ძებნის რეზულტატი:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ. „საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მრავალფეროვანი პარლამენტი ჩამოყალიბდა, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღონ მანდატები და ახალ პარლამენტში შევიდნენ“, - აცხადებენ თანამომხსენებლები. ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი მხარს უჭერენ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას. „ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის ბრალდებებს ისეთი დარღვევების შესახებ, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლა. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და შესაბამისმა ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ. საარჩევნო დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღქმა არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს. ახალ პარლამენტს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება“, - აღნიშნავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასას კანდიდატურა წარადგინა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტს - ევრილ ჰეინსი ჩაიბარებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი იქნება. გაეროში აშშ-ის ელჩი კი ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურაა წარდგენილი. კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელად კი, ჯო ბაიენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი წარადგინა.

ჯანმოს ხელმძღვანელი: უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ პანდემია დასრულდება

ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელმა პოზიტიურმა სიახლეებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედი მისცა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. „ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID 19 -ის პანდემიის დასრულებას“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ანატორიის აკლდამებიდან კოვიდპასუხისმგებლობამდე

გოგა ჩანადირის სვეტი საქართველოში იყო ასეთი წესი - როცა ადამიანი გადამდები სენით ინფიცირდებოდა, საცხოვრებელ ადგილს განერიდებოდა ხოლმე და ამით ცდილობდა, დაეცვა უამრავი სხვა ადამიანი: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, ერთი სიტყვით, მტერი და მოყვარეც. ალბათ, არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი, ვინ იცის რა გზას გადიოდნენ, როგორ უმძიმდათ მარტოობაში და მიუსაფრობაში სიკვდილ-სიცოცხლესთან ჭიდილი, მაგრამ ისინი ამაზე შეგნებულად მიდიოდნენ, მიდიოდნენ, რადგან ამით იცავდნენ ადამიანების სიცოცხლეს. იმ დროს, როცა არ არსებობდა საავადმყოფოები, მედიცინის ამხელა მიღწევები, უამრავი ადამიანი შავ ჭირს სწორედ ასე გადაურჩა. სოფელ ანატორში, მუცოში, თუშეთში ახლაც ნახავთ იმ ადამიანების ძვლებს, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ სახლებს, სოფელს განერიდნენ, რათა დაეცვათ ისინი გადამდები სენისაგან. მათ იცოდნენ რაზეც მიდიოდნენ და ისიც, რომ ამ გზის უკან გამოვლა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მიდიოდნენ, რადგან უფრო დიდი იყო პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც უყვარდათ. კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელზე მძიმე რომ აღმოჩნდა, ნათელია. საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ, უკვე ბევრ ქვეყანას გადაუსწრო. ცხადია, ვიდრე სამყარო კოვიდ 19-ს ვაქცინითა და პირდაპირი სამკურნალო პრეპარატებით შეებრძოლება, უდიდესი როლი ეკისრება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას. ვიტყოდი, რომ ეს ახლა გადამწყვეტიც კი არის. საბედნიეროდ, პასუხისმგებლობის გააზრება დღეს აღარ გულისხმობს ჩვენი წინაპრებისმაგვარი მძიმე გზის გავლას და სადღაც მიუსაფრობაში, მარტოობაში აღსასრულს. განსაცდელი, რომელიც კორონავირუსის სახით მოგვევლინა, კაცობრიობის ერთგვარი გამოცდაა ჩვენი ჰუმანურობის გამოსაცდელადაც. გადავრჩებით, თუ გვეყვარება ერთმანეთი, რადგან სიყვარული პასუხისმგებლობაა უპირველესად, მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანზე. დღეს, შეიძლება, ვერ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთზე ფიქრით ისე ვიყოთ სავსენი, როგორც არასდროს. მადლობა ღმერთს, დღეს არ გვჭირდება ანატორის აკლდამებში განმარტოება, სხვა ეპოქაა და სხვა მიღწევები მედიცინაშიც, უკვე გამოჩნდა საიმედო ცნობები ვაქცინაზეც, მანამდე, უბრალოდ, ჩვენი წინაპრების მაგალითზეც ,მხოლოდ პასუხისმგებლობის გააზრება გვინდა და გვჭირდება. ევროპელობა არაა მხოლოდ გეოგრაფიული ცნება, ის უპირველესად ფასეულობების, ღირებულებათა კავშირი და ჯაჭვია. ჩვენ ყოველთვის ევროპელები ვიყავით, კულტურით,ისტორიით, ორასწლიანმა რუსეთის თავსმოხვეულმა მართველობამ დაგვასვა თავისი დაღი, მაგრამ ეს დაიძლევა. ახლა სწორედ ის დრო გვიდგას, როცა თავი უნდა მოვუყაროთ ყველა ჩვენ კარგ თვისებას, უნარსა და გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი. მარტივია საბაზისო რეკომენდაციების შესრულება. დაინფიცირების შემთხვევაში, თვითიზოლაცია, სამედიცინო რჩევების ზედმიწევნით გათვალისწინება, მასობრივ თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავება, დროებით უარის თქმა გადაკოცნაზე, პირადი ჰიგიენის დაცვა და პირბადის გაკეთება. აი, სულ ეს არის. დღეს კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება სწორედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ჯანმრთელობას გისურვებთ!

