ძებნის რეზულტატი:
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. Europetime-ისთვის ჯერ უცნობია შეხვედრის გადადების მიზეზი. ამ თემაზე არც მხარეები საუბრობენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ამირან გამყრელიძე საახალწლო დღეებში შეზღუდვების გაგრძელებას არ გამორიცხავს
ამირან გამყრელიძე საახალწლო დღეებში შეზღუდვების გაგრძელებას არ გამორიცხავს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული დამოკიდებულია ეპიდსიტუაციასა და საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებაზე. "საკოორდინაციო საბჭოზე ყოველდღიურად ხდება ეპიდსიტუაციის ანალიზი, როცა ჩვენ მივუახლოვდებით 24-ს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი განხილვის საგანია. ექიმები ყოველთვის რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ბევრი უწყებითაა დაკომპლექტებული, აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის. ერთის მხრივ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორეს მხრივ ადამიანებს ქონდეთ შემოსავალი. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. ამიტომ თუ რამეს ჩვენ ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ. მანვე მოსახლეობას, პირბადის შინ და გარეთ ტარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ პირბადის ტარების ნიშნული 95%-ზე ავა, გავრცელება საგრძნობლად შემცირდება.
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს
„როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს. როგორც პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა განაცხადა, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო. მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.
ელჩის მეუღლე რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ყავითა და დონატებით გაუმასპინძლდა
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ელჩის მეუღლე ყავითა და დონატებით გაუმასპინძლდა. ჟურნალისტები რეზიდენტიასთან "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა დღეს არ გაიმართება. პარლამენტის პირველი სხდომა კი ხვალ, 11 დეკემბერსაა ჩანიშნული.
პარლამენტის პირველი სხდომა ყველაფერს წერტილს დაუსვამს - უდუმაშვილი
პარლამენტის პირველი სხდომა ყველაფერს წერტილს დაუსვამს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტშია შესული, ინდივიდუალურ განცხადებას დაწერს, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა სიებს ჩახსნის. „ვერ გეტყვით ზუსტად, ვინმე თუ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ეს მისი პრობლემაა. ფაქტია, ოპოზიცია ერთიანია ამ გადაწყვეტილებაში და ალბათ, ხვალ, როდესაც პირველი სხდომა ჩატარდება პარლამენტში, უკვე ყველაფერს წერტილი დაესმება. რაც შეეხება გეგმებს, როგორც აქამდე მოდიოდა ოპოზიცია ერთიანად და სტრატეგია გვქონდა შემუშავებული, ზუსტად ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ პარლამენტში. დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან, რომ არ დავარღვიოთ პროცედურული საკითხები, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ეს განცხადებები. მე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ სახელით ვლაპარაკობ. ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით შესულია პარლამენტში, დაწერს ინდივიდუალურ განცხადებას, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის იმ სიებს, რომელიც ცესკო-შია. ამით დასრულდება ჩვენი მხრიდან ეს პროცესი, რაც ეხება საპარლამენტო მანდატებს. შემდეგ უკვე დაიწყება სულ სხვა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და სულ სხვა რეალობა დადგება. არანაირი აქცია და პერფორმანსი არ იქნება. ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, მთავარი აქცია და პერფორმანსი იქნება ტელევიზორში, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
„რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. „ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნება „რემდესივირი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ერთპარტიული პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას ვერ შეასრულებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა
ერთპარტიული პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას ვერ შეასრულებს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. "პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანსა და მის ნებას უნდა გამოხატავდეს. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. ამასთან, მათივე ნობით, აღნიშნულ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს. „პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების ნაწილთა ადგილები ვაკანტური დარჩება. „ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტიურად ვერ განხორციელდება; პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული; ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს; საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამასთან, მათივე ცნობით, ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ასევე, პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს. დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა მინიმუმ ნახევარს უნდა შეადგენდნენ. შესაბამისად, პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არსებობს, დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება. პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის ამოქმედებისათვის პარლამენტში უნდა შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც განიხილავს ეთიკის კოდექსის დარღვევებს და მოახდენს დარღვევებზე რეაგირებას. