ძებნის რეზულტატი:

კელი დეგნანი: საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და დაკავება მიუღებელია და უნდა შეწყდეს. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

„მიუღებელია, რაც ხდება „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გასწვრივ, იმედი ვიქონიოთ, რუსეთი მალე შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა სასტუმრო „შერატონში“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა. „ყოველთვის გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება. ეს მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შეწყდება მაშინ, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს თავისი საჯარისო ნაწილები (საქართველოს ტერიტორიიდან). ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯია, რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს შეთანხმება. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც 2008 წელს აიღო“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ირაკლი კობახიძე:  სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმომიდგენია

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმომიდგენია", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია, რადგან “ამ ადამიანების ბუნებას კარგად იცნობს“. “ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება მაქსიმუმი სცადოს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოცემულობა გაუმჯობესდეს და ვითარების დეესკალაცია მოხდეს, თუმცა “რესურსები ამოწურვადია და ყველაფერს რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც არა აქვს“. “შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: - ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. “ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა. "ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას – პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება. დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის ლიდერი უკრაინას სტრატეგიული დონის მოლაპარაკებებს გამართავს. „ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონტექსტში და ყირიმის საკითხისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, რომ ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტი ორჯერ გამოვიდა ინიციტივით, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის, რათა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო სიტუაციის ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.

საქართველო ფიგურულ სრიალში პეკინის ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრზეც გამოვა

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, მოციგურავეებმა ოლიმპიური თამაშების გუნდური შეჯიბრის განაცხადში მოხვედრა შეძლეს. ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა, მსოფლიოს სარეიტინგო ქულებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ეტაპების შედეგების გათვალისწინებით, გამოავლინა ათი ქვეყანა, რომელთა ნაკრებებიც პეკინი-2022-ზე გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ფიგურული სრიალის გუნდური მედლისთვის ბრძოლაში ჩაებმება რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან ერთად. საქართველომ პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია ფიგურული სრიალის ოთხივე დისციპლინაში მოიპოვა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ქართული ციგურაობის ისტორიაში. მომავალი ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი პირველმა ალინა ურუშაძემ შეასრულა, ცხრა თვის წინ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქვე გაინაღდა პეკინის საგზური მორის ყვითელაშვილმაც. წყვილებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებას გერმანიაში მიაღწიეს, დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე. სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს ლიცენზია, ხოლო სპორტულ ცეკვებში - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. პეკინი-2022-ზე ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრება 4-7 თებერვალს გაიმართება. ინდივიდუალური სახეობების მედლები კი 8-19 თებერვალს გათამაშდება.

ბრიტანეთში, „ომიკრონით“ სავარაუდოდ, ყოველდღიურად 200 000 ადამიანი ინფიცირდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება. BBC-ის ცნობით, ეს არის არა ოფიციალური სტატისტიკა, არამედ მეცნიერულ მოდელირებაზე დაფუძნებული ციფრები. ჯერჯერობით ბრიტანეთში დადგენილია „ომიკრონით“ დაავადების 5000 შემთხვევა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში დაახლოებით ორმაგდება. დღესდღეობით ლონდონში კორონავირუსის ინფექციით დაავადებულთა 44 %-ში სწორედ „ომიკრონი“ გამოვლინდა და მოელიან, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსის ახალი შტამი კიდე უფრო გაბატონდება ბრიტანეთის დედაქალაქში. ცნობისთვის, 13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ აუწყა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანსა და სტამბულს შორის ჩარტერული ფრენების განახლების შესახებ იუწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა და ერევანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯების განსახილველად სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ და განაახლებენ ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას სტამბოლსა და ერევანს შორის. ამასთან, ჩავუშოღლუს განცხადებით, სომხეთთან ურთიერთობის საკითხზე თურქეთის მხარემ კონსულტაციები გამართა აზერბაიჯანთან და შემდგომშიც, სომხეთთან მოლაპარაკებების პროცესში, თავის ნაბიჯებზე რეგულარულად ჩააყენებს საქმის კურსში აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს სომხეთთან ვითარების ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებას. თავის მხრივ სომხეთი ყოველთვის მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნორმალიზების პროცესის დასაწყებად, - აღნიშნა უნანიანმა და დასძინა, რომ წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სომხეთის სამთავრობო პროგრამაშიც არის გაწერილი.

