ძებნის რეზულტატი:

ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო გახდა

კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა. "კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა შემდეგ დაწესებულებებში შესასვლელად: სასტუმროები; ბარები და რესტორნები (დახურული სივრცე);- სპორტული დარბაზები და ცენტრები; მოხუცთა სახლები; ღამის კლუბები; მუსიკალური ფესტივალები (დახურული სივრცე); ღონისძიებები და დღესასწაულები, რომელიც ტარდება სასტუმროებისა და რესტორნების დახურულ სივრცეში;ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში", - ავრეცლებს საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში.

ბიძინა კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვნახე

"ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი",– ამის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მისი თქმით, გაუგებარია, რისთვის არის საჭირო ორმაგი – გარე და შიდა მოხმარების კოვიდ პასპორტები საქართველოში. “განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”, - აცხადებს კულუმბეგოვი. კითხვაზე, რა გავლენა ექნება მწვანე პასპორტების შემოღებას საქართველოში და იქნება თუ არა მოტივაცია ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, კულუმბეგოვი ამბობს, რომ დიდი გავლენა მწვანე პასპორტს აცრის პროცესზე სავარაუდოდ, ვერ ექნება. მისი განმარტებით, 800 ათასზე მეტ მოქალაქეს ოფიციალურად გადატანილი აქვს კოვიდი, ხელისუფლებამ კი ისინი აცრისგან პრაქტიკულად გაათავისუფლა. "შეიძლება, ეს იყოს 5 ან 10- პროცენტიანი მიხმარება და მეტი არ იქნება იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 50% უკვე იმუნურია, ან გადატანილი აქვს, ან აცრილია”, - აცხადებს კულუმბეგოვი. ცნობისთვის, საქართველოში, კოვიდგადატანილები უვადო მწვანე სტატუსით ისარგებლებენ.

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს

კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის" 111 903 ლარით დააჯარიმებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის”გამოეხმაურა. კოალიციის წევრი ორგანიზაციები “კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს საგანგაშოდ მიიჩნევენ". "სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიციას მიაჩნია, რომ “მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. განცხადების თანახმად, 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია „მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა. „25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას. რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს „მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ: „მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო. 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა', - აცხადებს კოალიცია.

სოჭში, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სოჭში უმასპინძლა. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში განაგრძო. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეები სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, მომდევნო კვირას მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები შეიკრიბებიან. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მხარეების მოთხოვნით, რუსეთის ხელშეწყობით განხორციელდება. თავის მხრივ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანა მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს. „რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის საკითხს, ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერას. საზღვრების დელიმიტაცია არ შემდგარა. ამიტომაც, საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყოთ. სომხეთს საჯაროდ ვთავაზობდით სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას, რომ ბოლო მოვუღოთ დაპირისპირებას და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ვაღიაროთ“, - განაცხადა ალიევმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აშკარაა, რომ რუსი სამშვიდობო ძალები და რუსეთის ფედერაცია მთავარ როლს თამაშობს ვითარების სტაბილიზაციაში მთიან ყარაბაღში და ზოგადად რეგიონში. "თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, სიტუაცია არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ჩვენ გვსურს. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა. ინციდენტები იყო, როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ჩვენი შეფასებით, აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა. რა თქმა უნდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები არ არის დემარკირებული, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი არსებობს - ეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსის ახალი შტამის სახელი "ომიკრონი" იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. ჯანმომ ახალ შტამს „შემაშფოთებელი“უწოდა. სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს. ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ. ომიკრონი დადასტურდა ევროპაშიც, ბელგია პირველია, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა. ახალი შტამი დაფიქსირდა ისრაელშიც. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ისრაელმა, იაპონიამ, კენიამ, სინგაპურმა, კანადამ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები შეზღუდეს. ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ აშშ-ც შეუერთდა. ანალოგიური ზომის მიღებას სთხოვს ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს. სპეციალისტები, მათ შორის ჯანმოს ექსპერტები ახალ ვარიანტს სიღრმისეულად სწავლობენ.

