ძებნის რეზულტატი:

„სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. „ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას. ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (3) ● #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #41-ე საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მისცეს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება. კომისიამ მას განუმარტა, რომ უბანზე შეუშვებდნენ წილისყრის პროცესის დასრულების შემდეგ; ● #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31-ე უბანზე, დილის 7 საათიდან კარი დაკეტილი იყო და დამკვირვებელს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება; ● #5 ისნის #31 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი წილისყრის პროცედურების დასრულებამდე უბანზე არ შეუშვეს. ამავე უბანზე, კომისიის მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშულება არ მისცა. წილისყრის წესის დარღვევა (3) ● #24 დმანისის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა, კერძოდ გადაკეცილ ფურცლებზე სადაც მითითებული იყო ფუნქცია-მოვალეობები არ ერტყა კომისიის ბეჭედი. მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა; ● #80 ქედის #5 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა საარჩევნო კოდექსის დარღვევით, უარი განაცხადა მისთვის წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება, კანონის თანახმად, კომისიის სხვა წევრს დააკისრა; ● #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ოთხი რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარდა, მაშინ როდესაც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა ექვსი იყო. თავმჯდომარის მითითებით ორმა წევრმა უარი თქვა რეგისტრატორის წილისყრაში მონაწილეობაზე და წილისყრის გარეშე დანიშნა რეგისტრატორი კომისიის წევრები. დამკვირვებლის მიერ დარღვევაზე ზეპირი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ უარი განაცხადა დარღვევის აღმოფხვრაზე. საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები (2) ● #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე #5 რეგისტრატორს გადაეცა პაკეტად შეკრული ბიულეტენების დასტა, რომლის ოდენობა ნაცვლად 50-ისა შეადგენდა 53-ს; ● #3 საბურთალოს სარჩევნო ოლქის # 80-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 1326 ამომრჩეველი, თუმცა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ხუთი რეგისტრატორის ნაცვლად ფიქსირდება 4. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება (2) ● #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა 2 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ერთ სახის ბიულეტენი. ამომრჩეველმა ერთი მათგანი უკან დააბრუნა. საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა (2) ● #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე, დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო დაგვიანებით, 10 ამომრჩევლის მიღების შემდეგ; ● #54 სამტრედიის სარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე წინასწარ შეივსო საკონტროლო ფურცელი და სამივე საკონტროლო ფურცელი მოთავსდა ძირითად ყუთში. სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები (1) ● #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ. უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის აღრიცხვა (1) ● #66 ხობის საარჩევნო ოლქის #25 უბანთან 25-30 მეტრის რადიუსში დაუდგენელი პირები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი ● #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 სარჩევნო უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებ აპარატთან დაკავშირებით ტექნიკური ხრვეზი დაფიქსირდა. ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი მოხსნა. საჩივრები განცხადებები ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 8 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი. 4 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident. სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემისaს გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

სუს-ის უფროსი: სააკაშვილის შემოსვლისთანავე გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მსხვერპლი, გაურკვევლობა და  აჟიოტაჟი აგვეცილებინა

„მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, - აღნიშნული განცადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში გააკეთა. რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი უსმენს კანონიერად და მას, ვინც საჭიროა. „სუს-ი კანონიერად უსმენს მას, ვინც ითვლება, რომ უნდა მოისმინოს. რა გამოვიდა და რა არა, ეს თქვენ არ იცით, მიდის გამოძიება, ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ, ბათმიდან გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის შემდეგ, შსს-მ და მმართველმა პარტიამ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. შსს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დმიტრო კულება: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საჭირო დახმარებას გაუწევს

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭირო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა“, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ამ დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი უკრაინაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიხაძეთ. ყველა ეს საკითხი განიხილება. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც მას უჭირს“, - განაცხადა უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე მოითხოვა უკრაინის კონსულთან შეხვედრა.

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში - 15.8% დაფიქსირდა.

