ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

15 დეკემბერს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს.ამის შესახებ ინფორმციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, NATO-ს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს. უწყება დამატებით ინფორმაციას ამ ეტპაზე არ ავრცელებს.

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემები ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისი და უკრაინის საკითხი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველ პირთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით გარანტიებზე დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები სურს. შეგახსენებთ, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროსაც დააყენა. ამასთან, მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ყარაბაღის თემაზეც ისაუბრეს.

პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას უყრიან კენჭს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას უყრიან კენჭს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე. „დღეს ვამთავრებთ საბიუჯეტო პროცესს, მოხდება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განხილვა. მოგეხსენებათ, საბოლოო ვერსიაში გაზრდილი არის ხარჯების ნაწილი 332 მილიონით, გაეზარდა ხარჯვა თითქმის ყველა სუბიექტს. 10 პროცენტით გაზრდილი არის ხელფასების ნაწილი საჯარო სამსახურებში. ეზრდებათ ხელფასები პოლიციელებს, მასწავლებლებს, ყველა იმ თანამშრომელს, ვინც საჯარო სამსახურებშია დასაქმებული; გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რომელიც 4,4 პროცენტზე არის, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 6 პროცენტის ოდენობით და აღწევს 65 მილიარდ ლარს; სამთავრობო ვალი არის შემცირებული 51 პროცენტამდე. ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრებია იმისათვის, რომ მომავალ წელს შენარჩუნებული გვქონდეს მაკროეკონომიკური და მონეტარული წონასწორობა. ვფიქრობ, რომ ეს ბიუჯეტი ორიენტირებული არის სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე, ასევე კორონავირუსის ხარჯების დაფინანსებისთვის ცალკე გვაქვს გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების  3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის თემაზე თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ბერბოკმა საუბარს „მოსაზრებათა პატიოსანი და გულახდილი გაცვლა“ უწოდა. მისი სიტყვებით, მან აუწყა ლავროვს გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, რომ საჭიროა წინსვლა ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებში. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობასა და წყალბადის ტექნოლოგიებში თანამშრომლობაზე. როგორც მინსტრებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, რუსეთში სურს, რომ გერმანიამ, როგორც ნორმანდიის ფორმატის მონაწილე ქვეყანამ, გავლენა იქონიოს კიევზე.

ანდრიუს კუბილიუსი: მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს? ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს

მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, "პუტინის დამშვიდების პოლიტიკას" მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოყვება. "პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის და არა უკრაინელებისთვისა და ქართველებისთვის. მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიაში კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავლით და დასავლეთი დანებდა ახლა პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს. მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარაა საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ კრემლის მოთხოვნებს", - განაცხადა კუბილიუსმა.

ჯანდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

"არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლა არის, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. „მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ასობით ადამიანი შენობის სახურავზეა და გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. ამასთან, სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა. მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული. მათგან ერთი პირის დაკავება აჭარის რეგიონში მოხდა. ცნობისთვის, დღეს თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

საქსტატი: ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით 50 თეთრით არის შემცირებული. ამასთან, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 30.3 ლარით აღემატება. 2004 წლიდან „საქსტატი“ საარსებო მინიმუმს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს.

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დროისთვისაც გრძელდება

"ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრად პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დროისთვისაც გრძელდება. „ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, 9 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

პაატა იმნაძე: უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში „ომიკრონი" დაიწყებს ცირკულაციას

"უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში "ომიკრონ" შტამი დაიწყებს ცირკულაციას", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე. როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით, Pfizer-ის "ბუსტერ" დოზებს, დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია, რაც მისი განცხადებით, საკმაოდ ეფექტურია "ომიკრონ" შტამთან მიმართებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი კვლევა არ არსებობს ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. "საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება "ომიკრონი" ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, "ომიკრონი" გამოჩნდება", - განაცხადა იმნაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო

"საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. „NATO-სთან ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ჩვენ მივესალმებით NATO-ს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ. ასევე მივესალმებით NATO-ს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშრებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს და უფრთხილდება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის. „მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს პირადი ძალისხმევისთვის და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის. საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ NATO აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს საქართველოს და უკრაინას, რა არჩევანი გააკეთონ

„რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს საქართველოს და უკრაინას, რა არჩევანი გააკეთონ“, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასა და საქართველოს აქვს უფლება თავად, აირჩიონ მისი მოკავშირეები. „საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. უფრო ადრე, მიმდინარე თვეში, რიგაში NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინასა და მის ირგვლივ და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ NATO იქნება ძალიან ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. და ამასთანავე ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს ეს არჩევანი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი: NATO საქართველოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას განაგრძობს

NATO განაგრძობს პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე. იენს სტოლტენბერგის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და NATO-ს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. „გვაქვს პატივი, რომ NATO-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს.ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიებში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის და მუშაობის პატივი გვქონდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა საკითხებსა და ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს. „ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. NATO ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ს წევრობა საქართველოს  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს

NATO-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს. „დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს NATO-ს სათაო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის. ნატო-საქართველოს დინამიური ურთიერთობების, სრულყოფილი დღის წესრიგის და, რა თქმა უნდა, ჩვეული ინტეგრაციის გზის განხილვა ყოველთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ NATO-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე. საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის. პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების შედეგად. ადგილზე NATO-ს საქმიანობის მასშტაბიც იზრდება. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა NA0-ს წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თქვენ და მოკავშირეებს მადლობას გიხდით ძალისხმევისა და ერთგულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. ამასთან, პირველ რეისის 228 მგზავრი ჩამოყვა, რომელთაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ევროკავშირი საექსპერტო მისიის შექმნას სთავაზობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა საზღვრების დელიმიტაციის საკითხებს მხარი დაუჭიროს

14 დეკემბერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი მიშელი მიესალმა ორივე ლიდერის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დეესკალაციის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირის დამყარებას ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის, რასაც ხელი შეუწყო თავად შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე მიესალმა აზერბაიჯანის მიერ ათი სომეხი დაკავებულის ახლახან გათავისუფლებას და სომხეთის მიერ ნაღმების რუკების გადაცემას და მოუწოდა ყველა ჰუმანიტარული საკითხის სრული და სწრაფი გადაწყვეტისკენ. პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ მინისტრი ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებების კონტექსტში, საჭირო იქნება შემდგომი ხელშესახები ნაბიჯების გადადგმა ადგილზე დაძაბულობის შესამცირებლად. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხელმისაწვდომს გახდის საექსპერტო მისიას/საკონსულტაციო ჯგუფს, რათა მხარი დაუჭიროს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებს ტექნიკური დახმარების გაწევით ორივე ქვეყნისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან 15 დეკემბერს, ბრიუსელში და უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის გაზრდას განიხილავენ. როგორც ცნობილია, რომ შეხვედრა ჩატარდება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე. უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები რუსეთს ბრალს სდებენ დაძაბულობის ესკალაციაში და უკრაინაზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და საპასუხოდ უკრაინას ადანაშაულებს პროვოკაციების მოწყობაში.