შავ ზღვაში აშშ-ის ნაღმოსანი ესკადრონი შევიდა

შავ ზღვაში აშშ-ის მრავალფუნქციური საესკადრო ნაღმოსანი „არლი ბერკი“ (USS Arleigh Burke) შევიდა. აშშ-ის მეექვსე ფლოტის ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ნაღმოსანი, NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად იმოქმედებს, რომლის მიზანიც „საერთაშორისო საზღვაო მარშრუტისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონში“ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის სამხედრო გემი „არლი ბერკი“ წარმოადგენს მსოფლიო ზღვებში უსაფრთხოებისა და თავისუფლებისადმი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთგულების ამაყ სიმბოლოს“, - განაცხადა ნაღმოსნის მეთაურმა პატრიკ ჩეპმენმა. ნაღმოსანი ესკადრონი „არლი ბერკი“ AEGIS-ის სისტემის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ფლაგმანი გემია. მას არამხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, არამედ 2000-2001 წლებში ხმელთაშუა და წითელ ზღვებში, ასევე სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ისფაჰანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ისფაჰანში ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დემონსტრანტებმა რეგიონში არსებულ წყლის დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება გააპროტესტეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს, რის გამოც პოლიციას ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენება მოუწია. ისფაჰანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები ორივე მხარეს არიან, თუმცა მათი რაოდენობა არ გასაჯაროებულა. ადგილობრივი ფერმერები რამდენიმე წელია, აპროტესტებენ ზაიანდეჰ რუდიდან წყლის სხვა რეგიონებისთვის მიწოდებას, რის გამოც საფრთხე ექმნება მათ მეურნეობას და ძირითად საარსებო წყაროს.

კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. კახა კუჭავას განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. "შევეცადეთ, გვეპოვა ფორმა, რომელიც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი. ყოველთვის ჰქონდათ დეპუტატებს საშუალება, ჩვენ გვქონდა ფრაქციებთან კომუნიკაცია და არა მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის, ყველა დეპუტატი, ვისაც სურვილი ჰქონდა, მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ სააკაშვილი. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, ეს ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს; შესაბამისად, გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება, სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა, შეშვების სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა – დეპუტატების შეშვების. მე ვიცი, რომ დღეს დილიდან შეხვედრა იყო როგორც პარლამენტის მხრიდან – მიხეილ სარჯველაძე, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და როგორც ვიცი, უკვე შეთანხმდნენ იმ ბრძანების ფორმატზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკვე შეუფერხებლად შევიდნენ. თუ არ ვცდები, დღეს უკვე მოახერხა ერთმა დეპუტატმა შესვლა ან აპირებს შესვლას – ეს დეტალები აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა, ჩანაწერი კანონში რაც არის, იმ ფარგლებში პირდაპირ გორის ჰოსპიტალში შესვლა გამორიცხული იყო, ჩემი უფლებამოსილებით და ბრძანებით განსაზღვრულიყო, ამიტომ შევეცადეთ, გვეპოვა ის ფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი“,-განაცხადა კუჭავამ.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა არიან NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან

"საქართველო და უკრაინა არიან ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბრიუსელში ორდღიან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში. გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინაში, ასევე ბელარუსის საზღვრის გარშემო განვითარებული მოვლენები. ,,მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას რიგაში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას. ორივე ქვეყანა არის ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან და ვაფართოებთ თანამშრომლობას და მივესალმებით როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წვლილს ნატოში“, - განაცხადა მან.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის - 9.01% ხოლო 7 დღის - 9.03%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 225, შიდა ქართლი - 354, გურია - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333, კახეთი - 257, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 601, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 394. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 255 - აჭარაში. 41 269 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 56 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.

კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 3 ადამიანი

კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ენტონი ბლინკენი NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს

მომდევნო კვირაში დაგეგმილ NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა. დონფრიდის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მთიანი ყარბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებული კრიზისის შესახებ საუბარს გეგმავს. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრა რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე გაიმართება. გარდა ამისა, დონფრიდის განცხადებით, მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა შესაძლო ქმედება იქნება განხილული და NATO-ს წევრების გადასაწყვეტი იქნება, რა სახის ნაბიჯების გადადგმა სურს ალიანსს რუსეთთან მიმართებით.

სოზარ სუბარი: გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების საშუალება არ მისცემოდათ

"დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოიყენეს კონსტიტუციით მიცემული შესაძლებლობა და ოპოზიციას არ მისცეს ბიუჯეტის ჩაგდების საშუალება. „ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა! ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ. იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად მიღწიონ! გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან!“, – განაცხადა სუბარმა. ცნობისთვის, გუშინ, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ასევე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ. საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობდა ორგანიზებული საპროტესტო აქციები. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო

"ქართული ოცნების წევრი" და პარლამენტის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო. ამის შესახებ მან "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, შეძლო თუ არა ხელისუფლებამ 5 ივლისს, სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები, პაპუაშვილი პასუხობს: "სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები". ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამო თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ადამიანებს ესხდმოდნენ თავს. მათ დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი, ასევე ეცადენენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შევარდნასაც და იმ შენობის სადარბაზო დააზიანეს, სადაც ოფისი იყო განთავსებული. ცნობისთვის, 5-6 ივლისს აქციებზე თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო და უკრაინა NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან.

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან. ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამასთან, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ზემოთ აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთებლობისთვის. ცვლილებებით, წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას ჯარიმა განსაზღვრულია – 50 ლარის ოდენობით.

ბათუმისა და ზუგდიდის ბიუჯეტების დამტკიცების საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც იურისტებთან, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატებთან“. პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოება 26 ნოემბერს მომსწრე გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცების მორიგი ფაქტისა, რაც უპასუხოდ არ დარჩება. ცნობისთვის, გუშინ, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ასევე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ. საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობდა ორგანიზებული საპროტესტო აქციები. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ევროკავშირი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს კრძალავს

ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელსაც "ომიკრონს" უწოდებენ. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი აცხადებს, ბლოკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები აკრძალონ მას შემდეგ, რაც ახალი შტამის პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. აკრძალვა შეეხება ბოტსვანას, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკას, ზიმბაბვესა და ესვატინის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. თუმცა მეცნიერების თქმით, მათ ვირუსის ახალ მუტაციასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი აქვთ შესასწავლი. პირველადი მონაცემების შედეგად კი WHO-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში სხვა შტამებთან შედარებით რეინფიცირების უფრო მაღალი რისკი არსებობს.

ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, კოვიდსაშვი მეტროსა და ავტობუსებშიც ამოქმედდება

"მწვანე პასპორტი" არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი", - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუბეგოვმა, "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა. - სწორად მოხდა, თუ არა პრიორიტეტების განსაზღვრა "მწვანე პასპორტების" შემთხვევაში? ​- "მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება". - რა სეგმენტში უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო? - "სავალდებულო ვაქცინაცია მსოფლიოში არ არის და ჩვენთანაც ვერ იქნება, თუმცა რაღაც სეგმენტებში ჩვენ, ექიმები ამას მხარს ვუჭერთ, მაგალითად სამედიცინო ნაწილში და თუნდაც 65 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში, როგორც ეს თუნდაც საფრანგეთმა გააკეთა". - ეთანხმებით, თუ არა არსებულ რეგულაციებს, გაქვთ თუ არა, რაიმე რეკომენდაცია ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან? - "მთავარი აქცენტი არსებული რეგულაციების აღსრულებაზე უნდა გაკეთდეს, ვიდრე ახალი რეგულაციების შემოღებაზე. ამიტომ, რაც არის ნეტავ ის აღსრულდეს, ამას ვისურვებდით. ერთადერთი გამოსავალი კი ამ ეტაპზე ვაქცინაციის მაქსიმალური წახალისებაა,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში აფეთქებები ტყვია-წამლის ქარხანაში მოხდა

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ტყვია-წამლის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არის დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მოიპოვება, მიაჩნიათ სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეხანძრეთა ქვედანაყოფები. ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აფეთქებების ადგილას ხანძარი გაჩნდა. ქარხნის პროდუქციის მესამედს შეადგენს თავდაცვითი პროდუქცია, დანარჩენს - ძირითადად სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები და საწარმოო ქიმია.