დავით ზალკალიანი: დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა

დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზეზებსა და გარემოებებზე განმარტებას ითხოვს დმიტრო კულება: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საჭირო დახმარებას გაუწევს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

Darnitsa Group-ი: უკრაინას საკუთარი ვაქცინის შესაქმნელად ყველაფერი აქვს

Darnitsa Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დმიტრო შიმკივი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა საკუთარი ვაქცინის შესაქმნელად. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი უკრაინაში საკუთარი ვაქცინების შექმნაში. Darnitsa-მ უკვე განიხილა ვაქცინების შექმნის შესაძლებლობა მის დაწესებულებებში. ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ასეთი პროექტი არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს, ვინაიდან საწარმოს აქვს როგორც აუცილებელი საწარმოო ბაზა რნმ ვაქცინების წარმოებისთვის, ასევე სპეციალისტები. პროექტს დასჭირდება 10-15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც საკმაოდ რეალისტურია უკრაინული ფარმაცევტული ბაზრის ბევრი მოთამაშისთვის. ამ დროისთვის სამთავრობო უწყებებს სათანადო ინტერესი არ გამოუჩენიათ შიდა ფარმაცევტების წინადადების მიმართ.

მედია: ზელენსკის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მომდევნო თვეებში გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლებელია, 2021 წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის დასაწყისში გაიმართოს. „ჩვენ გვსურს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება პუტინთან. სავსებით შესაძლებელია შეხვდეთ ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენ პრინციპში უნდა გვესმოდეს: არის თუ არა რაიმეზე შეთანხმების შესაძლებლობა, თუ არა“, - განუცხადა ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ RBC-Ukraine. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ „აუცილებელია ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკება ყველა შესაძლო ფორმატში“. ამავე დროს, მან დაამატა, რომ უკრაინა არ ეძებს „მშვიდობას ნებისმიერ ფასად“. კიევმა არაერთხელ გამოხატა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების სურვილი, ასევე მათი სავარაუდო დროც დაასახელა. ამის საპასუხოდ, კრემლმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის, თუმცა უკანასკნელ კომენტარში აღნიშნა, რომ „კიევის პოზიციის“ გამო პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა შეუძლებელია.

ცესკოს თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის, კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ორგანიზებისთვის. თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ქართველი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს უბნებზე მშვიდ გარემოში დააფიქსირებს. შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ დამკვირვებლების მიერ 13:00 საათამდე გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 190-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ: 1. რუსთავის N9 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მითითებით საარჩვნო უბანზე მივიდა უცხო პირი, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნულ პიროვნებას უნდა უზრუნველეყო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების ტრანსპორტირება. ორივე კომისიის წევრმა განაცხადა უარი მისი მანქანით სარგებლობაზე, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ შეუწყვიტა კომისიის წევრებს ფუნქცია და აღნიშნული ფუნქცია ზეპირსიტყვიერად გადასცა კომისიის სხვა წევრებს. 2. რუსთავის ოლქის თითქმის ყველა უბანზე, საარჩევნო უბნის შესასვლელთან მობილიზებული არიან ადამიანები, პარტიული ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წამომადგენლები ან ბეიჯის არმქონე პირები, რომლებიც ტელეფონის საშუალებით ახდენენ მოსული ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის (სახელის და გვარის) გადაცემას უცნობი პირებისთავის. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის აპარატს მოახდინოს აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირება და დროულად აღმოფხვრას დარღვევის ყველა ფაქტი. 3. მცხეთის N26 საარჩევნო უბანს აქვს ორი კარი, ერთ კართან იდგა ნაკადის მომწესრიგებელი და ხდებოდა ამომრჩევლის შეშვება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით, ხოლო მეორე - უკანა კარიდან ამომრჩეველი შედიოდა ყოველგვარი მარკირებისა და იდენტიფიკაციის გარეშე. 4. კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურები დაირღვა რუსთავის N1, რუსთავის N2, მცხეთის N1, მცხეთის N26, რუსთავის N76, რუსთავის N16, მცხეთის N11, მცხეთის N21 და სამგორის N97 უბნებზე. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით აკვირდება ორგანიზაციის 190 დამკვირვებელი.

თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

თბილისის მერობის კანდიდატებმა, რომლებიც გამოკითხვების თანახმად, პირველ სამ პოზიციას ინაწილებენ, არჩევანი გააკეთეს. კახა კალაძემ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, განაცხადა, რომ ხმა მისცა აღმშენებლობას და ამის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. „მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა კახა კალაძემ. „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს ჩვენი მეშვეობით, ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხმის მიცემისას. „ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყველა ნაბიჯზე ტყუის და მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს ჩვენი მეშვეობით, ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ქვეყნის განვითარებაში", -განაცხადა ნიკა მელიამ. ასევე წაიკითხეთ: Edison Research-ი: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, მოსახლეობის 43% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 30% - ნიკა მელიას, 12% - გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა „არავინ მოგატყუოთ, ეს არაა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია“, - განაცხადა საარჩევნო უბანზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. „დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები. ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს. ანდრიუს კუბილიუსი: თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

