ძებნის რეზულტატი:
თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით მოძრავმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოს საზღვარი უკვე გადაკვეთა
ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა. მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა და შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით, სიანის პროვინციაში ჩავა. ის 8 693 კმ-ს 12 დღეში დაფარავს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა. ბაქო-თბილისი-ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ის სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU) საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული უპირატესობით, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით.
ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე, ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, ხოლო საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კონტურები, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ საკითხის მოგვარების გარეშე კრიზისის დაძლევას და პარლამენტში შესვლას არ განიხილავენ. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, გარკვეულწილად, მათი პოზიციები დაახლოვდა. „ოპოზიცია ერთიანია. თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. არსებობს ყველასთვის ცნობილი 4 ძირითადი საკითხი; ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები. პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე სა მეოთხე საკითხებზე, გარკვეულწილად, დავახლოვდით“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა იყოს ის საკითხი, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში შევა. „არჩევნების საკითხი უდაოდ მთავარი საკითხია, რადგან ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები სამოაყენა, როდესაც არჩევნები დასრულდა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ შეკითხვაზე, როელიც ოპოზიციამ დასვა არჩევნებთან დაკავშირებით, გავცეთ პასუხები, გავცეთ პასუხები, ვიმუშაოთ ამ საარჩევნო რეფორმაზე და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ბევრ საკითხზე იყო ცხარე კამათი, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხზე, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე - ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვისაუბრო დეტალებზე. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, რომ არ მოვყვეთ დეტალები. ძალიან მალე უნდა შევხვდეთ ისევ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
აშშ-მა ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ვაქცინაზე, ამერიკელების პრიორიტეტულ წვდომას უზრუნველყოფს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინაზე აშშ-ის მოქალაქეების პრიორიტეტული წვდომა უნდა უზრუნველყოს. თეთრ სახლში ვაქცინებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვითი წარმოების შესახებ კანონი გამოიყენოს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინისთვის რიგში პირველები ამერიკელები იყვნენ. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, მას აღნიშნული კანონის ამოქმედება დასჭირდეს. 1950 წელს მიღებული კანონი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებისა და მასალების წარმოება გააფართოვოს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენის გუნდი არ მიუწვევია. შეკითხვაზე, თუ რატომ არ არიან წარმოდგენილები ჯო ბაიდენის გუნდის წევრები, პასუხად დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება. „უნდა ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი ადმინისტრაცია, რადგან მერყევ შტატებში ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა. ფაქტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. აჭარაში მედპერსონალის წარმომადგენელის კორონავირუსით გარდაცვალების ეს უკვე მერვე შემთხვევაა.
მატჩს საქართველოსთვის გარდაცვლილ ბიჭებს ვუძღვნით - ქალთა საფეხბურთო კლუბი
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ შეხვდება. მატჩამდე „ლანჩხუთის“ ადმინისტრაციამ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბი თამაშს იმ ლანჩხუთელების ხსოვნას მიუძღვნის, რომლებიც საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ. „ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი, ჩვენ ხომ სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს ვეთამაშებით. თუმცა, ერთი რამ ვიცით დანამდვილებით - ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთმანეთისთვის, ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ლანჩხუთისთვის და ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის! დღეს, რომ უფლება გვაქვს ვითამაშოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ბრძოლის ველზე იდგნენ ქვეყნის დასაცავად და თმობდნენ ღვთისაგან ბოძებულ ერთადერთ სიცოცხლეს. ამიტომ გვინდა, ჩვენი მატჩი მივუძღვნათ საქართველოსთვის გარდაცვლილ ბიჭებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სახელების ცოდნაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს მათი სახელები“, - წერია კლუბის მიმართვაში. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე შეხვდება. მატჩი 14 საათზე დაიწყება.
BBC - ევერესტის სიმაღლე 0.86 მეტრით გაიზარდა
ნეპალი და ჩინეთი ერთობლივ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა ევერესტი 0.86 მეტრით მაღალია. ამის შესახებ BBC წერს. ნეპალის და ჩინეთის განახლებული მონაცემებით, ევერესტის ახალი სიმაღლე 8,848.86 მეტრს შეადგენს. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ. ევერესტის "სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამდრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, ოღონდ თოვლის გარეშე. ნეპალი კი - თოვლიანად. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით, ნახევარი მეტრით იზრდება. გეოლოგები ასევე ამბობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში. ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ის ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.
კახა კალაძე - თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება
დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა. მისივე თქმით, ჯამში ეს თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენ. „ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების წილს ბიუჯეტში. „ბიუჯეტის მესამედი – 33 პროცენტი მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს არის დაახლოებით 350 მლნ ლარზე მეტი. ამ რაოდენობის თანხა არასოდეს გამოყოფილა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს შეუწყობს და დაეხმარება სწორედ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 21 მლნ ლარით იზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. „350 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თქვენ იცით, რომ პანდემიის გამო შეფერხება მოგვიწია, თუმცა, იქვე აღვნიშნავდით, რომ მოგვიანებით დაიწყებოდა ამ პროექტების განხორციელება. უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პროექტები განხორციელდება 2021 წლის ბიუჯეტით. იმედი მაქვს, რომ საკრებულოში საკმაოდ ნაყოფიერი განხილვა გვექნება და საკრებულოს მხარდაჭერა ექნება ამ ბიუჯეტს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
2021 წლიდან უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით 3 500 ბენეფიციარი ჩაერთვება
უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში 40 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა და მომავალი წლიდან უფასო სასადილოებით სარგებლობას ისინიც შეძლებენ. „ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
4734 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი - 9 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. “2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი, აქედან 13 166 ანტიგენი და 7 793 PCR. შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 174 383-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 145 287-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში - 489, იმერეთში - 823, ქვემო ქართლში - 372, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 377, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 025, აჭარაში - 998, იმერეთში - 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 - თბილისში, 1 846 - აჭარაში, 393 - იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -302, აჭარაში - 204, ხოლო იმერეთში - 27. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 109 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 183 პირი, აჭარაში - 10 441, იმერეთში - 5 409”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინი დაასახელა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინი დაასახელა. თუ ლლოიდ ოსტინს აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებენ, იგი პირველი შავკანიანი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს. ბაიდენი ოსტინს თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად 9 დეკემბერს დელავერში წარადგენს. ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო. ის 2016 წელს გადადგა. პენტაგონის ხელმძღვანელად მისი დანიშნვისთვის კონგრესის ნებართვა იქნება საჭირო.
აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისულ ვერსიაში, საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისული ვერსია დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს. „თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტს სახელწოდებით „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, წარმომადგენელთა პალატის 335 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 78 წავიდა, ერთმა კი - თავი შეიკავა. ამის შემდეგ კანონპროექტის ვერსიას სენატმაც უნდა უყაროს კენჭი, ბოლოს კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება. აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო ოდენობა 740.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მსუბუქ პაციენტებში გართულებები, შესაძლოა, მეშვიდე-მერვე დღესაც დაიწყოს - ინფექციონისტი
მსუბუქ პაციენტებში გართულებები, შესაძლოა, მეშვიდე-მერვე დღესაც დაიწყოს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსა და თანხმლებ დაავადებას. "აუცილებელია, კორონავირუსით ინფიცირებული ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იყოს ყურადღებით, თუმცა არ ჰქონდეს პანიკური შიში. ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკისაა და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც. თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე რჩება
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს. ინფლაციის დინამიკას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. თუმცა, საგულისხმოა 2020-2021 წლებში პანდემიასთან გამკლავების მიზნით გაზრდილი სოციალური და ეკონომიკის მხარდამჭერი ფისკალური ხარჯების როლი ერთობლივი მოთხოვნის წახალისებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გაურკვევლობა, რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკური მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას გამორიცხავს. წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ოქტომბერში წლიურად 3.9 პროცენტით შემცირდა, ათი თვის საშუალო კი -5.1 პროცენტია. 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება და 2021 წელსაც მცირე ზრდაა პროგნოზირებული. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში წლიურად 94 პროცენტით შემცირდა. სუსტი ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, საქონლის იმპორტი ოქტომბერში წლიურად 24 პროცენტით შემცირდა. წინა თვეში მცირე ზრდის შემდეგ, ოქტომბერში ექსპორტმა წლიურად კვლავ იკლო. ამის საპირწონედ, გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდა. Covid-19-თან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, 100 მლნ ევროს ფარგლებში, ევროს რეპო ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნული ხაზი ცენტრალური ბანკებისათვის ევროსისტემის რეპოს მექანიზმის (Eurosystem repo facility for central banks (EUREP)) ფარგლებში ამოქმედდა. ინსტრუმენტის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სისტემისათვის ევროს ლიკვიდობის მიწოდება. მექანიზმი ძალაში იქნება 2021 წლის 30 ივნისამდე და მის საოპერაციო მხარდაჭერას გერმანიის ბუნდესბანკი უზრუნველყოფს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.
„ევროპის უნივერსიტეტი“ დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს
„ევროპის უნივერსიტეტი“ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ტალიაშვილი თქმით, სტუდენტებს სწავლის საფასური გადახდა ეტაპობრივად შეეძლებათ. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება გაზაფხულის სემესტრიდან ექნებათ, ამისთვის მათ უნივერსიტეტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. „ჩვენმა უნივერსიტეტმა, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ სტატუსი აღუდგინოს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ გზით ჩვენ გვინდა, რომ განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული სტუდენტისთვის. იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში მომართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი და არსებული დავალიანება სწავლების მთელ პერიოდზე გადაუნაწილდებათ“, – განაცხადა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ტალიაშვილმა.
პროკურატურამ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.
მთავრობის 300-ლარიანი დახმარება უკვე 14 302 პირმა მიიღო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო. სააგენტოს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. „ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, სამი სამუშაო დღის ვადაში შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი სამი სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, რომლებიც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოქსფორდის ვაქცინის საბოლოო შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca COVID-19-ის ვაქცინის პირველი შემქმნელები გახდნენ, რომლებმაც ფინალური ეტაპის კლინიკური ცდების შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს, რითაც გაფანტეს ის საკვანძო დაბრკოლებები, რაც კორონავირუსის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის წარმოებას შეექმნა. კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა და ადასტურებს, რომ ვაქცინა მოქმედებს შემთხვევათა საშუალოდ 70 პროცენტში. გუშინ ბრიტანეთი დასავლურ სამყაროში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საყოველთაო მოხმარებაში დამტკიცების შემდეგ, მოსახლეობის იმუნიზაცია დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით. Pfizer-BioNTech-ი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებენ, მათი ვაქცინების ეფექტიანობა 95 და 94 პროცენტია; ორივე მწარმოებელმა ყველა საჭირო მონაცემი მარეგულირებლებს უკვე გადასცა. თუმცა, როგორც ჟურნალი Lancet-ი წერს, AstraZeneca პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების ეფექტიანობა სამეცნიერო პუბლიკაციაში დაადასტურა. კვლევის ავტორის, ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ პოლარდის განცხადებით, პუბლიკაცია აჩვენებს, რომ შემქმნელები მონაცემებს გამჭვირვალედ უზიარებენ ყველას და იქვე დასძენს, რომ საჭიროა ვაქცინათა გარკვეული დიაპაზონის არსებობა. „ეს არ შეიძლება იყოს შეჯიბრი შემქმნელებს შორის, ეს უნდა იყოს შეჯიბრი ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს პოლარდი. კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა სრული დოზის მიცემის შემთხვევაში 62 პროცენტია, იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს ჯერ ნახევარ დოზას გავუკეთებთ, შემდეგ კი სრულს, ეფექტი 90 პროცენტს აღწევს. გასულ თვეში მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ, AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი შედეგების შესახებ გარკვეული კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან გაირკვა, რომ პირველი ნახევარი დოზა მოხალისეებს შეცდომით მისცეს. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ ნახევარი დოზის მონაწილე ჯგუფში, 1367 ადამიანში, არავინ იყო 55 წელს გადაცილებული პირი. მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ დამატებითი ანალიზი შესთავაზეს Lancet-ის მიმომხილველებს, რომელიც მიუთითებს, რომ ნახევარი დოზის ჯგუფის უკეთესი შედეგები არ იყო გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ასაკი. პოლარდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა შეუსაბამობა გააცნობიერეს, ცდის შედეგების შეფასებაში მარეგულირებლებიც ჩართეს. AstraZeneca აცხადებს, რომ დოზირების რეკომენდაცია უკვე მარეგულირებლებმა უნდა გასცენ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. რიდინგის უნივერსიტეტის უჯრედული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, საიმონ კლარკის განცხადებით, ასეთი შედეგები გარკვეულ დილემას წარმოადგენს მედიკამენტების მმართველი ორგანოებისთვის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდოზიანმა სქემამ დაავადებისგან უკეთესი დაცვა და უსიმპტომო გადადების მაჩვენებლის შემცირება აჩვენა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფი შედარებით პატარა იყო და არ მოიცავდა ხანდაზმულ ადამიანებს. „რჩება იმის შესაძლებლობა, რომ თუკი მარეგულირებლები ვაქცინის ამ სახით მოხმარებას დაამტკიცებენ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფი დაუცველი დარჩეს“, - ამბობს კლარკი. ვაქცინის ეფექტიანობის გამოსათვლელად, ავტორებმა შეისწავლეს კლინიკური ცდების დასკვნითი, მე-3 ფაზის მონაცემები; ცდა ბრიტანეთსა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა და ჩართული იყო 11 636 მოხალისე. ნახევარ მათგანს გარკვეული დოზის ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო (მარილწყალი). ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, გამოვლინდა COVID-19-ის 131 სიმპტომური შემთხვევა - 30 ვაქცინირებულ ჯგუფში და 101 პლაცებოს ჯგუფში, რაც საშუალოდ 70-პროცენტიან ეფექტს ნიშნავს. მკვლევართა განცხადებით, ვაქცინირებულ ჯგუფში გამოვლენილ COVID-19-ის შემთხვევები არ ყოფილა მწვავე და არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზება. გარდა ამისა, იქვე წერენ, რომ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჯამში 23 745 მონაწილეზე ჩატარებული ცდების მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. AstraZeneca განცხადებაში წერს, რომ მარეგულირებელი ორგანოებისთვის მონაცემების მიცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო და ცდილობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიიღოს, რათა დააჩქაროს მასზე ხელმისაწვდომობა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია მზად არის, რომ 2021 წელს სამი მილიარდი დოზა დაამზადოს. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. წყარო
ანტიგენით ტესტირება 221 სამედიცინო ობიექტშია შესაძლებელი - იხილეთ სია
ანტიგენით ტესტირებისთვის 221 სამედიცინო ობიექტია განსაზღვრული. საუბარია როგორც პოლიკლინიკებზე, ისე მსხვილ სამედიცინო დაწესებულებებზე. მოქალაქეებს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლიათ, მიმართონ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მათ ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებითანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარება იხილეთ ბმულზე: სამედიცინო ობიექტების ჩამონათვალი
ბაიდენი მოსახლეობას პრეზიდენტობის 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინის გაკეთებას ჰპირდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ თეთრ სახლში მისვლიდან პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდება. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, მისი გუნდი პანდემიის დამარცხებას პირველ თვეებში ცხადია, ვერ მოახერხებს, თუმცა შესაძლებელი იქნება მისი კურსის შეცვლა. „ჩემი პირველი 100 დღე არ დაასრულებს „კოვიდ-19“-ის ვირუსს, ამას ვერ დაგპირდებით, თუმცა ამაში სწრაფად არ აღმოვჩენილვართ და ვერც მისგან დავაღწევთ თავს მალე“, -განაცხადა ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას და სავარაუდოდ, ავტორიზაციას ხუთშაბათისთვის გასცემს. პირველი ვაქცინაცია კი, მომდევნო კვირიდან დაიწყება. დღეისთვის აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 285 000- ზე მეტი გარდაცვლილია.
ჰუბერტ ქნირში: NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაში გერმანიას მოწინავე როლი აქვს
„საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“, - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, Europetime-თან ინტერვიუში. ჰუბერტ ქნირში Europetime-ს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მოკავშირეობის საკითხზე ესაუბრა. _ბატონო ელჩო,მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში _როგორ შეაფასებთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, საინტერესოა ასევე თქვენი შეფასება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობასაც, რამდენად შეძლო ქვეყანამ ამ რესურსის ათვისება და გამოყენება? საქართველოს და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ - მინდა აღვნიშნო ტრადიცია, რომლის თანახმად, ქართველი სტუდენტები და სტიპენდიანტები გერმანიაში განათლებას იღებენ. ეს პროცესი ამ ეპოქაშიც ძალიან აქტიურად გრძელდება. საქართველოსთან გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზე ვითარდება და ამ პოტენციალის ფართოდ გამოყენებაზე ვართ ფოკუსირებული. ამისთვის, ასოცირების შეთანხმება კარგ ჩარჩოს იძლევა, თუმცა ქართველ მეწარმეებსა და მენეჯერებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ შესაძლებლობები, კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო პროგრესს აღწევს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. გერმანიასთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისთვის. _2024 წლისთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, თქვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,შესაძლებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი შეაფერხოს? კრიზისულ ვითარებაშიც კი მომავლისკენ მზერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ახლო მომავალი დატვირთული იქნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სამუშაოთი, კონკრეტული და პრაქტიკული მიმართულებით. მათ შორის ეს გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში, ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი მეკავშირე უნდა იყოს გერმანია, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა, რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ხნის წინ გენერალ ჰოჯესს შევხვდი თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც თამამად საუბრობს ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, ეს ადამიანი მეგობარია, როგორც გერმანიის, ისე საქართველოსი. თანამშრომლობა, რომელსაც ის მხარს უჭერს, არის საკმაოდ ძლიერი და NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილიც ამისთვის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი დიდწილად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხდება, რომელშიც გერმანიას მოწინავე როლი აქვს. _თუ გადავხედავთ როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონში და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს რიგ საკითხებთან, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ NATO-ს, შესაძლებლობების კარგ მაგალითს ქმნიან. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“.