ძებნის რეზულტატი:
ირანი და საქართველო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებაზე ხელმოწერის დასაჩქარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ირანი და საქართველო სატრანსპორტო საკითხების გადასაჭრელად და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დასაჩქარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ირანის საგზაო და სატრანსპორტო ორგანიზაციის დირექტორმა ჯავად ჰედაიათმა განაცხადა, რომ ირანმა და საქართველომ გასულ თვეში ორდღიანი შეხვედრა გამართეს. ჰედაიათმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის საკითხების გადასაჭრელად და ოპერაციული გაურკვევლობებისა და დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. „სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ჩვენი ტრანზიტული სატვირთო მანქანების რაოდენობა წელიწადში ერთნიშნაა, მთიანი და ძალიან ძნელად გასავლელი მარშრუტია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა სატვირთო მანქანები 400 კმ მარშრუტს გადიან ხოლმე სამ დღეში. მოძრაობის პირობები ძალიან რთულია. ჩვენს ბევრ სატვირთო მანქანას მანამდე შეექმნა პრობლემები და ზამთარში ხევში ჩავარდა. ასე რომ, მარშრუტი არც თუ ისე კარგია იმ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპაში შესასვლელად", - განუცხადა ჯავად ჰედაიათმა Tasnim news-ს. „ჩვენი ძირითადი მარშრუტი ევროპისკენ გადის თურქეთზე, ხოლო მეორე მარშრუტი აზერბაიჯანის გავლით“, - აღნიშნა ჰედაიათმა და დაამატა, რომ სომხეთის მარშრუტი კვლავ მნიშვნელოვანია ირანისთვის, როგორც ალტერნატივა, თუ ირანული სატვირთო მანქანების გადაადგილების პრობლემა წარმოიქმნება. ცნობისთვის, საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე 2017 წლის აპრილში შეთანხმდნენ.
ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული საკითხები განიხილეს
„რეგიონული საკითხები უნდა მოაგვარონ რეგიონის ქვეყნებმა და უცხოელ აქტორთა არყოფნა და ჩარევა კი არ დაეხმარება პრობლემების მოგვარებას, არამედ გაართულებს სიტუაციას“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა აშხაბადში თურქ კოლეგასთან რეჯეპ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა. რაისის თქმით, ირანსა და თურქეთს შეუძლიათ, გააძლიერონ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები, რამაც სტრატეგიულ დონეს უნდა მიაღწიოს. „ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში და ამ კონტექსტში უსაფრთხო იქნება სპეციალური ტარიფების განხილვა“, - აღნიშნა რაისმა. ირანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ირანის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო კულტურის, იდეოლოგიის თვალსაზრისით და უნდა იზრუნონ, რომ ურთიერთობა და თანამშრომლობა მაქსიმალურად მჭიდრო იყოს. მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთში, სირიასა და ერაყში არსებული ვითარება. თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვისაც აუცილებელია ირანთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება, გაძლიერება და რომ ორ ქვეყანას შეუძლია პროგრესის მიღწევა ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში. მან აშშ დაადანაშაულა რეგიონში ყველა ტერორისტული ჯგუფის წვრთნასა და შეიარაღებაში, მათ შორის ISIS-ისა და PKK-ის ჩათვლით.
დმანისთან ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დმანისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა, ოთხივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. Reuters-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხსაუკუნოვან ეკლესიაში 14 მეტრიანი კოშკი ჩამოინგრა. უძველესი კათოლიკური აკლესიის ნანგრევების ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორსა და კოლუმბიაში.
პრემიერი: ხანუქა რწმენის, განახლების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია
ხანუკა სამეახ! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხანუქა რწმენის, განახლების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. ღარიბაშვილის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს 26 საუკუნოვანი ძმობა აქვთ, რომლის ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება. „ჩემო ებრაელო ძმებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩემთვის დღეს აქ, თქვენთან ერთად, ჩვენს ძვირფას და საყვარელ ებრაელ თემთან ერთად ყოფნა და დღევანდელი დღის, ამ დიდებული დღესასწაულის აღნიშვნა დიდი პატივია. ხანუქა, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის რწმენის და განახლების დღესასწაული. ეს არის სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული, ეს არის სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძვირფასო მთავარო რაბინ, პატივცემულო რაბინ, ყველას მოგესალმებით. არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, ჩვენს ძვირფას ელჩებს, ბატონ შაფთაი ცურის, ყოფილ ელჩს და ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ბატონ რან გიდორს, ყველას მოგესალმებით და მთელი გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლაც უნიკალური, 26 საუკუნოვანი ძმობა გვაქვს, რომლის ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება. საქართველო თქვენი მეორე მიწა, ებრაელი ხალხის მეორე სამშობლოა. ჩვენ, ქართველებმა ყოველთვის ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ძმები და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ ჩვენს ძმობას, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს, რომელიც ჩვენ ორ ხალხს შორის არსებობს. ასევე მინდა ვთქვა, თუ რაოდენ გამორჩეული ფენომენია ქართველი ებრაელი. მე ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი მეგობარი მყავს და ვამაყობ მათით. ამ დარბაზში ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ვხედავ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმიტომ, რომ ისინი აძლიერებენ ისრაელს და ასევე ეხმარებიან მათ მეორე სამშობლოს-საქართველოს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა სინაგოგაში ხანუქას სანთელი აანთო. მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა მთავრობის მეთაურს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.თბილისის დიდ სინაგოგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, ისრაელის ყოფილი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი და თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მორდუხაშვილი.
