ძებნის რეზულტატი:

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოითხოვეს. „ეს სისტემა კლავს, რა თქმა უნდა იყო ზეწოლა, ეს ხელისუფლება ქვევრში ბავშვის მოკვლით მოვიდა, შემდეგი იყო ია კერზაია, ახლა ჩემი ძმა, არ შეიძლება, ესენი მართავდნენ ქვეყანას, ამათ უნდა დატოვონ თანამდებობები“, – განაცხადა ნაზი ფუტკრაძემ. ​აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. ისინი გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ფაქტზე, რომელშიც სავარაუდოდ გარდაცვლილისა და მისი ორი ყოფილი თანამშრომლის საუბარია, გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ორი პირი ნუგზარ ფუტკარაძეზე გადაბირების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და ეს პირები „ქართული ოცნებისგან“ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის მიერ იყვნენ მიგზავნილები.

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია. „პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს, ჩვენ ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისის მერი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა იზრუნოს, რომ კრიზისიდან გამოვიდეს

„ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მას მოუწევს ციხეში ჯდომა. „ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში, რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ და აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი

"საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის", - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. "საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს 4 კანდიდატი წარუდგინა გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაწყებული შერჩევის ორი კონკურსის ფარგლებში. მათ საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები, მათ შორის პროცესის სამართლიანობისა და კანდიდატებს შორის თანასწორობის მიმართულებით, დაწვრილებით არის აღწერილი ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშში. სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი - 9 მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია. საქართველოს პარლამენტმა უვადოდ პირველად 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წლის 12 ივლისს კი დამატებით 6 მოსამართლე განაწესა უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, დიდი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. სახალხო დამცველი მიმდინარე წელსაც გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და კიდევ ერთხელ წარმოადგინა სამართლებრივი მიზეზები, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მთელი ეს პროცესი პრობლემური იყო. აღნიშნული არგუმენტები დღესაც ძალაშია. კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია

"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი "მწვანე პასპორტით", უვადო პასპორტით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ, თითოელი, ვართ ქართველები და, არ მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს", - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, რადგან COVID19 არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო.

პაატა იმნაძე: ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს

"ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცხადა ამასთან, იმნაძემ ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. "პრობლემა იგიგარდა ამისა, მან ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.ვეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის",-განაცხადა იმნაძემ.

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა

"ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა უკეთესი არ არის. „ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებებს არ შეუშვებენ, მკურნალობას შეწყვეტს

"თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს და ამაზე მას "მკაფიო პოზიცია" აქვს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა", - განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა.

სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ებრალიძის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 160-ე მუხლით, თანხის მითვისება, ან გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საქმე დაკავშირებულია 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“ 3 მილიარდი რუბლის (40 მილიონი აშშ დოლარი) დაკარგვასთან. იმავე წელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „კონსტანტს“ ლიცენზია ჩამოართვა. ბანკის მფლობელი სწორედ ებრალიძე იყო. ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე ებრალიძის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ცნობისთვის, ალექსანდრე ებრალიძე რუსეთში სხვადასხვა კომპანიას ფლობს. 2009 წელს მან დააარსა „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“. იმავე წლის მაისში განაცხადა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

პაატა იმნაძე: COVID19-ის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ ისევ არ დაგემართებათ

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს (რეგულაცია) შეიცვლება“, - განაცხადა იმნაძემ.

მიხეილ სააკაშვილი: სუს-ის წარმომადგენლებმა სამედიცინო პერსონალის ტერორი დაიწყეს

"ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები. თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

საფრანგეთში, COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება

საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, COVID19-ს გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულაციები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლლივიე ვერანის განცხადებით, დადგენილებაში ცვლილებები შევა ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 65 წელს გადაშორებული ადამიანებისთვის მწვანე პასპორტი ძალაში აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული. 15 იანვრიდან კი ცვლილება გავრცელდება ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე გავრცელდება. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 7 483 282 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი

ბათუმის საკრებულოში ხმაურია

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი და საკითხი 26 ნოემბრის სხდომაზე დააყენოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება. ოპოზიციის წევრები, რომლებიც საკითხის ამოღებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევად არ მიმაჩნია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევად არ მიაჩნია. ამის შესახებ მოსამართლემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა. დეპუტატმა ნინო იობაშვილმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე და მიაჩნია თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევად. “მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ უფიქრია. ბუნებრივია, მიფიქრია და იმდენად დიდია [რისკი], ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამას ვერ გადამიწყვეტ. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ გაიკეთოს?”, - განაცხადა გენადი მაკარიძემ. 25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნილ­მა ექ­სპერტთა ჯგუფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნა გამოაქვეყნა. 2021 წლის 23 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის რიგით მესამე ვიზიტი განხორციელდა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან. ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ექსპერტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფმა გამართა დისტანციური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს. პაციენტის მდგომარეობის შეფასება პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. (გასინჯვის მოკლე აღწერა იხილეთ დანართში1). ძირითადი საყურადღებო პრობლემები 1. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) - 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას. (შევსების რეკომენდირებული პროტოკოლი იხილეთ დანართში3). 2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა. ჩატარებულია თავის კტ კვლევა. დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს. სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია. 3. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით. 4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები. 5. ფიზიკური რეაბილიტაცია. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: /გიორგი გრიგოლია/ /გრიგოლი ხურციძე/ /გიორგი კაჭარავა/ /გიორგი პაპიაშვილი/ /აიდა გოზალოვა/ /თენგიზ წულაძე/ /ნინო ზავრაშვილი/ /მამუკა მაჩაიძე/

საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო სერბეთის დელეგაციას - მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მარიჩი. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. აღინიშნა მხარეთა დაინტერესება, განაგრძონ სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ახალ შტამს უამრავი მუტაცია აქვს. იუწყება AFP. სპეციალისტები მას შემაშფოთებელ ვარიანტად განიხილავენ. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს. ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ.

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა

ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი COVID19-ის ახალი ვარიანტის გამო, საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“. ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ახალ შტამს უამრავი მუტაცია აქვს. სპეციალისტები მას შემაშფოთებელ ვარიანტად განიხილავენ. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს. ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ.

სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აქტივისტებს ხელში დიდი ზომის ბანერები ეჭირათ და სხვადასხვა სლოგანებს სკანდირებდნენ, რითაც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გენდერზე დაფუძნებული ძალდობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომები მიიღოს. აქციის მონაწილეებმა ტაქსიმის მოედანზე მსვლელობაც გამართეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მოხდა რამდენიმე შეტაკებაც. ივლისში თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ნაბიჯის გამო, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთში მწვავედ გააკრიტიკეს.

მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის დროს სამი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ გუაიამაში მოხდა. მსხვერპლთა შორის არის ორი მამაკაცი და ერთი ქალი. გარდაცვლილი მამაკაცები ქალაქის მერის პირადი მცველები იყვნენ, ხოლო ქალი აქციის მონაწილე. გუაიამაში გამართული აქცია ერთ-ერთი იყო იმ დემონსტრაციებს შორის, რომლებიც მექსიკის სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა.