანიტარული დახმარების, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად, დაავადების შემთხვევები იზრდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის გარდა, შემოტანილია სხვა ვაქცინებიც და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური გახდეს. "ძალიან მოხარული ვართ, რომ ვაქცინა საქართველოს საჩუქრად გადმოვეცით. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ჯერჯერობით, ბოლომდე არც გახარჯულა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ვაქცინაცია და ამ ვაქცინის ადმინისტრირება. მე, როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით შეიძინა, როგორც Pfizer-ის ასევე სხვა ვაქცინებიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად დაავადების შემთხვევები იზრდება და მნიშვნელოვანია, ეფექტური ვაქცინით აცრა", - განაცხადა კელი დეგნანმა.
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე ოფიციალურად წარადგინა. ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. „ქართლმა ოცნებამ“ დღეს ასევე რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. რუსთავის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა. ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი.
აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ თეთრი სახლი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "დღეს, ბელარუსიის თაღლითური არჩევნების წლისთავზე, პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკისრებდა შემდგომ სანქციებს ლუკაშენკოსა და მის რეჟიმს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მათი მუდმივი თავდასხმისათვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. სანქციების მსხვილი პაკეტი გულისხმობს ბელარუსი ოფიციალური პირებისთვის და კომპანიებისთვის აქტივების დაბლოკვას, ფინანსური საქმიანობების შეჩერებას და აშშ-ში მიმოსვლაზე შეზღუდვას. სასანქციო სიაში შემდეგი ორგანიზაციები მოხვდნენ: სს "ბელარუსკალი", რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო და მსოფლიოში კალიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია; ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც ბრალად ედება ფულის გათეთრების ხელშეწყობა და სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების თავიდან აცილება; გამოჩენილი ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს, ასევე თხუთმეტი კომპანია, რომლებთანაც ისინი არიან დაკავშირებულნი, მათ შორის Absolutbank-ი; ბელარუსის ეკონომიკის თამბაქოს ნაწარმის, სამშენებლო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სექტორებში მომუშავე დამატებითი ორგანიზაციები. დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება
ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან
ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორ გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს. ვარსკვლავების გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. "დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა) გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს", - ნათქვამია კულტურის პალატის განცხადებაში. ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ენტონი ფაუჩის თქმით, თუ ვირუსის "დელტა" ვარიანტს ვერ შევაჩერებთ, ახალი და უფრო საშიში მუტაციები გაჩნდება, რომლებთანც უკვე არსებულ ვაქცინებს ძალა აღარ ექნება
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს ვერ შევაჩერებთ, ახალი და უფრო საშიში მუტაციები გაჩნდება, რომლებთანც უკვე არსებულ ვაქცინებს ძალა აღარ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. ფაუჩის თქმით, ვირუსის გავრცელება არავაქცინირებულ პოპულაციებში - როგორც ეს ახლა ასე სწრაფად ხდება - აძლევს მას „მუტაციის ფართო შესაძლებლობას“. "თქვენ შეიძლება ადრე თუ გვიან მიიღოთ სხვა ვარიანტი და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტი გარკვეულწილად უარესი იყოს, ვიდრე ის რთული ვარიანტი, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე", - განაცხადა ფაუჩიმ. როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, "ვაქცინები შეიძლება ეფექტური იყოს კორონავირუსის მიმდინარე მუტაციებით გამოწვეული სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს ჭეშმარიტი მომავალ მუტაციებში".
ამერიკელი ჯარისკაცებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება
პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 15 სექტემბრამდე გაიკეთოს. ამის შესახებ ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სავალდებულო აცრისთვის დაწესებული ვადა შესაძლოა კიდევ უფრო ადრე დაინიშნოს, თუ მანამდე ვაქცინებმა ამერიკის მთავრობის სრული ავტორიზაცია მიიღეს, ან ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება. "ვითხოვ პრეზიდენტის თანხმობას ვაქცინების სავალდებულო გახდომის შესახებ არა უგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვებისა, ან დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია ვაქცინებს საბოლოოდ დაამტკიცებს",- აცხადებს სააგენტოს მიერ მოპოვებულ მემორანდუმში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამ წერილით პენტაგონის შეფი შეიარაღებულ ძალებს სთხოვს აცრებისთვის მოემზადონ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, ამას შესაძლოა ამერიკის სამხედრო მზადყოფნაზე ჰქონდეს უარყოფითი გავლენა. "თავს არ შევიკავებ იმისგან, რომ ვიმოქმედო უფრო მალე ან სხვა რეკომენდაციები შევთავაზო პრეზიდენტს, თუ ამის საჭიროება ვიგრძენი. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება", - აცხადებს ლოიდი.
ჯო ბაიდენმა "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკის საკითხებში ამოს ჰოჩშტეინი "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოჩშტეინს, რომელიც მანამდე "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახალ თანამდებობაზე "აშშ-სთვის ეფექტური სტრატეგიის" რეალიზაცია დაევალა. როგორც გამოცემა წერს, მილსადენის გარიგების განხორციელება იქნება უპირველესი პრიორიტეტი ჰოჩშტეინისთვის, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის მთავარი მოთამაშეები იცნობენ, როგორც ბაიდენის გარემოცვის წევრს.
ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა
BBC-ის ცნობით, ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა, რამაც დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემები შექმნა. ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია. გამოცემის ცნობით, ხიდი გემის გასასვლელად გახსნეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ ჩაკეტეს. მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მსგავსი პრობლემა ტაუერის ხიდზე 2020 წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა. მაშინ ხიდზე გადაადგილება 24 საათით შეიზღუდა. ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. ის 1894 წელს აშენდა. გემების გასატარებლად ხიდი წელიწადში დაახლოებით 800-ჯერ იხსნება.
ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში დასაწვენი ადგილების ნაკლებობაა. ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა. "არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყოს საწოლფონდის... დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე", - განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდეა საჭირო იმისთვის, რომ შეზღუდვამ გავლენა იქონიოს ეპიდსიტუაციაზე. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ქუჩებში 5 კაცის შეკრების შემთხვევაში სავალდებულო ხდება, ყველა მათგანს პირბადე ეკეთოს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ისრაელი ე.წ. წითელ ზონაში შეიყვანა
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) სამოგზაურო გაფრთხილება გამოსცა, რომელიც ამერიკელებს ურჩევს, ისრაელში არ გაემგზავრნონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ისრაელისთვის რისკის შეფასება უმაღლეს - მეოთხე დონემდე გაზარდა. უწყება ამერიკელებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ისრაელში ვიზიტს და, თუ მათ ისრაელში მოგზაურობა უწევთ, მოგზაურობამდე სრულად იყვნენ ვაქცინირებულები. "მოერიდეთ ისრაელში მოგზაურობას. თუ ისრაელში მოგზაურობა გიწევთ, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი. ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო, სრულად აცრილ მოგზაურებსაც კი შეიძლება ემუქრებოდეს COVID-19-ის ვარიანტებით ინფიცირებისა და გავრცელების საფრთხე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დღეიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა
დღეიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა. აღნიშნულიგადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება გახდა. 22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა. საბჭოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული რეგულაციების აღსრულება გამკაცრდება. მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა . კვების ობიექტებს კი ფუნქციონირება 00 საათიდან დილის 5 საათამდე ეკრძალებათ.
თბილისში, თოიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე. არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ალჟირში ტყის ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
ალჟირის დედაქალაქ ალჟირში, მთიან რაიონებში ტყის ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მეხანძრეები და ვერტმფრენები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ამჟამად ხანძარი ტიზი-უზუს პროვინციის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, რომელიც ალჟირიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ცეცხლი სახლებთან გაჩნდა, რის მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.
თბილისში ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს
COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება, ღონისძიებებთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. "ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.