ძებნის რეზულტატი:

კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს

ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი და მათი ბარგი ძაღლებით შეამოწმეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ჩასვლიდან სამი საათის შემდეგ, მგზავრებს აეროპორტიდან გასვლის უფლება კვლავ არ ეძლევათ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრების დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი აფეთქების საფრთხის გამო შემოწმდნენ. როგორც რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ განაცხადეს, საპასუხო რეისი ნიუ იორკიდან მოსკოვში 3,5 საათზე მეტით გადაიდო. მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო, ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის მგზავრების ევაკუაცია მოხდა.

თურქეთიდან დაიძრა პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჩინეთში ჩავა

თურქეთიდან დაიძრა პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჩინეთში ჩავა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ მატარებელი, რომელიც მცირე ხნით შეჩერდა კოჯაელის პროვინციაში, თურქეთის ტერიტორიას 8 დეკემბერს დატოვებს, შემდეგ ახალქალაქში გაჩერდება და საქართველოდან აზერბაიჯანის და ყაზახეთის გავლით, ჩინეთში ჩავა. სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა 8693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულს აღნიშნავს

7 დეკემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროექტებთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულს იწყებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ღონისძიებები სოციალური და ტრადიციული მედია საშუალებებით ჩატარდება სლოგანით - ერთად ადამიანის უფლებებისთვის - კრიზისიდან უკეთესობისკენ. „ადამიანის უფლებების დაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება, ეძღვნება 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას. დეკლარაცია განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების იმ ფართო სპექტრს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ რაიმე სხვა სტატუსის. 10 დეკემბერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა იმ სამყაროს შექმნისთვის, რომლისკენაც მივისწრაფვით, ისევე, როგორც გლობალური სოლიდარობისა და ჰუმანურობის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა. ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში შეიტყობთ ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული დახმარებისა და ამ სფეროში ხუთი ახალი პროექტის დაწყების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, წლევანდელი თემა კორონავირუსის პანდემიას ეხება. „წლევანდელი თემა ეხმიანება Covid-19-ის პანდემიას და ყურადღებას ამახვილებს კრიზისის შემდგომ, უკეთესობაზე მიმართულ აღდგენის პროცესზე, რომლის ქვაკუთხედსაც ადამიანის უფლებები წარმოადგენს. ყოველივე ეს მიღწევადია ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, Covid-19-ით გამოწვეული და გამწვავებული პრობლემების მოგვარების და, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გამოყენებით, ფესვგადგმული, სისტემური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დაძლევის გზით. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირი მტკიცედ განაგრძობს ქალების, ბავშვების, უმცირესობებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, ისევე, როგორც სიკვდილით დასჯის, წამების, ადამიანებით ვაჭრობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბების მიზნით. ადამიანის უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონზე მეტი ლარის დახმარება გაუწია. კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება იმ სახელმწიფო უწყებების გაძლიერებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნული უფლებების უზრუნველყოფაზე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც ქვეყნის ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს წარმოადგენენ. ევროკავშირის დახმარებით საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვა, ყოფილი პატიმრებისა დს მსჯავრდებულების რეინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობისა და პროფესიული თანასწორობის დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. ევროკავშირის აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეხმარებიან Covid-19-ითა და შესაბამისი შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალებულ პირებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებსა და ბავშვებს დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტების შესახებ ეწვიეთ: https://eu4georgia.ge/ თვალყური ადევნეთ ჩვენს მედია არხებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/europeanunioningeorgia,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჩეხეთის პოლიცია 27 წლის საქართველოს მოქალაქეს ეძებს

მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც პრაღაში თავდასხმის საქმეზე იძებნება. თავდასხმა პრაღაში, ოქტომბრის დასაწყისში, ვლადისლავოვის 1-ში მოხდა. 29 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. ის მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად შეძლეს დაედგინათ, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ბ.ჯ. საქართველოდან, რომელიც ერთხელ უკვე იყო წარსულში ნასამართლევი მსგავსი ძალადობრივი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ ჩეხეთის და შენგენის საზღვრებზე სპეციალური ზომები მიიღო იმისთვის, რომ დამნაშავეს ქვეყანა არ დაეტოვებინა. „გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ის შეიარაღებული არ არის. არავითარ გარემოებაში არ ეცადოთ მის დაკავებას! გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.

2 501 ახალი შემთხვევა და 3 988 გამოჯანმრთელებული - 7 დეკემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 137 499-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 337, იმერეთში - 397, ქვემო ქართლში - 175, შიდა ქართლში - 108, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 177, კახეთში - 80, მცხეთა-მთიანეთში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 002, აჭარაში - 1 047, იმერეთში - 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52. 3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 - თბილისში, 1 788 - აჭარაში, 422 - იმერეთში. 15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში - 252, ხოლო იმერეთში - 28. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 033 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 714 პირი, აჭარაში - 14 468, იმერეთში - 5 509“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს დეკანოზი. მისივე ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს . "მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

შსს-მ კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს" - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

პოლიციამ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა

მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ინფორმაციით, ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა. გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს ბრალი ედებათ „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების ბრძანების დარღვევის“ მუხლით და მათ მიმართ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო. მინსკის აღმასრულებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ ზოგ ადგილას აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას შეეცადნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. ბელარუსის ათეულობით მოქალაქე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის უკვე გაასამართლეს. ბელარუსში მოსახლეობამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად ალესანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ქართველმა ფორვარდმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა

ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მან „სეტონ ჰოლი“ გამარჯვების გზაზე დააბრუნა და „პენ სტეიტი“ ანგარიშით, 98:92 დაამარცხა. შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. ქართველმა ფორვარდმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა – 30 ქულა ჩააგდო. სანდროს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 10-დან 8 საჯარიმო, 5 მოხსნა, 4 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება. კოლეჯების ლიგაში „სეტონ ჰოლს“ ხუთი მატჩიდან ორი აქვს მოგებული. უახლოესი შეხვედრა 9 დეკემბერს „ვაგნერ სიჰოუქსთან“ ელის.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 445 თავისუფალი საწოლია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 445 თავისუფალი საწოლია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მათგან, ვინც სტაციონარში მკურნალობს, 1286 ადამიანი ჟანგბადდამოკიდებულია, 392 ადამიანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე თქმით, ცხელ ხაზზე დღეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მხოლოდ 100 ზარი განხორციელდა, სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია კი ორი დღეა აღარ დაფიქსირებულა. „ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით და დღეს 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს დღის განმავლობაში განთავსებიან სტაციონარში,“ - განაცხადა მან. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, რომელიც წინა დღეებთან შედარებით დაბალია (2501), მინისტრმა აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას ტესტირების კუთხით აქტივობა დაბალია. „დღეის მდგომარეობით ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. იცით, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, თუმცა ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოვლენა საკმაოდ დაბალია. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. დღეს გვყავს 3988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში 83% არის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია', - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 დეკემბერს, კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 988 და გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებს მიმართავს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,“ - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსს დეკანოზი დავით ქვლივიძე ემსხვერპლა. ვირუსი დაუდასტურდა სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს.

ესპანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოს შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, შალვა შუბლაძემ შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელენა გარსონ ოტამანდისთან და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან, ანტონია მენა ლოპესთან. შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული მიგრაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა და იმ შესაძლებლობების მნიშვნელობა, რომლებიც ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობების აღიარების საკითხი და ამ მიმართულებით უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა დაგეგმეს. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ესპანელ სამართალდამცველებს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „მოგეხსენებათ, ყოველკვირეულად ვაახლებთ ინფორმაციას გრიპთან დაკავშირებით. დღეს შემოვა ინფორმაციები და ვნახავთ. ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით, გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია, მივიდეს პოლიკლინიკებში და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის. ქცეყანაში არის საკმარისი რაოდენობით, დაახლოებით 60-65 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლოთ იმ შემოთავაზებით, რაც წელს სახელმწიფომ გააკეთა. 235 ათასი დოზა წელს სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. ვთხოვეთ მასწავლებლებს, რომ ჩაერთონ, ასევე გავაფართოეთ და მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულებს, ორსულებისთვის მთელს სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული იყოს აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვირუსოლოგი - ვირუსგადატანილ კაცებს, შესაძლოა, იმპოტენციის საფრთხე დაემუქროთ

კაცებს, რომლებსაც COVID-19 აქვთ გადატანილი, შესაძლოა ერექციული დისფუნქციის პრობლემა შეექმნათ. ამის შესახებ ამერიკელმა ვირუსოლოგმა დენა გრეისონმა NBC Chicago-სთან ინტერვიუში განაცხადა. „არსებობს ერექციული დისფუნქციის საფრთხე, რომელიც ვირუსით იქნება გამოწვეული და შესაძლოა, ის ხანგრძლივად გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ვირუსოლოგმა.

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვასკესი ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალე პოუმ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. მისი თქმით, ვასკესი თავის ქვეყანას ემსახურებოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ, 2005-2010 და 2015-2020 წლებში იკავებდა.

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი, (1978 წელს დაბადებული ზ.ბ.) წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულს აღიარებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა", - ამბობენ შსს-ში. წინასწარი ცნობით, 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილგარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს - The Wall Street Journal

ახალი კორონავირუსის შეზღუდვებისგან დიდი თავშეკავების შემდეგ, შვედეთი თავის პანდემიურ ექსპერიმენტს ამთავრებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს და აკრძალვა ცხადდება მთელ რიგ საკითხებზე - დიდი თავყრილობებიდან დაწყებული, ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვებით და სკოლების დახურვით დამთავრებული. „შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც ახალი კოვიდინფექციის აზვირთებული ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება. შემოდგომის ბოლოს აზვირთებული ინფიცირების ტალღის შემდეგ, რამაც შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოიტანა, შვედეთის მთავრობამ დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მცდელობაზე უარი თქვა და პანდემიის შეკავებას ნებაყოფლობითი ზომებით აღარ შეეცდება. სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთრის სეზონს მთელი რიგი აკრძალვებით იწყებენ”, – წერს The Wall Street Journal-ი.

საბერძნეთში, სკოლებისა და რესტორნების გახსნა 7 იანვრამდე გადაიდო

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დახურული სკოლები, რესტორნები და სასამართლოები 7 იანვრამდე არ გაიხსნება, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელთან დაკავშირებით მცირე პროგრესი შეიმჩნევა, რის გამოც 14 დეკემბრამდე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის ე.წ. ღამის კომენდანტის საათი, მომავალ თვემდე არ მოიხსნება. შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო საბერძნეთმა ე.წ. საყოველთაო „ლოქდაუნი“ ნოემბერში დააწესა და მას შემდეგ ორჯერ გაახანგრძლივა.

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი„ გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება

„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო დაშლაზე შეკითხვას. „2008 წელს ოპიზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალა. ასე რომ, ჩათვალეთ, გირჩი კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი გირჩი იქნება“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი ვაშაძე: არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდთან გამართულ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს პოზიტიური და საქმიანი უწოდა. „ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები სადაც ხდება საკითხების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და არის საკითხები, რომლებზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად რიგგარეშე არჩევნები ეს არის პატიმრების საკითხი. თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრის წინ, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.