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს. რეგლამენტის თანახმად, დებატებისთვის გამოყოფილი დრო ფრაქციებზე ნაწილდება; ფრაქციას სიტყვისთვის მაქსიმუმ 15 წუთი ეძლევა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება დებატების დრო და ის მხოლოდ უმრავლესობის მიერ აზრის გამოხატვის ფორმას შეიძენს. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. ოპოზიციის არ არსებობის შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაცია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დელეგაციად იქცევა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სავალდებულოდ მოითხოვენ საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის მონაწილეობას, ისევე, როგორც მაგალითად გენდერულ ბალანსს (მაგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი). ქვეყნის მიერ წარდგენილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია კი უფლებამოსილებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცების შემდეგ იძენს. შესაბამისად, ქვეყანას შესაძლოა ოთხი წელი არ ჰყავდეს დელეგაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბელარუსის ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწვეტილება მიიღო
ბელარუსის ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწვეტილება მიიღო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის არსებობის შემთხვევაში ექნებათ. ბელარუსის მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოზე მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და საზღვარგარეთ დროებითი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს ექნებათ. ბელარუსის მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გამგზავრება მკურნალობის მიღების ან ნათესავის გარდაცვალების გამო შეეძლებათ. ამასთან, ექვს თვეში ერთხელ ბელარუსიდან გასვლა სწავლისა და სამსახურის მიზეზით გახდება შესაძლებელი. ბელაურისის სახმელეთო საზღვრების დროებით ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დოკუმენტის ხელმოწერიდან 10 დღეში შევა.
Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა
ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ. კერძოდ, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.
საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, სეზონურ გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ტაქსის მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს, სეზონურ გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან მიმართებაში არსებული სიტუაცია განიხილეს. „უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაანალიზდა სეზონური გრიპების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვირუსზე, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე მათი მგზავრების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კოვიდვაქცინით აცრილი ისრაელის მოქალაქეები, მწვანე პასპორტს მიიღებენ
ისრაელი, კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას, 27 დეკემბრიდან დაიწყებს. პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, მწვანე პასპორტს მიიღებს და მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნება. „რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, მით უფრო მეტად გაიხსნება ეკონომიკა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ვაქცინაციას, ეს კარგი ახალი ამბავია ეკონომიკისთვის და ხალხისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, იული ელდეშტეინმა. ისრაელმა „კოვიდ -19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა გუშინ მიიღო. ვაქცინას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპორტში დახვდა. „მე მჯერა ამ ვაქცინის. ველოდები, რომ ის შესაფერის ნებართვას მიიღებს და მსურს, მოსახლეობამ ის გაიკეთოს. მე ვიქნები მათთვის მაგალითი და ქვეყანაში პირველი ადამიანი, ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“- ის 351 104 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 934 ადამიანი.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებას დაწერენ. „გუნდში დეტალური მსჯელობა გვქონდა. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძის თქმით, ერთპარტიული პარლამენტის შეკრება, ქართული დემოკრატიის მარცხია. „სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი, ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
ლელომ სია გამოიწვია და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა - ჯაფარიძე
ლელომ სია გამოიწვია და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების ნამდვილობას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს. „ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევებით და ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდეგ არჩევნებსაც დარღვევებით მივიღებთ, ამიტომ გადაწყვიტა პარტიამ, გამოიწვიოს სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ახალი არჩევნების ჩატარების სისტემაზე და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული დამახინჯებული არჩევნების პრაქტიკა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება.
მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა - დევიდ ბიზლი
მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. „ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს - 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“, - განაცხადა ბიზლიმ. 2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გაერო-ს მსოფლიო სასაურსათო პროგრამა გახდა. ორგანიზაციამ ჯილდო შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისი რომში მდებარეობს. პანდემიის გამო, წელს ნობელის პრემიის დაჯილდოება ოსლოში არ გაიმართა.
