ძებნის რეზულტატი:

დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება - კობახიძე

საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ გადახრის გამოვლენის შემთხვევაში, ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს. „პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარალამენტო პარტიები ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება, თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩვენებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა კობახიაძემ.

საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - კობახიძე

ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. "ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა პირველ რიგში ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში,“- განაცხადა კობახიძემ.

კარლ ჰარცელი - საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით

საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - ხვალ მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის სხდომამდე პროგრესის მიღწევა - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ელჩი აღნიშნავს, დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვალდებულებას, ყველა მხარე ინარჩუნებს. "ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ. რვავე მონაწილემ, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფაიზერი“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. „ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, დიტმირ ბუშატი დაინიშნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინსტრი დიტმირ ბუშატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი დიპლომატის მანდატი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში პოლიტიკური სიტუაციის მონიტორინგისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმონადგენელს შორის დიალოგის ხელშეწყობას. „კერძოდ, მისი საქმიანობა მოიცავს, საპარლამენტო დონეზე მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით შერიგებასა და რეაბილიტაციას. ასევე განიხილოს გზები ნდობის განსამტკიცებლად და უფრო ხელასყრელი პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ეუთო-ს ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მჭიდროდ იმუშავებს ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ასევე მინსკის ჯგუფთან და მათ თანათავმჯდომარეებთან და თვალს მიადევნებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განვითარებულ მოვლენებს.

ვაქცინა კოვიდგადატანილმა პირებმაც უნდა გაიკეთონ - ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. „ცნობილი არ არის, ვირუსის გადატანის შემდეგ, რამდენი ხანი გრძელდება იმუნიტეტი. ტიპიურად, სხვა დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ინფიცირდები, იმუნიტეტს გამოიმუშავებ, შესაძლოა, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. კორონავირუსის ისტორიით ვხვდებით, რომ იმუნიტეტი შედარებით ხანმოკლეა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით, კარგი იქნება, თუ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ვირუსგადატანილი ადამიანებიც გაიკეთებენ.

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

უეფა-ში ევროპის 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრებების მეტოქეები გაირკვა. 19-წლამდელები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ნორვეგია, უელსი და კოსოვო იქნებიან. მინიტურნირები 2021 წლის 30 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, 4-დან 12 ოქტომბრამდე ან 8-დან 16 ნოემბრამდე გაიმართება. ელიტ რაუნდში პირველი ორი საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდებიან პორტუგალიას. სლოვაკეთის ნაკრები, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, ავტომატურად დაიშვება ფინალური ეტაპზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიმართება. საინტერესოა, რომ 19-წლამდელებში საქართველოს ნაკრები კარგი რეიტინგის გამო B კალათაში მოხვდა, როდესაც C კალათაში მოხვდნენ რუსეთი, ფინეთი, შვეიცარია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი. 17-წლამდელები 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ჯგუფში უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ამ ასაკში ჩვენი ნაკრები C კალათაში მოხვდა. ჯგუფური მატჩები ჩატარდება 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე. თითოეული ელიტურ რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი უძლიერესი გუნდი მიიღებს, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, რაც ჯგუფის პირველ და მეორე გუნდთან შეხვედრების შედეგების მიხედვით გაირკვევა. ამ ეტაპზე მათ ნიდერლანდები და ესპანეთი შეუერთდებიან. ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მასპინძელმა, ავტომატურად მიიღო ფინალური ეტაპის საგზური, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართება.

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. როგორც კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი ​პანდემიამდე დაფრინავდა. “ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს, დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ და რამდენიმე ახალიც დავამატოთ. თუმცა ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“, - დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

Apple-მა ახალი ყურსასმენები - AirPods Max-ი წარადგინა

Apple-მა ახალი ყურსასმენები - AirPods Max-ი წარადგინა. ახალ აქსესუარზე ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკა ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა კომპანიის ცნობით, AirPods Max-ის ელემენტი, ყურსასმენის ყველა ფუნქციისა და რეჟიმის ერთდოულად გამოყენების დროსაც კი 20 საათს გაძლებს. Apple-ის ინფორმაციით, ახალი “უმაღლესი ხარისხის “ყურსასმენი აღჭურვილია აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემით, აუდიოგაზიარების ფუნქციითა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტით. AirPods Max-ი გაყიდვაში 25 დეკემბრიდან ჩაეშვება და აშშ-ში 549 დოლარი ეღირება.

უკრაინაში სკოლები, რესტორნები და კაფეები იხურება

უკრაინაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები გულისხმობს სკოლების, კაფეების რესტორნების, სპორტდარბაზებისა და გასართობი ცენტრების დახურვას და მასობრივ შეკრებებზე აკრძალვის დაწესებას. შეზღუდვები 8-დან 24 იანვრამდე იმოქმედებს.

აუცილებელია, მოქალაქეებმა შინ და გარეთ დაიწყონ პირბადის ტარება - ბიძინა კულუმბეგოვი

აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს. „უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ლიდერის ვებგვერდი ავრცელებს. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ალხას ჩოლოკუას განცხადებით, ბჟანია მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეგახსენებთ, ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.

ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტობრივად ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე და ადგილზე ვითარების ესკალაციის შესაძლებლობის გაზრდის გარდა, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოლაპარაკების აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ე.წ. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამის“ დამტკიცებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრებზე ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის განხილვის საკითხს. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, სამხედრო წვრთნებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და ხაზი გაესმევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. „ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი “პატიმრობა”, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას. განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზი გაესმება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად განხორციელების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის შეხვედრების შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხუთ ახალ პროექტს აანონსებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა დღე გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა უნდა დარჩეს ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჩვენ ვერ ვიქნებით გულდამშვიდებულები. კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისათვის. „კოვიდ-19“-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას მოწყვლად სიტუაციებში მყოფ პირებზე. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი მოწყვლადობის მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად. ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში ჩვენ ვაანონსებთ ხუთ ახალ პროექტს, მათ შორის ჩვენი პროგრამის „ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის“ (EU4 Human Rights) ფარგლებში. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებს, პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უზრუნველყონ ადამიანის უფლებები და მონიტორინგი გაუწიონ მათ, გააძლიერონ ბავშვთა უფლებების დაცვა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, უმცირესობების უფლებები, მონაცემთა დაცვა და გააფართოონ სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება. წინ ბევრი სამუშაო გველის. ამ ახალი დახმარების დაწყება ახალი მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის დაწყებას ემთხვევა და ველოდებით ახალი, 2020 წლის შემდგომი, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმის მიღებას. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალი სამოქმედო გეგმა 2020-2024 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის დონეს და ყველა მესამე ქვეყანასთან ურთიერთობაში ჩვენს პრიორიტეტებს აწესებს. ამ სამოქმედო გეგმით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მზაობას ხელი შეუწყოს საყოველთაო ღირებულებების წინ წამოწევას. ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა კვლავაც იქნება ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის ყველა ასპექტის საფუძველში. ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ამ პროცესში საქართველოს გვერდში ედგას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კანადამაც დაამტკიცა

კანადამ კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. კანადა მესამე ქვეყანა გახდა, გაერთიანებული სამეფოსა და ბაჰრეინის შემდეგ, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ არსებობს მტკიცებულებები“ რომლებზე დაყრდნობითაც ვაქცინა „უსაფრთხო და მაღალი ხარისხისაა“. კანადაში 16 წელს გადაცილებული პირებს ექნებათ უფლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექცია მიიღონ.

4 570 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი - 10 დეკემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. “ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო - ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77. 3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში-138, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში - 10 336, იმერეთში-5 647“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რუსეთში გაქურდეს სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც ვლადიმერ პუტინიც სარგებლობს

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის სამხედრო ავიაბაზეზე, სამხედრო თვითმფრინავი Il-80 (ილიუშინ 80) გაქურდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურდებმა გასაიდუმლებული თვითმფრინავის სატვირთო ლუქის გახსნა და ბორტზე შეღწევა მოახერხეს. რუსეთის შინაგან საქმეთასამინისტრო არ ასაჯაროებს დეტალებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია რადიო მოწყობილობა. ასევე უცნობია, კონკრეტულად რომელი თვითმფინრავი გაქურდეს, რადგან რუსეთს მსგავსი ტიპის ოთხ თვითმფრინავს ფლობს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მოპარული რადიო მოწყობილობა.

პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში - შეხვედრას ქალ მსაჯთა გუნდი განსჯის

ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრა „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტს, თუმცა მატჩი მაინც გამორჩეული იქნება იმ მხრივ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, მას ქალ მსაჯთა გუნდი მოემსახურება. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე იქნება. მას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ვიკა სახურია იმუშავებს. ამასთან, მაისურაძის ერთ-ერთმა დამხმარე არბიტრმა, ქეთევან გაიპარაშვილმა წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაჯა - ის პირველი ქართველი არბიტრი ქალია, რომელიც მაღალი დონის საფეხბურთო მატჩს, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის შეხვედრას მოემსახურა. გაიპარაშვილი 23 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული 2020 წლის სუპერთასის მატჩში საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოსა“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალოს“ შორის მთავარ არბიტრს, გიორგი კიკაჩეიშვილს ეხმარებოდა.

CNN - აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამოწმა

აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების საკუთარი შედეგები ოფიციალურად დაამოწმა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დასავლეთ ვირჯინია გახდა უკანასკნელი შტატი, რომელმაც ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაადასტურა, ანუ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სარჩევნო კოლეგიაში შტატის ხუთი ხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარჩევნო კოლეგიის შეკრებაა, რომელიც, კანონის თანახმად, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ითვლიან, რომელიც 6 იანვარს გაიმართება. CNN-ი იუწყება, რომ წინასწარი პროგნოზით არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოაგროვა, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმაა საჭირო.