სამხრეთ აფრიკელი ექიმი: „ომიკრონს“ ჯერჯერობით მსუბუქი სიმპტომები აქვს
„ომიკრონის“ სიმპტომები ჯერჯერობით მსუბუქია, ამბობს BBC-სთან სამხრეთ აფრიკელი ექიმი, რომელმაც კოვიდინფექციის ახალი ვარიანტი დააფიქსირა. ანჟელიკ კოეტზი აცხადებს რომ პაციენტებს, რომლებთანაც აქამდე ჰქონიათ კონტაქტი, „უკიდურესად მსუბუქი სიმპტომები“ აქვთ. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მმეტი დროა საჭირო, სანამ გავიგოთ დაავადების სერიოზულობა დაუცველი ადამიანებისთვის. BBC წერს, რომ რაც უფრო დიდხანს გავრცელდება ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი ვარიანტი გამოჩნდეს და საფრთხე შეუქმნას ვაქცინაციის პროგრამებს. ექიმმა, რომელმაც აღმოაჩინა Covid19-ის ახალი ვარიანტი, ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ზედმეტად პანიკაშია, ხოლო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვები უადგილოა. ამავე თემაზე: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა
აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე ირანელმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა 3+3 ფორმატში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ შეხვედრას მიესალმა და მას რეგიონში კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი, ეფექტური და კონსტრუქციული ნაბიჯი უწოდა. აშხაბადში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-15 სამიტის ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები. სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის სოჭში აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა და მის შემდგომ ხელმოწერილი დეკლარაცია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს 3+3 ფორმტაში თანამშრომლობის საკითხი. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ამავე თემაზე: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია
საპატრიარქომ ვაქცინაციაზე განცხადება გაავრცელა
საქართველოს საპატრიარქო კოვიდვაქცინის აცრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას. „საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებით ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა. შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია. კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია, მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
თეირანმა და ბაქომ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ირანის ტერიტორიის გავლით მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს
თეირანმა და ბაქომ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ირანის ტერიტორიის გავლით მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების თანდასწრებით აშხაბადში, სადაც პრეზიდენტებმა მანამდე მოლაპარაკებები გამართეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ირანის ტერიტორიის გავლით 1,5-2 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას.
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა
ყირგიზეთში 28 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. პარლამენტში ექვსი პარტია შევა. მთავრობის მომხრე სამმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, კიდევ სამმა კი ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ამომრჩეველთა აქტივობამ 32% შეადგინა. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 15 პირი დააკავეს კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით. 90-ადგილიან, ერთპალატიან პარლამენტში მანდატი 21 პარტიას და ასობით რეგიონულ კანდიდატს სურს.
იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
„ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე შეეხება ბიზნესმენებსა და უცხოელ სტუდენტებს. შემზღუდველი ზომები ძალაში 30 ნოემბრიდან შევა. იაპონიამ, თითქმის ერთწლიანი აკრძალვის შემდეგ, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები შეამსუბუქა და უცხოელ სტუდენტებს, 14-დღიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. აცრილებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღემდე იყო შემცირებული. იაპონური მედია წერს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის საფრთხის გამო, რომელიც შეიძლება, იყოს უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს.
ისრაელმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა
COVID19-ის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. ახალი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები მკაცრი კარანტინის რეჟიმს დაექვემდებარებიან და ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა, „შინ ბეთმა“ შესაძლოა, სატელეფონო საუბრები შეამოწმოს. ქვეყანაში დაბრუნებულმა ისრაელის მოქალაქემ „პისიარ“ ტესტი აეროპორტში უნდა გაიკეთოს და კარანტინში წავიდეს, სამი დღის შემდეგ კი „პისიარ“ ტესტი მეორედ უნდა გაიკეთოს. ორჯერ უარყოფითი პასუხი მოქალაქეებს კარანტინიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ის ადამიანები კი, რომლებიც მეორე ტესტს არ გაიკეთებენ, კარანტინში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან. ახალი წესების თანახმად, ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ და აეროპორტიდან სახლში კერძო ავტომობილით ან ტაქსით უნდა წავიდნენ. ისრაელში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.
კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, კლინიკაში დაიღუპა
კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში 2 ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა
პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული. სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გმობს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გმობს. რამაფოსა აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები გაუმართლებელია და იმედგაცრუებულია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააუქმონ აკრძალვები. სირილ რამაფოსას განცხადებით, მოგზაურობის აკრძალვებისთვის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა უსამართლო დისკრიმინაციის მსხვერპლია. „ერთადერთი, რასაც მოგზაურობის აკრძალვა გააკეთებს ისაა, რომ მეტ ზიანს მიაყენებს დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის მათ უნარს, რეაგირება მოახდინონ პანდემიაზე“, – განაცხადა რამაფოსამ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია - პენიტენციური სამსახური
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4477 პირი. გუშინ საქართველოში 20 068 ტესტი ჩატარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა. ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული. "ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს", - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.