ძებნის რეზულტატი:

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 534 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 831 248-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის - 9.06% ხოლო 7 დღის - 9.13%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 742 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 772 301-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 810 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 595, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 657, აჭარაში - 127, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 43, იმერეთში - 40. 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 - აჭარაში. 39 371 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეებიზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“, რაც დაუშვებელია. საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე უნდა დაიწყოს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 11:00 საათზე უნდა გაიმართოს, განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მორიგ სხდომას გამართავს. ვინაიდან სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხი, სხდომაზე დამსწრეთა მხრიდან დაინტერესება დიდია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებული არიან დაესწრონ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვას. გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოს აპარატის მიერ მოქალაქეებსა და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებზე გაცემული საშვთა რაოდენობა უკვე აღემატება სხდომათა დარბაზში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, ასევე, ვითვალისწინებთ რა სახელმწიფოს მიერ დადგენილ კოვიდრეგულაციებს, დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება, რისთვისაც მოქალაქეებს ვუხდით ბოდიშს. თუმცა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხდომის მიმდინარეობას თვალყური ადევნონ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის ლაივსტრიმინგის საშუალებით, რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მასმედიისა და პრესის წარმომადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნულია სულიკო თებიძის განცხადებაში.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ორ კანდიდატს - ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამორჩეულია თავისი ღიაობით. „რაც შეეხება მიმდინარე პროცესის გამჭირვალობას, იმას, რომ საზოგადოება კარგად ხედავდეს რა კრიტერიუმებით, რა პრინციპებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინ იმსახურებს და ვინ არ იმსახურებს განწესებას უზენაეს სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არამც თუ უნაკლო პროცესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ამით გამორჩეულია საქართველოს სისტემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული და ყველაზე ღიაა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში, - 33 წუთი. გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არასაპარლამენტო სუბიექტებსაც აქვთ და მათ თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, 75 წუთი აქვთ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო სანდოძისა და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურები 2021 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგანაც სამი დაკავებულია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან, 58 მოქალაქის მიერ, უკანონოდ მიღებულ იქნა კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“, – აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

მოლდოვა მზადაა, “გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანება გადაუხადოს

25 ნოემბერს მოლდოვის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილების პროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გადაუხადოს ბუნებრივი აირის დავალიანება რუსულ კომპანია "გაზპრომს" და ამით თავიდან აიცილოს ახალი ენერგეტიკული კრიზისი. კენჭისყრის შედეგად, მთავრობა 1,4 მილიარდ მოლდავურ ლეის (79 მილიონ $-ს) გადაურიცხავს კომპანია "მოლდოვაგაზს", რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომისათვის" დავალიანების დასაფარავად. 22 ნოემბერს "გაზპრომმა" გააფრთხილა კიშინიოვი, რომ 48 საათის განმავლობაში გადაუკეტავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ არ დაფარავდა წინა მიწოდების სანაცვლოდ დაგროვილ ათეულობით მილიონობით დოლარის დავალიანებას. მოგვიანებით "გაზპრომმა" 26 ნოემბრამდე გადაუწია კიშინიოვს ვალის გადახდის ვადა. გასულ თვეში კიშინიოვმა ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვა ქვეყნებიდან დაიწყო ბუნებრივი აირის შეძენა მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობამ, ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ვერ შეძლეს ახალი გრძელვადიანი შეთანხმების დეტალებისა და ფასის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. მაგრამ 28 ოქტომბერს მოლდოვის ხელისუფლებამ და "გაზპრომმა" შეძლეს გარღვევის მიღწევა და ხელი მოაწერეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ახალ ფორმულას. ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ მოსკოვი გაზრდილი ფასით აწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეულ მოლდოვას, რათა ზეწოლა მოახდინოს მის პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუზე, რომელმაც არჩევნებში მოსკოვის მეგობარი იგორ დოდონი დაამარცხა. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა წმინდა წყლის კომერციაა, რასაც გლობალური ბაზრის ტენდენცია განაპირობებს.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა და გამოაძევა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „დადგენილია, რომ აღნიშნულმა დამრღვევმა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან ზნაურის რაიონში და უკანონოდ იმყოფებოდა ნათესავებთან რესპუბლიკის დედაქალაქში“, - აცხადებენ დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურში. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბრის საღამოს ბექა კურტანიძე საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

ჩეხეთში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ შემოიღო 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 26 ნოემბრის ღამით შევა ძალაში. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა შეზღუდვების პაკეტი. პარასკევიდან რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები იმუშავებენ 22.00 საათამდე. აიკრძალება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები და ალკოჰოლის მოხმარება ქუჩაში. სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე 1000-მდე შეიზღუდება დამსწრეთა რაოდენობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა დღით სარეკორდოდ გაიზარდა და 25 000-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაავადდა ჩეხეთის 77 წლის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი. ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამო თვე-ნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში და წინა დღით გამოწერეს, კორონავირუსის გამო კვლავ საავადმყოფოში შეაბრუნეს.

ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას. არსებული ინფორმაციით, აქციაზე 3 ადამიანია დაკავებული. „დაკავებულია რამდენიმე ადამიანი სრულიად უკანონოდ. შსს-ს წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, რათა წამოაგონ ადამიანები დაპირისპირებაზე. პროვოკაციას აწყობენ თავად პოლიციელები, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან და უსაფრთხოება უზრუნველყონ. ჩვენ გავაგრძელებთ და ყოველდღიურადა ასეთ მდგომარეობაში გვეყოლება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ

ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ზუგდიდის ახლად არჩეული მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. „მოქმედმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრულია. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და სხვა. პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ. ამასთან, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.

განათლების სამინისტრო: საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი. „სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი. მესამე კვირაა, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისთვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ახალი ბიუჯეტით მოუწევთ მუშაობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ დეპუტატებსა და მერს. 2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა". ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით, შეცვლილია. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფიზიკური დაპირისპირება ჯერ სხდომათა დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში გადაინაცვლა. პოლიციამ მინიმუმ 5 ადამიანი დააკავა.

ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა. ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და მას პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ორგანოდ მიიჩნევს. ამასთან, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ რამდენიმე რეგიონში უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელზეც ოპოზიციის შეფასებით, ახალარჩეულ საკრებულოებს უნდა ემსჯელა.

შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზებული საპროტესტო აქციები. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

WHO/ევროპა: კოვიდვაქცინამ ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს. „COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით,“ - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი. „COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს - იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადების და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაც შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს,“ - ამბობს კლუგე. 2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 90.2% 60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი წარმოების და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია. მეთოდოლოგია ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე კვლევის ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში. ამ შეფასების მიხედვით, COVID-19 ვაქცინაციის წყალობით ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა 33 ქვეყანაში - სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (261,421 ადამიანი). კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. აქ ასევე ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო. სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტური იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა წარიმართა, ან მიმდინარეობდა არაეფექტური ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად. ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი ამბობს: „ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპს შედეგად მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.“ „ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19 ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ქვე-ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. "ვაქცინაცია ერთერთია იმ პრევენციულ საშუალებებს შორის, რომელიც პანდემიის შეჩერებისთვისაა საჭირო, თუმცა ის, ცალკე აღებული, ვერ დაასრულებს ჯანდაცვის სექტორის ამ კრიზისს. ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭიროა სხვა ზომების მიღებაც. ეს საჭიროა, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, შემცირდეს ზეწოლა ისედაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე და რაც მთავარია, ჯანდაცვის მუშაკებზე, რომელთაც ხშირად 18 საათზე მეტის მუშაობა უწევთ პანდემიასთან საბრძოლველად. „უპირველეს ყოვლისა - აიცერით. ვაქცინაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლეს იცავს,“ - ამბობს ჰანს კლუგე. „ჩვენ ვიცით რომ ვირუსი ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ და შეზღუდულ ადგილებში. ამიტომაც, აუცილებელია ზომების დაცვა, რადგან შევამციროთ გადაცემა, განსაკუთრებით ახლა, როცა ზამთრის დადგომასთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში.“ „დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში ატარეთ პირბადე; დაცემინებისა თუ ხველების დროს დაიფარეთ პირი; სხვა ადამიანებთან დაიცავით ფიზიკური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ასევე აუცილებელია კარგი ვენტილაცია, ამიტომ, თუ უსაფრთხოა, გამოაღეთ ფანჯრები და კარი და შემოუშვით სუფთა ჰაერი. აუცილებელია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ამ ზომების დაცვას და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი და სხვების დასაცავად, მაშინაც კი, როცა სრულად ვართ ვაქცინირებული, ვინაიდან ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრავს ვირუსის გადაცემას.“ „ამ ქმედებების ჩვეულებად ქცევით ყველა ერთად შევძლებთ შევაჩეროთ ინფექცია და ვირუსის გავრცელება. როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომისას ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, ისევე უნდა ვიფიქროთ ხელების დაბანაზე, პირბადეს ტარებაზე ან დისტანციის დაცვაზე, რათა დავიცვათ თავი ინფექციისგან.“ სანამ პანდემია დასრულდება, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება, კონტაქტების მოძიება გადაცემის ჯაჭვის შესამცირებლად, ასევე დაუყოვნებლივ კომუნიკაცია პრიორიტეტული ჯგუფების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრული ვაქცინაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვფლობთ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას შესაბამისი აუდიოჩანაწერი აქვს, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება, თუმცა არ არის მზად, ამ საქმის დეტალებზე ისაუბროს. „ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ჩვენ არამხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ჩანაწერებიც გვაქვს, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას განიხილავენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოლიგარქი რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს, თუმცა მას არ სჯერა, რომ ახმეტოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობს. „ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ ესწრება

„ჩვენ მიგვიწვიეს მოსმენებზე პარლამენტში, თუმცა უარი ვთქვით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, შერჩევის პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ასევე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მისაღებად დაწესებულ პირობებს. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“. „კვლავ მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში სწორედ ისაა, რაც უნდა გაკეთდეს, რათა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე პროცედურები გადაიხედოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და აღნიშნა, რომ ახლა სწორედ ქართველ დეპუტატებზეა დამოკიდებული, რომ „განსაჯონ სიტუაცია და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან“. პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს: გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნა ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო. 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია.

სოზარ სუბარი: 6 წელი საკმარისი დროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს

"6 წელი საკმარისი დროა, რომ პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს, ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ციხეებში საკმარისად არსებობს", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. რაც შეეხება სააკაშვილთან მნახველების შესვლას, სუბარმა განაცხადა, რომ „ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“. „შეუძლია საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააკანონონ ინიციატივები. როგორც გავიგე, პროტესტის რაღაც ახალ ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც არ ვიცით როგორ დამთავრდება. შეიძლება 6 წელი, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი“, - განაცხადა სუბარმა.

აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ამ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. "ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე. უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს" წევრების პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

საქართველოს საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს", წევრების მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილება 25 ნოემბრით თარიღდება. რეესტრი პროცესის შეჩერებას რამდენიმე პუნქტით ხსნის. "ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას", - აღნიშნულია დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში. „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ", - დასძენენ საჯარო რეესტრში. გარდა ამისა, რეესტრი პარტიის დამფუძნებლებს ახსენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყვნენ წარედგინათ: არანაკლებ 1000 კაცის სია სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ", - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში აღწერილია სხვა გარემოებებიც, რომლის გამოც პარტიის დარეგისტრირება კანონის ნორმებში არ ჯდება: სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს; წესდების ორი მუხლი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მათ 10 დღის ვადა აქვთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის", ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა. პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია