ძებნის რეზულტატი:
3958 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი - 23 ნოემბრის სტატისტიკა
23 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 762, აჭარაში - 1 048, იმერეთში - 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 147, იმერეთში - 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 60, იმერეთში - 41. 3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 - თბილისში, 1 988 - აჭარაში, 316 - იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 419 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 563 პირი, აჭარაში - 14 449, იმერეთში - 5 280“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
თურქეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ თურქეთი ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა. „დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ. მისივე თქმით, ქვეყანა მოლაპარკებებს Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების შეძენის მიზნითაც აწარმოებს. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 440 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.
2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღას პროგნოზირებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა. ნაბაროს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს. „ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“ , - განაცხადა ნაბარომ. ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ - მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, მისი თქმით, უწევთ მაღალი ფასის გადახდა.
იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის გრაფიკი იცვლება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება. „პანდემიის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა სხვა არაერთი ღონისძიება გაატარა: მიმდინარე წლის 5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობდნენ და მოქალაქეებს სერვისებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით აწვდიდნენ; პირველი ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24:00 საათამდე გასცემდნენ 400-ზე მეტ სერვისს, მოქალაქეებს მომსახურების მიღება კვლავ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეეძლოთ; 9 ნოემბრიდან, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ; 22 ნოემბრიდან კი, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულარულად, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საქართველოში მოქმედ ყველა, 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში. იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს", - აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე: ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge; პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას. წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება;
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი შექმნეს
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი, რომელიც მათი თქმით, ვირუსისგან ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. სპრეი ცხვირის ღრუში იჭერს და ბოჭავს ვირუსს, შესაბამისად ხელს უშლის მის ორგანიზმში გავრცელებას. სპრეის ბლანტ საფარში გახვეული ვირუსი ორგანიზმიდან ცხვირის მოწმენდის გზით ან გადაყლაპვით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით გამოიდევნება. ამას გარდა, თუ ხველის ან ცემინების შედეგად სპრეის მიერ შებოჭილი ვირუსი სხვა ადამიანს გადაეცა, ძალიან მცირეა ამ ადამიანის ვირუსის აქტიური ნაწილაკებით დაინფიცირების ალბათობა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ სპრეის კომერციალიზაცია საკმაოდ მალე დაიწყება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებასამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიდწინებს.
Guardian-ი: ჰაკერებს Covid-19-ის ვაქცინის ფორმულის მოპარვა სურთ
სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ჰაკერთა ჯგუფები: ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, მოწინავე კომპანიებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დეტალების მოპარვას ცდილობენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს. „ჰაკერული თავდასხმები ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ სულ უფრო გახშირდა, იმ პერიოდში, როდესაც პრეპარატის კვლევების ბოლო ფაზები მიმდინარეობს და კომპანიები სულ უფრო უახლოვდებიან საბოლოო მიზანს. კიბერუსაფრთოების დაცვაში ასევე ჩართულია ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი. სააგენტოში აცხადებენ, რომ მზად არიან, დაიცვან „ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი“. ადამ მეიერსი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი Crowdstrike-ის უფროსი ვიცე - პრეზიდენტი, ამბობს, რომ ქვეყნები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ დასავლურ კომპანიებსა და სააგენტოებზე ჰაკერულ თავდასხმაში, თუმცა უკვე მარტიდან, მთავარი სამიზნე COVID-19-ის ვაქცინა გახდა. დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ხორციელდება შეტევები ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ბრიტანული წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით არ განხორციელებულა არც ერთი „წარმატებული შეტევა“, თუმცა ამ ბრალდების ბოლომდე დადასტურება შეუძლებია. მსოფლიო მასშტაბით იყო „წარმატებული მცდელობებიც“, - წერს Guardian-ი.
სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა
საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს ელჩმა, სკვირაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები შეიძინა. სტამბოლის ედირნექაფის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც ქართული სამრევლოს წინაძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა. საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ანგელა მერკელი: COVAX-მა COVID-19-ის ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოუწოდა COVAX-ს, რომ COVID-19 ვაქცინების შედარებით ღარიბი ქვეყნებისათვის მიწოდებაზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ვშიშობ, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ, სადაც ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა COVID-19-ის წამლები, ტესტები და ვაქცინები მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იყოს და ის სამართლიანად განაწილდეს. კანცლერის განმარტებით, განსხვავებით COVAX-ის გან, ევროკავშირს და აშშ-ს აქვთ საგრძნობი უპირატესობა ვაქცინის დოზების რეზერვების მხრივ. „ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, COVAX-მა დაიწყოს მოლაპარაკებები მწარმობლებთან, დაფინანსებით, რომელიც მიიღეს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა სამიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას. ათობით ქვეყანამ ხელი მოაწერა ვაქცინების გლობალურ გეგმას, რომელიც COVAX-ის სახელით არის ცნობილი. ის შეიქმნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და GAVI ვაქცინების ჯგუფის მიერ ვაქცინის დოზების უზრუნველსაყოფად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სხვაგვარად არ შეეძლოთ ვაქცინის მიღება. ამ დროისთვის 5 მილიარდი დოლარი შეგროვდა COVAX - სთვის, მათ შორის 500 მილიონ ევროზე მეტი (600 მილიონი დოლარი) გერმანიის მხრიდან.
დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები უნდა გაიხსნას - კლინიკების ასოციაცია
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართავს და აცხადებს, რომ დიდი კლინიკების მიმდებარედ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტლები - 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით. მათი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა. როგორც კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკავალიფიციური კადრით, რომელიც მრავლადაა აკადემიურ წრეში. „ამავე დროს, სასურველია, არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები, 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით. ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები. კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა „ლოკდაუნი“. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია: მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - „დარჩი სახლში“, შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები. შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსსა და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია, ვინაიდან ვირუსს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს; სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა. ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია, მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი. სილამაზის სალონებში რეკომენდებულია, დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ, სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომლის შემთხვევაშიც პასუხი ცნობილია 10-15 წუთში,“- ნათქვამია საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.
შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა
შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შევიდა. როგორც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ხომალდი ნატო-ს მისიის ფარგლებში შავ ზღვაში რეგულარულ პატრულირებას ჩაატარებს. „დონალდ კუკი“ უკვე მეშვიდედ შევიდა შავ ზღვის რეგიონში. აშშ-ის ფლოტის ხომალდები რეგულარულად პატრულირებენ შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად!“ – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაში. სამხედრო ხომალდი„დონალდ კუკი“ პირველად საქართველოს 2007 წელს სტუმრობდა.
ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", - წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქზე".
ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს - უილიამ კორტნი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. შედეგები არ ცნო ოპოზიციამ და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 21 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში კი, მონაწილეობა მხოლოდ მმართველმა პარტიამ მიიღო. The West saw August 9 presidential #election in #Belarus as so tainted that new vote is required, but October 31 parliamentary election in #Georgia as not so rigged as to invalidate vote. Opposition boycott of parliament lacks Western support. https://t.co/unDeARqPAC — William Courtney (@courtneywmh) November 22, 2020
ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცეს
ბელარუსის არაღიარებულმა მართმადიდებელმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა სვიატოსლავ ლოგინმა ტორონტოში, წმინდა კირილის ტაძარში გამართულ ღვითისმსახურების განაცხადა. "ლუკაშენკო ჩადის უკანონობას, დევნის და კლავს მართლმადიდებლებს და უბრალო მოქალაქეებს. ლუკაშენკო და მისი მოკავშირეები აწყობენ სისხლიან შურისძიებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მრავალტანჯულ ბელარუსში", – ნათქვამია ანათემის ტექსტში, სადაც რუსეთიცაა ნახსენები. "ეს ძალადობა და მართლწესრიგის აბუჩად აგდება ხდება ბელარუსის აღმოსავლეთ მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს მართლმადიდებლად და უფროს ძმად მოიხსენიებს, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - წერია ტექსტში. თავად ლუკაშენკოს არაღიარებული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ლოგინი ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მას თვითმარქვიასა და ჯალათს უწოდებს. ბელარუსის არაღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 1944 წლიდან ემიგრაციაში იმყოფება. ეკლესიის მთავარი ტაძარი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა კირილის საკათედრო ტაძარია. ეკლესიას მცირე მრევლი ყავს მინსკშიც. ბელარუსში საპროტესტო მოძრაობა 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განუწყვეტლად მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ხმების 80%-ით ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შედეგები არ ცნო დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობამ.
