ძებნის რეზულტატი:

რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან იხსნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება. „რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა მან. ცნობისთვის, რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაციის ნიშნებია, თუმცა სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაციის ნიშნებია, თუმცა სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის იმისი საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი განიტვირთოს. „ეპოდემიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3 000-ზე მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული პერიოდის იმავე მაჩვენებლებთან შედარებით. გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი.

თამარ გაბუნია: გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის

"გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის", – ამის ესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველ დეკემბრამდე ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია უსასყიდლოდ. გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის. შესაძლოა, ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, პაციენტი თუ მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარკვეული ინტერვალი, ესეც დასაშვებია და შესაძლებელია ამის გაკეთება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გიორგი ღიბრაძე განმარტავს, ვის ენიჭება "მწვანე სტატუსი"

"მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა; გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე", – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. ღიბრაძის თქმით, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს "მწვანე სტატუსი" ექნება მუდმივად. „კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის "მწვანე სტატუსი" და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში, აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, ადამიანს თუ აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“-ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამირან გამყრელიძე: "მწვანე სტატუსის" საკითხი შესაძლოა, გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, „მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.

კახა კალაძე: სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობას დღეიდან უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის საკრებულოს თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინება. „დღეს, უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის მთავრობის სხდომა, თუმცა გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. როგორც იცით, მაქვს პატივი, ვიყო თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი. ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ თბილისელს, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა! ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და გვერდით გვედგა. ამასთან, გაცნობებთ, რომ თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება. სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თამარ გაბუნია: საჭიროა მეტად თანმიმდევრული კამპანია, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს

"საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. „ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით", - განაცხადა გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: თავისი სურვილით ალბათ აიცრება კიდევ 5-6%, დანარჩენი უნდა დავარწმუნოთ, ან დისკომფორტი შევუქმნათ

თავისი სურვილით ალბათ აიცრება კიდევ 5-6%, დანარჩენი უნდა დავარწმუნოთ, ან დისკომფორტი შევუქმნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეისთვის აცრილი გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 34,5%. დამატებითი რესურსია, რომ თავისი სურვილით აიცრება კიდევ 3-4-5-6%. დანარჩენი კიდევ უფრო მეტად უნდა დავარწმუნოთ, ან შევუქმნათ დისკომფორტი, რომ ის ვერ შევიდეს რიგ დაწესებულებაში მწვანე პასპორტის გარეშე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კითხვაზე, დღეს სახელმწიფოსთვის ვაქცინაცია არის თუ არა ნომერ პირველი პრიორიტეტი, გამყრელიძე პირდაპირ მედიას არ პასუხობს. „ჩემი აზრით და მე ამას ვიცავ, სახელმწიფოში ვაქცინაცია უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გლდანის ციხეში პატიმარი ეგორ გრეგენკო გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს, გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს.

Reuters-ი: რუსეთი და უკრაინა საბრძოლო მზადყოფნას წვრთნებით აძლიერებენ

მას შემდეგ, რაც კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის გამო განგაში ატეხეს, რუსეთმა უკრაინის სამხრეთით, შავ ზღვაში სამხედრო წვრთნა გამართა. ოფიციალურმა რუსეთმა განაცხადა, რომ მას აუცილებლად სჭირდება თავისი კონვენციური და ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდა. მიზეზად კი თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ქვეყნების მზარდი აქტიურობა“ დაასახელა. შავ ზღვაში წვრთნისას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და გემები სამხედრო-საზღვაო ბაზებზე შეტევის მოგერიებას და საპასუხო საჰაერო დარტყმებს ამუშავებდნენ. ამასობაში საკუთარი სამხედრო წვრთნა ჩაატარა ჩრდილოეთის საზღვარზე უკრაინამაც. ოფიციალური ინფორმაციით, მათი მიზანია გაზარდოს მზადყოფნა იმ შემთხვევისთვის, თუკი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი უკრაინის ტერიტორიაზე გადავა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა ოთხშაბათს Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმა "რუსეთის სერიოზული შეცდომა" იქნება.

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მზადაა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მზადაა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ უკრაინული მედია კოალიციურ შეთანხმებაზე დაყრდნობით იუწყება. „ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ვიმუშავებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარებისთვის. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, ევროკავშირთან უფრო დაახლოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში შემდგომი რეფორმების გზით", - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში. გერმანიაში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზე 24 ნოემბერს შეთანხმდნენ. მთავრობის სრული შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის წევრები ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერი ძლიერი გზავნილებით საქართველოში ჩამოვლენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მიგრანტთა კრიზისი განიხილა. შესაბამისი ტექსტი შარლ მიშელის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი ახლოდან აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების თავმოყრას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით, რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. მიშელმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მდგრადობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს ევროკავშირის ინტერესია.

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

თანამდებობაზე დანიშვნიდან 12 საათზე ნაკლები დროის შემდგომ, შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, სოციალ - დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა იმედოვნებს, რომ პოსტს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მაგდალენა ანდერსონის გადადგომის მიზეზი "მწვანეთა პარტიის“ მიერ კოალიციის დატოვებაა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა ჩააგდო კოალიციის ბიუჯეტის კანონპროექტი. შვედეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი 54 წლის ასაკში გახდა. კანდიდატურას პარლამენტმა მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს კოალიციური შეთანხმების გაფორმება საკანონმდებლო ორგანოს მემარცხენე პარტიასთან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი დაინტერესდა 3+3-ის მექანიზმის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებით

"რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. ამასთანავე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. "კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას", - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. ცნობისთვის, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით", - განაცხადა პიტერ სტანომ. ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

იტალია არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ, COVID19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 დე­კემ­ბრი­დან რეს­ტორ­ნებ­სა და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში წას­ვლი­სა და სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის, ან COVID19სგან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი აქვთ. ამას­თან, მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს. სააკაშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. "დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა. ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით, მე არ მეძლევა არანაირი შესაძლებლობა, ჩავერთო ქართველი ხალხის გადამწყვეტ ბრძოლაში ბნელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვნო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემს მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო. მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს. სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას. რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას. შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს. ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა", - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მთავრობა ქვეყანაში მოკლევადიანი ლოკდაუნის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე -ღამეში სლოვაკეთში COVID19-ის 10 315 შემთხვევა აღირიცხა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის სლოვაკეთი ყველა დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის 45 პროცენტი.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4804 ადამიანი. გუშინ საქართველოში 52 987 ტესტი ჩატარდა.

ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო

"ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენ ხანს გვაძლევს კორონავირუსი გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტს, დამცველობითი ძალა არის 6 თვე", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით ჩხაიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება. „ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს საქართველოში გამოყენებული. პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ. ამასთან, მან ზოგიერთ ჯგუფებზე შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციაზეც ისაუბრა. „“მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება არა 15 ნოემბერს, არამედ 1 -ელ ნოემბერს რომ შემოგვეღო, ესეც შესაძლებელი იყო. ადრე თუ გვიან, ალბათ, ვაქცინაციის პროცესში ვალდებულების კომპონტენტის დამატებაზე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. ეს არაპოპულარული გზაა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. შერჩეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, თუნდაც სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მარტივი და ლოგიკური ნაბიჯია. არ მინდა მე იმ ექიმთან მივიდე, რომელიც არ არის ვაქცინირებული. არ მინდა მივიდე კუჭის ტკივილით და წამოვიდე კორონავირუსით ინფიცირებული“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

კარლ ჰარცელი: სახალხო დამცველი და მისი ოფისი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობენ

"სახალხო დამცველი და მისი ოფისი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა. „ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაკონტროლების ფუნქცია. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შეფასებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვნახეთ, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა,“- განაცხადა ელჩმა.