ვაქცინაციაზე უარის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს

ვაქცინაციაზე უარის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს. AP-ს ცნობით, აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ცნობისთვის, 25 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გამოსცა. ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტია შეიარაღებული ძალების ჯანმრთელობისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კრიზისზე რეაგირების უნარის შესანარჩუნებლად.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს

"მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აცხადებს, კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არის. „რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, რომ საერთოდ არ სჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს არანაირი სამედიცინო სერვისის მიწოდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს“,-განაცხადა საძაგლიშვილმა. დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა, ახლა კი მასთან შესახვედრად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფება.

13 დეკემბერს 10 948 ადამიანი აიცრა

14 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 324 131 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 236 066 ადამიანი - 43.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 052 986 ადამიანი - 36.7%. ბუსტერ დოზით აიცრა 34 249 ადამიანი. 13 დეკემბერს 10 948 ადამიანი აიცრა.

ახალქალაქში, 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 7 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 11 დეკემბერს მოკვლის განზრახვით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის), 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავიაკომპანიები Jazeera Airways-ი და Bees Airline საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდიან

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways- საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში ხუთი სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-იც. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით, კიევსა და თბილისს შორის დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს. ასევე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, განახლებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Bees Airline-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Bees Airline-ს დამატებითი სიხშირეების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაბლოკვასთან დაკავშირებით: ზოგიერთ დედაქალაქში შიში იმარჯვებს

გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზოგიერთ დედაქალაქში შიში იმარჯვებს. „ლა რესპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს თავდაცვის საშუალებები. „ომის მერვე წელს მართლა არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია, გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს ასეთი თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში შიში ჯერ კიდევ იმარჯვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის სნაიპერული შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვა გერმანიამ დაბლოკა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ USS Arleigh Burke-ის მონაწილეობით შავ ზღვაში წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ USS Arleigh Burke-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სწავლებაში სანაპირო დაცვის სამი სადარაჯო ხომალდი: „ოჩამჩირე“ (P23), „სოხუმი“ (P24) და „დიოსკურია“ (P25) მონაწილეობდნენ. „წვრთნების განმავლობაში ხომალდებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს და სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავეს. ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკატერინე ტიკარაძე: ვიდრე ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი - არცერთ პაციენტს რისკი არ შეექმნება

ჯანდაცვის მინისტრმა მისი შემცვლელის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე, შეუეფერხებლად განხორციელდება. „ნებისმიერ შეთხვევაში, ვიდრე ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ისევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა. არ შეექმნება არცერთ პაციენტს რისკი, ნებისმიერი დაწყებული ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე და რაც უნდა განხორციელებულიყო, შეუეფერხებლად განხორციელდება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგა. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს

ნიკა გვარამია: გამომძიებელმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეს არის მუქარა, ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შევიტან

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას პროკურორის მისამართით უცენზურო სიტყვა არ გამოუყენებია. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. „სამარცხვინო პროცესი იყო. განემარტათ, რომ ასე არ არის, შეეძლო კიდევ ერთხელ მოესმინა შენელებულად და ა.შ. მერე დაიწყო სიტყვა „გამოკვლევებულის“ გამოკვლევა და პროცესი ბოლომდე „გამოკვლევებული“ გახდა, იმიტომ, რომ მივხვდით, რომ ეს არის ხუმრობა და ა.შ. პროკურორს არ შევეხები, ქალბატონი იყო, რომელსაც კითხვები არ დაუსვამს და ღირსეულად იქცეოდა. გამომძიებელი, ბატონი ბრეგვაძე მეკითხებოდა, მაგალითად სააკაშვილის მიმართ გამოვიყენებ თუ არა ამ სიტყვას. გასაგებია, ხომ რა ინტერესია? რა კონტექსტში გამოვიყენებ, ეს ჩემი საქმეა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხუმრობად დარჩება. საკითხის გამოკვლევა რომ დასრულდა, ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ანუ სხდომა დასრულებული იყო, მაგრამ მოსამართლე ჯერ კიდევ დარბაზში იყო. მითხრეს, რომ კი. ანუ ეს საკითხი „გამოკვლევებულია-მეთქი?“ კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ მოსამართლის თანდასწრებით, ოღონდ სხდომის მიღმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. „ცეცხლს ეთამაშები“ არის მუქარა. ამის მერე მტკიცება დაიწყო, რომ ის ხუმრობდა. ანუ სიტყვა „გამოკვლევებული“ თურმე არ ყოფილა ხუმრობა“ და „ცეცხლს ეთამაშები“ ყოფილა ხუმრობა. „ცეცხლს ეთამაშები“ არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას პროკურორის მხრიდან, როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია. „ცეცხლს ეთამაშები“ არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გამომძიებელ ბრეგვაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი, როგორც მოქალაქეები, იმიტომ, რომ სხდომის დახურვის მერე ისინი მოქალაქეები არიან. როგორც მოწმეები, მოვითხოვ გამოიკითხონ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მოწყობის გამო დამნაშავედ სცნო. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას” ცნობით, განაჩენი სამშაბათს, ქალაქ გომელში მდებარე სასამართლოში გამოიტანეს. ტიხანოვსკისთან ერთად პატიმრობა კიდევ 3 ოპოზიციონერს - მიკოლა სტატკევიჩს, იგორ ლოსიკსა და ვლადიმერ ციგანოვიჩს შეუფარდეს. შეგახსენებთ, სერგეი ტიხანოვსკი, 2020 წლის მარტში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკავეს. ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ მისმა მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარედგინა. ოფიციალური შედგების მიხედვით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების ლიდერები მას ბრალს არჩევნების მასობრივ გაყალბებაში სდებენ. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.

Pfizer-ი: საბოლოო კვლევით, Covid19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბი თითქმის 90%-ით ეფექტურია

Pfizer-ის განცხადებით, მისი ანტივირუსული აბი კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის 90%-ით ეფექტიანია. აბი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. Paxlovid-ის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება. ბოლო ლაბორატორიული მონაცემების თანახმად, აევე ვარაუდობენ, რომ პრეპარატი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან მიმართებით ეფექტურობას ინარჩუნებს. Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით 17 ნოემბერს მიმართა.

აშშ-მ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000-ის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ამ აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელი ბაზა, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უკეთ მოამზადებს მეხანძრეებსა და მაშველებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ და ბუნებრივ კატასტროფებზე საპასუხოდ. აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. გადაცემის ცერემონიას ბრიგადის გენერალი ედვარდ ვოგანი, ევროპული სარდლობის J5/8-ის მოადგილე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამერიკის ელჩი: მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით განაგრძონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე. სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას. ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს“, - აღნიშნა ელჩმა.

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა

"ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კუთხით", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური მიმართულებით პროგრესი ჰქონდეს. „საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ყველა მიმართულებით და თქვენ ხედავთ, რამხელაა პროგრესი 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით სვლა და რეფორმების გატარება გაგრძელდება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ძალიან მკაფიო ხედვა და პოლიტიკა გვაქვს. 2012 წლის შემდეგ მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. გახსოვთ, რამდენად მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით 2008-2012 წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ამის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, სერიოზული რისკები რჩება, მით უმეტეს იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, NATO-სთან დაკავშირებით საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი აქვს. „ყველამ კარგად ვიცით ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ეს ამოცანა ქართველი ხალხის მერ გამოხატულ ნებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კუთხით და ამ პრიორიტეტების ფარგლებში ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ და წინ წავწიოთ ქვეყანა ყველა იმ მიმართულებით, რაც დაკავშირებული მათ შორის დასავლურ ინტეგრაციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.