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ, პირველ სხდომაზე უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა. მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება. რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ასეთია: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი; საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სამხარაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბექა ოდიშარია; ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.
მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან წარმოდგენილი. „ჩვენ გუშინდელ ბრიფინგზეც გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და ამასთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ ამ ბრიფინგზე წამოვწიეთ. ბუნებრივია, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ ბრიფინგზე გავაჟღერეთ. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელებდა, რომ დავთვალოთ, ჯამში 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეული ვართ ბოიკოტს. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Facebook-მა განცხადება გაავრცელა
Facebook-მა შეფერხების აღმოფხვრის შესახებ განაცხადა. კომპანია განმარტავს, რომ ზოგიერთ მომხმარებელს „მესენჯერში“, ინსტაგრამსა და მასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებში შეტყობინების გაგზავნის პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სპეციალური ვებგვერის, Downdetector.com-ის ცნობით, ხარვეზის შესახებ 4,600-ზე მეტი ცნობა გავრცელდა, ინსტაგრამის შემთხვევაში კი ასეთი 900 იყო. Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
ფრანგულმა მარეგულირებელმა Google 100, Amazon-ი კი 35 მლნ ევროთი დააჯარიმა
ფრანგულმა მარეგულირებელმა ტექნოლოგიური გიგანტისა და ამერიკული უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიის დაჯარიმების შესახებ განაცხადა. France24-ის ცნობით, ჯარიმა გამოიწვია მომხმარებლის კომპიუტერზე სარეკლამო ფაილების (cookies) განთავსებამ წინასწარი თანხმობისა და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების გარეშე. „cookie“ მომხმარებლის კომპიუტერულ ბრაუზერში შენახული მონაცემების მცირე ნაწილია, რომელიც ვებსაიტებს საშუალებას აძლევს, ამოიცნონ მომხმარებლები და დაიმახსოვრონ მათი წინა აქტივობები. მარეგულირებლის განცხადებით, კომპანიებმა ასევე არ განათავსეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეთქვათ ფრანგ მომხმარებლეს უარი ასეთი ფაილის გამოყეებაზე. Google-მა საპასუხო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ დადგენილი წესები და მარეგულირებლის მითითებელი გაირკვეველია და მუდმივად იცვლება. თავის მხრივ, Amazon-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება CNIL - ის გადაწყვეტილებას. „ჩვენ ვაკმაყოფილებთ მომხმარებლებისა და მარეგულირებლის მოლოდინებს და სრულად ვიცავთ ყველა მოქმედ კანონს ყველა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
ნიდერლანდებმა ჯაშუშობის ბრალდების გამო ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ნიდერლანდებმა ჯაშუშობის ბრალდების შემდეგ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. Reuters-ის ცნობით, საქმე ეხება მაღალტექნოლოგიურ სექტორში მომხდარ ფაქტს. ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურმა კონტაქტი დაამყარა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მაღალტექნოლოგიურ სექტორში სენსიტიურ ინფორმაციაზე მიუწვებოდათ ხელი. მათ ინტერესში შედიოდა ხელოვნურ ინტელექტზე, ასევე ნანოტექნოლოგიებზე მეტი ინფორმაციის მოპოვება, რომელთა უმრავლესობა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით გამოიყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნიდერლანდები უცხოელი დიპლომატების მიერ იმუნიტეტით სარგებლბის საკითხსაც გადახედავს.
რუსეთი ნიდერლანდებს დიპლომატების გაძევების გამო ადეკვატური პასუხით ემუქრება
„ნიდერლანდების მთავრობას დიპლომატების უკანონო ქმედების შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია“, - ამის შესახებ ჰააგაში განთავსებული რუსეთის საელჩო აცხადებს. ამასთან, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის კომენტარს ავრცელევს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი „ადეკვატურ და დროულ" პასუხს გასცემს რუსი დიპლომატების გაძევებას. 2018 წლის აპრილში, ნიდერლანდებმა აღკვეთა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს მცდელობა, ჰაკერული შეტევა განეხორციელებინა ჰააგის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე.