ძებნის რეზულტატი:

დავით ბაქრაძე: დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც პოზიციები ვერ დაახლოვდა

„დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც პოზიციები ვერ დაახლოვდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ელჩების თხოვნით, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე საკითხი სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრის წინ, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.

ბადრი ჯაფარიძე: ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძლიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველ გუნდთან გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება, შეხვედრის დეტალებთან მედიაზე ისაუბროს. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა. მანამდე, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა, რომელთა შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენ, საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა

„ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 6 საათიანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი გაიმართება. „თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

ევროკავშირის საბჭო - აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, „აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ხოლო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს რვაპუნქტიან განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტრანსატლანტიკური ურთიერთოების განახლებული დღის წესრიგი საჭიროა გლობალური გამოწვევებზე პასუხის მოსაძიებლად“. „ეს საჭიროა, რათა ჩვენს პლანეტაზე ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დემოკრატია დაცული იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპელი დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირის ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობის გაზრდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს მხოლოდ განამტკიცებს“. ისინი მიესალმებიან აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მულტილატერალური დიპლომატიის და საერთაშორისო ალიანსების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას. ევროკავშირი მზადაა, ვაშინგტონთან ერთად იმუშავოს გაერო-ს როლის გაძლიერებაზე და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმაზე. „ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორების დემოკრატიული საზოგადოებები და საბაზრო ეკონომიკები საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, რაც სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის მზარდი სიხისტით არის გამოხატული. ევროკავშირი მზადაა, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-თან ყველა სფეროში, იქნება ეს ევროკავშირის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სამეზობლო, დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა ლათინური ამერიკა, კარიბის აუზი თუ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე დროს, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორობის განმტკიცების გზით. განცხადებაში ევროპელი დიპლომატები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლოს აშშ-თან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ადამიანის უფლებების დაცვა.

დანია დამატებით შეზღუდვებს აწესებს

დანია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დამატებითი შეზღუდვების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 98-დან 38 მუნიციპალიტეტში რესტორნები, მუზეუმები, კინო-თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები დაიხურება. შეზღუდვები 9 დეკემბერს შევა ძალაში და 3 იანვრამდე იმოქმედებს. დანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის სახელმწიფო და სხვა აქტორებს შეეხებათ, რომელებიც დაკავშირებულები არიან ან მონაწილეობენ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაში. სანქციების რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმქომედებს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაიდინეს დანაშაული. ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ და აქტივებს გაუყინავენ. დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებები ეხება გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას, როგორიც არის ტრეფიკინგი, წამება, ადამიანების თვითნებური დაკავება და სხვა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო ქმედებების ქვაკუთხედად, პრიორიტეტად და ასახავს ევროკავშირის სიმტკიცეს, უპასუხოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას მთელ მსოფლიოში.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, სავარაუდოდ, მოლპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ისევ არ აპირებს და ბოიკოტს განაგრძობს, თუმცა მმართველ პარტიასთან ელჩების შუამავლობით მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს. მოლაპარაკებების დეტალებზე, ელჩების თხოვნით, არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე მედიაში მაინც გავრცელდა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი. მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებს მოიცავს, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები. დღევანდელი მოლაპარაკებებიდან ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული გეგმა, ასევე ოპოზიციის მოთხოვნებიც, რომლებიც ასევე წერილობითი სახით იყო წარმოდგენილი. „ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე მომავალ შეხვედრას ელის და იმედოვნებს, რომ უკვე შემდეგ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, არის თუ არა კონსენსუსი მიღწეული პარტიებს შორის. „დღეს იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც საერთო პოზიციაზე ვერ შევთანხმდით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. .„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, „პუნქტებით გაიარეს ხელისუფლების შეთავაზება“. „არის გარკვეული პუნქტები, სადაც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ ასევე არის გარკვეული პრინციპული მონაკვეთები, რომელზეც ვერ დავეთანმხებით ხელისუფლებას. რიგგარეშე არჩევნებზე დეტალებს ვერ გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაციის გახმაურების უფლება არ მაქვს. ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში და ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელახალ არჩევნებს და პლებისციტს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. „ეს ნამდვილად ემსახურებოდა პოზიციების დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

აშშ საქართველოს კერძო სექტორის დასახმარებლად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვას დააფინანსებს, ამის შესახებ აშშ-ს სალჩო Facebook-ზე ავრცელებს. „იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას.აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს“, - წერს ამერიკის საელჩო

მიუსაფარი ცხოველები პანდემიის პირობებში - გოგა ჩანადირის სვეტი

ახლა, როცა რთული პერიოდია მთელი მსოფლიოსთვის,როცა ადამიანები დაბნეულები და რეგულაციების გამო, პირდაპირი მნიშვნელობით გათითოკაცებულები არიან, როცა თითქმის ყოველდღიურ სტატისტიკად იქცა სიკვდილის ცნობები, თითქოს გადაგვავიწყდა, რომ ჩვენი ადამიანური სატკივარის და საწუხარის მიღმა არსებობენ მიუსაფარი ცხოველები. მათი ხვედრი პანდემიამ უკიდურესად დაამძიმა, ისინი ხომ ჩვენს მიერ ახმაურებული ქუჩების,რესტორნებისა და კაფე-ბარების მეშვეობით საზრდოობდნენ, კეთილი ადამიანების დახმარებით იკვებებოდნენ. დღეს კი უკაცრიელი ქუჩები და ბოქლომდადებული კვების ობიექტები მათთვის სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლის წინა ხაზად იქცა. წინა კვირას, ღამის თბილისის გადასაღებად გასულს, შავთელზე, ანჩისხატთან კუდის ქიცინით დამედევნა მოწყენილი და გაძვალტყავებული ძაღლი, შევეცადე დამეპურებინა რაც მქონდა იმ საგზალით, მერე სხვები შემხვდნენ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ჭიაურელის სკვერთან, შარდენზე, აბანოთუბანში, ორბელიანზე, აღმაშენებელზე და კიდევ სად აღარ. ეს ის ადგილებია, სადაც კოვიდშეზღუდვებამდე უამრავი რესტორანი მუშაობდა და ძაღლები პურდებოდნენ. დღეს ყველაფერი დაკეტილია და ისინი მშივრები დარჩნენ. მოწყენილები და სევდიანები ადამიანებისთვის განკუთვნილ მაგიდებსა და სკამებზე შემომსხდარები ამაოდ ელიან ადამიანების გამოჩენას... მახსოვს, ჩემი გერმანელი კოლეგა მეუბნებოდა, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება იმითაც ფასდება, როგორ ეპყრობიან ცხოველებსო,ზუსტად ასეა, როგორი საზოგადოება ვართ, ვიზომებით არა მხოლოდ ერთმანეთთან არამედ ცხოველებთან ჩვენი დამოკიდებულებების მიხედვითაც.ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება. მედიის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა. „დღევანდელი დღე გაერთიანებული სამეფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჯონსონმა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით კი, ვაქცინაციის დაწყება „სინათლეა გვირაბის ბოლოს“. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.

მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგ შეხვედრაზე, ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება. „ვფიქრობ, გუშინ საერთო ჯამში კარგი განხილვა გვქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, შევხებოდით ყველა საკითხს, რაც დიალოგის ფარგლებში განიხილება. ასევე მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის გაგების გაღრმავებაში. დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გავაგრძელებთ იმის დანახვას, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა საერთო პლატფორმის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ, ფასილიტატორები მუშაობას პარლამენტის გახსნამდე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფრთხილობ, ეს იქნება ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებები, ყველამ გადადგა ნაბიჯები და ვნახავთ, რას მივაღწევთ. როგორც ვთქვი, ეს იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობას და პასუხიმგებლობას, რომ მივიდეთ დასახულ ადგილამდე. მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შეიკრიბოს, ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების დახმარებით, სამი შეხვედრა უკვე გაიმართა.

დიეგო მარადონა ქველმოქმედებაში ყოველთვიურად 100 000 ევროს ხარჯავდა - America TV

დიეგო მარადონა ქველმოქმედებაში ყოველთვიურად 100 000 ევროს ხარჯავდა - ამის შესახებ ესპანური გაზეთი „მარკა“ America TV-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, თანხა 50 ოჯახისთვის იხარჯებოდა, რომელში ფეხბურთელის ნათესავები და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ნათესავები შედიოდნენ. თანხა იჭრებოდა მარადონას ანგარიშებიდან, რომლებიც დღეს დაბლოკილია არგენტინის საგადასახადო სამსახურის მიერ და მათზე წვდომის საშუალება არავის აქვს. შესაბამისად, ნახსენები ოჯახების დაფინანსება შეჩერებულია. დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში, ბავშვთა უფლებებისთვის 2 მილიონი ევრო დაიხარჯება

საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად ევროკავშირი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივ ინიციატივას იწყებენ. როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების ბავშვთა უფლებების დასაცავად შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. „პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის დაცული და მზრუნველი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფასა და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ხასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ახლახან მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, პროექტს, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, განახორციელებს. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა. „უკვე მრავალი წელია ევროკავშირი მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველში. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ახლახანს შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან საქართველოს ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც უკეთესი სერვისებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა. როგორც საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ხასან ხალილმა აღნიშნა, ევროკავშირის მალიდერია საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის. „ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას, ბავშვების მზრუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრებას და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას“, - განაცხადა ხასან ხალილმა. როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციაშია აღნიშნული,​ კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ოჯახებისა და ბავშვების დაუცველობას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც. „ამას გარდა, პროექტი გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით. მის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. მართლმსაჯულების დარგში, პროექტის შედეგად დამატებით სპეციალიზაციას შეიძენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალები (პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები), დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად, და ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების საქმეებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი და ბავშვების სარეაბილიტაციო სერვისები, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

4673 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი - 8 დეკემბრის სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში-48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 - თბილისში,1 858- აჭარაში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-338, აჭარაში-213, ხოლო იმერეთში-27. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 017 პირი, აჭარაში-10 771, იმერეთში-5 572“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა. „დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი მოქალაქე, რომელიც დიდ ბრიტანეთში აცრეს, 90 წლის ქალია

BBC დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყების თემას ეხმიანება და წერს, რომ პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანია. გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა. მარგარეტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მასზე ზრუნავდა და მოუწოდებს ადამიანებს, აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა. „ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას იკეთებს. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რათა ეს 2030 წლამდე მოხდეს - ვერშბოუ

უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რათა ეს 2030 წლამდე მოხდეს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ბერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეათანხმებს კონკრეტულ გეგმას, რათა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს. ის ასევე იმედოვნებს, რომ ბაიდენი დაინტერესდება მისი ინიციატივით, რომელიც საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. „ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატო-ს მოკავშირეებმა დადეს პირობა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდებიან, ძალიან დიდი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს განვითარების სტრატეგიული ანგარიშშიც კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ეს დაპირება და ზოგადად ღია კარის პოლიტიკა მტკიცედ არის მხარდაჭერილი, საქართველომ ჯერ კიდევ არ იცის, როდის და როგორ შესრულდება 2008 წლის პირობა. ახლა 12 წელია გასული ბუქარესტის სამიტიდან, 2030 წელს კი, უკვე 22 წელი გავა. ამიტომ, ცხადია უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რომ ეს 2030 წლამდე მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩემი ინიციატივით დაინტერესდება, რომელიც საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, თავად არჩეული პრეზიდენტის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულებას, იმედს ვიტოვებ, რომ ის შეათანხმებს კონკრეტულ გეგმას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს“, - აცხადებს ალექსანდრ ვერშბოუ. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, თუმცა ასოცირებული სტატუსი დამატებით ბიძგს მისცეს ნატო-საქართველოს დაახლოებას და ეს ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იქნება, რომელიც საქართველოს ალიანსის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს. „საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ერთი ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. ესაა წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ ინსტრუმენტის ასამოქმედებლად ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. ასევე მექანიზმები არსებობს ნატო-საქართველოს კომისიაში და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში და სხვა ინსტრუმენტებში, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია. თუმცა, ვფიქრობ საქართველოს შეიძლება მიენიჭოს ერთგვარი გარდამავალი სტატუსი, ისეთი როგორიცაა ალიანსის ასოცირებული წევრობაა. ასეთი სტატუსი ჯერ არ არსებობს. ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. თუმცა, ამ სტატუსმა ნამდვილად არ უნდა ჩაანაცვლოს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობა. მე ამ სტატუსს განვიხილავ გარდამავალ ეტაპად, როდესაც ნატო და საქართველო იმუშავებენ ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა საქართველოს სრულუფლებიანი წევრობის პირველივე დღეს ამოქმედდება. ეს პერიოდი ნატო-მ და საქართველომ ასევე უნდა გამოიყენო საქართველოს ყველა მეზობლის და მათ შორის რუსეთს დასარწმუნებლად, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას. ასე რომ, ვფქრობ ეს გარდამავალი პერიოდი შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას რუსეთთან. რა დროსაც რუსეთის პრეტენზიებს უკეთ მოისმენენ და მათ დაძლევის გზები მოიძებნება. უნდა გამოიძებნოს გზა, რათა რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შემდეგაც კი, ნატო თავდაცვით ალიანსად დარჩება. ცხადია, ეს ხვალ ვერ მოხდება. რუსეთთან ამგვარი დიალოგის პირობები დღეს არ არსებობს. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პირობას და ასევე რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიას წინააღმდეგობას გავუწევთ, მაშინ კონსტრუქციული მიდგომის პერსპექტივა უფრო რეალური გახდება. პუტინი უნდა დაარწმუნო, რომ დრო არა მის სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ მუშაობს. ახლა პუტინი სხვაგვარად ფიქრობს, თუმცა თუ ნატო დაიწყებს მოძრაობას იმ მიმართულებით, რაზეც ვისაუბრეთ, ამან შეიძლება შეარყიოს მისი თავდაჯერებულობა“, - განაცხადა ვერშბოუმ.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება. სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევენ. პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო თავდაპირველად აირჩევს – პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. შემდეგ კი, მოხდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება ელექტრონული სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, ბიულეტენებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა, წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს მოიცავს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, B ტიპის ვირუსი უკვე გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, B ტიპის ვირუსი უკვე გამოჩნდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "მოგესხენებათ, ჩვენ ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ. გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა რომ B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში აქტიურდება გრიპი. არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება ის", - განაცხადა მან. მისივე თქმით, B ტიპის ვირუსი და კორონავირუსის დაახლოებით ერთნაირია, თუმცა გამოცდილ ექიმს შეუძლია კლინიკურად მისი დიფერენციაცია. "საბოლოო დიაგნოზი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე", - აღნიშნა მან. გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურად ატარონ პირბადე, დაიცვან აუცილებელი წესები და აიცრან. "სერიოზულად ფართოვდება ტესტირება, ამიტომ გთხოვთ, ყველა სიმპტომიან ადამიანს, მიდით პოლიკლინიკებში და ჩაიტარეთ ანტიგენის ტესტი. სიმპტომიან ადამიანში ის 15 წუთში მოგცემთ შედეგს", - განაცხადა გამყრელიძემ.