3128 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი - 24 ნოემბრის სტატისტიკა

24 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 413 პირი იმყოფება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 18 526 პაციენტიდან 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს, 8 595 პირი კი ვირუსის მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. აქედან 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,-განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, "უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. „ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდე,“ - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“. გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც "აშკარა გამარჯვებულს". ადმინისტრატორის, ემილი მერფის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტისთვის 6.3 მილიონი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი. ბაიდენის გუნდი გადაბარების პროცესის დაწყებას მიესალმა.

იენს სტოლტენბერგმა და შარლ მიშელმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს და ბრიუსელში მიიწვიეს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრნენ, აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში მომავალ წელს უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტოლტენბერგმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა "ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მხარდამჭერისთვის", მიშელმა კი მას „ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით მიმართა". სატელეფონო საუბარს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩეული პრეზიდენტი ბრიუსელში მომავალ წელს დაგეგმილ სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი.

პირბადე და დისტანცია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვისაც სავალდებულოა

"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "საქართველოს პირველი არხის" გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს. „კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მათი მოთხოვნებიც უცვლელია. „ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამის გარშემო არის გაერთიანებული დღეს ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ე.წ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ პირობების ერთგული ვრჩებით. აქციაც დაგეგმვის პროცესშია. თუ როგორი იქნება და რა ფორმის, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ამ პროტესტისთვის ოპოზიცია ემზადება“, -განაცხადა ბუაძემ.

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "მე ქედმაღლობა და თავდაჯერებულობა არ მჩვევია, მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ჩემს გადადგომაზე განხილვაც არ ყოფილა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს გადაუსწრო. ამ დროისთვის ილონ მასკი პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია. გამოცემა მასკის ქონებას 127.9 მილიარდი დოლარით აფასებს. მიმდინარე წელს მასკის ქონება, დახლოებით, 100 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მასკმა გადაასწრო ბილ გეიტსს, რომლის ქონების ღირებულებაც, გამოცემის მონაცემებით, 127.7 მილიარდი დოლარია. რეიტინგში დიდი უპირატესობით, 182 მილიარდი დოლარი, კვლავ კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, ამ სიაში ილონ მასკი მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ქონება 110 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამავე რეიტინგის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჯეფ ბეზოსი [Amazon] 181.3 მილიარდი დოლარი, ბერნარ არნო [LVMH] 140.4 მილიარდი დოლარი, ბილ გეიტსი [Microsoft] 118.5 მილიარდი დოლარი. გასულ კვირას Bloomberg-ის რეიტინგში მასკმა კიდევ ერთ მილიარდერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს გადაუსწრო, რომლის ქონებაც 102 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ილონ მასკის აქტივების ღირებულების შთამბეჭდავი ზრდის მიზეზი კომპანია Tesla-ს მაჩვენებლებია, რომელიც უკვე ზედიზედ 5 კვარტლის განმავლობაში მომგებიანია. გასულ კვირას, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აქციები დეკემბრიდან S&P 500-ის პლატფორმაზე გადაინაცვლებდა, სწორედ ამ პლატფორმაზე ვაჭრობენ 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებით. Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს, ჯამურად, 485%-ით არის გაძვირებული. გუშინ, 23 ნოემბერს კომპანიის მათი ფასი კიდევ 6.5%-ით გაიზარდა და ერთის ფასი 521 დოლარს გაუტოლდა.

გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს - კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხარეებმა უნდა იპოვონ. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ზუსტად, რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია. “გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ. არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შეიძლება ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია, პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა - რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს”, - განაცხადა კრამერმა. როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. “ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა, და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება”, - განაცხადა კრამერმა. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

თურქეთის ელჩი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად თვლის და ნატოში გაწევრიანებისკენ მის ამჟამინდელ ძალისხმევას სრულად უჭერს მხარს

ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მისი მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა. სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ჯგუფი შევიდა. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ბაქო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას დათანხმდა. რუსეთის ჯარები გააკონტროლებენ ახალ გზას, რომელიც აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის გავლით დააკავშირებს სომხეთს მთიან ყარაბაღთან. გარდა ამისა ფაშინიანი დათანხმდა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს დასავლეთით მდებარე მის ანკლავთან, ნახიჩევანთან. ამ დერეფანსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დაიცავენ. შეთანხმებიდან ასევე ვიგებთ „ზავის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში“ თურქეთის მონაწილეობაზე. ასევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, „რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“. რეგიონში მიმდინარე საკითხებზე, თურქეთზე როგორც ნატოს წევრი ქვეყნის როლზე ყარაბაღის პროცესებში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე „ევროპათაიმმა“ კომენტარი თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს სთხოვა. _მთიანი ყარაბაღის საკითხი რეგიონში მუდმივი არასტაბილურობის წყაროა. თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (822, 853, 874, 884) შესაბამისად, სომხეთს 30 წლის განმავლობაში მოუწოდებდა, დაესრულებინა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაცია. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამაიმედებელი ნაბიჯია და შეუძლია გახსნას გზა საკითხის მდგრადი, ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონში სტაბილურობა სომხეთსაც სარგებელს მოუტანს. რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს. თურქეთი საქართველოს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მისწრაფების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ნატოში გაწევრიანებისთვის მის ამჟამინდელ ძალისხმევას“, - აღნიშნავს თურქეთის ელჩი. „აზერბაიჯანის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე. რუსეთთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის ჯარების ყოფნას ერთობლივ სამშვიდობო ცენტრში. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებული ღონისძიებების დეტალები რუსეთის ხელისუფლებასთან განიხილება. თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა რეგიონში, 1952 წლიდან, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ალიანსის თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომელთა შორის არის სომხეთიც. არც თურქეთის ნატოს წევრობაა ახალი და არც ჩვენი მეზობლებისადმი ნატოს მხარდაჭერა“, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი. რაც შეეხება გენერალ ბენ ჰოჯესის ინტერვიუს ჩვენს გამოცემასთან, რომლის მიხედვით, ევროატლანტიკურ გზაზე დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე თურქეთია და რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს გაზრდიდა, ამ საკითხთან მიმართებით „ევროპათაიმის“ შეკითხვას ელჩმა ასე უპასუხა: ეს საქართველოს შიდა საქმეა და ეხება ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს. „ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. იგივე აშშ-ც სამედიცინო პერსონალით იწყებს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები. იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ-ჯგუფი სამედიცინო პერსონალია და ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 ათასი სამედიცინო პერსონალი აიცრა. მეორე რისკ ჯგუფი ის ხანდაზმულები იქნებიან, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ. ასევე განიხილება ისეთი რისკ ჯგუფები, როგორიცაა მოხუცთა სახლებში და თავშესაფრებში მყოფი პირები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიას მოლაპარაკება, რათა ქვეყანა ვაქცინისათვის საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღიჭურვოს. „ვაქცინა ორჯერადად, სამი-ოთხი კვირის გამოშვებით კეთდება. ამიტომ საჭიროა მილიონ 400 ათასი დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს-პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4-მილიონი დოლარი წინასწარ შენატანის სახით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე - არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადმიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიდ ქალაქებსა და აჭარაში, სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გაგრძელდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე, ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, დისტანციურად გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. "ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეს აშშ-ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობასა და საერთო ღირებულებებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გამართა. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.

პოლონეთში აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა გაიხსნა, რომელიც ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურაა

პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც პოლონეთში, ამერიკელი სამხედროების დაახლოებით 5500 კაცამდე გაზრდას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“, ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან. „მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა. 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში. დაწინაურებული სარდლობა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას გაუწევს კოორდინაციასა და კონტროლს. ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა.

ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს. როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, სურს დამშვიდებული ერი ნახოს და ეს გაერთიანება ალბათ, ეკლესიაში უნდა მოხდეს. "მე მინდა ერთ რამეს შევეხო. მე მინდა ვნახო ჩვენი ერი დამშვიდებული. ალბათ, ერის დამშვიდება... ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი - აერთიანებს. ალბათ, გაერთიანება ეკლესიაში უნდა მოხდეს. კარგად იცით, ჩატარდა არჩევნები. მე არ შევეხები, იმას არ ვაპირებ, რომ ტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მათთან შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ეკლესიის როლს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევლენ, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. საუბრის თემები უცნობია, რადგან მოლაპარაკების ერთ-ერთი დათქმა ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებაა", - აღნიშნა მან. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

შავ ზღვაში ოპერირება, რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია - კელი ჯოუნსი

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - ამის შესახებ ამერიკული ხომლადის "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი წერს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. "საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა,ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა. 🇬🇪 welcomes 🇺🇸 Donald Cook in the Black Sea, marking 7th visit of U.S. Navy ship since the beginning of 2020. Increased presence of the U.S. and NATO in the Black Sea strengthens regional peace and security. @USNavyEurope @usingeo — MFA of Georgia (@MFAgovge) November 24, 2020