ძებნის რეზულტატი:
DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება
"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება", - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. ამასთან, DRI მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე აწარმოონ ობიექტური გამოძიება და დააკავონ 5-6 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი პირები. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმაურება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების არაეფექტურობას, უსაფუძვლოდ გაჭიანურებასა და გაუმჭვირვალობას. გარდაცვალებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.[1] "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, „სირცხვილიას” ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ამავე მუხლით გრძელდება. სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად 4 საქმე განიხილება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვაში ბრალდებულია 6 პირი. წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი. საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.გარდა ამისა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობის შესახებ ცნობილია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, საგამოძებო ორგანოებისთვის. გამონაკლისია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.[2] ექვსივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილია შემდეგი ბრალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იარაღის გამოყენებით), 156-ე მუხლის (დევნა) მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი - დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 118-ე მუხლის მესამე ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჯგუფურად, 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - მხოლოდ ერთი ბრალდებულის ც.ჩ.-ის მიმართ) მეოთხე ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.
NDI 2021 წლის არჩევნებზე: როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზის საფუძველზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ორგანიზაციის შეფასებით, პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იყო გაშვებული. ამასთან, საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. „2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს პარტიების დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნავს NDI. ორგანიზაციის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. „საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იქნას უზრუნველყოფილი“.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას, განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობა რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის სუვერენული უფლება და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ალიანსის გენერალური მდივნის პირადი ძალისხმევა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
NDI: სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები
NDI 2021 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნაში რეკომენდაციებზე მიუთითებს. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჰიპერ-პოლარიზაციის შემცირებისთვის აქტიური ძალისხმევა უნდა გაიღონ და ინკლუზიურ და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ საკანონმდებლო და მმართველობით პროცესებში ჩაერთონ. „უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები. ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს მუშაობა უფრო ინკლუზიური საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქის თანაბარი შესაძლებლობები და წარმომადგენლობა უზრუნველყოს. კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომიიყოს. კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომიიყოს. ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ ის არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება. თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში მაქსიმალურად აისახოს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები, ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდეს ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ქართული მხარისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცებას, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ევროკომისარ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი ბოლო ვიზიტისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად დგამს ნაბიჯებს შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ამ ძალისხმევაში ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკომისიაში გამართული შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. ამავე თემაზე: ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს
არჩილ თალაკვაძე: NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ოპოზიციასთან იმუშაოს. თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადყოფნას გამოხატავს, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან პარლამენტში, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი, კერძოდ - "ნაციონალური მოძრაობა" სხდომებზე წარმოდგენილი არ არის. "შესაბამისად, როცა გენერალური მდივანი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, ვინაიდან ხელისუფლებას გამოხატული აქვს მზადყოფნა უკვე წლების განმავლობაში ყველა იმ პარტიასთან პარლამენტში სამუშაოდ, ვისაც აქვს მზადყოფნა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე ტიპის პროცესში ჩაერთოს. ხელისუფლებამ მიიღო კონკრეტული დემოკრატიული გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, როცა ჩვენი პარტნიორები სვამენ საკითხს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, ხელისუფლებას აქვს თავის სათქმელი გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ბანაკს ეს სათქმელი არ აქვს და ცდილობენ ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას, განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
იენს სტოლტენბერგი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებაზე მუშაობა გაგრძელდეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა, ასევე რეგიონში უსაფრთხოების ვითარება. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მისი პარტნიორების მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში NATO-ს ძალისხმევაში წვლილისთვის წლების განმავლობაში. გენერალურმა მდივანმა ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე უკრაინაში და მის გარშემო და მის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე შავი ზღვის რეგიონში. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მომავალი რუსული აგრესია ძვირი დაუჯდება რუსეთს და სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება მისთვის. ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა საქართველოს შიდა რეფორმებზე და წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს“.
საპატრიარქო პრეზიდენტის ინიციატივაზე: მისი უწმინდესობაც და ეკლესიაც დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე
15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საპატრიატრქოს ცნობით, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. „მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - იტყობინება საპატრიარქო. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა
ელენე ხოშტარია: ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივალთ, მათ მხარს დავუჭერთ
"მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა ოპოზიციაში", - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ, რათა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ. "ერთის მხრივ, ჩვენ პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით", - განაცხადა ხოშტარიამ.
ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის რეგიონში კავშირების განმტკიცება ჩვენი პრიორიტეტია
„შავი ზღვის რეგიონში კავშირების განმტკიცება ჩვენი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით. „დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი განაგრძობს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს
ესტონეთის პრემიერი: რუსეთს სიტყვა არ ეთქმის იმაზე, თუ ვის აქვს ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანების უფლება
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ვუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. კაია კალასის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება, ვინმეს მიუთითოს, ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება. „მიგვაჩნია, რომ რუსეთს სიტყვა არ ეთქმის შემდეგ საკითხებზე: როგორ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის საზღვრებს ან ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება. ძალიან მყარად ვდგავართ ამ საკითხთან მიმართებით. ვისაც სწრაფად მოქმედება სურს, უნდა ჰქონდეს ამის უფლება. თუმცა, ამავდროულად, ეს დათქმა ქვეყნებში რეფორმების განხორციელებასაც გულისხმობს. მე ესტონეთიდან გახლავართ და ეს გზა ჩვენ გამოვლილი გვაქვს. ამას განა იმიტომ ვაკეთებდით, რომ ევროკავშირი გვთხოვდა? ეს ჩვენივე ქვეყნისთვის იყო საჭირო. ჩვენი სასამართლო სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, სამართლის უზენაესობის პრინციპი დამკვიდრებული უნდა იყოს, რათა ინვესტორებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ნდობა გამოუცხადონ; არც ოპოზიცია უნდა იყოს შევიწროვებული და ზოგადად - დემოკრატია უნდა მუშაობდეს", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დავით ზალკალიანი: უაღრესად დროული და საგნობრივი განხილვა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის
"უაღრესად დროული და საგნობრივი განხილვა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია იმაზე, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით და იმ ახალი გეოპოლიტიკური სურათის ფონზე, რაც იქმნება რეგიონში, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და NATO-ს რეაქცია. „მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ NATO-ს გაფართოება და NATO-ში ინტეგრაცია, ეს არის სწორედ იმ ქვეყნის, ვისაც აქვს ამის სურვილი და ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და რაც არის მკაფიოდ გაწერილი NATO-ს შესაბამის წესდებაში, სწორედ ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ასევე მკაფიოა ჩვენი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მკაფიოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასრულებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო მიზნის მისაღწევად NATO-ში გასაწევრიანებლად, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს საქმიანობაში NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამის ნათელი დასტური იყო ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ამის ნათელი დასტურია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაცია და ამის ნათელი დასტურია ის, რა შეფასებებიც ჩვენ მივიღეთ თუნდაც რიგის ბოლო მინისტერიალზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა NATO-სკენ, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, უნდა განვახორციელოთ რეფორმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის გაძლიერების კუთხით, იმისთვის, რომ ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი მომწიფდება NATO-ს წევრებს შორის. ასე რომ, ჩვენი გეგმები NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით არ იცვლება და ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას, განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
რა საკითხები განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღინიშნა მჭიდრო პარტნიორობა და ესტონეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახლახან მიღებული საქართველო-ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის 2021-2024 წლების სტრატეგია, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურების და სისტემების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მეწარმეობის მხარდაჭერა, განვითარების პროექტებში კლიმატსა და გარემოზე ფოკუსირება. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ პოლიტიკურ დიალოგზე და პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოლოდინია სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ალიანსის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. კაია კალასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ირაკლი კობახიძე: მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი
"ერთადერთი, რაზეც ჩვენ მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია გვაქვს, არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილეს და ოპოზიციას მათი პოზიცია აინტერესებდა, თუმცა, საჯაროდ დეტალებს ვერ დააკონკრეტებს. "ჩვენ გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ გვაქვს მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. ჩვენ მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებზე, რეალურად, თემა მაშინ იყო დახურული, შემდეგ იყო ცნობილი შეთანხმება, ანულირება, ვირტუალური 43 პროცენტი. ეს ვირტუალური ბარიერიც გადავლახეთ და ავიღეთ 47 პროცენტი, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის დახურული, მათ შორის, ეს ბუნებრივია უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებში,"- განაცხადა კობახიძემ. ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას შეხვდა.
გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებაში“ გვეუბნებიან, რომ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებსა და ოპოზიციას შორის დახურულ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. გიორგი ვაშაძის განცხადებით, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან. „გვინდოდა, გაგვეგო, „ქართულ ოცნებას“ რა უნდა საკონსტიტუციო ცვლილებიდან, ეს ჯერ ვერ დავადგინეთ. ამბობენ, 2024 წლიდან ამოქმედდეს 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და 2024-2028 წლებში 2-პროცენტიანი ბარიერი იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელეთ. ბარიერის გარდა, არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც, რაზეც ვიმსჯელეთ. პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რასაც გვეუბნებიან, 2-პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე – ვთქვათ, ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს მაგალითად 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1-პროცენტიანი ბარიერი და 120/30-ზე პრინციპი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისათვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.
პრემიერი: შარლ მიშელს რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრისას დაუდასტურა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“, - წერს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ძლიერი გზავნილების დაფიქსირებისა და საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და მათი გაგრძელების მნიშვნელობას.
ვახტანგ გომელაური Pfizer-ის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი Pfizer-ის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც. „შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის პროცესში, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისთანავე ჩაერთო. მან, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად Sinopharm-ის პირველი დოზა მიმდინარე წლის 5 მაისს გაიკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, პროცესის დაწყებისთანავე თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის კაბინეტები მოეწყო, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან Pfizer-ის, Sinovac-ის, ან Sinopharm-ის ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ „დოზებით“ ვაქცინაციის პროცესი“, - იუწყება შსს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განიხილეს
25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთმაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამ შეზღუდვებს ითვალისწინებს კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დღეს გამართულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, „კანონის მიღება შეზღუდავს ონლაინ ტოტალიზატორების და ონლაინ კაზინოების ოპერირებას და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები, რადგან ლუდომანია არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას“. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვიაში მონაწილეობდნენ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ონლაინ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, ტელემაუწყებლების, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები. „ამ კანონპროექტის შემუშავების მამოტივირებელი არ არის ეკონომიკური მიზანი, მისი შემუშავების მოტივი არის უფრო პოლიტიკური, იმიტომ, რომ ლუდომანიის პრობლემა, რომელსაც განიცდის საზოგადოება, არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ის სარგებელი, რაც სპორტის დაფინასების თუ დასაქმების ნაწილში მოაქვს ამ სფეროს. ეს არის ჩვენი მიდგომის პრინციპი. სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა საკითხის განხილვისას. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში“, „რეკლამის შესახებ“ კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა და ის პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
კელი დეგნანი: პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური დევნის შესახებ აღქმის არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ
პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური დევნის შესახებ აღქმის არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და, რა თქმა უნდა, კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი. ვიმედოვნებ, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნეს კონტაქტებისა, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, როდესაც „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ნიკა გვარამიას საქმეებზე ჰკითხეს. „ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლეა, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ აღსრულებას უჭერს მხარს. და ეს ადამიანები მართლმასჯულების სისტემის ის წევრები არიან, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამოვნებით უჭერს მხარს თავიანთ ძალისხმევაში, გაძლიერდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად და თანაბრად ყველა ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება $17 მილიონის ე.წ. გათეთრებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, 12 წლის წინ „თიბისი ბანკმა“ ახლობელ კომპანიებზე გასცა სესხი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ბანკის დამფუძნებლებმა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს. ამავე თემაზე: მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია