ძებნის რეზულტატი:
ჯორჯიაში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს
ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა დასრულდა, რის შედეგადაც შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირება იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.
3 768 ახალი შემხთვევა და 41 გარდაცვლილი - 20 ნოემბრის სტატისტიკა
20 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 77 932-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 - თბილისში, 1 646 - აჭარაში, 336 - იმერეთში. 8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 426, აჭარაში -1 122, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 564 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 276 პირი, აჭარაში - 16 379, იმერეთში - 5 224“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე [სამადბეგიშვილი] 65 წლის ასაკში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. საპატრიარქოს პრეს-სპიკერ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლები დაავადებებიც სჭირდა. მეუფე ლაზარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი იყო.
სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
რუსეთის ჟანდარმერიის საიდუმლო სამსახურის შედგენილი პირადი ბარათი მიხეილ ჯავახიშვილზე
უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი. ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინაამდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. ასე ახასიათებდა მეფის ჟანდარმერიის საიდუმლო სამსახური ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“-ის „ჯაყოს ხიზნები“-ს „არსენა მარაბდელი“-ს „თეთრი საყელო“, - ს ავტორს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს.ის ემსხვერპლა საბჭოთა იდეოლოგიასთან ბრძოლას,სტალინის პერიოდის რეპრესიების დროს, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. გამოყენებულია ეროვნული არქივის მასალები
ჯანმო - „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის
კომპანია „გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატის, „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ. ორგანიზაციის განმარტებით, მათი დასკვნა ემყარება ოთხ საერთაშორისო კვლევას, რომელშიც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 7 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა და რომელმაც დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს პაციენტებში ლეტალობის შემთხვევებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას, კლინიკური გაუმჯობესების დროს და სხვა მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ „რემდესივირი“, როგორც კოვიდ 19-ის სამკურნალო საშუალება, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია ნებადართული ან დამტკიცებული. პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამკურნალოდაც გამოიყენეს.
მეორე ტურთან დაკავშირებით, დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება
ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყნის დიდ ქალაქებში სატრანსპორტო მიმოსვლის კუთხით დაწესებული შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება. კერძოდ, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს, 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. კონკრეტულად, მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, 22:00 საათიდან - 05:00 საათამდე გადაადგილების მხრივ დაწესებული აკრძალვა არ გავრცელდება არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.
სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩევლის ვაგარშაკ არუთუნიანის წარდგენა იგეგმება. დავით ტონოიანი თავდაცვის მინისტრად 2018 წლის 11 მაისიდან მსახურობდა.
კელი დეგნანი - პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ
ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დიპლომატები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ შორის კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. „ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანმხდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, კარლ ჰარცელსა და ოპოზიციას შორის ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. შეხვედრას ცოტა ხნის წინ შეუერთდა ელჩი კელი დეგნანიც.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს Reuters-ი ეხმაურება
უცნობმა პირმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი აიყვანა, ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტი წერს, რომ პოლიციამ შენობის მიმდებარე ტეროტორია გადაკეტა, შეიარაღებულის მოთხოვნები კი ჯერ უცნობია. ბრიტანული სააგენტო ასევე წერს, რომ გასულ თვეში, შეიარაღებულმა ნიღბიანმა ქალაქ ზუგდიდში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად, $500,000-ის ოდენობით გამოსასყიდის მიღების შემდეგ კი მძევლები გაათავისუფლა და გაუჩინარდა.
BBC: Pfizer-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადს დღეს შეიტანს
კომპანია Pfizer-ი და მისი პარტნიორი BioNTech-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადს აშშ-ში დღეს შეიტანენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახლა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, უსაფრთხოა თუ არა ეს ვაქცინა. ჯერ არ არის ცნობილი, რა დრო დასჭირდება ადმინისტრაციას მონაცემის შესასწავლად. თუმცა ამერიკელი ექსპერტები ვაქცინის დამტკიცებას დეკემბრის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ. ცნობილია, რომ ამ ვაქცინამ 65 წელს გადაცილებულებში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
თბლისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი, დაკავებულია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ყველა მძევალი უვნებელია. უცნობმა პირმა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი დღეს საღამოს აიყვანა.
The Guardian: ვატიკანი ინსტაგრამის პასუხს ელოდება, როგორ მოიწონა პაპის ექაუნთმა ბრაზილიელი მოდელის ფოტო
ვატიკანი Instagram-ისგან მოითხოვს განმარტებას, თუ როგორ მოიწონა პაპის ოფიციალურმა ექაუნთმა ბრაზილიელი მოდელის ფოტო. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 13 ნოემბერს ნატალია გარიბოტის ინსტაგრამის პროფილზე პაპის „მოწონება“ ჩანდა, ვიდრე მოწონებულ ფოტოზე რეაქცია ვატიკანმა არ წაშალა. „პაპისგან ოფიციალური დალოცვა მივიღეთ“, - განაცხადა მოდელის გვერდის მმართველმა კომპანიამ. გარიბოტის 2.4 მილიონი მოწონება აქვს ინსტაგრამზე, სააგენტოს პოსტს შემდეგი განცხადებაც დაემატა: „მთავარია, სამოთხეში მოვხვდები“. ვატიკანის სპიკერმა The Guardian-ს განუცხადა: „ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ფაქტი, რომ ეს „მოწონება“ პაპისგან იყო, ამიტომ პასუხი Instagram-სგან უნდა მივიღოთ“.
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 78 წელი შეუსრულდა
ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იუბილარია. 1942 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ბაიდენი 78 წლის გახდა. 20 იანვარს, ფიცის დადების შემდეგ, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ისტორიაში შევა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. აქამდე ამ ტიტულს რონალდ რეიგანი ფლობდა, რომელმაც თეთრი სახლი 77 წლის ასაკში დატოვა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ჯო ბაიდენის გზა პრეზიდენტობამდე, შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრად საქართველოს პატრიარქთან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, სტუმრად პატრიარქის რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის დროს. წყარო: საქართველოს საპატრიარქო
შოთა არველაძემ შეგირდებს უზბეკეთის ჩემპიონატი უკვე მეორედ მოაგებინა
ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შოთა არველაძის შეგირდები, ტაშკენტის "ფახთაქორის" ფეხბურთელები, უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. კლუბმა ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა, რადგან მათი ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“, რომელსაც ტაშკენტელების დაწევის თეორიული შანსი ჰქონდა, 1:3 დამარცხდა. ამის შემდეგაც "ფახთაქორი" მისთვის მიუწვდომელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებენ თავად ტაშკენტელები ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე "ფახთაქორს" 2017 წლიდან წვრთნის და ზედიზედ მეორედ გახადა შეგირდები ჩემპიონები. შარშანდელ სეზონში შოთა არველაძის შეგირდებმა ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგეს. არველაძის კონტრაქტის ვადა "ფახთაქორთან" დეკემბერში იწურება, თუმცა, სავარაუდოდ, მას გაგრძელებას სთხოვენ.
სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა - პომპეო
სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „ტვიტერში“ წერს. „სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იურუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება“, – აცხადებს მაიკ პომპეო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.
აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა
აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია. ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაიქცა. ინციდენტის ადგილზე 50-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.
3824 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - 21 ნოემბრის სტატისტიკა
21 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 17, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში, 1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.