ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც გამოცემა წერს, ბლოკმა ბიუჯეტის დამტკიცება მას შემდეგ შეძლო, რაც უნგრეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდნენ, ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვეს. ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა. „ახლა ჩვენ შეგვიძლია განხორციელება დავიწყოთ და ეკონომიკა აღვადგინოთ,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა წინ მიიწევს“. „1.8 ტრილიონი ევრო ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად და უფრო მდგრადი, მწვანე და ციფრული ევროკავშირის შესაქმნელად”, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერში“. ცნობისთვის, ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს. 1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
საფრანგეთში 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება
საფრანგეთში 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება "ბიბისის" ინფორმაციით, კომენდანტის საათის პირობებში, მოსახლეობას 20:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ ექნება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი არ შემცირებულა, როგორც ამას ქვეყნის მთავრობა ვარაუდობდა. მასობრივი შეკრებების პრევენციის მიზნით, ახალი წლის პერიოდში შეზღუდვები არ მოიხსნება. მოლოდინის მიუხედავად, საფრანგეთში მუზეუმები, კინოთეატრები, სპორტული დაწესებულებები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კვლავ დახურული იქნება. 20 იანვრამდე არ გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები. შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება ახალი წლის ღამეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონვირუსის 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 57 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება - რას ითვალისწინებს პირველი დღე
11 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება. პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის უხუცესი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, ამ შემთხვევაში სხდომას დამსწრე უხუცესი ჩაიბარებს, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძეა. სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამის შემდეგ პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ქალაქ თბილისისი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალიწინებით, პარლამენტის შენობაში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
პარტიები, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ
ოპოზიციური პარტიები, დღეს, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და "ლეიბორისტული პარტია". ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს "გირჩი". მანდატებს ინარჩუნებს ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები". აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. 12 საათზევე შეიკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტს პირველი სხდომა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო, 150-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. Reuters-ი წერს, რომ ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა. სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.
4146 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი - 11 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-150 461-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-636, ქვემო ქართლი-281, შიდა ქართლი-268, გურია-82, სამეგრელო-ზემო სვანეთი-397, კახეთი-252, მცხეთა-მთიანეთი-116, სამცხე-ჯავახეთი-69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 966, აჭარაში-962, იმერეთში-1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში-533, აჭარაში-154, იმერეთში-241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-53, იმერეთში -62. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155-თბილისში, 1 571-აჭარაში, 360-იმერეთში. 20 637 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-276, აჭარაში-151, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 182 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 134 პირი, აჭარაში-10 723, იმერეთში-5 678”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია - ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე
საქართველოში ამერიკის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად,საგულდაგულოდ განიხილონ. "ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას. ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი წლის ადამიანებად დასახელდნენ
ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა. ჟურნალის „წლის ადამიანის“ წოდების მოპოვებისთვის კონკურსში ფინალისტებს შორის ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი“დონალდ ტრამპი, რომელიც გამოცემამ „წლის ადამიანად“ 2016 წელს დაასახელა. ასევე, ფინალისტებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. სიაში იყვნენ, მინეაპოლისში, მაისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის წევრებიც. „თაიმი“ წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გასულ წელ საპატიო ტიტული გარემოს დამცველმა ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მოიპოვა.
მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაში, ამერიკა ნორმალურ ცხოვრებას გაზაფხულ-შემოდგომაზე დაუბრუნდება - ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ში ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. როგორც მან "სიენენთან" საუბარში აღნიშნა, ამ შემთხვევაში შემოდგომაზე სკოლები ისევ გაიხსნება და ინფიცირების რისკები ძალიან დაბალი იქნება. „ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას და რამდენად სწრაფად. თუ უხარვეზო ვაქცინაციის პროგრამა გვექნება და ვაქცინას ყველა დროულად გაიკეთებს, ნორმალურ ცხოვრებას ნაწილობრივ სავარაუდოდ ზაფხულისთვის, ხოლო შემოდგომაზე დანამდვილებით დავუბრუნდებით“, - განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
პარლამენტში "ზებრა" მივიდა
„სხდომაზე მაგვიანედება და გთხოვთ, გამატაროთ", - ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ სამართალდამცავებს მოქალაქემ, რომელმაც მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის დღეს, პროტესტი პერფორმანსით გამოხატა. მოქალაქე ადგილზე ზებრის ფორმით მივიდა და პოლიციელებს უთხრა, რომ დეპუტატია და ბეიჯიც წარუდგინა. „სხდომაზე მაგვიანედება და გთხოვთ, გამატაროთ. რეგისტრაცია დაწყებულია და სხომაზე შესვლა უნდა მოვასწრო. პარლამენტის დეპუტატი ვარ. პარლამენტში ჩემიანები მელოდებიან - 90 ზებრა უკვე იქაა“, - განაცხადა მოქალაქემ.
