ძებნის რეზულტატი:

ჯანმო: ევროპაში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს

"ევროპაში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანმო-ს შეფასებით, დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია. რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროა „ვაქცინაცია პლიუს“ მიდგომა. „იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი აღკვეთესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების განცხადებით, აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

ეროვნულ არქივში ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა

ეროვნულ არქივში ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულებულია. რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება. „ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.

ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

26 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სოჭში უმასპინძლებს. კრემლის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება და ის 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილ საზავო შეთანხმების წლისთავს ემთხვევა. შეხვედრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო დროს განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჩატარდება. კრემლის განცხადებით, მხარეები „რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ“. განსაკუთრებული ყურადღება კი სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებაზე გამახვილდება. ვლადიმერ პუტინი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან. ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან

სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განხილულ თემებს შორის არის საკითხები, რომლებიც კონფიდენციალურად უნდა დარჩეს. „მიხეილ სააკაშვილთან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ძირითადად ის გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და ამ კონსილიუმის წევრების მიმართ. აღნიშნავდა, რომ საერთაშრისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციალურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის. თუმცა, ეს იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესასვლელად დაახლოებით, 2 საათი დასჭირდა. ომბუდსმენმა ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვევლობაა და კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციური უწყებას შორის. „ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რამაც დაახლოებით 2 საათი წაიღო. გარკვეული საკითხები, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა წინა ვიზიტის დროს შენიშვნა გასცა, დღეს გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ გარკვეული ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

პრემიერის თქმით, ნინო ლომჯარია ოპოზიციასთან იყო აფილირებული და „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველად მიზანმიმართულად შეარჩია

პრემერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკულ შეფასებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ერთმანეთისგან მიჯნავს ოფიციალური სტრუქტურების და ე.წ. მეგობართა კლუბების განცხადებებს, რომელიც მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. ღარიბაშვილის თქმით, ოფიციალური უწყებების გზავნილებს ისმენს მთავრობა, განსხვავებით ამ კლუბის „მიკერძოული წევრების“ შეფასებებისგან. „ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, აშშ-სა და ევროპაში, მათი განცხადებები ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა. კარგად ვიცით, რომ მათ („ნაციონალური მოძრაობა“) შექმნეს მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ, კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში დასაქმებულ ექსპერტებს. მათთან პირადი მეგობრობა აკავშირებთ ყოფილი ხელისუფლებს წარმომადგენლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული, შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, და ჩემთვის არ არის ეს საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ მათ აქვთ ნდობა სახალხო დამცველის მიმართ, და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აშშ ამ ინსტიტუტს ენდობა და არა მთავრობას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამ განცხადებაში ეს ნამდვილად ვერ წაიკითხა. „სახალხო დამცველის მიმართ ნდობა ზოგადად ყველა ქვეყანაში არსებობს უცხოეთიდან. როდესაც სახალხო დამცველი შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი იყო, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას, არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ პირდაპირ იყო აფილირებული ოპოზიციასთან, ამ მიზნით შეირჩა ისიც. როდესაც აირჩიეს, პოლიტიკაში არ ვიყავი, თუმცა გუნდისგან მაქვს ინფორმცია, რომ ასეთი კანდიდატის შერჩევა მიზანმიმართულად მოხდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერი იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს ნინო ლომჯარიას მიმართ და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ხშირად, სახალხო დამცველის პოზიციები ხშირად რეალობას არ ასახავს.

თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია

ირანი 3+3 ფორმატს მხარს უჭერს. ამის შესახებ თურქეთში ირანის ელჩმა მოჰამედ ფერაზმენდმა თურქულ მედიასთან განაცხადა. ელჩის თქმით, „ფორმატი შეესაბამება ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსს, უფრო კონკრეტულად კი, გულისხმობს რეგიონში დაძაბულობის შესუსტებას, პრობლემების გადაჭრას და ქვეყნების თანამშრომლობის გაფართოებას“. ელჩმა აქვე დაამატა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერევანს, მოსკოვს, ბაქოს და ანკარას მთიანი ყარაბაღის ომის დროს 2020 წელს სტუმრობდა. მოჰამედ ფერაზმენდის განცხადებით, საქართველოს გარდა, დანარჩენ ქვეყნებს პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ამ პლატფორმის შექმნის მიმართ. „სამხრეთ კავკასიაში 30-წლიანი დაძაბულობის აღმოფხვრა მხოლოდ სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, - აღნიშნა მოჰამედ ფერაზმენმა. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ბიზნესმენი ილია კოკაია მწვერვალზე ლაშქრობისას დაიღუპა

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი ილია კოკაია დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას დაიღუპა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა. საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, თბილისში ააშენა „ზესტაფონის“ ბაზა, რომლითაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე ქართული კლუბები და ჩამოსული სტუმრები ვარჯიშობდნენ. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/2011, 2011/2012), ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).

ნიდერლანდებში, დღეიდან, სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება

"ნიდერლანდებში, დღეიდან, სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება", -ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ნიდერლანდებში, 18 წლის და უფროსი ასაკის პირები ვალდებულები იქნებიან, ერთმანეთისგან 1.5 მეტრიანი დაშორებით იმყოფებოდნენ. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ნიდერლანდებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 13 ნოემბერს სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განვიხილეთ

"საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს. „ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სისტემაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა კობახიძემ.

მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება. ამასთან, COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4098 ადამიანი. გუშინ საქართველოში 26 588 ტესტი ჩატარდა.

შს სამინისტრომ თბილისში, მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი – დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა

"ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ექვსი სამხედრო", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით სირიის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ ჰომსზე განხორციელებული თავდასხმა მოიგერია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მატერიალური ზარალიც მოჰყვა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დემოკრატიის სამიტზე ტაივანიც მიიწვია

ბაიდენის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე ტაივანიც მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა ჩინეთის გაბრაზება გამოიწვიოს, რადგან ის ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაზე 110 მონაწილეა მიწვეული, მათ შორისაა საქართველო. დემოკრატიის სამიტში, რომელსაც ჯო ბაიდენი გამართავს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

„თალიბანის“ წევრებსა და აშშ-ს წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში „თალიბანის“ წევრებსა და აშშ-ს წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი დოჰაში მომავალ კვირაში ჩავა და ავღანეთის მმართველ თალიბებთან შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები კონტრტერორიზმი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გადაადგილება, ჰუმანიტარული დახმარება და ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. აშშ-ის წარმომადგენელი, ტომ ვესტი მიმდინარე თვის დასაწყისში ავღანეთის საკითხებზე სასაუბროდ ე.წ. გაფართოებული „ტროიკის“ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ჯგუფი ასევე შეხვდა ავღანეთის მაღალჩინოსნებს.

გაეროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს

გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს. გაერო-ს განვითარების პროგრამის მოხსენების თანახმად, დაღუპულთა 70 პროცენტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იქნება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაცვალების 60 პროცენტი იქნება არაპირდაპირი მიზეზების შედეგი, როგორიცაა შიმშილი და პრევენციული დაავადებები, დანარჩენი პირდაპირი მიზეზის შედეგი, როგორიცაა ფრონტის ხაზის ბრძოლები და საჰაერო იერიშები. ცნობისთვის, იემენი კონფლიქტშია ჩაფლული 2014 წლიდან, როდესაც „ჰუსიტების“ მეამბოხე მოძრაობამ დაიპყრო ქვეყნის ჩრდილოეთი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სანა, როდესაც მთავრობა გაიქცა. 2015 წლის მარტში არაბული ქვეყნების კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ჩაერია ომში ხელისუფლების აღდგენის მიზნით.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა. ის კლინიკაში შესვლას ამ წუთებში ცდილობს. გრუშოვეცის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს, რამდენ ხანში შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. ჰოსპიტალში კვლავ აგრძელებენ მუშაობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები.

მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PSR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა. "PSR ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“,- აღნიშნავს ღიბრაძე.