ძებნის რეზულტატი:
კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემართოს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. „ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ B ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, „სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი. მისივე ინფორმაციით, ბოლო მონიტორინგის შედეგად, უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც სიმპტომებით ძალიან გავს კორონავირუსს.
საავადმყოფო ვალდებულია ტესტი ჩაატაროს, გაუგებრობის შემთხვევაში აუცილებლად ცხელ ხაზზე დარეკეთ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა საავადმყოფოს ევალება, ჰოპიტალიზებულ პაციენტს, რომელსაც აქვს ცხელება ან სხვა რესპირაციული სიმტომები, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაში 140-მდე ამბულატორიული დაწესებულებაა ჩართული. გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ შემთხვვეაში, თუ ტესტირებასთან დაკავშირებით რამე ცალკეული გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ. „მთავრობის დადგენილებით, ყველა საავდმყოფოს ევალება, რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით, თუ ნებისმიერი სხვა დიაგნოზით, მას ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდეს. დღეში დაახლოებით ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1 500 და ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ეს ტესტი წესით და რიგით, გატანილი უნდა ჰქონდეს ყველა საავადმყოფოს. რაც შეეხება ამბულატორიულ ქსელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ სურვილი გამოთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობის. თითოეულთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის დეპარტამენტს აქვს დარეკილი და მათთან გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს ხომ უფასო არ არის, სახელმწიფო ამ ტესტს აძლევს და ასევე მომსახურებაში, ანუ ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას. ამიტომ, ისინი, ვინც ჩართული არიან, ვალდებულება აქვთ, ტესტი გააკეთონ და მათ ტესტები გატანილი აქვთ. თუ რამე გაუგებრობა არის, ვთხოვ მოსახლეობას, დააფიქსირონ ეს ჩვენს ცხელ ხაზზე - 116 001-ზე, დატოვონ თავიანთი ტელეფონის ნომერი. ვინც არის სიაში შეყვანილი და მას არ ემსახურებიან, ამ ცალკეულ შემთხვევებს მოუგვარებენ, მაგრამ ეს გლობალურად არ უნდა იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. მათივე ცნობით, ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.
მეორე პაციენტი, რომელმაც კოვიდის აცრა მიიღო უილიამ შექსპირია - ჰიუ პიმი
კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, ამჯერად დასახლება უორვიკშირში მცხოვრებ უილიამ შექსპირს გაუკეთეს. ამის შესახებ „ბიბისის“ კორესპონდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. „მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა მიიღო, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, - წერს ჰიუ პიმი. პირველი პაციენტი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია. Second patient to get the COVID jab at University Hospital Coventry - would you believe it....William Shakespeare from Warwickshire pic.twitter.com/y0LzxgbJ9w — Hugh Pym (@BBCHughPym) December 8, 2020
ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის წარდგენას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, გადამდგარი გენერლის ლლოიდ ოსტინის წარდგენას გეგმავს. როგორც BBC წერს, თუ ლლოიდ ოსტინს აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებენ, ის პირველი შავკანიანი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს. ლლოიდ ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო, ის 2016 წელს გადადგა. ჯო ბაიდენმა ლლოიდ ოსტინს თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავება კვირას, 6 დეკემბერს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. გენერალ ლლოიდ ოსტინის პენტაგონის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კონგრესის ნებართვა იქნება საჭირო.
სომხეთის ოპოზიციის მიერ დაფუძნებული საბჭო მოქალაქეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მუწოდებს
სომხეთში 17 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებული საბჭო მოქალაქეებს დაუმორჩილებლობის საყოველთაო აქციებისკენ მუწოდებს. გამოცემა "ნიუს ამის" ინფორმაციით, საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 დეკემბერს გამართული დემონსტრაციის დროს, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშნიანს 8 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადგომა მოსთხოვა. „ამ მომენტიდან 17:00 სააამდე სომხეთის მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, ჩაატარონ დამოურჩლებლობის მშვიდობიანი აქციები, გამოხატონ უკმაყოფილება და წარადგინონ მოთხოვნები“, - განაცხადა „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ აყვნენ პროვოკაციებს. ასევე, საგატელიანმა სამართალდამცველებს თხოვნით მიმართა, დაიცვან მოქალაქეების უფლებები თავისუფალი დემონსტრაციების ჩასატარებლად და არ შეასრულონ ნიკოლ ფაშინიანის მითითებები. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.
კვესელაძის ლელო შემოდგომის ერთა თასზე საუკეთესოა
საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ოთხი თამაში გამართა. ერთ-ერთ თამაშზე, რომელიც ირლანდიასთან ჩატარდა, სარაგბო სამყაროს ყურადღება, გიორგი კვეკვესკირის ლელომ მიიპყრო. შეჯიბრის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც საუკეთესო ლელოს ავლებს, კვეკვესკირის ლელომ ხმათა უმრავლესობა 65.1 მიიღო.
"და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა
"ორი კაცის საიდუმლო, მძაფრი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ქართული ცეკვის ულტრა კონსერვატიულ სამყაროში ვითარდება", – ასეთი სიტყვებით აფასებს ფილმს გამოცემა The Guardian-ი, რომელმაც "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ფილმმა 26-ე ადგილი დაიკავა. შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. შვედეთის კინოაკადემიამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" საუკეთესო ფილმად დაასახელა და ქვეყნის სახელით 2019 წელს ოსკარზე გაიგზავნა, თუმცა საბოლოო ნომინანტებში ვერ მოხვდა.
გარეგინ II-მ პრემიერ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. "ამჟამინდელ კრიზისულ პერიოდში ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდებთ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რყევების, შესაძლო შეტაკებების და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნულია სომხების სულიერი ლიდერის მიმართვაში. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა კილიკიის “დიადი სახლის” კათოლიკოსი არამ პირველიც. ერევნის დროით 12:00 სთ-ზე ოპოზიციის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციების დაწყება დააანონსა.
მსოფლიოს რამდენიმე ადგილას უკვე 6G ტექნოლოგიისთვის მზადება დაიწყო
კორპორაცია Nokia უხელმძღვანელებს კომპანიებისა და უნივერსიტეტებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით პროექტ Hexa-X-ს ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალი თაობის მობილურ ტექნოლოგიაზე მუშაობის დაწყება, რომელსაც უკვე უწოდეს 6G. ჯგუფში შედის კომპანია Ericsson AB, მობილური ოპერატორები - Orange SA და Telefonica SA, ტექნოლოგიური კომპანიები - Intel Corp. და Siemens AG. მათ უერთდებიან ფინეთის ქალაქ ოულუს უნივერსიტეტი და იტალიის პიზის უნივერსიტეტი. მართალია, ჯერ 5G ტექნოლოგიის ფართო მოხმარებაც არ დაწყებულა და მსოფლიო მასშტაბით ამ სერვისს მომხმარებელს შეზღუდულ ზონებში უკვე სთავაზობს ასზე მეტი მობილური ოპერატორი, მსოფლიოს რამდენიმე ადგილას უკვე დაიწყო 6G ტექნოლოგიისთვის მზადება. Nokia-ს ხელმძღვანელობით ევროპაში დაწყებული Hexa-X პროექტის გარდა, მსგავსი პროექტები დაიწყო აშშ-შიც - Next G Alliance და O-RAN Alliance. 6G-ზე მომუშავე ჯგუფს აფინანსებს ჩინეთის ხელისუფლებაც. 6G ტექნოლოგია 2030-იანი წლებიდან გახდება რეალობა; გამოიყენებს სუპერმაღალ სიხშირეს, ტერაჰერცების დიაპაზონს და უზრუნველყოფს მოწინავე კავშირს, რომელმაც შეიძლება, ტექნოლოგია ადამიანის სხეულთან და თავის ტვინთანაც დააკავშიროს; ასევე მოგვიტანს რეალურ დროში ჰოლოგრაფიულ ვიზუალიზაციას.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია - კახა იმნაძე
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი საქართველოცაა. დოკუმენტს 63-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 62-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსია შეიარაღებაზე კონტროლის მხრივ შექმნილ ვითარებას ძირს უთხრის. „გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზვის ნაწილების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია, რომლის მთავარ სპონსორებს შორის საქართველოა და რომელიც მოუწოდებს რუსეთს, საოკუპაციო შეიარღებული ძალების დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო გაყვანისკენ“, – წერს გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გაერო-ს რეზოლუციას „რუსეთზე მზარდი სამართლებრივი ზეწოლის ახალი ელემენტი“ უწოდა. #UNGA adopted Res on Militarization of Autonomous Rep. of #Crimea & city of Sevastopol #Ukraine🇺🇦 as well as parts of the Black Sea & the Sea of Azov, w/ #Georgia🇬🇪 among main sponsors - calling 4 immediate, complete, unconditional withdrawal of Russian occupying military forces pic.twitter.com/6ZMYAGXTWl — Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) December 7, 2020
ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯა, ადგილობრივი ქართველების დაშინებას ისახავს მიზნად - თეა ახვლედიანი
საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშვნა ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად. „ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და სამწუხაროდ, განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა, მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებებისას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდებიან ოჯახს და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული. ირაკლი ესებუა აფხაზური დროშის საჯაროდ დაწვისთვის დააკავეს.
მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - შეიძლება ითქვას, „ჯვაროსნები“ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ევროპის ზონის B ჯგუფში საქართველო ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს შეხვდება. უეფა-ს ზონაში შესარჩევი ტურნირის პირველი ტური 2021 წლის 24-25 მარტს გაიმართება. ძირითადი შესარჩევი ეტაპი 16 ოქტომბერს დასრულდება. პლეი ოფი 2022 წლის 24, 25, 28 და 29 მარტს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება. ცნობილია, კალენდარის ვარიანტიც - შეხვედრები დაგეგმილია 2021 წლის მარტიდან ნოემბრამდე. ყველაზე რთული მარტის და სექტემბრის სათამაშო გრაფიკი იქნება, რადგან გუნდები 7 დღეში 3 მატჩს გამართავენ. მატჩების თარიღები უეფა-მ ასე შეარჩია: 1 ტური, 25-25 მარტი 2 ტური, 27-28 მარტი 3 ტური, 30-31 მარტი 4 ტური, 1-2 სექტემბერი 5 ტური, 4-5 სექტემბერი 6 ტური, 7-8 სექტემბერი 7 ტური, 8-9 ოქტომბერი 8 ტური, 11-12 ოქტომბერი 9 ტური, 11-13 ნოემბერი 10 ტური, 14-16 ნოემბერი პლეი ოფი 2022 წლის 24, 25, 28, 29 მარტი.
ორ წელიწადში შსს-ში სექსუალური ძალადობის შესახებ 361 შეტყობინება შევიდა
ორ წელიწადში შსს-ში სექსუალური ძალადობის შესახებ 361 შეტყობინება შევიდა, განაჩენი კი მხოლოდ 26 საქმის შემთხვევაში დადაგა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშშია ნათქვამი. კვლევა მიმოიხილავს 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერებსა და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. „კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში ხდება. საკვლევი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე), სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა. აქედან სექსუალური ძალადობის ჩადენისათვის დამნაშავედ 20 პირი ცნეს, 6 კი სექსუალური ძალადობის ნაწილში გამართლდა. არც ერთ საქმეში, მართლმსაჯულების სისტემამ არ აღიარა სექსუალური ძალადობა, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ფორმა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ დეფინიციები (137-139 მუხლები) არ ემყარება მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს. საკმაოდ შემზღუდველი და ხისტია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებითი სტანდარტი პრაქტიკაში, დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ამგვარი სტანდარტები ეწინაღმდეგება ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოთხოვნებს და დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს. ქალი სასამართლო ექსპერტების ნაკლებობა ხშირად აფერხებს დაზარალებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება და დამნაშავე პასუხს არ აგებს. ხოლო სისხლის სამართლის პროცესის დროს, მსხვერპლს ხშირად უსვამენ დამამცირებელ შეკითხვებს, რაც იწვევს მათი ღირსების შელახვას, სანდოობის ეჭქვეშ დაყენებას და შესაძლოა, მათი მეორეული ვიქტიმიზაციაც განაპირობოს“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მიკ შუმახერი ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი ფორმულა 2-ის სერიაში ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ბაჰრეინში გაიმართა და უმცროსმა შუმახერმა „პრემას“ მანქანით ბოლო რბოლაში მე-18 ადგილი დაიკავა. მისი მთავარი მეტოქე ტიტულისთვის ბრძოლაში, ბრიტანელი კალუმ აილოტი ფინიშზე მეათე მივიდა და საერთო ჩათვლაში შუმახერის დაწევა ვერ შეძლო. გენერალურ კლასიფიკაციაში მიკმა 215 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე აილოტი გავიდა 201 ქულით, მესამე იყო იაპონელი იუკი ცუნოდა (200). ორი წლის წინ, მიკ შუმახერმა ტიტული მოიგო ფორმულა 3-ის ჩემპიონატში. მომავალ წელს, ის ფორმულა 1-ში დაიწყებს კარიერას. ის გერმანელი ამერიკული საჯინიბო „ჰაასის“ წევრი გახდა.
ოთხი საკითხიდან, მხოლოდ ორში დავახლოვდით - ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
ოთხი საკითხიდან, მხოლოდ ორში დავვახლოვდით - ამის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. "4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ამ საკითხებს მანამდე აქვს პერსპექტივა, სანამ დიალოგი გრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ. „ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე განუწყვეტლივ, ამ საკითხებს პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ”, - აღნიშნა მან.
პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიებს მისცემენ მეტ დროს, რათა გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტში მოგვიანებით შევიდნენ. ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ განაცხადა. "მანდატების დათმობა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმით გვქონდა - თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს პარლამენტში არ შემოვიდეს, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ამ პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს, ხელი იმ შეთანხმებას, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. ანუ, მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, არჩილ თალაკვაძე არა. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შემოვიდნენ. წელზე მეტი, ოპოზიცია ისედაც იყო ბოიკოტის რეჟიმში, უმრავლესობა მარტო იჯდა. იგივე შეიძლება, გაგრძელდეს გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწეროს, რომელზეც საუბარია ელჩებთან თანდასწრებით. დიდი იმედი გვაქვს, 11 დეკემბერს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ყველა პარტია იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა იანვრის ბოლოს დაიწყოს
საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის იანვრის ბოლოდან დაწყებაზე მუშაობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას. „მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა, შემოვიტანოთ ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ანუ ამაზე მიდის მუშაობა. საუბარია 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რათა ქვეყანაში ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა. მისივე თქმით, COVAX პლატფორმაზე, ვაქცინისთვის წინასწარი შენატანი 4 მილიონი დოლარი საქართველომ უკვე გადარიცხა. „სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი - 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა ორჯერადად მილიონ ოთხასი ათასი დოზით. COVAX-ი შეისყიდის 4-5 ვაქცინას, და ჩვენი კონტრაქტით ამ ვაქცინებიდან არჩევის საშუალება გვექნება. შემოვიტანთ დაახლოებით მარტ-აპრილში. პირველი მოქალაქე, რომელმაც დღეს დიდ ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია.
ამერიკის წამლებისა და სურსათის კონტროლის სააგენტო: Pfizer-ის ვაქცინა, საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად ყველა პირობას აკმაყოფილებს
ამერიკის წამლებისა და სურსათის კონტროლის სააგენტოს (FDA) განცხადებით, Pfizer-ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად ყველა პირობას აკმაყოფილებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. FDA - მ აღნიშნა, რომ ვაქცინა რომელიც 52%-იან ეფექტურობას აჩვენებს, მიიღებს ნებართვას საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად. სურსათის და წამლის სააგენტოს თქმით, Pfizer-მა Covid-19, 94,8% შემთხვევებში დაამარცხა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიხედვით, შედარებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზოგადად ამცირებს გრიპის რისკს 40% - დან 60% - ით. Pfizer- მა, FDA - ს 20 ნოემბერს თავისი Covid19-ის ვაქცინის მონაცემები წარუდგინა. კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ფაზური კლინიკური გამოკვლევის საბოლოო ანალიზი, 43000 - ზე მეტმა მონაწილემ გაიარა, მოხალისეებში ვაქცინის ეფექტურობამ 95% შეადგინა. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს, რეინფიცირების რისკი კვლავ აქვთ. მათი თქმით, „ვაქცინით სარგებლობა გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვისაც შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
40 წელი ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან
ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. ორმოცი წლის წინ, 1980 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ის ნიუ-იორკში, დაკოტას საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდებოდა. ტომ ბრუკი იყო პირველი ბრიტანელი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსის სიკვიდილი გააშუქა. „იქ ვიყავი, როდესაც ლენონი მოკლეს. ირგვლივ ყველა ტიროდა, ზოგი ცუდად გახდა“, - იხსენებს ჟურნალისტი. ლენონის მკველელობის შესახებ ხალხმა მალევე შეიტყო და მის სახლთან, ძალიან მალე, ვარსკვლავის გულშემატკივრები სანთლებით ხელში შეიკრიბნენ. ჟურნალისტი მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და BBC-ს ცენტრალურ ოფისს მომხდარის შესახებ უამბობდა. ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ტომ ბრუკმა ინტერვიუ ჩაწერა ჯონ ლენონის მეუღლესთან, იოკო ონოსთან. ჟურნალისტის თქმით, იოკო ჯერ კიდევ აწყმო დროში საუბრობდა ჯონ ლენონზე: „ის მკვდარი არ არის, ადამიანის მოკვლა მარტივი არ არის, მისი სული სამუდამოდ იცხოვრებს“. მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა, როდესაც მიმდინარე წლის სექტემბერში, ციხიდან ვადამდე გათავისუფლების კომისიის წინაშე წარსდგა. „ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა. მას ვადამდე გათავისუფლებაზე უარი მეთერთმეტედ ეთქვა. ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, 40 წლის ასაკში მოკლეს. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი ლენონი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ დასახელდა. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს, ჯონ ლენონი შეყვანილია „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“, 1994 წელს კი, „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“.