ჩინეთის პრეზიდენტი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სწრაფი გზა, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. სი ძინპინმა განმარტა, რომ კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის სერთიფიკატების ამოცნობა. „იმედი გვაქვს, ამ მექანიზმს ბევრი ქვეყანა შემოუერთდება“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. უფლებადამცველები ამ შეთავაზებაში საფრთხეს ხედავენ. მათი განმარტებით, ეს კოდები შესაძლოა, მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება - ტიკარაძე
საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას, - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალება მიეცა იმ ანალიზით, რომელიც გაკეთდა და მოიცავს პაციენტების დაყოფას, თუ რამდენად სწორად არიან ისინი მოთავსებული კლინიკებში. „შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა ასაკობრივ ჭრილში და ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს. მნიშვნელოვანია ექიმების დროული ჩართულობა, დროული იდენტიფიცირება საჭიროების, ყველა კვლევის ჩატარების. მნიშვნელოვანია ბმების, კავშირების, მენეჯმენტის, ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესება. ამაზე სამინისტროს ყველა რგოლი ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და იდენტიფიცირებულია, დროულად აღმოიფხვრება. მისივე თქმით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება. „ჩვენ გვაქვს არაერთი სივრცე გამოყოფილი, რომელიც მზადდება, მაგრამ ეს არის ძირითადად საავადმყოფოების ბაზაზე და სასტუმროებში, სადაც გვაქვს სრული სამედიცინო მეთვალყურეობა. ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ თუკი სწორად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, მათ მეტად კომფორტულ გარემოში გაიარონ ინფიცირების პერიოდი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა მან.
მოსკოვმა და სოხუმმა “ერთიანი სოციალური და ეკონომიური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცეს
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზდენტ ასლან ბჟანიას პრეს-სამსახური იუწყება. "აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგად დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა, რომელიც ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე განხორციელდება. ეს დოკუმენტი ლოგიკური გაგრძელებაა ქვეყნებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების. დამტკიცებული პროგრამა მიმართულია ნაყოფიერი საფუძვლის შექმნისაკენ რუსეთის მიერ ან მისი ინიციატივით მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის”, - ნათქვამია პრეს-რელიზში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვადებად კი 2-3 წელია დასახელებული. სწორედ ამ ვადებში უნდა მოხდეს კანონმდებლობების ჰარმონიზაცია თითქმის ყველა სფეროში.
ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას“, - ნათქვამის განცხადებაში. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიიწვიონ
საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს. ამის შესახებ ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს. „უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი თურქეთთან და ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, - წერს ბენ ჰოჯესი. „ეს იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. „გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, დროებით შეწყდა სისხლიანი ომი, რამაც ყარაბაღისთვბის უფრო ნათელი მომავლის იმედი გააჩინა. ამ შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები რეგიონში სულ მცირე ხუთი წლით განთავსდებიან. მოსკოვს ახლა ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში (მისი სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია 2008 წლიდან), სომხეთსა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი ბაზები) და ახლა აზერბაიჯანში ჰყავს განთავსებული“, - წერს ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით.
მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას რუსი ოფიცერი დაიჭრა
მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას რუსი ოფიცერი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. აფეთქება სოფელ მადაგიზთან მოხდა, როდესაც რუსი მშვიდობისმყოფელების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების მართვის „სამინისტროს“ წარმომადგენლები დაღუპულთა გვამებს ეძებდნენ. 10 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სომხეთის პრემიერმა შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.