ძებნის რეზულტატი:

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, გზის პროექტირების სამუშაო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ასევე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო 16.6 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა მართლმსაჯულება პროფესიონალურად და მიუკერძოებელად განხორციელდეს

აშშ მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა მართლმსაჯულება დროულად, პროფესიონალურად და მიუკერძოებელად განხორციელდეს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღევანდელი შეხვედრა არის კარგი მაგალითი, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად სამუშაო უწყვეტად მიმდინარეობს. დღეს შეიკრიბნენ მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები პროკურორები, მოსამართლები და ადვოკატები, იმისთვის რომ იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ და გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, რათა სასამართლო პროცესები არ გაჭუანურდეს და ადამიანებს დროული, მიუკერძოებელი სამართალწარმოების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ, საელჩო რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მცდელობას და აშშ ამაყია იმით, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების გაგრძელებას. არსებობს ნათელი გზამკვლევი, რომელზეც ქართველმა ლიდერებმა უკვე იმსჯელეს და მოილაპარაკეს. ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციებმა პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინეს. ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს მეტ ნდობას გაუჩენს სასამართლო სისტემის მიმართ“, - აღნიშნა ელჩმა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ. საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას სამხარაძემ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებში არის აღქმა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით კონკრეტული წინადადებები შემუშავებული არ არის. „ვაშინგტონში ვიზიტისას ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვქონდა აზრთა თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რომელზეც ყველა ლაპარაკობს დღეს, არ არის კონკრეტული წინადადებები შემუშავებული და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ ამის აღქმა ხდება ჩვენს პარტნიორებში. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება იყო, იმის გამო, რომ კონკრეტიკა ამ სასამართლო რეფორმას არ აქვს, გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი იმის, თუ რა გაკეთდა აქამდე, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამაში ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი მოსამართლეები ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან და ამ ანალიზის შედეგად, ვნახოთ, თუ კანონში რამე არის შესაცვლელი, შევცვალოთ. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველთან არსებულ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N4 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ ცნობილია. ომბუდსმენის მიერ შექმნილი ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც ცნობილია, 12 დეკემბერს, ჯგუფმა რიგით მეოთხე ვიზიტი განახორციელა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები: „ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები. ანემია - რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია. სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული. საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი. არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ. რეკომენდაციები პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია: პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა. ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით. ფიზიკური რეაბილიტაცია ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ხაზგასასმელია ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის სრულფასოვანი თანამშრომლობის მზაობა. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინდისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. ამავე თემაზე 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

კელი დეგნანის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც პოლარიზაციის დასრულებას შეუწყობს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და მოაგვარებდა ქვეყანაში არსებულ ღრმა დაყოფას, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან. „ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან ნათლად აღწერა სიტუაცია საქართველოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მან მოუწოდა ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ და ასევე დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გაჯანსაღების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და ქვეყანაში არსებული ღრმა დაყოფის მოგვარებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა, წინ წამოწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ იმისთვის, რომ შეამცირონ პოლარიზაცია და ხელი შეუწყონ ნამდვილად ინკლუზიურ მმართველობას. ეს იქნებოდა დამაიმედებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც დაინახავენ, რომ პარლამენტის წევრები იმ საკითხებზე მუშაობას შეძლებენ, რისთვისაც აირჩიეს მოქალაქეებმა. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ნამვილად აფერხებს საქართველოს პროგრესს და სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს დიალოგის დასაწყებად, რომელიც გააჯანსაღებს ამ ქვეყანას და შეამცირებს ღრმა პოლარიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს

ბრიტანეთი ახალ კოვიდვაქცინას ტესტავს, რომლის გამოყენებაც ნემსის გარეშეა შესაძლებელი

ბრიტანეთი ახალ კოვიდვაქცინას ტესტავს, რომლის გამოყენებაც ნემსის გარეშეა შესაძლებელი. BBC-ის ცნობით, ცდაში 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მონაწილეობენ. ვაქცინა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონათან ჰენიმ და DIOSynVax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შეიმუშავეს. სპეციალისტების თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი უნივერსალური კოვიდვაქცინისკენ, რომელიც დაგვიცავს არამხოლოდ Covid19-ის არსებული ვარიანტებისგან, არამედ მომავალი შტამებისგან. „ვაქცინის ახალ ტექნოლოგიას შეუძლია, ფართოდ დაიცვას ადამიანები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა პროფესორმა საულ ფაუსტიმ.

უკრაინის რადამ წვრთნებში უცხოური ჯარების მონაწილეობას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2022 წელს, წვრთნებში უცხოეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას ითვალისწინებს. მანამდე დოკუმენტი პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს უკრაინაში 10 ძირითადი სამხედრო სწავლება იგეგმება. უკრაინა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, აძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას დასავლეთის ქვეყნებთან იმ ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, დიდი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდეს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

პარლამენტმა ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებების განხილვა დაიწყო

ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი ისევ იცვლება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ახლებურად განისაზღვრება პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. „ცვლილებების განხორციელებისთვის რამდენიმე გარემოება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის, რომ მაaისში რუსთავის სამაჟორიტარო ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები, თუმცა, ცესკოს არსებულ შემადგენლობაში თავმჯდომარეს და ორი პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრს, რომლებიც 6 თვით არიან არჩეული, ვადა თებერვალში ეწურებათ. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ შუალედურ არჩევნებს ცესკო არასრული შემადგენლობით შეხვდება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ამავე თემაზე: ცესკოს ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს

პრეზიდენტი: თანამედროვე ხელოვნებას მეტი ყურადღება სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მე-13 ფესტივალის ,,ფესტინოვა” - 2021 ფრანგული პავილიონი გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და გამოფენის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს თანამედროვე ხელოვნების გამოფენის მოწყობისათვის და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თანამედროვე ხელოვნება საკმარისად არ არის დაფასებული, რაც ძალიან უცნაურია ზდანევიჩების ქვეყანაში. „მათი როლი და ის წლები, როცა თბილისი თანამედროვე ხელოვნების ავანგარდში იდგა, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ევროპულობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წლებია.ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიყავით ევროპელები სანამ მოგვივიდოდა ის, რაც მოგვივიდა. და მომდევნო 70 წელი ხელოვნების კუთხით სხვა მიმართულებაზე ვიყავით გადაყვანილი. ქვეყანაში ახალგაზრდობა ქართულ ავანგარდიზმს კარგად არ იცნობს და არც საზღვარგარეთ არაა გატანილი ისე, როგორც საჭიროა, როგორც ჩვენი ევროპულობის დიდი სიმბოლო და ნიშანი. თანამედროვე ხელოვნებას მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რასაკვირველია, ხელოვნებაში მემკვიდრეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსათვის და მომავალი თაობებისათვის, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხა ევროპულ ქვეყნებთან და რეგიონის ქვეყნებთან. ეს არის თბილისის დანიშნულება და ეს ფუნქცია თბილისმა უნდა დაიბრუნოს. ქალაქში ბევრი თანამედროვე გალერეაა და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, და მე მზად ვარ, პრეზიდენტის ფუნქციიდან გამომდინარე, მხარდაჭერა გავუწიო მათ, დავუთმოთ სასახლე და ვიყოთ იქ, სდაც ჩვენი დასწრება საჭირო იქნება. მგონია, რომ უნდა აღდგეს თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ,,თბილისი არც ფეარი", რომელიც ძალიან საინტერესო წამოწყება იყო და რომელმაც საქართველო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე მონიშნა, ეს საკმაოდ წარმატებული საწყისი პროცესი იყო და უფრო მასშტაბული ხასიათით უნდა აღდგეს” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გამოფენის გახსნას ორბელიანების სასახლეში ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი ტეა წულუკიანი, ,,არტ-ვილა გარიყულას წარმომადგენლები: ყარამან ქუთათელაძე და დავით კოროშინაძე,საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები. როგორც მინისტრმა გამოფენის გახსნისას აღნიშნა, ,,ფესტინოვა“ სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას. ,,არტ ვილა გარიყულა“ უკვე 20 წელიწადია თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 20 ქვეყანაზე მეტს მასპინძლობს. ფესტივალს წინ უძღვის 100 წლიანი ავანგარდული ტრადიცია, რომლის გაჩენაც თბილისში ძმები ზდანევიჩების მოღვაწეობას უკავშირდება.

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დროა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დასავლეთის მიერ პუტინის დაშოშმინებას არ უნდა შეეწირონ. „პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და არა ქართველებმა და უკრაინელებმა - მზად ვართ, დავემორჩილოთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტარტეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინების სტრატეგიამ არამხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ამის კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავალით და დასავლეთი დანებდა. ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით - მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ რუსეთის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ. ასევე უნდა წავიწიოთ წინ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას. 2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად NATO-მ მიიღო გადაწყეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, ამ დაშოშმინებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე 21-ე საუკუნეში და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის,15 დეკემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება.

ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტს დღეს, 2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელი უმასპინძლებს. ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან. აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა. ევროკავშირის განცხადებით, მას მზად აქვს 3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მოხმარდება „დემოკრატიულ ბელარუს“ (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება). „ბელარუსი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენთვის შთაგონების წყაროა“, - ეს იყო ბოლო გზავნილი ევროკავშირისგან ბელარუსზე. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად €30 მილიონს გამოყოფს პირველი სამიტია ასოცირებული ტრიოს ფორმატისთვის, რომელიც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2021 წლის მაისში დააფუძნეს. ამ ქვეყნების მიზანია ერთიანი ძალისხმევით ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. როგორც ცნობილია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე. Europetime-ის ინფორმაციით, სამიტის დეკლარაციაში მხარდაჭერა იქნება გამოხატული ასოცირებული ტრიოს მიმართ და ევროკავშირთან მათი ურთიერთობის გაძლიერებაზე. რა არის ევროკავშირის პრიორიტეტები დეკემბრის სამიტზე? რა მიზნები აქვს დასახული მომავალი წლებისთვის? სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ხუთი ძირითადი მიმართულების მხარდაჭერა - ეკონომიკა, მმართველობა, გარემო, დიჯიტალიზაცია და საზოგადოება. ეს პრიორიტეტები ეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარსულ მიღწევებს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. €2.3 მილიარდის ოდენობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა ამბიციური ინიციატივების ნაკრები თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის, კონკრეტული პრიორიტეტული პროექტებით, რომლებიც მიიღებენ ხელშესახებ შედეგებს, რაც გავლენას მოახდენს ადამიანებსა და ბიზნესებზე. ეს ინვესტიციები ფოკუსირებული იქნება სატრანსპორტო კავშირზე, მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე, ციფრულ გადასვლაზე, საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის მდგრადობაზე (ენერგოეფექტურობის ჩათვლით), ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და განათლების რეფორმებზე. ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები, ახალგაზრდების გაძლიერება.

აშშ-მ იტალია მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) იტალია მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. CDC ამერიკელებს ურჩევს, თავი აარიდონ იტალიაში მოგზაურობას, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში, დარწმუნდნენ, რომ სრულად ვაქცინირებული არიან და დაიცვან სოციალური დისტანცი/ატარონ პირბადე. CDC-მ ასეთ სიას გრენლანდია და მავრიკიც დაამატა.

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

„ახლა თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გადახედოთ თქვენს ხმოვან შეტყობინებებს, ვიდრე გააგზავნით“, - ასე წარადგინა WhatsApp-მა ახალი ფუნქცია. ტექსტის, აუდიოს, ვიდეოს და ფოტო ფაილების გაგზავნის გარდა, პოპულარული აპლიკაციის მომხმარებლებს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნამდე მისი მოსმენა შეეძლებათ. WhatsApp-ი 2009 წელს, აშშ-ში შეიქმნა. 2014 წლის 19 თებერვალს პროგრამა 19 მილიარდ დოლარად Facebook-მა შეიძინა.

იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა NATO-სა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ „დღეს ის ბევრ სფეროს მოიცავს, შესაძლებლობების განვითარებადან ენერგოუსაფრთხოებამდე“. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს „იმ წვლილისთვის, რომელიც აზერბაიჯანმა შეიტანა ავღანეთის მისიაში, აზერბაიჯანის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევაკუაციის დროს“. „მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომლებიც NATO-ს ღირებული პარტნიორები არიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, საუბარი შეეხო დიალოგის უწყვეტობასა და გაძლიერებას. მხარეებმა ეფექტიანი მოლაპარაკებების იმედი გამოთქვეს, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და საკითხების ყოვლისმომცველ მოგვარებას. ფაშინიანმა დამიშელმა ასევე ისაუბრეს ბრიუსელში 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარებას და მის ფარგლებში პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, სომხეთში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების სასარგებლოდ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწყებული რეფორმების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმაოს და გააფართოოს პარტნიორობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა

მანამდე, შარლ მიშელი ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. საუბრისას განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები, შედგა აზრთა გაცვლა კომუნიკაციების გახსნაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. 14 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევი დაადანაშაულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების გახსნის შეფერხებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანმა არ უნდა გააკონტროლოს ბაქოს მიერ მოთხოვნილი სახმელეთო „დერეფანი“. ბრიუსელში მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათით ადრე, ალიევმა განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანს“ უნდა ჰქონდეს იგივე სტატუსი, რაც არსებულ ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებთ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს. „ლაჩინის დერეფანზე ამჟამად საბაჟო გამშვები პუნქტები არ არის, იგივე უნდა იყოს ზანგეზურის დერეფანზეც“, - განაცხადა ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკების შემდეგ. „თუ სომხეთი დაჟინებით მოითხოვს საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობას ზანგეზურის დერეფნის გავლით საქონლისა და ხალხის გადაადგილების გასაკონტროლებლად, მაშინ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ იგივე პირობებს ლაჩინის დერეფნის შემთხვევაში“, - განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს. ფაშინიანმა უარყო ალიევის მოთხოვნები და დაადანაშაულა ბაქო მცდელობაში, რომ „რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხი ჩიხში შეიყვანოს“. „აზერბაიჯანის პრეზიდენტის მცდელობებს, გაავლოს პარალელები რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნასა და ლაჩინის დერეფანს შორის, არაფერს შუაშია ამ თემაზე დღემდე გამართულ დისკუსიებთან და ხელმოწერილ განცხადებებთან და მიუღებელია სომხეთისთვის“, - წერს ფაშინიანი Facebook-ზე. მისივე თქმით, „ამ პოზიციას ნათლად გამოხატავს სამმხრივ შეხვედრაზე. ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ვრცელდება ისეთი ტემპით, როგორიც არ გვინახავს არცერთი წინა ვარიანტის შემთხვევაში

„ომიკრონი“ ვრცელდება ისეთი ტემპით, როგორიც არ გვინახავს არცერთი წინა ვარიანტის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს. მისივე თქმით, რეალობა ის არის, რომ „ომიკრონი“, ალბათ, ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ არ გამოუვლენიათ. ჯანმოს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ მხოლოდ ვაქცინები არ დაიცავს „ომიკრონისგან“. მან მოუწოდა ქვეყნებს, გამოიყენონ ნიღბები, სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანონ ხელები, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია. კორონავირუსის ახალი შტამი ამჟამად 77 ქვეყანაშია გავრცელებული.

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინების ორი დოზა არც თუ ისე კარგად მოქმედებს, თუმცა გამაძლიერებელი დოზა ოპტიმალურ დაცვას უზრუნველყოფს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ აშშ-ში დომინანტური ვარიანტი გახდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია, მაგრამ ამ დრომდე ნაკლებად მძიმე ავადმყოფობა გამოიწვია. ჯანდაცვის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან მოუწოდებენ ხალხს ვაქცინაციისა და გამაძლიერებელი დოზით აცრებისკენ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ახალი შტამის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია. კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მხოლოდ 33%-ით ეფექტურია ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ mRNA ვაქცინის ორი დოზა არ არის ოპტიმალური ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სამი დოზა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ დაცვას“.

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს კონგრესმა ბრალი წაუყენა

წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მედოუსისთვის დაუმორჩილებლობის შესახებ ბრალის წაყენებას კენჭი უყარა. ამერიკის ხმის ცნობით, გამოძიების ინფორმაციით, მედოუსმა ტექსტური შეტყობინებები მიიღო, რომლებიც ცხადყოფს, რომ თეთრმა სახლმა იცოდა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიმდინარეობდა. მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოძიებას თავად მედოუსმა გადასცა და ამის შემდეგ კონგრესის გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიმოწერებიდან ჩანს, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ტელეკომპანია „ფოქსის“ რამდენიმე წამყვანი და თავად პრეზიდენტ ტრამპის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი, მედოუს სთხოვდნენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან სწრაფი მოქმედებისკენ ებიძგა და კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეეჩერებინა. კონგრესი საქმეს ახლა იუსტიციის დეპარტამენტს გადასცემს, რომელიც გადაწყვეტს. გაასამართლოს თუ არა თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი. კონგრესმენების ჯგუფი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას იძიებს.

იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა. ეროვნული მაუწყებლის NRK-სთვის მიცემულ განცხადებაში, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ თხოვნით მას ნოემბერში დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტრო. 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში. იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.