ძებნის რეზულტატი:

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალი დაადგინა და რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი დაიბარა. თავად რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს. ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ამავე თემაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება

რა საკითხებზე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა

ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთახმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი. სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს. სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის“ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია. სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მედეგობის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა, გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება მხარეებს შორის. ამავე თემაზე: ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს

დონალდ ტუსკი: მოვუწოდებ კოლეგებს, საქართველოს პრემიერს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ესაუბრონ

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კოლეგებს მოუწოდოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრონ. შესაბამისი პოსტი ტუსკის Twitter-ზე განთავსდა. „დღეს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება, მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები". - აღნიშნულია პოლონელი პოლიტიკოსის Twitter პოსტში.

ევროპარლამენტის სახაროვის პრემია რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მიენიჭა

ევროპარლამენტის სახაროვის პრემია პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მიენიჭა, 15 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე, პრიზი ალექსეი ნავალნის ქალიშვილმა, დარია ნავალნაიამ, მამის სახელით მიიღო. შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ ნავალნის გამბედაობა შეაქო. „მას ემუქრებოდნენ, აწამებდნენ, მოწამლეს, დააპატიმრეს, მაგრამ რეალურად ვერ შეძლეს მისი გაჩუმება. როგორც მან ერთხელ თქვა, კორუფცია აყვავდება იქ, სადაც არ არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და მე მჯერა, რომ ის მართალია. კორუფციასთან ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ადამიანის საყოველთაო უფლებების დასაცავად. ეს, რა თქმა უნდა არის ბრძოლა ადამიანური ღირსებისთვის, კარგი მმართველობისთვის და კანონის უზენაესობისთვის“, - განაცხადა სასოლიმ და ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „როდესაც მივწერე მამას და ვკითხე, კონკრეტულად რისი თქმა სურდა გამოსვლაში? მიპასუხა: „თქვი, რომ ვერავინ გაბედავს რუსეთის გაიგივებას პუტინის რეჟიმთან. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს იმ იდეებისთვის, რომლებზეც ის დგას“, - თქვა ალექსეი ნავალნის შვილმა სიტყვით გამოსვლისას. ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში: ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. უმცირესობის უფლებების დაცვა. პრიზი, რომელიც სერტიფიკატსა და 50 000 ევროს მოიცავს, საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა. ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვრის რეზოლუციით ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.

ვიოლა ფონ კრამონი: დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ „კბილები გამოაჩინოს“. რუსეთის სასჯელი უპრეცედენტო უნდა იყოს

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ უკრაინა იმიტომ არის სამიზნე, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ბედავენ, იყვნენ თავისუფლები და სურთ, თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. „ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დაშოშმინების პოლიტიკა ძალიან საშიში სტრატეგიაა, ეს ამორალური და კონტრპროდუქტიულია. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან არის მობილიზებული და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ვინც იცნობს ბატონ პუტინს, იცის, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და უდრეკად. უკრაინა იმიტომ არის სამიზნე, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ბედავენ, იყვნენ თავისუფლები და სურთ, თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. და, როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ Nord Stream 2 უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა, რუსეთის იდეოლოგმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს. დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე. რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან ( SWIFT) გავანადგუროთ Nord Stream 2 და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია. ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავდგეთ უკრაინის გვერდით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა. ასევე წაიკითხეთ: ანდრიუს კუბილიუსი: მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს? ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 ადამიანი დაჭრეს

წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, სამივეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, აცხადებს შსს. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონზე“ მორგებული „ბუსტერი“ ამ ეტაპზე საჭირო არ არის და არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა ეფექტიანია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინა სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზით აიცრან. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ აშშ-ში დომინანტური ვარიანტი გახდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია, მაგრამ ამ დრომდე ნაკლებად მძიმე ავადმყოფობა გამოიწვია. ჯანდაცვის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან მოუწოდებენ ხალხს ვაქცინაციისა და გამაძლიერებელი დოზით აცრებისკენ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ახალი შტამის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია. კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მხოლოდ 33%-ით ეფექტურია ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ mRNA ვაქცინის ორი დოზა არ არის ოპტიმალური ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სამი დოზა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ დაცვას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის ახალ კანცლერს ოლაფ შოლცს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის ფარგლებში შეხვდა. უკრაინული მხარის ცნობით, მაკრონთან მოლაპარაკებისას ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებს ევროკავშირის საბჭოს (EU) ექვსთვიანი თავმჯდომარეობის განმავლობაში. უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ასევე უკრაინა-საფრანგეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის მთავრობათაშორისი შეთანხმებების განხორციელება ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ზელენსკი შოლცს შეხვდა, რათა განეხილა ორმხრივი ურთიერთობები და ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საკითხები უკრაინასა და გერმანიას შორის. ზელენსკიმ შოლცი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია ნორმანდიის ფორმატის წევრები არიან, რომელშიც რუსეთიც შედის. ოთხმხრივი დიპლომატიური ჯგუფი შეიქმნა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 14000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ზელენსკი ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 16 დეკემბერს ის NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტის ფარგლებში 22 გვერდიანი დეკლარაცია მიიღეს. 15 დეკემბერს, ბრიუსელმა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის პირების გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერებსაც უმასპინძლეს. გამონაკლისი იყო ბელარუსი, რომელმაც მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა. მიუთითეს რა სამიტზე ბელარუსისთვის განკუთვნილ ცარიელ სკამზე, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზეც გაუსვეს ხაზი, რომ ბლოკი ბელარუსიელი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს, მითითებით, რომ ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოებისადმი ფულადი სახსრები გამოყო. ამასთან, ცნობილია, რომ 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი მზად არის დემოკრატიული ბელარუსისთვის (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება) - ასეთია ევროკავშირის გზავნილი ბელარუსის მიმართ. რაც შეეხებათ დანარჩენ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დეკლარაციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერაა დაფიქსირებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მიმართ, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მაისში დააფუძნეს. კერძოდ, ტექსტში აღნიშულია, რომ დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივას, რომლის მიზანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება. ევროკავშირი ფასებს ამ ქვეყნების გაძლიერებულ კოორდინაციას. მათ შორის ასოცირების შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებასთან, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც საერთო ინტერესის საკითხებს მოიცავს. ევროკავშირი დეკლერაციაში ადასტურებს, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საზოგადოებებში. ამასთან, ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებებში. „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მათ შორის უმცირესობების უფლებები, ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების სრული პატივისცემა რჩება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად. მედეგობის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე ხელისუფლების ყველა დონეზე, თაღლითობის, კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაზე. ასევე, უსაფრთხოებისა და კიბერ მდგრადობის გაძლიერებაზე. ჩვენ ასევე ვადასტურებთ სტრატეგიის გაძლიერების მნიშვნელობას კომუნიკაციის მდგრადობის ასამაღლებლად, მათ შორის, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, და მოვუწოდებთ უფრო ძლიერი და სტრატეგიული მიდგომებისკენ, ისევე როგორც ევროკავშირსა და აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მედიაგარემოს და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, ვაღიარებთ დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის აუცილებლობას“, - მიუთითებს დეკლარაცია. ევროკავშირი ადასტურებს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს და საერთო პასუხისმგებლობას, ინკლუზიურობას, დიფერენციაციასა და ურთიერთ ანგარიშვალდებულებას ეფუძნება. „ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სტაბილურობას, კეთილდღეობას და ორმხრივ თანამშრომლობას, აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გადაჭრას, ჩვენი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და ჩამოყალიბდება, როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირის პირობითობასა და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლებად-ნაკლებისთვის") განაგრძობს სარგებლის მოტანას იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი რეფორმების განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ყველა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას სამეზობლოში. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ინკლუზიური და მოქნილი დარჩება, რაც საერთო რეგიონულ და გლობალური გამოწვევებს ერთობლივად გადაჭრას შეუწყობს ხელს, მათ შორის უფრო ღრმა სექტორული თანამშრომლობისა და გაცვლის გზით. ხაზს ვუსვამთ ამ კუთხით ჩვენს კონკრეტულ მიზანს, გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მხარი დავუჭიროთ კავშირების განმტკიცებას“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში. დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებაა გამოხატული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას. „ჩვენ მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის ძალისხმევისკენ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობას და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციის, მისი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის საქმეში“, - აღნიშნულია ტექსტში. ამასთან, ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება. ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები, ახალგაზრდების გაძლიერება. აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან.

შარლ მიშელი: უკრაინას კვლავ დავუდასტურეთ მხარდაჭერა. რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბრიუსელში კვლავ დადასტურდა. შარლ მიშელის თქმით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ძლიერი რეაქცია იქნება. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კვლავ დაგვედასტურებინა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი ტერიტორიული მთლიანობისადა სუვერენიტეტისადმი. ხვალ, ევროპული საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს, რომლის დროსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეხებით აღნიშნულს და მტკიცედ განვაცხადებთ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ვაგრძელებთ რეფორმების მხარდაჭერას

საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ბლოკი განაგრძობს მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას. ამით ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღწერს. „მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ განვაგრძობთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას" , - აღნიშნავს ბორელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღე ნათია თურნავას მოუსმენენ

16 დეკემბერს პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენს. თურნავას პარლამენტის ტრიბუნა „მინისტრის საათის“ ფორმატში დაეთმობა. მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება.

მსოფლიოში COVID19-ს დღემდე 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 244 მილიონს აჭარბებს. ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 51 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 25 კმ.-ში, სოფელ სამებასთან იყო.

უკრაინის პრეზიდენტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას

"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ვისაუბრეთ და უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ესკალაციასთან დაკავშირებით, რეაგირების ხუთი ვარიანტი განვიხილეთ. თუმცა, ჩვენ, უკრაინას მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ისეთი როგორიც 2014 წელს, მას შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. თუმცა უკრაინა აქ მშვიდობიანი პროცესისთვის იმყოფება და მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს. ვისაუბრეთ სამმხრივ ფორმატის დროსაც გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან ნორმანდიული ოთხეულის განახლებაზე. ეს იყო ძირითადი საკითხი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციები და რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მათი გადამწყვეტი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია სანქციები იქამდე დაწესდეს, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც კონფლიქტი მოხდება. რადგან იქამდე დაწესებით ის პრევენციული მექანიზმი იქნება. კონფლიქტი თუ მოხდება და შემდეგ დაწესდება სანქციები, მათ აზრი აღარ ექნებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 684 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 123 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 901 202-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის - 7.39% ხოლო 7 დღის - 6.86%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 215 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 849 090. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 918 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა - 243, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 325, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 589, აჭარაში - 119, იმერეთში - 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პაციენტი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 - თბილისში, 256 - აჭარაში. 32 149 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.

ასოცირებული ტრიო: მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების შეთანხმებების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (DCFTA), ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ურთიერთობების მომავალ პროგრესულ განვითარებას. „ჩვენ, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურები შევხვდით დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში და გავაკეთეთ შემდეგი განცხადება. ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას სახელწოდებით „აღდგენა, მედეგობა და რეფორმები“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ბრიუსელში და მივიღეთ რა 2020 წლის შემდგომი მომავალი თაობის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები, ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და პერსპექტიული აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, რომელიც ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს, თანამფლობელობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას. ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ფლაგმანურ ინიციატივებს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ხალხების ევროპულ არჩევანს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ იდენტობას და შექმნილია ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სტრატეგიული განვითარების ერთგული რჩება დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და რეფორმებში წინსვლის მიზნით, რათა დავაკმაყოფილოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ ღირებულებებს და მოწოდებულია მათი ხელშეწყობისთვის, შეუძლია განაცხადის შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების შეთანხმებების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (DCFTA), ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მომავალ პროგრესულ განვითარებას. ასევე შევნიშნავთ, რომ ასოცირების შეთანხმებების, მათ შორის DCFTA-ის ეფექტური განხორციელება, საკანონმდებლო დაახლოების უფრო ფართო პროცესის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ამას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს. ჩვენ ვაღიარეთ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც მიზნად ისახავს კოორდინაციის გაზრდას საერთო ინტერესის საკითხებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, მათ შორის ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ეხება. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ DCFTA-ის არაფორმალური მინისტერიალების პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასოცირებული ტრიო ელის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, მწვანე და ციფრული გარდაქმნა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა. ჩვენ გამოვხატეთ ინტერესი ტრიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის ციფრულ ევროპასა და დაკავშირებული ევროპის ინსტრუმენტში მონაწილეობის, ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის როუმინგის გადასახადების შემცირების გზით. ჩვენ მზად ვართ, ყველა ღონე გამოვიყენოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალ დონეზე, რათა გავაძლიეროთ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გაზის ტრანსპორტირების არსებული მარშრუტების სრულად გამოყენებით, ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, ელექტროქსელების სინქრონიზაციისა და ენერგიის როგორც ზეწოლის იარაღად გამოყენების პრევენციის გზით. ჩვენ აღვნიშნეთ ევროკავშირსა და ტრიოს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების საჭიროება, რაც მოიცავს საგზაო ტრანსპორტის ბაზრის ლიბერალიზაციას, სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აღპ-ს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით. ჩვენ ვაღიარეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ამასთან, ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გარდა ამისა, ასოცირებული ტრიო მიესალმება ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში. „მოვუწოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას. ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას. ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს. ამ კონტექსტში, მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა“, – აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში.

ასოცირებული ტრიო: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპას

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, - ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა. ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში და მოვუწოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას. ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას. ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ბავშვებში ძალიან მაღალია

„ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში არის ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს „დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში, ინფიცირების რისკი მზარდია, მაგრამ ის მსუბუქად მიმდინარეობს. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“,-განაცხადა ჩხაიძემ. მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში „მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს. „შეიძლება იყოს "მეექვსე ტალღა", ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“,-განაცხადა ჩხაიძემ. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინები არა ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით, არამედ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით მოქმედებენ. ამასთან, მან განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“. „ომიკრონს“ ძირითადად 3- დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ა., 1983 წელს დაბადებული ბ.გ., 1985 წელს დაბადებული ლ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.ზ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებული ბ.გ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ქალაქ ზუგდიდში, დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.