რუსეთის უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Group-IB-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ილია საჩკოვი ღალატის ბრალდებით დააკავეს. GroupIB-ი 6 კომპანიას, მათ შორის ამსტერდამსა და სინგაპურში რეგისტრირებულებსაც მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, ბრალდებულს სავარაუდოდ, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საჩკოვი ხელისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა და მრავალი სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა, მის დაკავებას წინ უძღოდა ჩხრეკა ჯგუფის მოსკოვის ოფისში. საჩკოვის დაპატიმრება უკიდურესად უარყოფითად აისახება ინვესტიციებზე რუსეთის IT სექტორში", - განუცხადა „ინტერფაქსს" მეწარმეების უფლებების დაცვის პრეზიდენტის კომისარმა ბორის ტიტოვმა. კრემლს განსხვავებული შეხედულება აქვს. „საჩკოვის საქმე არაფერს შუაშია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და საინვესტიციო კლიმატთან", - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „თქვენ ხედავთ, რომ ბრალდებები არ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, არამედ ღალატთან”, - დაამატა პესკოვმა. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სადამკვირვებლო საქმიანობის განსახილველად „სამართლიანი არჩევნებისა" და „მრავალეროვანი საქართველოდან“ პარტნიორებს შეხვდა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ელჩი დეგნანი სადამკვირვებლო საქმიანობის განსახილველად „სამართლიანი არჩევნებისა" და „მრავალეროვანი საქართველოდან“ პარტნიორებს შეხვდა. ელჩმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს აშშ-ის, როგორც პარტნიორის, ურყევი მხარდაჭერის იმედი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსა და ტრაექტორიას კი ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნულ განცხადებას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ 07:00 საათიდან -14:00 საათამდე მონაცემების საფუძველზე აქვეყნებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: სავარაუდო „კარუსელი” - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა - #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა - #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა. დამკვირვებლებითვის ხელის შეშლა და ზეწოლა - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება. #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს. კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია; #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა. #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა. კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა - ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევებისას ჩვენი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას ელის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას ელის. შესაბამისი ტექსტი Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ლიეტუვა ახლოს აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მის სამშობლოში დაკავების ცნობებს. ველით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები და შესაბამისი პროცესები იქნება დაცული. მტკიცედ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი პოლიტიზებული გადაწყვეტილებისგან”, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს ბრალდებას აღიარებს და მზად არის, ჯარიმა გადაიხადოს

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საარჩევნო აგიტაციის შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით ცესკოს ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევით მოხდა. მისი თქმით, , „ქართული ოცნების“ ლოგოანი პირბადით გამოცხადება ნამდვილად დარღვევა იყო და მზად არის ჯარიმა გადაიხადოს. „დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკომ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.

ISFED-ი დარღვევებზე პირველად მონაცემებს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ცნობით, მათი დამკვირვებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, რაც ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში გამოიხატება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ, მათ შორის, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის ორი სხვადასხვა დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. „ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეციალურ სიებში ამომრჩევლები უსაფუძვლოდ არიან დაფიქსირებული. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩენილი აქვთ ამომრჩეველთა ხელმოწერები. მიმდინარეობდა უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვაც. არჩევნების დღის მიმდინარეობას, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო უბნების გარეთაც აკვირდება. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება, მათ შორის, ავტომობილში. დაფიქსირდა უბნის მიმდებარედ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემდეგი ფაქტები: „#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ელენე ნარმანიას მიმართ, მოგვიანებით კი, "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფის დამკვირვებლების დავით ლოგუასა და დათა აქუბარდიას მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპრისპირების მცდელობასაც. ორგანიზაციის დამკვირვებელი ელენე ნარმანია უკანონოდ გამოაძევეს უბნიდან და საერთოდ წაართვეს დაკვირვების შესაძლებლობა, ხოლო, მანამდე მთელი დღის განმავლობაში უზღუდავდნენ დაკვირვების უფლებას. საარჩევნო კომისია მოქმედებდა არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ, ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ჯიქიას მითითებებით, რომელიც უთითებდა თავმჯდომარეს ვინ გაძევებინა ან დაეტოვებინა უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ამ საუბნო კომისიიდან გააძევეს საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებელიც. #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს მდივნის წინააღმდეგობის გამო ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების უფლება არ მიეცა; #3 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #21 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სთხოვდა მონაწილეობა მიეღო გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრთა შესარჩევ წილისყრაში. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (7) #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინები დგას კომისიის წევრებთან ახლოს, რითაც ირღვევა ფარულობის პრინციპი; #58 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #118 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ შევსებული ბიულეტენები სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, რის შედეგადაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი; #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან ხმის მიცემის შემდგომ გახსნილი ბიულეტენებით გამოდიან, აღნიშნულ პროცესში კი უბანზე მყოფი პირებისთვის ცნობილი ხდება ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული ნება, კომისიის თავჯდომარე დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად არ ახდენს რეაგირებას; #32 გორის სარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს შეყვა გარეშე პირი ხმის მისაცემად მაგრამ აღნიშნული ამომრჩეველი დახმარებას არ საჭიროებდა; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენების კონვერტში მოთავსებამდე ისინი გაშლილი სახით აჩვენა ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელმაც დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, რის შემდეგაც მას ხელი ჩამოართვა; #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ამოწმებს თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამგვარი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს; #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში აჩვენა „ახალგაზრდული ინიციატივა - დემოკრატიისთვის“ დამკვირვებელს. ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები (8) #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ იყო გადაყვანილი სპეციალურ სიაში, თუმცა ამომრჩევლის განცხადებით კომისიისთვის არ მიუმართავს, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო სპეციალურ სიაში. ამომრჩეველმა მისცა ხმა; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, 11:42 წუთზე, გაცემული ბიულეტენების გადათვლისას აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს 1 ბიულეტენით მეტი ჰქონდა გაცემული ამომრჩეველზე; კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება; ფოთის #70 საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ; ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის და სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ იყო ერთიან, საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში. ხოლო ამავე ოლქის #52 უბანზე აღნიშნული ინფორმაცია არ იყო შეყვანილი არც ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო და არც ერთიან საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილ სიაში; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე, საათზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ისე გადასცა ბიულეტენები, რომ არ მოაწერინა ხელი სამაგიდო სიაში მისი/ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ; #82 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში მითითებული ხელმოწერების რაოდენობას. ერთ-ერთი რეგისტრატორის ახსნა-განმარტების თანახმად, მას გამოჩრა ამომრჩევლის ხელმოწერა; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #77, #79 და #82 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების ნაწილი შესაბამისი წინაპირობის გარეშე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ შეყვანილი. ამომრჩევლებმა აღნიშნულის შესახებ უბანზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს. სპეციალურ სიაში შეყვანის გამო მათ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ; #3 საბურთალოს ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიაში არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სიის ორი ვერსია, რაც ეწინააღდეგება საარჩევნო კოდექსს. აგიტაცია (4) #14 დედოფლისწყროს #4 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის პროცედურის განხორციელებისას საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მკაფიოდ მიანიშნა რომ საარჩევნო ბიულეტენში შემოეხაზა რიცხვი 5; #62 ჩოხატაურის #14 სარჩევნო უბანზე სარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ხშირად უგულვებელყოფს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და საარჩევნო უბნის ეზოში ხმის მიცემამდე ინტენსიურად ხვდება ამომრჩევლებს; #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გარეთ, მერის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამკერდე ნიშანი, საარჩევნო უბანზე შესვლისას ხვდება და ესაუბრება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარე ფასადზე გამოკრულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა. კერძოდ, მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი. სააგიტაციო მასალა განთავსებულია 25 მეტრიანი დისტანციის დარღვევით. ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით (3) #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აფიქსირებს უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობას და სატელეფონო კომუნიკაციის გზით გადასცემს ინფორმაციას გაურკვეველ პირებს, თავმჯდომარის მიერ შენიშვნას უგულებელყოფს; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბნის კართან დგას მამაკაცი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციით მესამე პირებს ინფორმაციას აწვდის უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების შესახებ; #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი აღრიცხავს ამომრჩევლებს. უბნის მოწყობის წესის დარღვევა (3) #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანი განთავსებულია ორსართულიან შენობაში. კენჭისყრის სივრცე მოწყობილია შენობის მეორე სართულზე. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ნაკადის მარეგულირებელი მარკირებას ამოწმებს შენობის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე უშუალოდ კენჭისყრის სივრცესთან დგას კომისიის მეორე წევრი, რომელიც არ ამოწმებს მარკირების სითხის არსებობას და მხოლოდ რიგს არეგულირებს. შესაბამისად, მარკირების შემოწმებისა და უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვება ერთდროულად შეუძლებელია; #67 ზუგდიდის #56 საარჩევნო უბნის შიგნით იყო ხალხმრავლობა და რეგისტრატორთან ფიქსირდებოდა ორზე მეტი ამომრჩეველი; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1600-მდე ამომრჩეველი, არ არის გადაცემული ხმის დათვლისთვის გამოსაყენებელი ვიდეო კამერა. საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დარღვევები (3) #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა ორი ცალი ერთი სახის ბიულეტენი; #66 ხობის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი იმგვარად ხევდა ბიულეტენებს, რომ აღარ ჩანდა უბნის და ოლქის შესახებ სათანადო რეკვიზიტები. ასეთი ათამდე ფაქტი დაფიქსირდა; #8 დიდუბის სარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი იმგვარად ხევს საარჩევნო ბიულეტენებს, რომ არ აქვს არც ოლქის და არც უბნის ნომერი. მარკირების წესის დარღვევა (2) #5 ისნის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე, 08:00 საათზე, უბანზე მოსულ მოსულ ამომრჩეველს, რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ჯერ მარკირება გაუკეთა და შემდეგ გადაამოწმა მისი მონაცემები ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი სხვა უბანზე იყო დარეგისტრირებული და ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა; #20 გლდანის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთა და ამის შემდეგ გადაამოწმა იგი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამომრჩეველი რეგისტრირებული იყო სხვა უბანზე, რის გამოც შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. ბიულეტენების დასტებთან დაკავშირებული ხარვეზი (2) #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #41 უბანს გადაცემული ჰქონდა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის უბნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. აღნიშნული ბიულეტენებიდან 36 ცალი გამოიყენა კომისიამ; #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრებს ჰქონდა ხარვეზი. კერძოდ, ერთში იყო 1 ბიულეტენით ნაკლები, ხოლო მეორეში -2 ბიულეტენით მეტი. საარჩევნო უბანზე არსებული ქაოსი (2) #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე არის ქაოსი, ნაკადის მარეგულირებლის კომისიის წევრი მიერ არ რეგულირდება ამომრჩეველთა ნაკადი, რაც იწვევს ქაოსს. დამკვირვებლის მიერ მიცემული შენიშვნის მიუხედავად არ გამოსწორდა აღნიშნული დარღვევა; #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის N59 საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შენობაში იყო ხალხმრავლობა და გაურკვევლობა. ვერ მოწმდებოდა კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების სტატუსი, საფრთხე ექმნებოდა კენჭისყრის ფარულობას და კენჭისყრის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ადამიანთა შეკრება. პოლიციის გამოძახების შემდგომ, ვითარება დასტაბილურდა. უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები სააგიტაციო მასალების განთავსება საარჩევნო უბნიდან 25 მეტრამდე მანძილზე (4) #32 გორის საარჩევნო ოლქის #103 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის განთავსება ,,ქართული ოცნების" კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, სასარგებლოდ; #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანთან განთავსებულია ,,ქართული ოცნების" კანდიდატის საარჩევნო პლაკატი; # 91 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან განთავსებულია “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატები; #22 მარნეულის სარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანთან განთავსებულია “ქართული ოცნების” კანდიდატების საარჩევნო პლაკატები. კოორდინატორების მობილიზება (3) #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან პარტია “საქართველოსთვის” კოორდინატორები; #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება არააკრედიტირებულ პირთა ჯგუფი (სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის კოორდინატორები), რომელთაგან ერთ-ერთი ურეკავს ამომჩევლებს და ცდილობს მათ უბანზე მობილიზებას; #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან იმყოფება პირი, რომელიც ადგილზე მისულ ამომრჩეველს ხვდება, ცდილობს მათთან კომუნიკაციას და მოუწოდებს, იაქტიურონ არჩევნებზე. აგრეთვე, აღნიშნული პირი ტელეფონით ეკონტაქტება სხვა პირებს და აწვდის ინფორმაციას უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. სავარაუდო მოსყიდვა (4) # 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე; # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. დამკვირვებლის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, გადაეცა ტალონი; #81 ქობულეთის #64 საარჩევნო უბანთან იმყოფება ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩევლებს, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემს; #2 ვაკის, #75 უბანთან (100 მეტრის მოშორებით) მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს გადასცემენ თანხას. ამომრჩეველთა აღრიცხვა სახელებითა და გვარებით (6) # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შესასვლელთან იმყოფება ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტთა ლიგის” დამკვირვებელი და ამოწმებს მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ან ეკითხება სახელსა და გვარს; # 20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება 7 პირის პირის შეკრება, რომლებიც აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებს; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანთან, შენობის შესასვლელში, დგას ხუთი პიროვნება, რომლებიც რეკავენ სხვადასხვა ნომრებზე და ამოწმებენ მათი მოსვლის საკითხს; # 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #86 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან ორგანიზაციების ,,მწვანე დედამიწისა" და ,,საზოგადოებრივი გაერთიანების" წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს; #20 ბუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები და სიაში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს; # 52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან შეინიშნება ორი ადამიანი სიებით, რომლებიც, სავარაუდოდ, აწარმოებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. პირთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე მანძილზე (6) # 52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტომობილით; # 52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 უბანთან იმყოფება ორი პირი, რომლებიც სიაში, სავარაუდოდ, აწარმოებენ ამომრჩეველთა აღწერას; #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #75 სარჩევნო უბანთან მობილიზებულია ავტომობილი. მასში მყოფი პირები ესაუბრებიან უბანზე მისულ ამომრჩევლებს. აგრეთვე, მიმდებარე ეზოში მობილიზებულია ადამიანთა ჯგუფი; #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან მობილიზებულია ჯგუფი; # 6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 უბანთან დილის 10 საათიდან შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება; # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან შეკრებლია დაახლოებით 4-5 პირი, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამომრჩევლის კონტროლი 100 მეტრიდან მოშორებით (2) #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #43, #39 ასპინძის ოლქის #15 და #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან, დილიდან, 100 მეტრის მოშორებით, მობილიზებულია ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფი პირი აკვირდება უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანთან, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, დგას ავტომობილი, რომელშიც იმყოფებიან კოორდინატორები და სავარაუდოდ, ახდენენ მოქალაქეთა აღრიცხვას და მობილიზებას. ამომრჩეველთა კონტროლი 100 მეტრის რადიუსში (1) # 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში დილიდან დგას ავტომობილი, საიდანაც უცხო პირები აკვირდებიან ამომრჩევლების მოსვლის პროცესს. ამომრჩევლის მობილიზება (1) # 52 ბაღდათის #2 საარჩევნო უბანთან ერთი და იმავე მანქანით ორჯერ მოიყვანეს ამომრჩევლები. დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვა (1) #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანთან, დილის 8 საათიდან მობილიზებულია პოლიცია. პოლიცია სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს სთხოვდა, რომ დატოვოს გარე დაკვირვების ტერიტორია და გადაინაცვლოს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მოშორებით. Პრობლემა „სამართლიანი არჩევნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა კენჭისყრის ოთახში (1) # 84 ხულოს საარჩევნო ოლქის #11 უბანთან არააკრედიტირებული პირი ცდილობდა უბანზე შესვლას, თუმცა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, კვლავ დარჩა უბნის სიახლოვეს და ცდილობს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას“,-აღნიშნულია განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 45 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 41 საჩივარი. „ერთი საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, ხოლო 32 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: „სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს

კიევი საქართველოს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული დაუშვას

უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებულ სანდრო თოფურიასთან შეხვედრისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს წარმომადგენელს სთხოვა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული დაუშვან. ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმხა მხარემ უკრაინულს, ექსპრეზიდენტის დაკავების გარემოებები გააცნო. ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ. „უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, მოითხოვა უკრაინის კონსულის ვიზიტი საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით“, - დაამატა უწყების სპიკერმა. ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით იმედგაცრუელბულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. მისი ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი ელოდება შესაბამის გონივრულ პასუხს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. „არსებული სიტუაცია პრეზიდენტის მუდმივ კონტროლზეა. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აცხადებს მიხეილ პოდოლიაკი. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საჭირო დახმარებას გაუწევს მმართველი გუნდი განმარტავს, რატომ უარყოფდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 33,18%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%; საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ცესკო: წინასწარ, ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდა

„წინასწარ, ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდა“, - აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი. „ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შეივსო საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაცდომაა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის“, - განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე. ამავე თემაზე: ISFED-ი დარღვევებზე პირველად მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს

თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. "როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის ოფისთან, რისთვისაც სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. ასევე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის ორი ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ. ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.რაც შეეხება, ქალაქ ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას. გარდა ამისა, ამ ეტაპისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები. გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის N13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2000 ლარით. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას," - განაცხადა კოვზიაშვილმა.