დავიღალეთ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - პრეზიდენტი
დავიღალეთ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტს სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, დღეს კი ქვეყანას სხვა რამ ჭირდება. „საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით. ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება. „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება. „დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით. სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!”, - განაცხადა პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. "პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება. ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამდროვე და ძლიერ ჯარზე გადის. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება. პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა. პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტარსბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას. კარგად იცით, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, ჩემზე არ მოქმედებს, არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: „ვიყო ყველას პრეზიდენტი". თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე შიგნით კი ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ხუთმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა
ხუთმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა. პირველი დოკუმენტი მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადებაა იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მანდატები მოიპოვეს, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე. მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი ხუთმა პარტიამ მოაწერა, ესენია: „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ დასწრებია: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, მათგან "გირჩი" და "რესპუბლიკური პარტია" აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნით, ისტორიის შეურაცხყოფაა - პრეზიდენტი
"პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით, ისტორიის შეურაცხყოფაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა. "პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.
რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში, ოპოზიციას გარკვეულწილად ეთანხმება და აცხადებთ, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს. როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლაა საჭირო. "შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტში, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატო-ს ვუახლოვდებით და კარი ღიაა, არასაკამრისია - მეტი გვინდა - პრეზიდენტი
საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საუბარი ევროპასთან და ნატო-სთან მიახლოებაზე, არასაკმარისია და აქტიურობის დრო მოვიდა. როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. "ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები. იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას! ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე, ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს ერთპარტიულად შეიკრიბა, ოპოზიცია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
დეპუტატი აცხადებს, რომ ქვეყნის სოციალურ პრობლემებს ჯერ არ იცნობს, რადგან პარლამენტში მისი პირველი დღეა
პიანისტი და ახლა უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში, ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ქვეყნის სოციალურ პრობლემებს ჯერ არ იცნობს,რ ადგან მისთვის პარლამენტში პირველი დღეა. ამის შესახებ მან კითხვაზე, რა სოციალური გამოწვევების წინ დგას ქვეყანა, განაცხადა. "პირველი დღეა, რაც მე საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე, ამიტომ კომპეტენტური ვერა ვარ. საქართველო რომ ეკონომიურად არაა მძლავრი ქვეყანა, ყველამ ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს. ჩემი გამოცდილებით რასაც ვხედავ, ხშირად ისეთი რიგია სუპერმარკეტში, ფულს ვერ ვიხდი. ვფიქრობ, აბა ვინ არის ეს ხალხი, ქართველები არ არიან?!", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, დღეს პირველად შეიკრიბა.
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წეევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა. „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს „ვფიცავ“, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცნობისთვის, ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის პარლამენტს. ახალი მოწვევის პარლამენტში კი ჯერჯერობით ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ შესულა.
ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში. „ევროკავშირი წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების ერთგული რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში. ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშაონ სიები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის არასანქცირებულ ქმედებებთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომების დასაწესებლად. გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ევროკომისიასა და საგარეო პლიიტკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ავალებენ, 2021 წლის მატამდე წარადგინოს ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ქმედებების ვარიანტები. „სამწუხაროდ, თურქეთი ჩართულია ცალმხრივ ქმედებებსა და პროვოკაციებში, ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებს. თურქეთის ცალმხრივი და პროვოკაციული საქმიანობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კვლავ გრძელდება, მათ შორის კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს თურქეთის მიერ ხომალდ „ორუკ რეისის“ გაყვანას და ითხოვს მდგრად დეესკალაციას, ასევე საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამავე დროს, საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს თურქეთან თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ხოლო ნატო-ს მხრიდან გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის (JFTC) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ადამ იოკსიმ. ხელმოწერის ცერემონიალი, პანდემიის გამო დისტანციურად - საქართველოსა და პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში გაიმართა. „დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC-ის, როგორც ნატო-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. პარტნიორობის შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და მრავალეროვნული ბრიგადისა და შენაერთების დონის სიმულაციურ სწავლებებზეა ფოკუსირებული. JFTC-თან პარტნიორობა შესაძლებელს გახდის საქართველოში ნატო-სთან აფილირებული, წვრთნებისა და შეფასების ცენტრის არსებობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით და განახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატო-ს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას. აღნიშნული შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი ნატო-ს არსებობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) ხელმძღვანელობით JTEC-ში შეიქმნა 5 პოზიცია, რომელიც მუდმივად დაკომპლექტებული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ნატო-სთან თავსებადობას. JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წამმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად.მენტორული ურთიერთობების ფარგლებში, ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს საქართველოში ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა, რაც JTEC-ისა და JFTC-ის თანამშრომლობის ახალ, პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნატო-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს - ჯეიმს აპატურაი
ნატო-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პოლარიზაცია უმთავრესი პრობლემაა თავად საქართველოსთვის, მაგრამ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს, იხილოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა. „ახლა თქვენგან გავიგე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია. გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორც დასრულდა ეს სიტუაცია. ვიცი, რომ აშშ-ი და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდა საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და ასევე მთავრობას. ნატო-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრაა. ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის პარლამენტში მყოფი აქტიური ოპოზიციის არსებობა არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობათა მუშაობის ძირითადი პრინციპი. ჩვენ ნატო-ში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ყველას სურს, იხილოს კარგი ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის და რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოში ახლა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კრიზისია და საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ უმკლავდებიან. ჩემს მშობლიურ კანადაშიც ოპოზიცია და მთავრობა კამათობენ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგადად ერთი მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ახლა ისე, როგორც არასდროს, მოუტანს სარგებელს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა და 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.